"დედას ნერვიულობით, თურმე, ღამეები არ ეძინა ჩვენს მოსვლამდე. წლების მერე მითხრა, როგორ განიცდიდა ამას"
"დედას ნერვიულობით, თურმე, ღამეები არ ეძინა ჩვენს მოსვლამდე. წლების მერე მითხრა, როგორ განიცდიდა ამას"
"გოგონებს ვეუბნები, რაც უნდა კარგ ოჯახში გათხოვდეთ, თუ გინდათ, ქალაქში იყოთ, ყველაფრის კეთება უნდა შეგეძლოთ-მეთქი. მინდა, შრომა არ დაიზარონ და არ ითაკილონ"

ოზურგეთის სოფელ ლიხაურში სიცოცხლით სავსე, ენერგიული, 30 წლის ლამაზი ქალი - ეკა სალუქვაძე საოჯახო მეურნეობას თავად უძღვება. ამბობს, რომ შრომა არ ეზარება და ბავშვობიდან სულ შრომობს. მისი საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრში, მდინარესთან, საუკუნის წინანდელი, მისი დიდი ბაბუის აშენებული უძველესი წისქვილი დგას, რომელიც წლების მანძილზე უფუნქციო იყო. ეკას, თურმე,
სულ ჰქონდა მისი ამუშავების სურვილი, რადგან ხედავდა, სოფელში წისქვილი არ იყო და თანასოფლელებს ოზურგეთში მიჰქონდათ სიმინდი დასაფქვავად. წინაპრების საქმის აღდგენა მან უკვე შეძლო, მეწისქვილის სტატუსიც მშვენივრად მოირგო და ახლა ეკა თავის წისქვილში ფუსფუსებს. სამი შვილის დედის შემართებით და ოპტიმიზმით გაოცებული დავრჩი. როგორც ყველა გურული, ეკა
ენაწყლიანი მოსაუბრე და ხალისიანი გოგო აღმოჩნდა. მას უამრავი გეგმა აქვს განსახორციელებელი, სურს, ტურისტებისთვის თავის წისქვილში ლამაზი კუთხე მოაწყოს და იქ მისულ ტურისტებსაც თავად გაუმასპინძლდეს.

ეკა სალუქვაძე:
- ოზურგეთის სოფელ ლიხაურში, ამ სახლში 4 და გავიზარდეთ, მე ნაბოლარა ვარ. მამას ძალიან უნდოდა, ბიჭი ჰყოლოდა, მაგრამ მეოთხე გოგო რომ გავჩნდი, როგორც ბიჭს, ისე მზრდიდა. თმებს მოკლედ მჭრიდა, ხშირად თმები გადაპარსულიც მქონდა ხოლმე. მამა მანქანის მძღოლი იყო, ტრაილერზე იჯდა და რეისებზეც კი დავყავდი. ახტაჯანა გოგო ვიყავი, მომწონდა ველოსიპედით სიარული, მომწონდა ბიჭობაც, მაგრამ მერე, რომ წამოვიზარდე, უკვე აღარ მომინდა ბიჭობა და პრანჭიაობა დავიწყე. ჩვენმა მშობლებმა ოთხივე და შრომას ბავშვობიდან შეგვაჩვიეს. მშობლების გვერდით სულ ვშრომობდით. ყანაშიც დავდიოდით და სხვა საოჯახო საქმეებსაც ვაკეთებდით. ძალიან შრომისმოყვარეები ვიყავით. თუკი რამეში შეიძლებოდა დავხმარებოდით მშობლებს, ყველაფერში ვეხმარებოდით, მანქანის რემონტიდან დაწყებული. ახლა ყველანი დაოჯახებულები ვართ, რაც მთავარია, შრომა არც ერთს არ გვეზარება. მე ახლა ჩვენს სახლში ვცხოვრობ, ჩემს ოჯახთან, შვილებთან ერთად. მამას გული აწუხებდა და 10 წელია, გარდაიცვალა, დედაჩემი მუსიკის მასწავლებელია, ის ჩემს გვერდით არის. 18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, ჩემი მეუღლე ლიხაურელია, სამი შვილის დედა ვარ და ახლა მე ვცდილობ, ჩემი შვილებიც მივაჩვიო სოფლის საქმეებს. არ მიყვარს თავის ქება, მაგრამ როგორც ამბობენ, ძალიან შრომისმოყვარე ვარ. ვშრომობდით სულ, თუმცა არასოდეს გვიჭირდა ეკონომიკურად, პროდუქტები სახლში სულ გვქონდა. მაშინ თითოოროლა მძღოლი თუ დადიოდა საზღვარგარეთ, მათ შორის მამაჩემი იყო. ყოველთვის მოჰქონდა პროდუქტები, ტანსაცმელები და საჩუქრები ჩვენთვის. დედას სულ ეუბნებიან სოფელში, ასეთი მშრომელი შვილები როგორ გაზარდეთო.

- აღნიშნეთ, მამას მანქანის შეკეთებაშიც ვეხმარებოდითო...
- დიახ, მე და ჩემი და - ანა, ძალიან ვეხმარებოდით მამას მანქანის შეკეთებაში, რაც ყველას უკვირდა კიდეც. სულ მანქანის ქვეშ ვიყავით. მამა ხუმრობით გვეტყოდა, შენ და ანიმ კამაზის დონე უკვე იცითო. ერთხელ დიდ მანქანაზე ძრავი მოხსნა, მე და ჩემი და ერთი კვირა გვერდიდან არ მოვშორებივართ, ხელები სულ შავი გვქონდა. დედა ნერვიულობდა, რით ვერ დაამთავრეთ ამის გაკეთებაო. 13 წლის ვიყავი, მამამ დამოუკიდებლად მანქანის საჭესთან რომ დამსვა, ეს ძალიან მომწონდა. "გაზ-31" ჰყავდა და ტარების ინტერესიც მქონდა, მაგრამ მართვის მოწმობა ორი წელია, ავიღე. ახლა თანასოფლელებს მართვის მოწმობის თეორიასაც ვასწავლი. შარშან შევიდა ჩემი შუათანა შვილი სკოლაში, დავყვებოდი და იქ ველოდებოდი გაკვეთილების დასრულებას. ტყუილად ყოფნა რომ არ მიყვარს, ამაზეც მეტყობა. იქ მშობლები რომ ველოდებოდით, მითხრეს, გავიგეთ შენ ჩაგიბარებია მართვის მოწმობის გამოცდებიო, თუ გინდათ, გასწავლით-მეთქი. სკოლის ეზოში, ნაძვის ხის ძირში დავდეთ მერხი, სკამებად 4 ცალი ხის გადანაჭერი გამოვიყენეთ და ასე ვასწავლე ჩემს მეგობარ გოგონებს, 4 ადამიანს მართვის თეორია. ყველამ ჩააბარა გამოცდა. მერე გავარდა სოფელში ხმა, ეკა კარგად ასწავლისო და მეზობლები, მეგობრები მოვიდნენ. მართლაც, ბილეთები ვისთვისაც მისწავლებია, ყველამ აიღო მართვის მოწმობა. 7 გოგო-ბიჭი, მე-12 კლასელები მოვამზადე და იმათმაც ჩააბარეს.

- ახლა წისქვილი აგიმუშავებიათ, ამაზე გვიამბეთ...
- ეს წყლის წისქვილი სოფელ ლიხაურში, ჩვენი სახლიდან 100 მეტრში დგას და ჩემი დიდი ბაბუის, მამაჩემის ბაბუის, პლატონ სალუქვაძის აშენებულია. ის იყო მეწისქვილე, რომელიც 106 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელი კაცი ყოფილა. მამა გვიყვებოდა, ზამთარში თოვლს გადაყრიდა და წყალში საბანაოდ ჩადიოდაო. მერე კომუნისტებმა ჩვენს ოჯახს ეს წისქვილი ჩამოართვეს, მაგრამ მოგვიანებით მამაჩემმა და ბიძაჩემმა თავიდან შეისყიდეს და დაიბრუნეს. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი მუშაობდა, მაგრამ ახლა ბიძაჩემი აქეთ არ არის, მამაჩემი გარდაცვლილია და წლებია, წისქვილი გაჩერებულია. ყველანაირად ვეცადე, აღმედგინა ჩემი წინაპრის გაკეთებული უძველესი წისქვილი, ტრაქტორი მოვიყვანე, ამოვასუფთავებინე არხი, აქაურობა კარგად მოვასუფთავე, ფასადი გავალამაზე და ღვთის წყალობით, წისქვილი გავმართე. შუქი არ იყო და ადგილობრივმა გამგეობამ შემომიყვანა დენი, მადლობა მათ ამისთვის. ახლა მე გახლავართ მეწისქვილე. წყლის წისქვილია, ძალიან დიდი ქვები აქვს, ორი მუშაობს. გურულები მამხნევებენ, უხარიათ. გამგებელი მოვიდა წისქვილის გახსნაზე და ძალიან გამიხარდა.

- გამოყენება იცოდით?
- ვიცოდი გამოყენება. ხშირად დავდიოდით, პატარები რომ ვიყავით, მაშინ დედა ამუშავებდა ამ წისქვილს. მამა ეხუმრებოდა, ქალი მეწისქვილე არ ვიციო, მაგრამ ძალიან კარგად აუღო ალღო, მშვენივრად ფქვავდა, მერე ჩვენც, შვილებსაც გვასწავლა დედამ და ოთხივე დამ ვიცით წისქვილის მართვა. ახლა მე ჩავიბარე ეს საქმე. წყალის წისქვილზე დაფქულ სიმინდს სულ სხვა გემო აქვს, ნელა ტრიალებს ქვა, არ ხურდება. მეზობლები დიდი სიხარულით შეხვდნენ ამუშავებას. მოდიან და მილოცავენ, აქამდე ოზურგეთში დაჰქონდათ დასაფქვავად სიმინდი. ყველამ გაიგო უკვე, რომ ჩვენი წისქვილი ამუშავებულია და ბევრი საფქვავი მოდის. მინდა, ტურიზმის კუთხითაც განვავითარო შემდგომში რაღაცები, ვფიქრობ სიახლეებზე. ჯერჯერობით გავაცოცხლე ეს წისქვილი, დავრგე ლამაზი ყვავილები და ბევრი ჩანაფიქრი მაქვს, რისი განხორციელებაც მალე მოხერხდება.

- თქვენი ერთი დღე სოფელში როგორია?
- დილით ადრე ვიღვიძებ, ვუვლი ოჯახს, შვილებს, მყავს ძროხები, ხბო, კურდღლები, ქათმები, წიწილები, ამ ყველაფერს შრომა უნდა. მაქვს დიდი ბოსტანი, ახლა კარტოფილისთვის ვთოხნიდი მიწას, დავრგე პომიდორი და კიტრი. მთელ დღეს ვშრომობ, დამიძახებენ წისქვილში, იქ გავიქცევი, დავუფქვავ, გავატან და მერე ისევ ჩემს ეზოში, სამუშაოებს ვუბრუნდები. უფალს მადლობა, ღვთის წყალობით ყველაფერი გამომდის. ჩემი შვილებიც მეხმარებიან, უფროსი 11 წლის არის და მინდა, შრომას მივაჩვიო ისინიც. გოგონებს ვეუბნები, რაც უნდა კარგ ოჯახში გათხოვდეთ, თუ გინდათ, ქალაქში იყოთ, სახლშიც იმდენი სამუშაო აქვს ქალს, ყველაფრის კეთება უნდა შეგეძლოთ-მეთქი. მინდა, შრომა არ დაიზარონ და არ ითაკილონ. ეს არის აუცილებელი.

- აღნიშნეთ, მამას რეისებზე დავყვებოდიო, ამბებს ხომ არ გაიხსენებთ თქვენი მოგზაურობიდან?
- მამაჩემს დიდი მანქანა ჰყავდა და მე, უმცროსი შვილი, ხშირად დავყვებოდი. ფოთში იტვირთებოდა მანქანა, ხან თბილისში მიდიოდა და იქ იცლებოდა, ხან ერევანში და ხან სად. - მამაშენის შვილი სხვანაირი არ იქნებოდიო, - ხშირად მეუბნებიან ამ ფრაზას. თუ იკითხავთ მამას, ლონდერ სალუქვაძეს, ოზურგეთში, მას ყველა დაგიხასიათებთ დადებითად. ყველა იცნობდა, გამოირჩეულად დიდი ძალის პატრონი იყო, ძალიან ძლიერი, მისი ხელი ვისაც მოხვდებოდა, ფეხზე ვერ დგებოდა. დედა ეტყოდა, სპორტსმენი რომ ყოფილიყავი, მსოფლიოს ჩემპიონი იქნებოდიო. სულ შრომობდა, ძალიან სტუმართმოყვარე იყო. სახლთან მოსულ სტუმარს პურ-მარილის გარეშე არ გაუშვებდა და ჩვენ, მისი ქალიშვილები, როცა დავინახავდით, სტუმარი კარს მოადგებოდა, ოთხივენი სუფრის გაშლას ვიწყებდით. მახსოვს, ერთხელ ვიღაცები მოვიდნენ, დებმა სასწრაფოდ მაგიდა გავშალეთ, მაგრამ მამა მარტო შემოვიდა სახლში, არ გაჩერდნენ სტუმრები და მაგიდა უკვე გაშლილი რომ ნახა, თქვა, ეს რატომ გაშალეთო? ჩვენ ვუთხარით, ვინც მოდის, ყველა შიგნით შემოგყავს და ვიფიქრეთ, ამათაც შემოიყვანდიო. ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვაქვს...

ერთხელ მახსოვს, ერევანში წამიყვანა აგვისტოში, საშინელი სიცხეები იყო და ისე მცხელოდა, სახეზე სულ გაწითლებული ვიყავი. მანქანის დაცლის რიგს ველოდებოდით. ერთი კაცი მოვიდა და რომ მნახა, ასეთი გაწითლებული ბავშვი, შეწუხდა, თავის უფროსთან შევიდა და უთხრა, ის მძღოლი ბავშვით არის და პირველი გავუშვათო, მართლაც გამოგვიშვეს მალე. მამა მეტყოდა, ნახე როგორი რთული საშოვნელია ფული, რა ოფლის და შრომის ფასად ხდება ფულის გამომუშავებაო. 45 წელი საჭესთან იჯდა და ერთხელაც არ მოხვედრილა ავარიაში. ყოველთვის ჩემი სურვილით მივყვებოდი მას რეისზე, 12 წლის ვიყავი, პირველად რომ მითხრა, წაგიყვან რეისზეო, ძალიან გამიხარდა. დედას კი ნერვიულობით, თურმე, ღამეები არ ეძინა ჩვენს მოსვლამდე. წლების მერე მითხრა დედამ, როგორ განიცდიდა ამას. დარდობდა, გოგოა, თან ბავშვი, ეშინოდა ამხელა გზაზე რომ მივდიოდით. მამა თან მათვალიერებდა იმ ქალაქებს, სადაც მივყავდი. მახსოვს, ერევანში ყველაფერი დამათვალიერებინა, სავაჭრო ცენტრებში დავყავდი, რაღაცებს მყიდულობდა, რომ გაეხალისებინა ჩემთვის ეს მოგზაურობა. გზაზე, რასაც ვეტყოდი, ყველაფერს მყიდულობდა, მეტი მეც რა მინდოდა, 12 წლის გოგოს. ჩემი დები არ დაჰყავდა, მარტო მე დავყავდი. მაღალი კაცი იყო, სულ ჩვენთან, გოგონებთან თამაშობდა. ძალიან მკაცრი, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მოსიყვარულე მამა მყავდა. მომთხოვნი ბავშვები ჩვენ არ ვიყავით, ვიცოდით, რა შესაძლებლობა ჰქონდა ოჯახს. მამას ნაირნაირი ტანსაცმელი და საჩუქრები მაინც მოჰქონდა, მაგრამ მომთხოვნები არასოდეს ვყოფილვართ. ერთხელ პატარა მანქანით, "გაზ-31"-ით ახალქალაქში წავედით მე და მამაჩემი, კარალიოკი წავიღეთ, კარტოფილში რომ გადაგვეცვალა, აქეთ რომ ვბრუნდებოდით, ქუთაისში მანქანის საბურავი გასკდა, მამას უკვე გული ძალიან აწუხებდა და ძალიან ინერვიულა ეს ამბავი, რადგან უჭირდა საბურავის გამოცვლა. უცებ გული აუჩქარდა, დავაჯინე იქვე და ვუთხარი, შენ არ ინერვიულო, მე ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი. 16 წლის გოგო ვიყავი მაშინ, მოვხსენი საბურავი, დავაბნიე ახალი, დავქოქეთ მანქანა და წამოვედით.

- ახლა გყავთ მანქანა?
- არა, ახლა არ მყავს მანქანა და ყველა მეუბნება, შენ უმანქანოდ უნდა დადიოდეო. მე ვამბობ, ველოსიპედი მაყიდინა და მანქანას არ დავეძებ-მეთქი. ქალაბიჭა გოგო ვიყავი, ველოსიპედის ტარება ბავშვობაში ძალიან მიყვარდა.

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ...
- 18 წლის გავთხოვდი, მეუღლე ლიხაურელია. სამ შვილს ვზრდი და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი პირველი პროფესია მაინც მეფუტკრეობა იყო. რომ გავთხოვდი, ჩემს მაზლს ჰყავდა სახლში ფუტკარი. თვითონ მაზლი თბილისში საქმეებზე მიდიოდა და ვუთხარი, მე მასწავლე, დამიტოვე ეს ფუტკარი და მე მოვუვლი-მეთქი. მასწავლა ფუტკრის მოვლა, შევისწავლე ძალიან კარგად ყველაფერი და ჩემი მაზლის ფუტკარს 3 წელიწადს ვუვლიდი, როცა ის ჩამოვიდოდა, ერთად ვწურავდით თაფლს და შეხმატკბილებულად ვშრომობდით. სამწუხაროდ, ფაროსანამ გაანადგურა გურიაში ფუტკარი და დღეს არც ერთი ოჯახი აღარ გვყავს. ახლა აზრი არ აქვს ახლის ყიდვას და ამ საქმის თავიდან დაწყებას, სანამ ფაროსანას პრობლემა ისევ არის სოფელში, მერე აუცილებლად შევიძენ ფუტკრის ოჯახს და აუცილებლად გავამრავლებ. ადვილი არ იყო მისი მოვლა, მაგრამ მთავარია, მონდომება, თუ ადამიანი მოინდომებს, უფალი ყოველთვის ეხმარება მას. ყველას ამას ვეტყვი, გახსოვდეთ, გულში რასაც ჩაიფიქრებთ, ის აუცილებლად გამოგივათ, თუ აქვს ადამიანს უფლის რწმენა, იმ საქმის ინტერესი და მონდომება. მე ამის მჯერა და ამით ვცხოვრობ და მართლაც ყველაფერი გამომდის, რასაც მოვინდომებ. ამიტომ ვამბობ, ყველამ უნდა გააკეთოს, რაც უნდა და უფალი ამაში მას დაეხმარება. დავდივარ ეკლესიაში, მყავს არაჩვეულებრივი მოძღვარი და ღვთის წყალობით, ძალიან ბედნიერი ვარ.

- დედა მუსიკის მასწავლებელიაო, ალბათ, ინსტრუმენტებზეც უკრავთ და მღერით?
- სიმღერის ხმა ჩვენს ოჯახში სულ ისმოდა. დედა ფორტეპიანოს მასწავლებელია. მე ფოლკლორის ანსამბლში ვიყავი და პირველი ხელფასი სწორედ იქ ავიღე, მახსოვს, 40 ლარი იყო. მერე ჩემი მასწავლებელი გარდაიცვალა, მეც გავთხოვდი, შვილი შემეძინა და ანსამბლს თავი დავანებე, მაგრამ სახლში ხშირად ვღიღინებთ მე, დედა და ჩემი დები. ჩემი ერთი და ახლაც ოზურგეთის ანსამბლში მღერის, წარმატებულია ამ სფეროში. ინსტრუმენტებზე დაკვრაც ვიცით, მე ჩონგურზე და ფანდურზე ვუკრავდი, ჩემი და - პიანინოზე. ახლა უფრო სოფლის მეურნეობით ვარ დაკავებული და საკრავებისთვის ვეღარ ვიცლი.

- მეუღლე გეხმარებით საქმეებში?
- მეუღლეც მეხმარება, რაც შეუძლია, ყველანაირად. ახლა არ იმყოფება ჩემთან და ამიტომ მარტო მიწევს სოფელში საქმიანობა. ჩემი ყველაზე დიდი მიზანი ის არის, რომ ჩემი შვილები დავაყენო სწორ გზაზე. მინდა, ყველაფერი თავიანთი შრომით მოიპოვონ. სწავლითაც კარგად სწავლობენ, რაც შემეძლება, მათ გვერდით სულ დავუდგები.

(სპეციალურად საიტისთვის)

მაყვალა
19 მაისი 2021 19:15
საუკეთესო გოგო ხარ შვილო ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს ❤❤
იმრავლოს შენნაირად აღზრდილმა შვილებმა.❤❤❤
თამარელლა
19 მაისი 2021 13:43
ქალი ვარო შენ უნდა თქვა.
18 მაისი 2021 14:06
შენ გაგიმარჯოს და გაიხარე.... ლიხაურში წისქვილების მეტი რა იყო მაგრამ ამ უკუღმართმა დრომ ყველაფერს დაღი დაასვა...

რუბრიკის სხვა სიახლეები