კაცი, რომელიც საკუთარი ბაღიდან ნერგებს "იპარავს" და საზოგადოებრივ სკვერებში რგავს
კაცი, რომელიც საკუთარი ბაღიდან ნერგებს "იპარავს" და საზოგადოებრივ სკვერებში რგავს
"გული მტკივა, როცა ვხედავ, როგორ უდიერად ეპყრობიან ბუნებას. რამდენჯერ შემიმჩნევია, გაივლიან და ნერგს ტოტებს ატეხენ, ყვავილს მოწყვეტენ და ორიოდე ნაბიჯში გადააგდებენ... ერთ წელს ალუბლის ხეებისთვის იმდენი ტოტები დაუმტვრევიათ, გული მომიკვდა. ხილი არ მენანება,პირიქით, მიხარია, როცა მეზობლები კრეფენ და მიაქვთ, მაგრამ გაფრთხილებაც ხომ უნდა იცოდნენ?"

14 წელია, ომარ შარია ოჯახთან ერთად დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე, ყოფილი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაში ცხოვრობს. პირველად რამდენიმე წლის წინ ვესტუმრე და ნანახმა აღმაფრთოვანა - ბაღისა და
მიმდებარე კორპუსების გარშემო მიწის ერთი გოჯიც არ იყო მოუვლელი, ყველაფერს დასტყობოდა მშრომელი კაცის ხელი. ყვავილებთან ერთად რა ხეხილს აღარ ნახავდით იქ - კაკალს, ჭერამს, ბალს, ალუბალს, ნუშს, კომშს, კივს, ვაშლს, მსხალს, ბროწეულს, ტყემალს, ქლიავს, ატამს, ჟოლოს, მაყვალს. ვაზიც კი ჩაუყრია და მოყვანილი საფერავით შვილიშვილთან ერთად
ღვინოს აყენებს. ახლაც თავის ბაღში დამხვდა - თავს დასტრიალებდა ნერგებს, ყვავილებს, აფხაზეთიდან წამოღებულ მაგნოლიას, ბზას და ხელისგულისოდენა მიწას, რომელზეც ბალახი ამობიბინებულიყო. ეს მიწაც აფხაზეთიდან წამოვიღეო, მითხრა.

ომარ შარია გალიდან გახლავთ და ყველაზე მეტად სწორედ იმას უფრთხილდება, რაც აფხაზეთს აგონებს. ძნელად ნახავთ მეორე ადამიანს, ვისაც მასავით უყვარს და სტკივა სამშობლო. ამას ყოველ წუთს ამტკიცებს თავისი საქმიანობით - დარგო ათასობით ხე, მოაწესრიგა ათობით სკვერი, ტერასა, ბილიკი და ვინმე რომ ეხმარებოდეს, კიდევ არაერთ საინტერესო საზოგადოებრივ პროექტს შეასხამდა ხორცს.

ერთი ქილა მურაბა, კარის სახელური და დაკარგული აფხაზეთის სევდა


- ისტორიულ სოფელ თაგილონში დავიბადე და გავიზარდე, იქ ამჟამად მოხუცი დედა ცხოვრობს, რომელიც წლებია, არ მინახავს... აფხაზეთი ჩემთვის მარტო მიწა არ არის, იქაურობასთან ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა მაკავშირებს და ნოსტალგია წუთითაც არ მასვენებს. აი, ეს მიწა (ბაღის კუთხეში აბიბინებულ ბალახზე მიმანიშნებს. - ავტ.) ჩემს მშობლიურ სოფელშია აჭრილი. მახსოვს, ხიდზე გადმოსვლისას ბარგი შემიმოწმეს და ერთმა აფხაზმა მკითხა, რა მიგაქვსო? მიწის ნაგლეჯია, რაკი შვილიშვილს აქ ვერ ჩამოვიყვან, მიმაქვს, მინდა, მანაც დაადგას-მეთქი ფეხი აქაურ მიწას, ვუპასუხე. არ დაიჯერა და მაინც გამახსნევინა. ხელში მიწა რომ შერჩა, ძალიან გაუკვირდა. ჩემდა გასაკვირად, შევამჩნიე, თვალებში ცრემლები ჩაუდგა, მერე მხარზე დამარტყა ხელი და წადი, წადიო, უცნაური მზერა გამომაყოლა.


ამ წლების განმავლობაში, სიცოცხლის რისკის ფასად რამდენჯერმე მოვახერხე ჩემი სოფლის სახლის, იქ დარჩენილი დედისა და ნათესავების მონახულება. მეუღლეს ვუთხარი, ვითომ ზუგდიდში, ნათესავებთან მივდიოდი. დეკემბერი იდგა. ენგურის აქეთა მხარეს, ჩემს სოფელში გადასასვლელ ფონთან, წელამდე, ზოგან კი ყელამდე სიღრმის ჩქარ და ყინულივით ცივ მდინარეში გადადიოდა ხალხი და გადაჰქონდა პროდუქტი. ვიდრე გადავიდოდი, მანამდე გავიგე, რომ ცოტა ხნის წინ აფხაზ "ბოევიკებს" ჩემი ოთხი მეზობელი მოუკლავთ, ნათესავის ოჯახს დასხმიან თავს, დამთვრალან და ბოლოს, რაკი წასაღები ვერაფერი უნახავთ, გაბრაზებულებს სახლისთვის ცეცხლი წაუკიდებიათ. როდესაც 5 საათზე "ბოევიკებმა" საგუშაგო დატოვეს, მდინარეში სხვებთან ერთად მეც შევედი.

როცა ამდენი ხნის მერე პირველად დავდგი ფეხი აფხაზეთის მიწაზე, ჩავიმუხლე, მიწას ვემთხვიე და პატიება ვითხოვე, თავის დროზე რომ ვერ დავიცავით და რიგიანად რომ ვერ ვუპატრონეთ... მტკივნეული იყო იქაურობის ყურება - გადაბუგული, გაძარცული სახლები, გაპარტახებული კარ-მიდამოები, ეკალბარდებით დაფარული ეზოები.

იმ საღამოს შინ ყოფნით ვიჯერე გული, მეორე დღეს კი დილაადრიან გალისკენ გავეშურე. ძალიან მენატრებოდა ის ადგილი, სადაც ახალგაზრდობა გავატარე, საიდანაც უამრავი მოგონება გამომყვა... სახლი პატარა გალშიც გვქონდა. ამ სახლის ნახვაც მოვინდომე, თუმცა ვიცოდი, არხთან ახლოს აფხაზების შტაბი იყო და ერთი გაფიქრება უკან დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ მონატრებამ მძლია. შტაბს მივუახლოვდი თუ არა, "ბოევიკები" გადამიდგნენ წინ, გამჩხრიკეს, დამკითხეს და არ ვიცი, რატომ - შევეცოდე თუ ტყვია დაენანათ, მაგრამ ჩემი ზურგჩანთიდან ამოღებული სიგარეტი და სასმელი დაიტოვეს და გამომიშვეს.

ზევით-ზევით შიშით ავუყევი გზას. ვფიქრობდი, ცოტა ხანს მაცდიან და მერე მესვრიან, ალბათ ასე ერთობიან-მეთქი. ნაბიჯებს ვითვლიდი, უკან მიხედვასაც ვერ ვბედავდი, მინდოდა უსაფრთხო გზამდე მალე მიმეღწია.

ფათერაკებით სავსე დღის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემს გადამწვარ სახლში გავატარე ის ღამე. მოვეფერე ყველაფერს, რაც ომს გადარჩენოდა, უპირველესად კი - ჩემს დარგულ ხეხილს. მეორე დღეს წამოვედი. თან წამოვიღე ჩემი მეუღლის ხელით გაკეთებული, სასწაულად გადარჩენილი ერთი ქილა მურაბა და გაგიკვირდებათ, მაგრამ - კარის სახელური. შესასვლელ კარს მოვაძვრე, ასე რომ, ახლა მაქვს სახელური, რომელიც ჩემი სახლის კარს აღებს აფხაზეთში.

სახლში დაბრუნებისას ჩემმა მეუღლემ ჩანთა რომ გახსნა და თავისი გაკეთებული მურაბა დაინახა, მიხვდა, აფხაზეთში ვიყავი და არაადამიანური ხმით იყვირა, როგორ გაბედეო!

მერე კი დიდხანს, დიდხანს ტიროდა. რთულია, მშობლიური კუთხის მონატრებას აჯობო და გაუმკლავდე. ამ სევდას ვერაფერი მოვუხერხე, ნოსტალგიისგან განკურნება ვერ შევძელი...

მეურნე კაცი


- 40 წელი საჯარო სამსახურში ვიყავი - დრამატულ თეატრში ადმინისტრატორად ვიმუშავე, სკოლაში - რუსული ენის პედაგოგად, რაიონულ კომიტეტში - ინსტრუქტორად, დევნილთა სამსახურში - მთავარ სპეციალისტად, შინაგან საქმეთა სამინისტროში - მინისტრის თანაშემწედ, ვარ თადარიგის პოლკოვნიკი, მაგრამ ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მაინც ფიზიკურ შრომას, ხეების, მცენარეების დარგვას, მათ მოვლასა და მოფერებას უკავშირდება. ამ საქმეს ვაკეთებ დღესაც.

მიყვარს და მეხერხება არაფრისგან რაღაცის გამოძერწვა, მესმის ბუნების ენა, ვგრძნობ მის უტყვ ემოციას, მის ყრუ ტკივილსაც კი...
მებაღის პროფესია დღესდღეობით ძალიან დაუფასებელია საქართველოში. მეკითხებიან, მებაღეობა როგორ ისწავლეო? აი, ხომ ხედავთ, ჩემს პატარა ქოხში სამუშაო იარაღთან ერთად რამდენი წიგნია?!.. ამ წლების მანძილზე თვითონ ვეძებდი ინფორმაციას და ვსწავლობდი, როგორ უნდა მომევლო მცენარეებისთვის, ვითვალისწინებდი სხვა მებაღეების რჩევებსაც. გალიდან წამოსვლის მერე ხეხილს ვრგავდი ყველგან, სადაც ვცხოვრობდი - წალენჯიხაში, ბაღდათში. მერე თბილისში, დიდუბეში, საბავშვო ბაღის შენობაში შემასახლეს და იქაც გავაშენე პატარა ბაღი, 2007 წელს კი დიდ დიღომში დავსახლდით. მეორე დღესვე ჩემი საცხოვრებელი შენობის ირგვლივ სამი კილომეტრის რადიუსში დავათვალიერე ტერიტორია და ძალიან მეტკინა გული, ისეთი მოუვლელი და დანაგვიანებული დამხვდა აქაურობა. ერთ დღეს ბაღში გამოსულმა დავინახე მოხუცი კაცი, რუსი, რომელიც ხეებსა და ყვავილებს კოცნიდა და თან ამბობდა, რა სილამაზეს ვხედავო. გაზაფხული იყო და ალუბლები ულამაზესად ყვაოდა. ალბათ, ამან მოხიბლა მოხუცი. მაშინ ვიფიქრე, საქართველოში რუსი კოცნის თითოეულ ხეს და როგორ შეიძლება მე, ქართველმა, არ მოვუარო და არ ვუპატრონო-მეთქი.

აქ ერთი ხეც კი არ იდგა, ნაგავსაყრელი იყო. ავდექი და ისე, რომ არავისთვის არაფერი მითხოვია, დიდი მანქანებით გავიტანე ნაგავი. მერე ძველი საბურავები მოვაგროვე, შიგ განოყიერებული მიწა ჩავყარე და ნაირნაირი ბოსტნეული ჩავთესე. თუ შრომა გიყვარს კაცს, საქმეს ყოველთვის გამონახავ. ჩემი საკუთარი მხოლოდ 63 კვმ-ია, დანარჩენი მიწა მერიის კუთვნილებაა, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, აქაურობის მოვლა-გალამაზებაზე ვიზრუნო. უკვე 1500-ზე მეტი ხე მაქვს დარგული, ერთი მაგდენი კი, რაც გადავარჩინე, ისაა. ეს საქმიანობა მახარებს, მაგრამ გული მტკივა, როცა ვხედავ, როგორ უდიერად ეპყრობიან ბუნებას. რამდენჯერ შემიმჩნევია, გაივლიან და ნერგს ტოტებს ატეხენ, ყვავილს მოწყვეტენ და ორიოდე ნაბიჯში გადააგდებენ...
ერთ წელს ალუბლის ხეებისთვის იმდენი ტოტები დაუმტვრევიათ, გული მომიკვდა. ხილი არ მენანება, პირიქით, მიხარია, როცა მეზობლები კრეფენ და მიაქვთ, მაგრამ გაფრთხილებაც ხომ უნდა იცოდნენ?

"ღმერთს ვთხოვ, დიდხანს მქონდეს შრომის უნარი, რომ მეტი შევძლო"


- გამიხარდა, როდესაც პეტრიწზე ახალი პარკი გააშენეს და ხელშეკრულებით მებაღედ დავიწყე მუშაობა. ჩემი ბაღიდან ნერგების უმეტესობა საზოგადოებრივ სკვერში გადავრგე და ისე ვუვლიდი, როგორც საკუთარს.

დეკემბერში ხანმოკლე ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და მე უმუშევრად დავრჩი, სკვერი კი - უპატრონოდ. ჩემი ხელი დააკლდა ხეხილს, ყვავილებს, ბუჩქებს, თუმცა მაინც არ მიძლებს გული და როცა დრო მაქვს, ვრწყავ და ვასუფთავებ ნარგავებს, იქაურობა სანაგვედ რომ არ იქცეს. კარგი იქნება, თუნდაც ერთი თანამშრომელი ჰყავდეს მერიას ამ კონკრეტულ სკვერში, მაგრამ თურმე ბიუჯეტი არ ითვალისწინებს არც მებაღის, არც მეეზოვის, არც დამლაგებლის, არც დაცვის სამსახურის წარმომადგენლის დაფინანსებას, მარტო ცენტრალური დასუფთავების სამსახურის ძალისხმევა კი ამ პრობლემების მოსაგვარე ბლად არ კმარა.

კარგია, რომ ამ პარკს თანამედროვე, ევროპული დონის აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა აქვს, მაგრამ ცუდია, რომ ასეთ ადგილას ერთი ტუალეტიც არ არის. ნათქვამია, "სიბერემდე მისვლა ყველას უნდა, სიბერე კი - არავისო." არ ვიცი, ვის როგორ, მაგრამ მე, მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა და უმუშევრობის გამო შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობისა, მინდა საზოგადოებისთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმეები სიცოცხლის ბოლომდე ვაკეთო.

დღეს საქართველოში 5000-მდე ოჯახია, რომლებსაც უგზო-უკვლოდ დაკარგული წევრები ჰყავთ. მათ სახელზე მინდა დიდ დიღომში ჩემი დარგული ხეებისა და ხეხილის რაოდენობა 5000-მდე გავზარდო და გავახარო; პეტრიწზე 7000 კვმ-ზე გაშენებული ახალი პარკი და მიმდებარე ტერიტორია მოვაწესრიგო, ყოველდღე დავასუფთავო, ვუპატრონო და გაპარტახებისგან დავიცვა; ამ პარკის სიახლოვეს სანერგე მეურნეობა მოვაწყო და მოუწესრიგებელი სკვერების, ბაღების გასაშენებლად საჭირო დეკორატიული მცენარეები, მათ შორის - კოლხური ბზა, ასევე გადაშენების პირას მისული ზოგიერთი მარადმწვანე ხე და ხეხილის ნერგები გამოვიყვანო და გავაშენო; უახლოეს მომავალში ე.წ. "სარეაბილიტაციო ცენტრი" ჩამოვაყალიბო, რომელიც გადაბერებულ ხეებს, დაავადებულ ხეხილს, ყვავილებსა და ბუჩქნარს საჭირო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ჩაუტარებს. იქვე მინდა მებაღეობისთვის საჭირო და აუცილებელი სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი განვათავსო, რომლის გამოყენების უფლება ექნება ყველას, ვინც მებაღეობას მისდევს ან ამ სფეროში საქმიანობას აპირებს; ჩამოვაყალიბო ნორჩ მებაღეთა ღია, საველე სკოლა, სადაც ათეულობით ბავშვს მებაღეობის თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს გავუზიარებ. მაქვს სხვა საინტერესო ჩანაფიქრი და გეგმაც, მაგრამ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე იდეებსა და სურვილებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს!

ვიცი, რომ საქართველოში ბევრი მეცენატი, ქველმოქმედი ადამიანი და ფონდი არსებობს, ამიტომაც არ ვკარგავ იმედს, რომ მალე ჩემი კეთილშობილური ჩანაფიქრის განხორციელებას შევძლებ. იქნებ ჩემი საქმიანობით დაინტერესდეს ქალაქის მერია და მერი. მე ხომ ჩემთვის არაფერს ვითხოვ, ისევ ხალხისთვის, მათ სასიკეთოდ მინდა ვიშრომო.

ჩემი დევიზია: "არც ერთი მოუფერებელი ხე, მოუწესრიგებელი პარკი და ბაღი ჩემ გარშემო"."თითოეულ ჩვენგანს თავისი საცხოვრებელი ადგილი უნდა უყვარდეს, უფრთხილდებოდეს და ზრუნავდეს მასზე. ამიტომაც ვთხოვ ღმერთს, დიდი ხანი არ დამაბეროს და დიდხანს მქონდეს შრომის უნარი, რომ მეტი შევძლო. "არც დიდება მინდა, არც - სასახლე დიდი, არც სიბერე მინდა უმოქმედო, მშვიდი!" - ვამბობ ჩემს ერთ ლექსში. ეს არის ღვთის ბოძებული მიწა, ჩვენია, ყველასი, და ყველას გვევალება მასზე ზრუნვა!

P.S. პირველად რომ ვნახე, მაშინ ვკითხე, ნარგავები ასე ახლოს რატომ არის-მეთქი ერთმანეთთან და - თბილისში დარჩენას არ ვაპირებ, ვიცი, როცა იქნება, დავბრუნდები და ამ გაზრდილ ნერგებსაც თან წავიღებ, მინდა სიკვდილამდე მოვასწრო აფხაზეთის მიწაზე გახარებული ხეხილის ნაყოფის გასინჯვაო, მიპასუხა.

მიუხედავად იმისა, რომ წლებია, გალში ჩასვლას ვეღარ ახერხებს და ძველ ნერგებსაც მიწაში უკვე მძლავრად გაუდგამთ ფესვები, თავის კუთხესა და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ კაცს ასობით სხვა ნერგი გაუხარებია აფხაზეთში დაბრუნების სიმბოლოდ!…

ნინო ჯავახიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები