"ლერი რომ ასეთი მეუღლე არ ყოფილიყო, ეს აუცილებლად უარყოფით გავლენას მოახდენდა ჩემს სპორტულ შედეგებზე" - კვირის პალიტრა

"ლერი რომ ასეთი მეუღლე არ ყოფილიყო, ეს აუცილებლად უარყოფით გავლენას მოახდენდა ჩემს სპორტულ შედეგებზე"

არ მეგულება საქართველოში მეტ-ნაკლებად სპორტში ჩახედული ადამიანი, ნონას ხსენებისას, ვერ მიხვდეს, ვის შესახებაა საუბარი. პირადად მე, ჩემი ნათლიის, დიდოსტატ ბუხუტი გურგენიძისგან ბავშვობიდან ვიცოდი, ვინ არის ნონა გაფრინდაშვილი. პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ქართველ მანდილოსანთა შორის (და არა მხოლოდ ჭადრაკში), პირველი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის, საჭადრაკო "ოსკარის" პირველი მფლობელი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.

ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ ქალბატონ ნონას იმდენი ტიტული აქვს, შეიძლება რამე გამომრჩეს და ამიტომ აქ გავჩერდები. მხოლოდ ვიტყვი, რომ ნონა გაფრინდაშვილი ქართველი ქალის გამარჯვების სიმბოლოა. 3 მაისს მას 80 წელი შეუსრულდა და, რა თქმა უნდა, ინტერვიუსთვის პირადად შეხვედრაც მინდოდა, მაგრამ კორონავირუსის გამო იძულებული ვიყავი, ტელეფონით დავკავშირებოდი.

- ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, ჩვენი ჟურნალის მკითხველების სახელით მოგილოცავთ იუბილეს და ჯანმრთელობას გისურვებთ! მეც და თქვენს გულშემატკივრებსაც, ყველას გვაინტერესებს, როგორ ბრძანდებით?

- მოლოცვისთვის ყველას მადლობას მოგახსენებთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ჩემი ასაკისთვის საკმაოდ მხნედ ვგრძნობ თავს და ვცდილობ, შესაძლებლობის ფარგლებში, კვლავაც აქტიური ცხოვრებით ვიცხოვრო.

- 80 წელი, ჩემი აზრით, ბევრი არ არის. ქართველებს თქვენზე უფროსი სპორტსმენებიც გვყავს, თუმცა არც მთლად ცოტაა. თქვენ როგორ ფიქრობთ? - რა თქმა უნდა, 80 წელი საკმაოდ ბევრია, მაგრამ იცით, ამ დრომ წარმოუდგენლად, ისე სწრაფად გაირბინა, რომ პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, ვერც შევამჩნიე. მე საერთოდ, ზამთარი არ მიყვარს და ზამთარი რომ მიილევა ხოლმე, მერე დანარჩენი დროც უცბად გარბის და უკვე ახალი წელიც მოდის. სულ ვამბობ, რომ ამ ტემპში რაღაცების გაკეთებას ვერ ვასწრებ... რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახთან ერთად მინდა ვიყო, ოღონდ - მანამდე, ვიდრე აზროვნება და სიარული შემეძლება. დღეისთვის კი მადლიერი ვარ უფლისა იმისთვის, რაც მომცა.

- ამდენი ხანია, პირადად გიცნობთ და ბევრი რამაც ვიცი თქვენი ბიოგრაფიიდან, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცი, მეგრელი ხართ თუ არა. გაფრინდაშვილის გვარი ხომ არ არის მეგრული. - ზუგდიდში დავიბადე და იქ ვიზრდებოდი. რა თქმა უნდა, მეგრელი ვარ და მეგრულიც ვიცი. ისე, ჩვენი გვარი ჭიათურიდან მოდის. მამაჩემი, ტერენტი და ბიძა, პლატონი იქიდან არიან. ბიძა ნაღდ იმერლად თვლიდა თავს, მამა კი სამეგრელოშია ჩასიძებული - დედა გრიგოლიას ქალი იყო. ჩემი უფროსი ძმა ფოთშია დაბადებული, მაგრამ იქაური ჰავა ვერ აიტანა და ზუგდიდში გადასახლდნენ. მეც ზუგდიდში დავიბადე. ბავშვობაში ხომ იცით, როგორ არის, მთელი უბანი ერთად ვთამაშობდით და მეგრული ვისწავლე, მაგრამ მამამ არ იცოდა, თუმცა ესმოდა. ერთხელ ბიძაჩემმა ნათესავებთან საქეიფოდ დაგვპატიჟა. ჩემს ძმას ჰკითხა, მეგრელი ხარ თუ იმერელიო? მეგრელიო, - უპასუხა. მერე მე მომიბრუნდა და მეც იგივე მკითხა. მეც მეგრელი ვარ-მეთქი, ვუთხარი. გაგიჟდა კაცი... მსოფლიოს ჩემპიონი რომ გავხდი, ყველგან გვეპატიჟებოდნენ. ჭიათურაშიც მიგვიწვიეს და, რა თქმა უნდა, სუფრაც გაგვიშალეს. იქაც მკითხეს, - კი, მაგრამ, ნონა, რატომ ამბობ, მეგრელი ვარო? არც დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე ალალად, - ნამდვილად მეგრელი ვარ და რატომ არ უნდა ვთქვა-მეთქი? ისე, ახლა კი გეუბნებით, მეგრელი ვარ, მაგრამ ასეთ კითხვაზე ჩვეულებრივ ვპასუხობ, რომ ქართველი ვარ, ამას ვამბობ ყველგან, აქაც და უცხოეთშიც. მეგრელიც და იმერელიც - ორივე ჩემია და დანარჩენი საქართველოც.

- მახსოვს, ამბობდით, თავიდანვე ისეთი აზარტული და ნიჭიერი ვიყავი, რომ ჭადრაკში თუ არა, სპორტის რომელიმე სხვა სახეობაში მაინც მივაღწევდი წარმატებასო. თქვენს შვილს, დათოს თუ გამოჰყვა დედის გენი?

- ნაწილობრივ ალბათ კი. დათო თავიდან ჩოგბურთზე შევიყვანე, მაგრამ ჯანმრთელობის გამო დაანება თავი. მერე ფეხბურთმა გაიტაცა და ეზოში თანატოლებთან ერთად ძალიან კარგადაც თამაშობდა. ჩვენს ეზოში მურთაზ ხურცილავა ცხოვრობს და მის ბიჭსა და დათოს თავ-თავიანთი გუნდები ჰყავდათ. თუმცა, ეს მაინც ჰობი იყო. ყველაზე მეტად კი ცეკვა უყვარდა, სულ მეჩხუბებოდა, ცეკვაზე შემიყვანეო, მაგრამ ყოველთვის ვერ გამოიცნობ, ბავშვის ბუნებრივი ნიჭი რომელი მიმართულებით უნდა წარმართო. ახლა რომ ვუკვირდები, უნდა დამეჯერებინა. ისეთი პლასტიკურია, ნამდვილად კარგი მოცეკვავე დადგებოდა მისგან.

- შვილიშვილები რამდენი გყავთ და როგორი ბებია ხართ? - შვილიშვილი ორი მყავს, ბიჭები. უფროსი 27 წლისაა, მადრიდში დაამთავრა ინსტიტუტი და ახლა საქართველოშია. რაც შეეხება უმცროსს, ის ჯერ სკოლის მოსწავლეა, მეცხრე კლასშია. ბებიობაზეც გეტყვით - მე საერთოდ, დედაჩემს ვგავარ, კონფლიქტი და ჩხუბი არ მიყვარს. თუ რაღაცა არ მომწონს, შეიძლება რბილად ვუთხრა ვინმეს, საყვედურის მაგივრად.

- რძალთან როგორ ააწყვეთ ურთიერთობა? - ვიცი, რასაც გულისხმობთ და შემიძლია გითხრათ, რომ ტყუილად დამისვით ეგ კითხვა: უკვე აღვნიშნე, რომ დედაჩემის ხასიათი გამომყვა. იცით, მე ხუთი ძმა მყავდა, შესაბამისად, დედასაც ამდენივე რძალი ჰყავდა და ყველა გიჟდებოდა მასზე, ისე უყვარდათ. თანაც, სულ მოგზაურობაში ვიყავი სხვადასხვა ტურნირზე. ასე რომ, ჩვენს ოჯახში რძალ-დედამთილის პრობლემა არასდროს არ ყოფილა.

- თქვენი მოგზაურობების შესახებაც მინდა გკითხოთ. მატჩები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის დაახლოებით თვე-ნახევარი გრძელდებოდა. მანამდე საჭირო იყო ამ მატჩისთვის მომზადება. ამას ემატებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირებისას, ე.ი. დიდი ხნით ტოვებდით თბილისს. თქვენი მეუღლე, ბატონი ლერი როგორ ეგუებოდა ამას? - ლერი ძალიან გამგები ადამიანი იყო. თავიდანვე იცოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი მოჰყავდა ცოლად და ზოგჯერ დიდი ხნით არ ვიქნებოდი შინ. როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, სულ ცდილობდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო, თუნდაც თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ, და არასდროს არავითარი პრობლემა არ შემქმნია. ლერი რომ ასეთი მეუღლე არ ყოფილიყო, ეს აუცილებლად უარყოფით გავლენას მოახდენდა ჩემს სპორტულ შედეგებზე.

- მსოფლიოს ჩემპიონობის მატჩები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და ამ მატჩებისთვის განსაკუთრებით ემზადებოდნენ ჩემპიონიც და პრეტენდენტიც. მატჩის ჩატარების ადგილსაც კი საგანგებოდ არჩევდნენ. ამის გამო ზოგჯერ კონფლიქტური სიტუაციაც იქმნებოდა. რამდენადაც მახსოვს, თქვენც გქონდათ ასეთი მომენტები, არა? - საერთოდ, მსოფლიოს ჩემპიონს რაღაც უპირატესობები აქვს. მაგალითად, მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში ჩემპიონი ინარჩუნებს ტიტულს. ადგილის შერჩევის დროსაც პირველი სიტყვა ჩემპიონს ეკუთვნის. ელიზავეტა ბიკოვასთან მატჩის დროს შეხვედრის ადგილად მოსკოვი ბიკოვამ აირჩია. ის ჩემპიონი იყო, მე ხმა არ ამომიღია, ჩავედი და ვითამაშე, მაგრამ ზოგჯერ ხელოვნურად მიქმნიდნენ პრობლემას. როგორც იცით, მოსკოველ ალა კუშნირთან სამი მატჩი ვითამაშე და სამივე მოვიგე. 1969 წელს, მეორე მატჩის წინ მსოფლიოს ექსჩემპიონმა მიხეილ ბოტვინიკმა საბჭოთა კავშირის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის შეცვლა მოინდომა. ამისთვის მას ჩემი და კუშნირის მატჩის ჩაშლა სჭირდებოდა. ბოტვინიკს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და წინააღმდეგობასაც ვერავინ უწევდა. მან გადაიბირა კუშნირი და პრეტენდენტმაც მატჩის მოსკოვში გამართვა მოინდომა. რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი. ავუხსენი: შენ თუ რუსეთში გინდა თამაში, მე ქართველი ვარ და მაშინ საქართველოში ვითამაშოთ-მეთქი. ვეუბნებოდი, სადაც უნდა ვითამაშოთ, შენზე მეტი გულშემატკივარი ყველგან მეყოლება, თანაც, ჭადრაკი ფეხბურთი არ არის, რომ ტრიბუნებმა იგუგუნონ და ამით შენი მხარდაჭერა გამოხატონ-მეთქი... როგორც იქნა, ტალინზე შევთანხმდით. მოულოდნელად, როცა უკვე გასამგზავრებლად ვემზადებოდი, მაცნობეს, მატჩი გადაიდოო. ლამის იყო გავგიჟებულიყავი... მსოფლიოს ჩემპიონობის მატჩი სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. წესით, მაშინ კუშნირთან 1968 წელს უნდა მეთამაშა, მაგრამ როგორც გითხარით, ის მატჩი გადაიდო და 1969 წელს გაიმართა. მატჩის პირველი ნახევარი თბილისში ჩატარდა, ხოლო მეორე - მოსკოვში. სხვათა შორის, მოსკოვში უკეთ ვითამაშე: თბილისში ორი პარტია წავაგე, მოსკოვში კი - არც ერთი და საბოლოოდ 8,5:4,5 გავიმარჯვე.

- 1975 წელს ნანა ალექსანდრიასთან მატჩის დროსაც დადგა ეს საკითხი.

- ნანასთან მატჩის დროსაც იდგა ეს საკითხი, მაგრამ ისეთი ინტრიგები არ ყოფილა. უბრალოდ, მე ბიჭვინთა შევთავაზე, მას კი თბილისში უნდოდა თამაში. მერე მამამისმა უთხრა, რატომ ეკამათები ნონას, ის მსოფლიოს ჩემპიონიაო, და საბოლოოდ ჩემს წინადადებას დათანხმდა. იქ მართლაც ორივეს კარგი პირობები გვქონდა და თავადაც კმაყოფილი იყო. ერთმანეთს პატივს ვცემდით და ძალიან კარგი ურთიერთობაც გვქონდა.

- 1989 წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) პრეზიდენტად აგირჩიეს, რაც ბევრისთვის სრული მოულოდნელობა იყო: ჭადრაკი და ფუნქციონერობა რადიკალურად განსხვავებული რაღაცებია, თან მაშინ საბჭოთა კავშირის დაშლა იწყებოდა და ქვეყანაში სრული ქაოსი იყო. რატომ დათანხმდით? - პრეზიდენტად ჩემს არჩევაში დიდი როლი შეასრულა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა. სხვათა შორის, მას ჩემი მეუღლეც ეხმარებოდა და საბოლოოდ დამითანხმეს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. შიშით არ მეშინოდა, მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი და კაცმა არ იცოდა, მომავალში როგორ განვითარდებოდა მოვლენები. თანაც იმ პერიოდში საკავშირო ნაკრების წევრი ვიყავი და იქ ხელფასსაც ვიღებდი. ე.ი. იქიდან უნდა გამოვსულიყავი და ოლიმპიურ კომიტეტში ნულიდან უნდა დაგვეწყო ყველაფერი. გარდა ამისა, ჩინოვნიკი, ორგანიზატორი არასდროს არ ვყოფილვარ და ამ საქმისა არაფერი არ ვიცოდი. მაგრამ ზენაიშვილი მარწმუნებდა, რომ ყველაფერში დამეხმარებოდა. მართლაც ძალიან ენერგიული ადამიანი აღმოჩნდა, აღმასკომშიც საქმიანი ხალხი შეიკრიბა და რიგითი თანამშრომლებიც წარმატებით ართმევდნენ თავს დაკისრებულ საქმეს. გახსოვთ, როგორი რთული პერიოდი იყო?! სპორტსმენები გაქცევაზე იყვნენ, მაგრამ მაინც ვახერხებდით სპონსორების პოვნას და წამყვანი ათლეტების შენარჩუნებას. დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, კარგია, რომ მაშინ დამითანხმეს, იმიტომ, რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება და ქართული სპორტის დახმარება შევძელით. ოლიმპიურ კომიტეტში ყველა ერთი ოჯახივით ვიყავით. დღესაც სიამოვნებით ვიხსენებ იმ წლებს. ბევრი ადამიანი გვეხმარებოდა მაშინ და დღეს ყველას მადლობა მინდა გადავუხადო.

- 1997 წელს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ვაჟა შუბლაძის ინიციატივით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ "ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი" დააწესა. როგორ ფიქრობთ, ოდესმე ეს თასი საქართველოში ჩამოვა? - პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მეეჭვება. ეს თასი არის დაწესებული საჭადრაკო ოლიმპიადებისთვის, ქალთა და ვაჟთა გუნდების საუკეთესო ჯამური შედეგისთვის. ჩვენმა ქალთა ნაკრებმა, რა თქმა უნდა, შეიძლება საჭადრაკო ოლიმპიადაზე კვლავაც გაიმარჯვოს, მაგრამ ვაჟთა ნაკრებმა მანდილოსნებს რომ აუბან მხარი, ერთობ საეჭვოა.

- ვიცი, რომ დღესაც თამაშობთ სხვადასხვა ტურნირში. საინტერესოა, დღესაც ძველებურად სიამოვნებას განიჭებთ ჭადრაკის თამაში თუ ინტერესი გაგინელდათ? - ახლა უკვე ვეტერანთა ტურნირებში ვთამაშობ და ვიდრე ვიაზროვნებ და შემეძლება, კვლავაც ვითამაშებ. ჭადრაკი ჩემი ცხოვრებაა, აქ ვისვენებ, ძალიან დიდ ენერგიასა და მუხტს ვიღებ. ყველაფერი ეს სიცოცხლეს მიხანგრძლივებს. ჩემთან ერთად სხვა ვეტერანებიც თამაშობენ. ბევრ მათგანს გამარჯვების და პრიზის მოგების არავითარი შანსი არა აქვს, მაგრამ მაინც თამაშობენ, რადგან ჭადრაკი უყვართ. ახლა პანდემიის გადავლას ველოდები, რომ მათთან ერთად ისევ ვითამაშო.

- ყველამ იცის, რომ ფეხბურთი ძალიან გიყვართ. ამიტომ ჩემი ბოლო კითხვა ფეხბურთს ეხება. ჭადრაკში საუკეთესო დიდოსტატად რობერტ ფიშერს აღიარებენ, "ფეხბურთის მეფე" კი პელეა. თქვენი აზრით, ამ ორს შორის, როგორც სპორტსმენს, რომელს ეკუთვნის პირველობა? - ამის თქმა ძალიან ძნელია. მე რომ მითხრან, დაასახელე მსოფლიოს ათი საუკეთესო მოჭადრაკე, პასუხს ვერ გაგცემთ. იმდენი დიდოსტატია, ვისაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ჭადრაკის განვითარებაში, რომ ასე რიგითობით - პირველი, მეორე, მესამე - ვერ გეტყვით. მართალია, ბევრ მათგანს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული არ მოუპოვებია, მაგრამ მაინც უდიდესი მოჭადრაკეები იყვნენ. რაც შეეხება პელეს, იცით, ყველას თავისი პერიოდი აქვს. პელე იმ ეპოქის მეფე იყო, დღეს კი პირადად მე ლიონელ მესი მიმაჩნია საუკეთესო ფეხბურთელად.

გოგი ფრანგიშვილი ჟურნალი "გზა"