"გიყვებით სიმართლეს ნამახვანჰესზე..."
"გიყვებით სიმართლეს ნამახვანჰესზე..."
ნამახვანის პროექტი საზოგადოებისთვის მღელვარების, არასრული ინფორმაციისა და უარყოფითი დამოკიდებულების სინონიმად იქცა. პროექტის ხელმძღვანელი მერაბ ლომინაძე მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის სიმცირეა და სწორედ ამიტომ მზადაა, ნებისმიერი ფორმატით და ნებისმიერ ჯგუფს კითხვებზე არგუმენტირებული პასუხი გასცეს. გთავაზობთ ნამახვანჰესის გარშემო გავრცელებულ მითებს, რომელსაც მერაბ ლომინაძე პასუხობს:

მითები და რეალობა


მითი 1 - ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია, რაც მიუთითებს, რომ შეთანხმებული პირობები არამომგებიანია საქართველოსთვის.

ფაქტი 1 - სინამდვილეში ნამახვანჰესის პროექტი მომგებიანია საქართველოსთვის და ხელშეკრულება
საჯაროდაა გამოქვეყნებული კომპანიის ვებგვერდზე. ხშირად ასეთი შეთანხმებების დეტალები კონფიდენციალურია ხოლმე, თუმცა, "ენკა რენიუებლზმა" მაქსიმალური გამჭვირვალობა არჩია და ხელშეკრულება გამოაქვეყნა. მოხსნა ყველა ბარიერი, რაც, შესაძლოა, ხელშეკრულების სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვას ახლდეს და კონტრაქტი განათავსა კომპანიის ვებგვერდზე. ნამახვანჰესის პროექტის ხელმძღვანელი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება დაბალანსებულია, შეთანხმებული
პირობები თანხვდება საქართველოს ინტერესებს და ემსახურება ქართულ საქმეს.

მითი 2 - რიონის ხეობა თურქებს მიჰყიდეს.
ფაქტი 2 - სინამდვილეში, რიონის ხეობის მხოლოდ 2,9% გადაეცა არა თურქებს, ამ პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო კონსორციუმს.
საერთაშორისო კომპანია "ენკა" ახორციელებს პროექტს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიით, რომლის მონაწილე ნორვეგიული კომპანიაცაა.
ეს მიწა "ენკას" გადაეცა ხელშეკრულებაში განსაზღვრული კონკრეტული პირობით - მხოლოდ და მხოლოდ ჰესის ასაშენებლად და არა რაიმე სხვა მიზნისთვის. ანუ, "ენკას" გადაეცა მხოლოდ ის ტერიტორია, რომელიც პროექტს მშენებლობისა და ოპერირებისთვის სჭირდება. მსოფლიოში არ არსებობს პრაქტიკა, რომ რაიმე სახის ინვესტიცია ინვესტორისთვის ტერიტორიის გადაცემის გარეშე განხორციელებულიყო.

სოციალური თემატიკა


მითი 3 - პროექტი არ შექმნის სამუშაო ადგილებს ქართველებისთვის და უმეტესად, დასაქმდებიან თურქეთის მოქალაქეები.

ფაქტი 3 - სინამდვილეში, ნამახვანჰესის პროექტში დასაქმებულთა 80%, ანუ 1600 ადამიანი საქართველოს მოქალაქე იქნება.
დამატებით, "ენკა რენიუებლზი" გეგმავს ადგილობრივების პროფესიულ გადამზადებასაც, რაც მომავალში მათი ნაწილის ხანგრძლივი დასაქმების შესაძლებლობა გახდება.

მითი 4 - კომპანია "ენკა" რიონის ხეობაში 3000 თურქის ჩამოსახლებას გეგმავს, რომლებიც აქ სამუდამოდ დარჩებიან.
ფაქტი 4 - სინამდვილეში, პროექტის განსახორციელებლად საქართველოში პერიოდულად ჩამოვა სპეციფიკური კვალიფიკაციის 400-მდე კადრი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საქართველოში კონკრეტული სამუშაოს დასრულებამდე დარჩებიან.

მითი 5 - "ენკამ" სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე დაიწყო.
ფაქტი 5 - სინამდვილეში, 2017 წლიდანვე ადგილობრივებთან ურთიერთობის საკითხებზე მუშაობდა სოციალური საკითხების მართვის სპეციალისტთა ჯგუფი ნორვეგიიდან. კომპანიის ტენდერში გამარჯვების შემდეგ კი შეიქმნა ადგილობრივი საკომუნიკაციო საბჭოები და სწორედ მოსახლეობის ჩართულობის, მათი კეთილგანწყობის მოპოვებისა და ინფორმაციის გაცვლის შედეგად "ენკა რენიუებლზი" ყველასთვის ოპტიმალურ შედეგამდე მივიდა - მოსახლეობის თანხმობით, გამოისყიდა საპროექტო არეალში მდებარე კერძო მიწის ნაკვეთები. 274 ნაკვეთიდან ამ ეტაპზე გამოსყიდულია 265, დანარჩენ ნაკვეთებთან დაკავშირებით კი ტარდება ფორმალური პროცედურები. ამის შედეგად მოსახლეობას უკვე მიღებული აქვს 35 მილიონი ლარი.

მითი 6 - პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება გაუსაძლისი პირობები და რიონის ხეობა დაიცლება.
ფაქტი 6 - სინამდვილეში, ნამახვანჰესის აშენება ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, რაც ახალგაზრდებს ხეობაში დაბრუნების მოტივაციას გაუჩენს. ამჟამად ხეობის დემოგრაფია და სოციალური პირობები საგანგაშოა. მცირე ბიზნესის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის შედეგად კი ხეობა გამოცოცხლდება.

ნამახვანჰესის მსგავსი პროექტები, მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, პირიქით, ხელს უწყობს ტერიტორიის განვითარებასა და ახალგაზრდა მოსახლეობის დაბრუნებას. თუნდაც ლოკალური მაგალითები რომ განვიხილოთ, შეგვიძლია გავიხსენოთ ჟინვალისა და შაორის წყალსაცავები, რომლებიც რეგიონებისთვის განსაკუთრებული მიზიდულობის ცენტრია.

მითი 7 - ნამახვანჰესის ტერიტორიაზე თურქები მეჩეთს ააშენებენ.
ფაქტი 7 - სინამდვილეში, ნამახვანჰესის ტერიტორიაზე მეჩეთი არ აშენდება. ხელშეკრულებაში დეტალურად არის განმარტებული, რომ მიწების გამოყენება კომპანიას მიზნობრივად - მხოლოდ ჰესის ასაშენებლად შეუძლია.

კვლევები და ნებართვები


მითი 8 - ნამახვანჰესი საბჭოთა პერიოდში დაიწუნეს და ამის გამო მშენებლობა შეაჩერეს.

ფაქტი 8 - სინამდვილეში, ნამახვანჰესის პროექტი დამტკიცდა 1986 წელს, თუმცა ვერ განხორციელდა საბჭოთა კავშირის დაშლის გამო. პროექტის განხორციელების ინიციატივა და დამუშავება სათავეს სწორედ საბჭოთა პერიოდიდან იღებს.

მითი 9 - კონტრაქტის გაფორმებამდე კომპანია "ენკას" არ ჩაუტარებია კვლევები ნამახვანჰესის პროექტის განსახორციელებლად.
ფაქტი 9 - სინამდვილეში, ნამახვანჰესის პროექტი დეტალურად შეისწავლეს ტენდერის გამოცხადებამდეც. ამ დროისთვის ჩატარებულია 59 ძირითადი კვლევა, რომლებიც, უმეტესად, საერთაშორისო ექსპერტებმა მოამზადეს.
აღნიშნული კვლევები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე - namakhvani.enka.com


ეკონომიკის განვითარება

მითი 10 - ნამახვანჰესის პროექტი არ მოუტანს ეკონომიკურ სარგებელს არც ქვეყანას და არც - ხეობას.

ფაქტი 10 - სინამდვილეში, პროექტის სრული ღირებულება 800 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით 400 მილიონ ლარზე მეტი შევა, ამავდროულად, საქართველოს არ მოუწევს მეზობელი ქვეყნებისთვის ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარის გადახდა იმპორტირებული ელექტროენერგიის მისაღებად.
გარდა ამისა, ნამახვანის პროექტის განხორციელება ნიშნავს 2.7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ჩვენს ქვეყანაში, 1600 სამუშაო ადგილის შექმნას ადგილობრივებისთვის, სტაბილურ შემოსავალს 200-მდე ოჯახისთვის ოპერირების პერიოდში.
ასევე, შეიქმნება ხეობის განვითარების ფონდი, ტურიზმისა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამები, გაკეთდება ქუთაისი-ლეჩხუმის დამაკავშირებელი ახალი გზა.

მითი 11 - საქართველოსთვის ელექტროენერგიის იმპორტი უფრო მომგებიანია, ვიდრე ადგილობრივი გამომუშავება. ნამახვანჰესის ტარიფი მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფს ბევრად აღემატება.
ფაქტი 11 - როცა ყველაზე მეტ ენერგიას მოვიხმართ, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფი 7.8 ცენტიდან 13 ცენტამდე მერყეობს, ნამახვანჰესის ტარიფი კი, 15-წლის განმავლობაში, 6.2 ცენტი იქნება, ყოველ შემდეგ წელს 3%-იანი ესკალაციით.

მითი 12 - 15 წლის შემდეგ საქართველო ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ვეღარ მოიხმარს.
ფაქტი 12 - სინამდვილეში, ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას საქართველო 15 წლის შემდეგაც - კონკრეტული ვალდებულების გარეშე, საბაზრო ფასად შეისყიდის.

საქართველო სრულად გამოიყენებს ნამახვანჰესის მთავარ უპირატესობას - ელექტროენერგიის მიღების შესაძლებლობას ქვეყნის ენერგოდეფიციტურ პერიოდში, ანუ მაშინ, როცა ქვეყნის მოხმარებას საკუთარი გენერაციით ვერ ვფარავთ. 15 წლის შემდეგ საქართველოს აღარ ექნება ვალდებულება, რომ ელექტროენერგიის ნაწილი ფიქსირებულ ფასად შეისყიდოს - ნამახვანჰესი გამომუშავებულ ელექტროენერგიას იმ მომენტისთვის არსებულ საბაზრო ფასად გაყიდის ქვეყანაში და მისი ექსპორტზე გატანა ქვეყნისთვის დეფიციტურ პერიოდში ისეთივე შეუძლებელი იქნება, როგორც უკლებლივ ყველა სხვა ჰესის ელექტროენერგიის.

მითი 13 - ნამახვანჰესის აშენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის.
ფაქტი 13 - სინამდვილეში, ნამახვანჰესი საქართველოში ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 11.5%-ს გამოიმუშავებს. შესაბამისად, ნამახვანჰესის აშენება გაზრდის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წილს.
აუცილებელია, შევამციროთ იმპორტი, არ ვიყოთ სხვაზე დამოკიდებული და ენერგოდეფიციტის პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდეთ.

მითი 14 - ნამახვანჰესის მშენებლობა კარსტული მღვიმეების დატბორვასა და განადგურებას გამოიწვევს.
ფაქტი 14 - სინამდვილეში, ქვემო ნამახვანის ტერიტორიაზე არ მდებარეობს კარსტული მღვიმეები, ზემო ნამახვანის კარსტულ მასას კი, კვლევის თანახმად, დატბორვა არ ემუქრება. კარსტული ტიპის კლდოვანი მასა გვხვდება ზედა ნამახვანში, რომელიც გამოიკვლია საერთაშორისო კომპანია "სტუდიო პიეტრანჯელიმ". თანამედროვე, ლუჟონის მეთოდით ჩატარებული სპეციალური გეოლოგიური კვლევების თანახმად, სპეციალური ულტრაიისფერი სხივებით დადასტურდა, რომ წყალს ფილტრაცია არ ექნება, ანუ არ გაჟონავს და მღვიმეს საფრთხე არ ემუქრება.

მითი 15 - ნამახვანჰესის აშენების შედეგად სახელგანთქმული ღვინო - ტვიში აღარ იარსებებს.
ფაქტი 15 - სინამდვილეში, ნამახვანჰესის აშენებით რიონის ხეობაში ვენახების მიკროკლიმატსა და ტვიშის მიკროზონას საფრთხე არ ემუქრება.
ფრანგული კომპანია თერრა-ჩლიმა-ს ჩატარებული რეგიონული, ადგილობრივი და მიკროკლიმატური პირობების სიღრმისეული კვლევის თანახმად, რიონის ხეობაში ვენახების მიკროკლიმატზე მნიშვნელოვანი გავლენა მოსალოდნელი არ არის.

Terra-Clima-ს ბაზარზე ოპერირების 15-წლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ ეს ორგანიზაცია ატარებს კვლევებს ცნობილი შამპანურის MOËT-ს ვენახებისთვის.

მითი 16 - ნამახვანჰესის აშენება საფრთხეს შეუქმნის კოლხურ ზუთხს.
ფაქტი 16 - სინამდვილეში, კოლხური ზუთხი საპროექტო ტერიტორიაზე არ გვხვდება, შესაბამისად, ნამახვანჰესი მას ვერანაირ საფრთხეს ვერ შეუქმნის.

მითი 17 - კომპანიას არა აქვს მშენებლობის ნებართვა. ის ნებართვა, რომელიც კომპანიას აქვს და სამშენებლო ნებართვად ასაღებს, მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს გულისხმობს.
ფაქტი 17 - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემულია ქვედა ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა. ეს ნებართვა გულისხმობს პირობას, რომ კომპანიას შეუძლია დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები. ამავდროულად, პროცესში უნდა წარმოადგინოს კვლევები ძირითად ნაგებობებზე და მხოლოდ მათი დადასტურების შემდეგ შეიძლება გააგრძელოს შემდგომი ეტაპის სამუშაოები. ამ ეტაპისთვის მიმდინარე სამუშოების ნებართვის პირობებთან შესაბამისობა შემოწმდა სააგენტოს მიერ და დადგინდა, რომ საქმიანობა მიმდინარეობს მონიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად.
givi
22 მაისი 2021 19:33
აქამდე რატომ ცრუობდი.
გიო
22 მაისი 2021 18:20
უიიი როგორ ვერ გაგვიგია მთელ ერს რა წერია.აქამდე სად იყავით?
თქვენდამი ნდობა ხო -100% ია.
alex
22 მაისი 2021 18:02
თუ ასეთი მომგებიანი ჩვენ ავაშენოთ რაღა თურქებმა

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები