როგორ გადაურჩა სიკვდილს წიოკაანთ ქალის გამო "სიყვარული ყველას უნდას" გადამღები ჯგუფი - კვირის პალიტრა

როგორ გადაურჩა სიკვდილს წიოკაანთ ქალის გამო "სიყვარული ყველას უნდას" გადამღები ჯგუფი

"თურმე, სინამდვილეში არსებობდა შენგელიძე მარო, შრომის გმირი ყოფილა, დიდი ოჯახის პატრონი, შვილები, შვილიშვილები... ფილმი რომ ნახეს, გადაირივნენ!.. გავიხედე და, კინოსტუდიაში ორი ბიჭი მოდის, ორივეს ორლულიანი თოფი აქვს გადაკიდებული, მე კი მანქანით გამოვდივარ. გამაჩერეს. უკაცრავად, გიორგი შენგელაიას და მიშა ჭიაურელს ვეძებთო. ვუთხარი, გიორგი აგერ არის და მიშა წავიდა-მეთქი. წავედი და გზაში თოფის ხმა გავიგონე, მაგრამ, როგორც ხედავთ, ყველა გადავრჩით..."

გიორგი შენგელაიასა და მიხეილ ჭიაურელის მუსიკალური კომედია "სიყვარული ყველას უნდა" 1980 წელს გამოვიდა ტელეეკრანებზე, თუმცა 40-ზე მეტი წლის შემდეგაც ის ბევრისთვის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია, კოლორიტული პერსონაჟების ფრაზები კი მაყურებელს დღემდე ზეპირად ახსოვს. რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი ფილმთან დაკავშირებულ მოგონებებს გაგვიზიარებს.

- 1976 წელს მოსკოვიდან კინორეჟსორის დიპლომით დავბრუნდი. უკვე გადაღებული მქონდა ორი საკურსო და ერთი სადიპლომო ფილმი. ამის შემდეგ კიდევ სამი ფილმი გადავიღე და დადგა 1979 წელი. ერთ დღეს რეზო ჩხეიძემ დამიბარა და მითხრა, ვიცი, კახეთი გიყვარსო და ლეილა ბეროშვილის სცენარი მომცა წასაკითხად. რომ გავეცანი, არაფრის შეცვლა არ იყო საჭირო. ისეთი ხასიათები იყო, ფრაზები და ეპიზოდები კი ისეთი საინტერესო, რომ გადაღების მეტი არაფერი სჭირდებოდა. ფილმს თავიდან ერქვა "ჩემი კახეთი და ჩემი კახელები", მერე - "გოგონა საკერავი მანქანით", ბოლოს კი "სიყვარული ყველას უნდა" დავარქვით.

ამ ფილმში ისეთი მსახიობები თამაშობენ, მათ დახასიათებას, აბა, ჩემს თავზე როგორ ავიღებ?!.. როგორ დავახასიათო გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე ან ბერტა ხაფავა, რომელმაც არაჩვეულებრივად ითამაშა კოლას მეუღლის როლი?.. მრავლად იყვნენ ნიჭიერი ახალგაზრდებიც: ლაურა რეხვიაშვილი, დარეჯან ხაჩიძე, ვახტანგ ფანჩულიძე, ტრისტან სარალიძე, ამირან ამირანაშვილი...

მასობრივ სცენებს ჩემი საყვარელი ართანელები ალამაზებდნენ. ერთხელ ჩამოვიყვანეთ გახმოვანებაზე და დაახლოებით ნახევარი საათი ჩუმად ისხდნენ. მიზეზი ვკითხე. ყელი რომ გაგვეხსნას, სამი ჭიქა დაგვალევინე და მერე რასაც გინდა, გავაკეთებთო, მიპასუხეს. ასეც მოვიქეცი და მართლაც, როგორც საჭირო იყო, ისე გააკეთეს ყველაფერი. იმღერეს კიდეც. სიმღერა ვახსენეთ და არ შეიძლება არ ვახსენო ფილმის კომპოზიტორი სოსო ბარდანაშვილი, რომელიც ახლა დიდი წარმატებით მოღვაწეობს ისრაელში.

- თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ არაპროფესიონალები ტოლს არ უდებდნენ მსახიობებს... - ცნობილი ვარსკვლავების გარდა ბევრი არაპროფესიონალიც გადავიღეთ და მათ დაუვიწყარი სახეები შექმნეს. მაგალითად, წიოკაანთ ქალის როლს შილდელი გულიკო ცირეკიშვილი ასრულებს. შევთავაზე ეს როლი და ვითამაშებო, დამთანხმდა. სინჯებზევე გამოჩნდა, რომ ნამდვილი წიოკაანთ ქალი იყო.

- მართალია, რომ ამ პერსონაჟთან დაკავშირებით გაუგებრობაშიც აღმოჩნდით? - შეიძლება ასეც ითქვას... გახსოვთ, ლექსს რომ უკითხავენ? "ვარკოს ნაცოლარი ხარ, / ბადიაურს დადიხარ, / ვაჭრობ, სპეკულიანტობ, განა გეპატიება? / შენგელიძე მარო, / დროს ატარებ მთქნარებაში, / უსაქმური ხარო. "თურმე, სინამდვილეში არსებობდა შენგელიძე მარო, შრომის გმირი ყოფილა, დიდი ოჯახის პატრონი, შვილები, შვილიშვილები... ფილმი რომ ნახეს, გადაირივნენ!.. გავიხედე და, კინოსტუდიაში ორი ბიჭი მოდის, ორივეს ორლულიანი თოფი აქვს გადაკიდებული, მე კი მანქანით გამოვდივარ. გამაჩერეს. უკაცრავად, გიორგი შენგელაიას და მიშა ჭიაურელს ვეძებთო. ვუთხარი, გიორგი აგერ არის და მიშა წავიდა-მეთქი. წავედი და გზაში თოფის ხმა გავიგონე, მაგრამ, როგორც ხედავთ, ყველა გადავრჩით...

სცენარის მიხედვით, მეველეების შეყვარებულებს ჰყავდათ ძმა, მძღოლი. სუფრის სცენას ვიღებდით, პაწრო და გივილო კურდღელასა და მალუცასთან რომ მიდიან... ამ მომენტისთვის მათი ძმის როლის შემსრულებელი არ გვყავდა. გამოვედი ტრასაზე. გამოიარა "პაზიკმა", პატარა ავტობუსმა. დიდი ტანის, ქერა, ცისფერთვალება მძღოლი გაჭედილი იყო კაბინაში. გავაჩერე, გავიცანი. ჯემალ ბურდიაშვილი აღმოჩნდა. ავუხსენით, რაც ხდებოდა. გვიჭირს და ფილმში ითამაშებ-მეთქი? რატომაც არაო... მგონი, არაჩვეულებრივად ითამაშა.

ფილმში არის ფრაზა: "რა დროს სიყვარულია ამ გაგანია მუშაობაში?!" მე მგონია, რომ სიყვარულის დრო სულ არის. როცა იბადები, სიყვარულიც მაშინვე ჩნდება და როცა ამ ქვეყანას ტოვებ, მაშინაც თან მიგყვება. ამას ვერაფერი შეცვლის.