"უშინაარსო, დაუსრულებელი ინფორმაციებით ფსიქიკა აღიგზნება და თინეიჯერიც უფრო გაღიზიანებული ხდება" - კვირის პალიტრა

"უშინაარსო, დაუსრულებელი ინფორმაციებით ფსიქიკა აღიგზნება და თინეიჯერიც უფრო გაღიზიანებული ხდება"

"როცა თინეიჯერების ფსიქიკა აღგზნებულია და მათ აქვთ ემოციური პიკი, ხშირად იქცევიან ალოგიკურად. ასეთი ქცევა შეიძლება იყო თვითდამაზიანებელი, აგრესიული და ეს ყველაფერი მოზარდს სჭირდება სოციუმთან ურთიერთობისთვის..."

თანამედროვე ადამიანისთვის, მით უმეტეს - მოზარდისთვის, ინტერნეტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. "ანიმე", "ტიკტოკი" ის ინტერნეტპროდუქტებია, რომლებიც მათ განსაკუთრებულად უყვართ. "კვირის პალიტრის" კითხვებს ფსიქოთერაპევტი ირმა კვაჭაძე უპასუხებს.

- გარდატეხის ასაკი გარდამავალი ეპოქა გახლავთ ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის. ამ დროს ყველაზე მეტი ცვლილება ხდება ადამიანის ორგანიზმში, ფსიქიკასა თუ ფიზიოლოგიაში. ამ ასაკისთვის დიდი გამოწვევებია დამახასიათებელი - ემოციური დისბალანსი, კომუნიკაციის სირთულეები, მოტივაციის ნაკლებობა... დღევანდელ ვითარებაში ყველა ეს სირთულე გამწვავდა და უფრო აშკარა გახდა.

მოზარდის ფსიქიკა ძალიან მოწყვლადია იმ გაგებით, რომ მას არ შეუძლია საზღვრების სწორად მართვა, არ შეუძლია ქცევისთვის დროის გამოყოფა. მისთვის ასევე რთულია ემოციებთან შეგუება და ამიტომ ეს ემოციური საქანელა სულ არსებობს.

მოზარდის მართვა ხშირად მოითხოვს მშობლის აქტიურობას, რადგან მან არ იცის, სად მთავრდება მისი საზღვარი და სად იწყება სხვისი. ამ დროს მათ არ აქვთ დაბალანსებული ძილი, ემოციური მდგომარეობა, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს, მაგალითად, ჭარბი მადით ან, პირიქით, უმადობით, ჭარბი ძილით ან პირიქით - უძილობით. ანუ ისინი ვერ გრძნობენ ბიორეჟიმს. ერთ დილას იღვიძებენ და ძალიან კარგ ხასიათზე არიან, საღამოს კი - პირიქით.

მოკლედ, თინეიჯერებს ფიზიოლოგიური იმპულსების ამოცნობის პირადი რუკა აქვთ. ამ დროს მშობელი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ შეძლოს კრიტიკის შემცირება და მხარდამჭერის როლის საკუთარ თავზე აღება, რაც ძალიან სჭირდება მოზარდს.

- მინდა თქვენი ყურადღება "ტიკტოკზე, "ანიმეებზე" ან სხვა სოციალურ ქსელებზე გავამახვილო. როგორც ფსიქოთერაპევტი, როგორ შეაფასებთ მათ გავლენას ამ ასაკის ბავშვებზე? - ცალკე არც ერთი არ გახლავთ ზიანის მომტანი, თუმცა მათ ჭარბად გამოყენებას შეუქცევად პროცესებამდე მივყავართ. "ანიმე" ძალიან კარგი პროდუქტია, თუმცა ჩვენი თინეიჯერები ხშირად ასაკობრივად შეუსაბამო სიუჟეტებს უყურებენ. "ანიმეში" არის გზავნილები, რომლებიც გათვლილია ზრდასრული ადამიანების და არა მოწყვლადი ფსიქიკის მოზარდებისთვის. რაც შეეხება "ტიკტოკს", ეს არის პლატფორმა, სადაც წუთის ინტერვალში ძალიან ბევრი იმპულსი იცვლება და ჩნდება დაუსრულებლობის შეგრძნება. მათში განთავსებული კადრების უდიდეს ნაწილს, ფაქტობრივად, არ აქვს ლოგიკურად დასრულებული სიუჟეტი; მას აქვს სიუჟეტური გამღიზიანებლის ფუნქცია. უკონტროლო, უშინაარსო, დაუსრულებელი ინფორმაციებით ფსიქიკა აღიგზნება და თინეიჯერიც უფრო გაღიზიანებული ხდება. ფსიქიკას ასევე აქვს თვისება, რომ თუ რაიმე შინაარსობრივად დასრულებული არ არის, ის აგვეკვიატება და სულ გვახსოვს. ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ოფიციანტს მანამდე ახსოვს შეკვეთა, სანამ მომხმარებელი არ გადაიხდის, მერე კი - აღარ. ანუ სანამ პროცესი დაუსრულებელია, სულ გვახსოვს, ამიტომ "ტიკტოკზე" დამოკიდებულებაც საკვლევი საკითხია. რადგან ფსიქიკას მისგან არაერთგვაროვანი შეტყობინებები მიეწოდება, ისინი სულ გვახსოვს და ამას დიდი ენერგია მიაქვს.

- შეიძლება ითქვას, რომ ეს დამოკიდებულებაა? - დამოკიდებულებად აღიქმება ქცევა, თუკი მას ვერ ვაკონტროლებთ. თუ რაღაცას იმიტომ ვაკეთებთ, რომ რეალობა შევცვალოთ, ან ალტერნატიული რეალობა შევქმნათ, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ფიზიოლოგიურ და ფსიქიკურ გამოვლინებას.

- ხშირად გვესმის, რომ გარემოში ადაპტაციისადმი თინეიჯერებს არასწორი დამოკიდებულება აქვთ. ამაში რა იგულისხმება? - თინეიჯერისთვის მთავარი აქტივობა არის თანატოლებთან ურთიერთობა. მათ ხშირად საკუთარი თავის მიუღებლობა ახასიათებთ, ამიტომ სხვადასხვა გზით ცდილობენ დამკვიდრებას, იქნება ეს ირაციონალური ურთიერთობა, ვირტუალური კომუნიკაცია თუ ა.შ. გარდა ამისა, თინეიჯერებს ახასიათებთ არასწორი ქცევა, რათა საკუთარ თავს დაუმტკიცონ, რომ არსებობენ. როცა თინეიჯერების ფსიქიკა აღგზნებულია და მათ აქვთ ემოციური პიკი, ხშირად იქცევიან ალოგიკურად. ასეთი ქცევა შეიძლება იყო თვითდამაზიანებელი, აგრესიული და ეს ყველაფერი მოზარდს სჭირდება სოციუმთან ურთიერთობისთვის. ეს არასწორი გზაა, მაგრამ ამას თვითონ ვერ აკონტროლებს, რადგან მასში დაძაბულობის მუხტი იმხელაა, ლოგიკა ითიშება და ვერ ხვდება, რა არის მისთვის სასიკეთო.

- რა ევალება ამ დროს მშობელს, როგორ უნდა მიუდგეს შვილს, რომ არც გააღიზიანოს, არც აგრესიული გახადოს? - მშობელი, როგორც მე ვეძახი, დისტანცირებული ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს ამ ფაქტის, ანუ არც ჰიპერმზრუნველობა უნდა გამოიჩინოს და თინეიჯერის პირადი სივრცე დაარღვიოს, მაგრამ ყოველთვის უნდა იცოდეს, რას აკეთებს მისი შვილი. მოზარდისთვის პირადი სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, მას ჰყავდეს თანამოაზრეთა ჯგუფი, ამიტომ ერთადერთი, რაც ამ ასაკისთვის მშობელს შეუძლია, არის ის, რომ ხელი შეუწყოს ისეთი გარემოს არსებობას, სადაც მისი მონაწილეობა თვალში საცემი არ იქნება და ენდოს ამ გარემოს. თუმცა თინეიჯერის ღირებულებათა სისტემა უნდა იყოს ისეთი მტკიცე, რომ ამ სისტემაზე დაყრდნობით მან შეძლოს ცვლად გარემოში ადაპტირება. ამ დროს აუცილებელია მშობელი გაეცნოს ბავშვის ინტერესებს, სურვილებს და ხელი შეუწყოს მათ ხორცშესხმას. თუ ერთი ქცევა, ვთქვათ, გაჯეტის გამოყენება არის აკრძალული, ის უნდა ჩანაცვლდეს ისეთი ქცევით, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის.