ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რატომ ექნება აცრილთათვის ბენეფიტების დაწესებას დისკრიმინაციული ხასიათი - კვირის პალიტრა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რატომ ექნება აცრილთათვის ბენეფიტების დაწესებას დისკრიმინაციული ხასიათი

"ვიდრე ვაქცინების რაოდენობა არ იქნება ქვეყანაში იმდენი, რომ ყველა მსურველს ჰქონდეს მისი სწრაფად და დროულად მიღების შესაძლებლობა და ვიდრე არ დაიწყება მასიური ვაქცინაციის კამპანია, მანამდე აცრილთათვის ბენეფიტების დაწესებას შესაძლოა ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, გეგმის თანახმად, ვაქცინაციის მასიური კამპანია დაგეგმილია მესამე კვარტლიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ივლისში ვაქცინაციის პროცესი მეტად გაიშლება.

გაბუნიას თქმით, ამ მიზნით მიმდინარეობს მასიური ვაქცინაციის ცენტრების მომზადებაც.

"დღეს მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მიწოდება შედარებით ჩამორჩება მას. ამ შემთხვევაში ის, რომ აცრილ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მეტი თავისუფლება აუცრელთან შედარებით, ეს საკითხი ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა და შესაძლებელია, ჩვენთანაც ამ მოდელებზე ვიფიქროთ, თუმცა ჯერჯერობით მაინც ვფიქრობთ, რომ აცრილების გარკვეული რაოდენობა უნდა შეგროვდეს იმისთვის, რომ ვისაუბროთ მსგავს ბენეფიტებზე აცრილი პირებისთვის, რომ ამას არ ჰქონდეს გარკვეულწილად დისკრიმინაციული ხასიათი.

გეგმის თანახმად, ვაქცინაციის მასიური კამპანია დაგეგმილია მესამე კვარტლიდან. ივლისში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტად გაიშლება ვაქცინაციის პროცესი. ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში იქნება ძალიან ფართო მოცვა და ამისთვის მიმდინარეობს ვაქცინაციის ცენტრების მასიური მომზადება, რადგან ის კლინიკური ინფრასტრუქტურა, სადაც დღეს მიმდინარეობს ვაქცინაცია, საკმარისი არ იქნება და შემდეგ, უკვე მეოთხე კვარტალი იქნება ის პერიოდი, როდესაც სრულად უნდა მოვიცვათ მოსახლეობა.

ამ შემთხვევაში, მე მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებიც მოდიან ვაქცინაციის პროგრამაში, ბენეფიტის ინტერესით არავინ მოდის. მოდის იმისთვის, რომ აცნობიერებს ზუსტად და სწორად იმ ჯანმრთელობის რისკებს, რომლებიც მათ წინაშე დგას და, რა თქმა უნდა, სამომავლოდ იმასაც ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ვაქცინაციის სტატუსი იყოს განმსაზღვრელი მათთვის მოგზაურობის შესაძლებლობისთვის და მთელ რიგ სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობისთვის", - განაცხადა გაბუნიამ.