"ისეთ საქმეს შევეჭიდე, რომელმაც სხვა ყველა პრობლემა დამავიწყა" - კვირის პალიტრა

"ისეთ საქმეს შევეჭიდე, რომელმაც სხვა ყველა პრობლემა დამავიწყა"

"ამ ერთ წელიწადში ისეთ საქმეს შევეჭიდე, რომელმაც სხვა ყველა პრობლემა დამავიწყა: სახლი ავიშენე, სადაც თითქმის ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ: მოპირკეთება, ინტერიერი - ყველაფერი ჩემი შექმნილია. ამან პანდემიის პერიოდი შემიმსუბუქა. უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია, შეიძლება საშინელ დეპრესიაში ჩავვარდე. ამ ჩემს სახლში იმდენ რამეს ვაკეთებ, რომ თვითონაც მიკვირს..."

პანდემიის პერიოდი იოლი გადასატანი არავისთვის ყოფილა. გამონაკლისი არც მომღერალი რატი დურგლიშვილია, რომელიც შრომის წყალობით სტრესსა და დეპრესიას მოერია. "ამ თვეების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ შრომა საუკეთესო ანტიდეპრესანტია", - გვითხრა მან ინტერვიუს დაწყებისთანავე:

- პანდემიის გამო ყველას ცხოვრება შეიცვალა. თქვენ როგორ იტანთ ამ ცვლილებებს?

- პანდემიის დაწყება ყველასთვის დიდი შოკი იყო. ზოგჯერ ვფიქრობ, ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში დაკარგულია-მეთქი: გარდა იმისა, რომ ჩვენს სფეროს უზარმაზარი დარტყმა მიადგა და მუსიკოსები, მომღერლები ურთულეს ვითარებაში აღმოვჩნდით, თითქოს ცხოვრებაც დაიკარგა! შარშან, როცა ეს ინფორმაცია პირველად გავრცელდა, მეც შევშფოთდი.

ასეთ დროს, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზეც ფიქრობ, მაგრამ მე ასაკიანი მშობლები მყავს და მათზე უფრო მეტად ვნერვიულობდი. ამიტომ დღემდე მაქსიმალურად ვიცავ ყველა წესს, არ დავდივარ ხალხმრავალ ადგილებში, პირბადის ტარებაზე ან ხშირად ხელების დაბანაზე რომ არაფერი ვთქვათ... მოკლედ, ყველაფერს ვასრულებ. "კოვიდს" ჩემი უპასუხისმგებლობის გამო არ გავავრცელებ.

ღვთის წყალობით დღემდე ასე მოვედი და, ალბათ, მომავალშიც არ შემხვდება.

პანდემიამდე სულ სხვა ცხოვრება გვქონდა: რამდენჯერ მეგობრებს ღამე ჟრიამულში დაგვთენებია, მაგრამ დრო მაინც ნელა გადიოდა, ახლა კი ამ ერთმა წელიწადმა და რამდენიმე თვემ ისე გაირბინა, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დროს უაზროდ ვკარგავ და ღირებულს ვერაფერს ვაკეთებ. ყველაზე მეტად მაინც კომენდანტის საათი მანადგურებს: სულ უნდა იჩქარო, რომ საღამოს 9 საათზე სახლამდე მიასწრო. საღამოს მთელ ქალაქში საშინელი საცობებია და ეს ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს.

ამიტომ ზოგიერთი ჩემი ნაცნობი ამ სიტუაციას გაერიდა - ცხოვრობენ დუბაიში, ბალიზე, ამერიკაში - მზიან ადგილებს მიაშურეს და თავს მშვენივრად გრძნობენ. მე მთელ მსოფლიოში მყავს ნაცნობები, სულ ვკითხულობ და ამდენი ხნით კომენდანტის საათი არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა.

- აცრაზე რას ფიქრობთ? - არა მგონია, მსოფლიო მედიცინამ ისეთი მედიკამენტი გამოუშვას, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას დააზიანებს. უკუჩვენებები ნებისმიერ მედიკამენტს აქვს.

როცა მომიწევს, ვაქცინას მეც გავიკეთებ. ჯერჯერობით კი უსაფრთხოების წესებს ვიცავ. მოკლედ, ამ ერთ წელიწადში ისეთ საქმეს შევეჭიდე, რომელმაც სხვა ყველა პრობლემა დამავიწყა: სახლი ავიშენე, სადაც თითქმის ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ: მოპირკეთება, ინტერიერი - ყველაფერი ჩემი შექმნილია. ამან პანდემიის პერიოდი შემიმსუბუქა. უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია, შეიძლება საშინელ დეპრესიაში ჩავვარდე. ამ ჩემს სახლში იმდენ რამეს ვაკეთებ, რომ თვითონაც მიკვირს.

- ესე იგი, ახლა აღმოაჩინეთ, რომ "ხელმარჯვე ოსტატი" ყოფილხართ?

- დიახ, ასეა. ყველა მეხუმრება: კაცი გვარს ასე ამართლებდეს, არ გვინახავსო. ნამდვილი დურგლიშვილი ვყოფილვარ: მჭედლობა, ხელოსნობა, დურგლობა - ყველაფერი მოვიხერხე.

როცა სახლს დავასრულებ, ყველას ვაჩვენებ. ჯერჯერობით ადგილმდებარეობას მედიასთან არ ვამხელ. ზოგს არ სჯერა, რომ მართლა ამდენ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ მე ასე გავიზარდე: შრომა არასდროს მეთაკილებოდა.

- დღეს ჩვენი საზოგადოება ზედმეტად პოლიტიზებულია, თქვენ თუ ერევით ამ სფეროში? - ჩემზე აპოლიტიკური ადამიანი, ალბათ, არ არსებობს. ისედაც დაძაბული გარემოში ვცხოვრობთ, ამიტომ ამ ბოლო თვეებში ახლობლებისა და საკუთარი თავის გადარჩენაზე ვფიქრობდი, სხვაზე ვერაფერზე...

- რატი, თქვენს შემოქმედებაში თუ არის სიახლეები? - მთელი წლის განმავლობაში ორიოდე კონცერტში ვმონაწილეობდი: ერთხელ ახალ წელს, მანამდე კი ზაფხულში ბათუმში გამოვედი ლელა წურწუმიას კონცერტზე - სულ ეს იყო.

ჯერ ისედაც როგორი სიტუაცია იყო ქართულ შოუბიზნესში და ახლა ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეშია? ახლა რამდენიმე ახალ სიმღერაზე ვმუშაობ. ერთ სიმღერას მაკა ზამბახიძესთან ერთად შევასრულებ, მხოლოდ ჩაწერაღა დაგვრჩა. მეორე, უნიჭიერესი რუსა მორჩილაძის ძალიან ლამაზი, თბილი სიმღერა, არანჟირების პროცესშია. ვფიქრობთ, ჯერ ჩაწერას აზრი არა აქვს. როცა ყველაფერი ჩაწყნარდება და ხალხი მუსიკისთვის მოიცლის, პრემიერასაც მერე გავმართავთ.

დიდი სურვილი მაქვს, ამ ახალი სიმღერებით ჩვენს ხალხს ყველაფერი ცუდი დავავიწყოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე