"უამრავი ციხე-ტაძარი ისე იშლება ძეძვსა და ჯაგნარში, მათ არსებობაზე წარმოდგენაც არ გვაქვს" - კვირის პალიტრა

"უამრავი ციხე-ტაძარი ისე იშლება ძეძვსა და ჯაგნარში, მათ არსებობაზე წარმოდგენაც არ გვაქვს"

"დარდი მკლავს, როდესაც ვხედავ როგორ ნადგურდება ჩვენი ძეგლების უმრავლესობა"

უცნაური ხალხი ვართ ქართველები. ვინ იცის, თითოეულს რამდენჯერ გვიწუწუნია და ათასჯერ მეტად გულში ავცრემლებულვართ უსამშობლოდ დარჩენილ შატბერდის, ოშკის, ხანძთის იავარქმნის გამო. თუმცა როცა ჩვენ გვერდით სასწაულით გადარჩენილი ძეგლების ნგრევას ვხედავთ, გვერდს არხეინად ვუვლით და გზას ვაგრძელებთ, მაგრამ უძველესი მესხეთის მკვიდრს, გიორგი მაღრაძეს არც ამ ტკივილისთვის აუვლია გვერდი, არც სხვაგან წასვლა დაუპირებია. დღესაც სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს და ისევე ხშირად დადის წინაპართა ნაშენების სანახავად, როგორც ბავშვობაში. მაშინ, როცა მისი თანატოლები გასართობად იპარებოდნენ, ის ტაძრების ნანგრევების სანახავად მიდიოდა, სოფლიდან ათეულობით კილომეტრის მოშორებით. დღეს იგივე გზა უფრო მძიმე განცდებს აღუძრავს - ჩვენთან ხომ მატერიალური კულტურის ძეგლების დაცვა მხოლოდ სიტყვაა, თავმოსაწონად ტაძრების მცირე ნაწილს აღადგენენ, დანარჩენი კი ინგრევა, თანაც ისე, რომ ვერც კი ვამჩნევთ ეკალ-ბარდითა და ქვა-ღორღით დაფარულს.

- ასპინძის უძველეს სოფელში, საროში გავიზარდე და ახლაც ამ მხარეში ვცხოვრობ, სადაც სიძველე თანამედროვეობასთან არის შეზრდილი. ჩვენც თანამედროვე სახლი გვქონდა, მაგრამ ბავშვები უძველეს მესხურ დარბაზს ვერ ვშორდებოდით. სოფლიდან ათეულობით კილომეტრზე ვიპარებოდი ხოლმე მიტოვებულ ტაძრებში საძრომიალოდ. დღესაც ასე ვარ, ისტორიკოსობაც ამიტომ ავირჩიე, თუმცა დღეს დარდი მკლავს. ძალზე ხშირად მიხდება იმის ნახვა, როგორ ნადგურდება ჩვენი ძეგლების უმრავლესობა.

კარგად მესმის, რომ ყველაფრის აღსადგენად ფული არ გაგვაჩნია, მაგრამ რაც დაგვრჩა, მათი გაფრთხილება ისე ხომ მაინც უნდა შეგვეძლოს, რომ ამდენი საუკუნის შენახული ჩვენ თვალწინ არ ჩამოვშალოთ. უკვე განადგურებულს ხომ ვეღარაფრით ვუშველით.

დღეს მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში უამრავი ტაძარია, სადაც დღეს ნანახი არტეფაქტები ხვალ აღარ გხვდება. არ მესმის, ამას როგორ ვიტანთ! დაახლოებით საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ექვთიმე თაყაიშვილმა სამცხე-ჯავახეთის ძეგლები აღწერა, მაგრამ როდესაც მის წიგნს დღევანდელობას ვადარებ, ბევრ რამეს ვეღარ ვხედავ. Uუამრავი ციხე-ტაძარი ისე იშლება ძეძვსა და ჯაგნარში, ბევრს მათ არსებობაზე წარმოდგენაც არ აქვს. ამას წინათ ვიყავი თმოგვის ციხეზე, წმინდა მარინეს XIII საუკუნის ეკლესიაში და ბოღმამ დამახრჩო - ფრესკების ნამტვრევები ძირს დამხვდა ჩამოყრილი, შემორჩენილ ფრესკებს კი გამუდმებით აწვიმს. სასწაული ის არის, რომ ამ წვიმასა და თოვაში ფრესკის ფერები ისევ ხასხასებს. რომელი ერთი ჩამოვთვალო - კვარშისა და ღართის X საუკუნის ტაძრები მთლად ჩამოტყავდა და ჩამოიძონძა, მაგრამ ამ ჩამონგრეულ კვარშაში სასწაულად არის შემორჩენილი სულისშემძვრელი წარწერები: "ქრისტე შეიწყალე პეტრე", "ქრისტე შეიწყალე ერისთავთ-ერისთავი ივანე", "ქრისტე შეიწყალე მიქელ ცოდვილი"...

VII-VIII საუკუნეების ახშენისა და სამშვილდის სიონის ტაძრებიდან მხოლოდ ფრაგმენტებია დარჩენილი. ზოგს კედელი აღარ შერჩა, ზოგს - გუმბათი, ზოგს - კარი.…ერთადერთი, რაც ამ ნანგრევებზე ლაღობს და ხარობს, ბალახია, ოღონდაც ის შენ გიკლავს გულს. როგორც ეკლესიები, ასევე აქამდე სასწაულად გადარჩენილი ციხეებიც თავზე გვენგრევა.

ასპინძაში ერთ-ერთი ყველაზე მიუვალი და დღემდე შემორჩენილი სათრითავის/ჩიტიკიბის ციხე შუაზეა გაპობილი. იგი თრიალეთის ქედიდან ერთდროულად აკონტროლებდა ასპინძას, ისტორიულ თორსა და თრიალეთ-ჯავახეთისაკენ მიმავალ გზებს. ამ ციხის ძირში გადიოდა ასპინძისა და ბორჯომის ხეობის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა. განა ამ სასწაულის ასე უპატრონოდ მიტოვება შეიძლება?!

- მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის მატერიალური კულტურის ძეგლები როდია ასეთ მდგომარეობაში, ჩვენს ქვეყანაში საითაც გაიხედავ, იავარქმნის კვალს ყველგან წააწყდები. - დიახ, ასეა. კახეთი ხომ ყველაზე ფესვმაგარი მხარეა, მაგრამ აქაური დიდებული ძეგლებიც ისევე ნადგურდება, როგორც ყველგან. მხოლოდ კისისხევის VI საუკუნის კოზმასა და დამიანეს ტაძრით რომ დავიწყოთ, ამ სოფელში 40 უძველესი ტაძარი დანგრევის პირასაა. ასეა ქართლშიც. ზოგი ოკუპირებულია, ზოგი - დანგრეული, აქაური ჭრელი მოსახლეობისაგან სახელ თუ სახეშეცვლილი. აქაური აზერბაიჯანელი მოსახლეობა უძველეს ქართულ ტაძრებზე ისე გეტყვის, ალბანური ძეგლიაო, წარბს არ შეიხრის. ასეა სამცხე-ჯავახეთშიც.

ახალქალაქში XI საუკუნის აბულის ტაძარზე სომეხმა კაცმა ისე "ჩამიჭიკჭიკა", ეს ძეგლი არც სომხურია, მაგრამ არც ქართული, ასურულიაო, სიმწრით გამეცინა. მესმის, რომ ეს გაუნათლებლობით მოსდით და სახელმწიფოს პოზიციაც მესმის, ასეთ შემთხვევებს რომ არ ართულებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს თავისი სახელი არ დაარქვა. როდესაც კაცი შენს მიწაზე, შენს ტაძარზე თავის ანბანს აწერს, ეს კვალია, რომელიც, ჩვენ რომ არ ვიქნებით, მაშინაც დარჩება.

დიდებული ძეგლები გვენგრევა და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. ამ საკითხზე ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს.

P.S. კულტურის სამინისტროს განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ყველა მატერიალური კულტურის ძეგლი აღრიცხულია და მათი აღდგენა-რესტავრაცია მომავალში იგეგმება.