"ვინც საერთოდ არ ვარჯიშობს, ურთიერთობას ვერ შევძლებ. თუმცა, თუ მაინცდამაინც ბრედ პიტი იქნება, შეიძლება დავფიქრდე..." - კვირის პალიტრა

"ვინც საერთოდ არ ვარჯიშობს, ურთიერთობას ვერ შევძლებ. თუმცა, თუ მაინცდამაინც ბრედ პიტი იქნება, შეიძლება დავფიქრდე..."

"ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ და თუ ვინმესთან ურთიერთობა მაქვს, ვცდილობ, ჩემ გვერდით ისიც თავისუფალი იყოს"

ნინი ონიანი ბოლო დროს ეკრანზე იშვიათად ჩანს, ამბობს, რომ სატელევიზიო ცხოვრებამ დაღალა და ერთი წელია, ვარჯიშს მიჰყო ხელი. ისე აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში, რომ მალე ფიტნესინსტრუქტორის სერტიფიკატს აიღებს და ახალ საქმიანობას დაიწყებს.

- სპორტული ყოველთვის ვიყავი. ბავშვობიდან თხილამურებზე ვდგავარ... ერთი წლის წინ გადავწყვიტე, ჯანსაღი ცხოვრების წესს სერიოზულად მივდგომოდი. ვარჯიში პანდემიამდე ერთი თვით ადრე დავიწყე, შემდეგ მივხვდი, რომ შემეწყვიტა, ცუდად გავხდებოდი. ეს ისეთი პროცესია, თუ ერთხელ ჩაგითრია, აღარ გაჩერდები. როგორც სუნთქვა გჭირდება, ისე გთხოვს ორგანიზმი ვარჯიშს. მწვრთნელობა ძალიან მომწონს, და მალე სერტიფიკატსაც ავიღებ...

- ძალიან შეგეცვალათ გარეგნობა. რამდენ ხანში დაიწყო თქვენი გარდაქმნა? - ყველა სხვადასხვა დროში აღწევს შედეგს. მე ორ თვეში 13 კგ ცხიმის ხარჯზე დავიკელი, გამოვშრი, რომ მერე კუნთის ხარჯზე მომემატებინა და ლამაზი სხეული მქონოდა. ახლა ვცდილობ მოვიმატო, მაგრამ ძალიან მიჭირს. ორგანიზმი ჯანსაღი მაქვს, მეტაბოლიზმი - სწრაფი; კუნთებს მიაქვს დიდი ენერგია და რასაც ვჭამ, ვეღარ ვიმატებ.

- მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშს სწორი კვებაც შეუთავსო. - აუცილებელია ოთხჯერადი კვება. მათ შორის სამ-ოთხსაათიანი შუალედი უნდა დაიცვა და მიზანს მიაღწევ. ალკოჰოლს თითქმის აღარ ვსვამ, აღარც ვეწევი, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო; დროს, ძირითადად, სახლში, შვილთან და დედასთან ვატარებ და ეს ძალიან მსიამოვნებს. როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი, დღე და ღამე გარეთ ვიყავი, ბავშვს ვნახულობდი და ისევ გავრბოდი. ამან დამღალა. ახლა სხვანაირად ვცხოვრობ და ეს მომწონს.

კვირაში სამი-ოთხი დღე ერთ საათს ვვარჯიშობ. ახლა საკუთარი თავის ახლებურ ვერსიას ვუყურებ და ეს საოცარი შეგრძნებაა. ფსიქოლოგიურადაც ძალიან შევიცვალე, უფრო მტკიცე გავხდი, კარგად ვიცავ ბალანსს, უფრო მიზანდასახული ვარ. უკვე აწმყოთი ვცხოვრობ და ბედნიერი ვარ. მედიტაციას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ბალანსია ყველაფრის გასაღები. თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ბალანსის დაცვას შევძლებთ, ვიქნებით ბედნიერები და ლაღები.

- ალბათ, ბიჭებიც სპორტული მოგწონს? - დიახ, გემოვნებაც შემეცვალა. ახლა ვერ წარმომიდგენია ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვისაც ფიტნესი არ აინტერესებს. იმას არ ვგულისხმობ, რომ ჩემსავით კვირაში ოთხი დღე დარბაზში იყოს, მაგრამ ისეთ ადამიანთან, ვინც საერთოდ არ ვარჯიშობს, ურთიერთობას ვერ შევძლებ. თუმცა, თუ მაინცდამაინც ბრედ პიტი იქნება, შეიძლება დავფიქრდე...

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? - დიდი ხანია, ეს არავის უკითხავს და რამდენიმე დღის წინ ვამბობდი, დავიჯერო, ისეთი მოსაწყენი პირადი ცხოვრება მაქვს, რომ არავის აინტერესებს-მეთქი? მე დღეს ბედნიერი ვარ და არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა კაცი ჩემს ცხოვრებაში. ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ და თუ ვინმესთან ურთიერთობა მაქვს, ვცდილობ, ჩემ გვერდით ისიც თავისუფალი იყოს. ეჭვიანი არ ვარ, თუ ვენდობი ადამიანს, სრულად ვენდობი...

- ბედნიერებისთვის მამაკაცი აუცილებელია? - ძალიან რომანტიკული ვარ და რაც ასაკი მემატება, მგონი, უფრო სენტიმენტალურიც ვხდები. გადაჭარბებული რომანტიზმი არა, მაგრამ ფანჯარასთან ცეცხლს რომ გინთებენ, კარგია!..

ხათუნა კორთხონჯია