"ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ვაქცინებზე სრულ სიმართლეს არ ვეუბნებით" - კვირის პალიტრა

"ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ვაქცინებზე სრულ სიმართლეს არ ვეუბნებით"

"დღეს ჩვენ გვყავს მოქალაქეების 35%, რომელიც ყველაზე პესიმისტური კვლევებითაც კი მზად არის, დღესვე აიცრას"

როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, როგორია ხალხის აქტიურობა და რა ხარვეზები უშლის ხელს ვაქცინაციის პირობებს? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, "კვირის პალიტრასთან" ექიმი-რეანიმატოლოგი, ნიუ-ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი ისაუბრებს:

ვახტანგ კალოიანი

- ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევაა ვაქცინების დეფიციტი. დღეს ჩვენ გვყავს მოქალაქეების 35%, რომელიც ყველაზე პესიმისტური კვლევებითაც კი მზად არის, დღესვე აიცრას და, სხვათა შორის, ამ კვლევებითვე ჩანს, რომ ეს ჯგუფი არ გამოირჩევა დიდი პრეტენზიულობით. ისინი მზად არიან, აიცრან "სინოფარმითაც". რა თქმა უნდა, უპირატესობას ანიჭებენ "ფაიზერს", "მოდერნას" და "ასტრაზენეკას", თუმცა, არც "სინოფარმზე" ამბობენ უარს. დარწმუნებული ვარ, ყოველი მესამე მოქალაქე რომ იქნება აცრილი, ეს სხვა მოქალაქეებზეც დიდ გავლენას მოახდენს. პორტალის გაჭედვა საყურადღებო პრობლემაა, თუმცა სტრატეგიული მნიშვნელობის არ არის. ვაქცინების პირველი და მეორე დოზისთვის ერთ დღეს რეგისტრაცია რომ დაბრკოლებას გამოიწვევდა, ადვილი მისახვედრი იყო, მაგრამ ეს სისტემური პრობლემაა და იმის ნიშანია, რომ აღსრულება-დაგეგმარება მოწესრიგებული არ არის.

- კიდევ რა ხარვეზს ხედავთ? - "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით ხელისუფლებას არანაირი აქტიურობა არ გამოუჩენია. ახლა ბიძინა კულუმბეგოვი დადის ეკლესიის მაღალ იერარქებთან და ვაქცინებზე უყვება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ასეთი რამ "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით არ გვინახავს. სამინისტროების თანამშრომლები, პარლამენტის უმრავლესობა, დეპარტამენტის უფროსები დადიან და იცრებიან "სინოფარმით". ეს მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არ არის დარწმუნებული, რომ "სინოფარმის" გარდა რამე სხვაც ექნება, რაც კარგი არ არის. კი ბატონო, ჩვენ ვიცრებით იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს, თორემ "სინოფარმი" არ არის საუკეთესო ვაქცინა...

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ? - ჯანმოს დასკვნაში, რომლითც მან ამ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა, არ არის საკმარისი ინფორმაცია თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების შესახებ, არც 60 წელს ზემოთ ეფექტურობის საკმარისი მტკიცებულებაა. ამ ვაქცინასთან დაკავშირებით, ძირითადად, მამაკაცები გამოიკვლიეს, ყველაზე ხანგრძლივი კვლევა კი 117 დღე გაგრძელდა. 117 დღის მერე რა ხდება, არ ვიცით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სხვა არჩევანი არ გვაქვს.

რაც შეეხება "სინოვაკს", დღევანდელი კანონმდებლობით ვერ შემოიტან, იმიტომ, რომ მას არ აქვს ჯანმოს მიერ აკრედიტებული სანდო მარეგულირებლების კვალიფიკაცია, ამიტომ ახლა უნდათ შეცვალონ კანონმდებლობა (ამას თავხედურად არც მალავენ) და მოარგონ "სინოვაკს", რომელთან დაკავშირებით კითხვა უფრო მეტია. სწორია, რომ მათ შეიძინეს "სინოფარმი" და "სინოვაკი", რადგან ბაზარზე დიდი კონკურენციაა და ვაქცინა, რომელსაც ჯერ არავინ იცნობს, შეიძლება ეფექტიანი გამოდგეს, ამიტომ უნდა დაიბევო, ისე, როგორც ისრაელმა გააკეთა. მან "ფაიზერის" თანხა მაშინ გადაიხადა, როცა ვაქცინა ჯერ წარმოებაში ჩაშვებული არ იყო. კი ბატონო, ყიდვა სწორია, მაგრამ მისი გამოყენება მანამდე, სანამ არ იქნება არა პოლიტიკური, არამედ საბოლოო მეცნიერული დასკვნა, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლობაა.

- თქვენ რომელი ვაქცინით აიცერით? - "ასტრაზენეკათი". როგორც კი დაიწყო აცრა, მეორე თუ მესამე დღეს ავიცერი. ჩვენი პრობლემაა ის, რომ ადამიანებს ვაქცინებზე სრულ სიმართლეს არ ვეუბნებით. რატომღაც გვგონია, რომ გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ, არადა, ყველა ვაქცინაზე სრული ინფორმაცია რომ მივაწოდოთ, ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ახლა ლოზუნგებით დავდევთ ხალხს და ვუმტკიცებთ, რომ ვისაც "სინოფარმი" არ უნდა, სისხლისმსმელია, ვისაც "ასტრაზენეკა" არ უნდა, ანტივაქსერია, ვისაც "ფაიზერი" უნდა, ბოროტია, თანამედროვე მედიცინაში კი ყველაფერი ციფრებით წყდება. "ასტრაზენეკას" თავისი უპირატესობა აქვს, "სინოფარმს" - თავისი, ამიტომ თუ ადამიანს სრულყოფილ ინფორმაციას მივაწოდებთ, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი აიცრება.

- რას არ ვამბობთ? - მაგალითად, იმას, რომ "სინოფარმს" 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და ამის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არის. ასევეა ქრონიკული დაავადებების შემთხვევაშიც. "ასტრაზენეკაზე" ხომ ვამბობთ, რომ თრომბოზის რისკი მაღალია, მაგრამ არ ვამბობთ, რომ 30 და 35 წლის ადამიანებისთვის "სინოფარმი" უკეთესია, თუმცა მე არ ვთვლი, რომ რომელიმე ვაქცინაზე ოფიციალური შეზღუდვა უნდა დაწესდეს, ჩვენ ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ადამიანს და გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს.

- "ფაიზერზე" რას არ ვამბობთ? - "ფაიზერთან" დაკავშირებით ყველაზე ცოტა კითხვაა. "ფაიზერი" და "მოდერნა" ყველაზე კარგად შესწავლილი ვაქცინებია და გართულებებთან დაკავშირებული პრობლემაც ნაკლებია. არცერთ მარეგულირებელს არ უთქვამს, რომ მან არ იცის "ასტრაზენეკას" თრომბოზული გართულებების შესახებ, ჩინურ ვაქცინებზე კი ყველგან წერია, რომ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია. ეს არის ძირითადი განსხვავება. "ასტრაზენეკაზე" მსჯელობაში მთელი მსოფლიო იყო ჩართული, ამერიკის წამლის სააგენტო მას პირდაპირი ეთერით განიხილავდა. ჩინურ ვაქცინებზე რამე მსგავსი გაგვიგია? სწორედ ინფორმაციის არარსებობაა ამ ვაქცინების (რუსულზე აღარაფერს ვამბობ) ყველაზე დიდი გამოწვევა.

- "ასტრაზენეკათი" პირველი ტალღა რომ აიცრა, ჯერ თქვეს, მეორე აცრისთვის ორ თვეში უნდა დარეგისტრირდეთო, მერე ექვს კვირაშიო, მერე ერთ თვეშიო. რომელია სიმართლე? - "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებული რეკომენდაცია აცრებს შორის 4-დან 12 კვირამდე ინტერვალის დაცვას გვირჩევს. სხვადასხვა ინტერვალით გაკეთებული ვაქცინის ეფექტიანობა განსხვავებულია, მაგალითად, თუ "ასტრაზენეკათი" მეორედ ოთხ კვირაში აიცრები, იმუნიტეტი 70%-ს აღწევს, მაგრამ შეგიძლია მოიცადო 12 კვირა და ეს უფრო ეფექტიანი ექნება... მე 12 კვირის თავზე დავრეგისტრირდი. ეს ინფორმაციაც უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას, მაგრამ ამავე დროს, უნდა გავაფრთხილოთ, რომ ვისაც იმუნიტეტის პრობლემა ან ქრონიკული დაავადებები აქვს, მისთვის 12 კვირა მოცდა, ცოტა არ იყოს, სახიფათოა.

- ეს მხოლოდ "ასტრაზენეკას" ეხება?

- დიახ. სხვა ვაქცინებით აცრისას შუალედი შედარებით ხანმოკლეა: "სინოფარმით" აცრისას შუალედი ოთხი კვირაა, "ფაიზერით" აცრისას - სამი-ოთხი კვირა.

- ეფექტიანობაზეც გკითხავთ... - ეფექტიანობა ყველას სხვადასხვანაირი აქვს. "სინოფარმს" ეფექტიანობა ნაკლები აქვს, "ასტრაზენეკას" - მეტი, ყველაზე მაღალი კი "ფაიზერის" შედეგია, რომელიც გვიცავს, რომ ვირუსი საერთოდ არ დაგვემართოს. თუმცა, თუ მაინც დაგვემართება, ვაქცინაციის შედეგია ისიც, რომ რეანიმაციაში არ მოვხვდებით.

იცით, ალბათ, ახლახან რაც მოხდა სეიშელის კუნძულებზე. იქ 60% აცრილია "სინოფარმით" და "ასტრაზენეკათი" (უფრო მეტი - "სინოფარმით"). ტურისტული სეზონის შემდეგ კორონავირუსი ძალიან ბევრ აცრილს დაემართა, მაგრამ სიკვდილობა არ გაზრდილა. ანუ კოვიდი აცრილებს ადვილად გადააქვთ. გრიპის ვაქცინაც ასეა - გარკვეული პროცენტით გვიცავს, მაგრამ თუ დაგვემართება, ადვილად გადავიტანთ.

აშშ-ში მოსახლეობის 60% აიცრა, ძირითადად, "ფაიზერით", უფრო ნაკლები კი "მოდერნათი" და "ასტრაზენეკათი"; ისრაელშიც ამდენივეა აცრილი და მათი 90% - "ფაიზერით". ბრიტანეთში ვაქცინირებულთა უმრავლესობა "ასტრაზენეკათია" აცრილი. ბაჰრეინშიც მოსახლეობის 60%-ზე მეტია აცრილი, თუმცა, ძირითადად, ჩინური ვაქცინით, "ასტრაზენეკათი" - ძალიან ცოტა. სხვა ქვეყნებს, მათ შორის, ევროკავშირის წევრებს, ამდენი აცრილი არ ჰყავს. პოპულაციური იმუნიტეტი ჯერ მხოლოდ ზემოთ ნახსენებ ქვეყნებს აქვს, ამიტომ არის რთული მსჯელობა ეპიდემიოლოგიურ ეფექტზე, თუმცა გარდაცვალებისა და რეანიმაციაში მოხვედრისაგან რომ გვიცავს, უდავოა.

- აცრის შემდეგ სიცხე უკეთესია და ნუ შეშინდებითო, გვირჩევენ... - ეს, ერთგვარად, იმუნიტეტის გამომუშავების ნიშანია და დაახლოებით 24 საათში გადის.

- თუ ვაქცინაციის შემდეგ მაღალი სიცხე სამი-ოთხი დღე გაგრძელდა?

- თუ ადამიანს ვაქცინაციის შემდეგ 48 საათზე მეტხანს გაუგრძელდება ცხელება, მან აუცილებლად ჰოსპიტალს უნდა მიმართოს.

- სხვადასხვა ვაქცინაზე სხვადასხვა ლეგენდა დადის. ზოგი ამბობს, იმპოტენციას იწვევსო. საფუძველს მოკლებულია ეს "გაფრთხილება"? - ეს გიორგი ფხაკაძის ნათქვამიდან წამოვიდა. ვინც კორონავირუსი გადაიტანა, მისი სპერმის სტრუქტურა და რაოდენობა ცოტა ხნით შეიცვალა, მერე კი ჩვეულებრივად აღდგა. ასეთი ნათქვამი უცხოდ მოსახლეობის ყურს ხვდება, თორემ ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი ანთებითი პროცესი, განსაკუთრებით - ასეთი მძაფრი, ამ სისტემაზე გავლენას ახდენს, თუმცა ეს დროებითია და უკვალოდ ქრება.

- "ასტრაზენეკაზე" თქვით, რომ თრომბოზის გართულების რისკს ზრდის... - თრომბოზის გართულების რისკი არის, განსაკუთრებით - 30-35 წლის ახალგაზრდა ქალებში და არა მამაკაცებში და, ძირითადად, ვლინდება თავის ტვინის ვენების თრომბოზით. ამიტომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს საკუთარი ავადმყოფობის ისტორია და თუ ერთხელ მაინც გეპარინის გაკეთების გამო ჰქონიათ ასეთი პრობლემა, "ასტრაზენეკა" მათთვის საუკეთესო ვაქცინა არ არის.

- ზოგი აცრამდე სისხლს იმოწმებს და სხვადასხვა ანალიზს იკეთებს... - ამას აზრი არ აქვს. ახლა განსაკუთრებით დედიმერის ანალიზია მოდური, მაგრამ ამ ტესტებით ვერაფერს დაადგენ. ნორმა არ ნიშნავს, რომ არაფერი გჭირს და არც მაღალი მაჩვენებელია იმის დასტური, რომ არ უნდა აიცრა.

საზოგადოებამ უნდა გააძლიეროს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ მათ შემოიტანონ რაც შეიძლება ბევრი ვაქცინა და გააფართოონ ორმხრივი მოლაპარაკებები მომავალში მეტის შემოსატანად.

რაც შეეხება რეგისტრაციის პრობლემას, დარწმუნებული ვარ, მალე მოგვარდება. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ "სინოფარმის" პირველი დოზა და "ასტრაზენეკას" მეორე დოზა ერთად გახსნეს და ამდენი მსურველი სისტემამ ვერ გაატარა. ერთი კვირის შუალედით რომ გაეხსნათ, არაფერი მოხდებოდა.