ვინ ებრძვის ბიძინა ივანიშვილს? - კვირის პალიტრა

ვინ ებრძვის ბიძინა ივანიშვილს?

"ინტერპრესნიუსი". "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, დაახლოებით 3 წელია, ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ დროდადრო აგორებული პიარკამპანიის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ გვევლინება.

11 მაისს, ეგრეთ წოდებული "მხილების კვირეულის" ფარგლებში, მთაწმინდაზე ის და მისი თანამოაზრე ოციოდე ადამიანი შეიკრიბნენ და მორიგი შოუ გამართეს, ოღონდ თემატიკა ძველი რეპერტუარიდან არის - ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს ყოველწლიურად 150 მილიონი დოლარით აფინანსებს პირადად და ამით მის ხელისუფლებას აძლიერებს.

ნათელაშვილისგან აბსურდული განცხადებები აღარავის უკვირს. "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახური თითქმის ყოველთვის თავს არიდებდა "მთავარი ლეიბორისტის" საფუძველს მოკლებულ, აბსურდულ, უპასუხისმგებლო და უპრინციპო განცხადებებზე პასუხის გაცემას. თუმცა ამჯერად შევეცდებით, ვუპასუხოთ კითხვებს: რა მიზანს ემსახურებოდა ნათელაშვილის მორიგი აქცია? და საერთოდ, რატომ ებრძვის იგი უკვე სამ წელიწადზე მეტია ბიძინა ივანიშვილს?

ბატონი ნათელაშვილის მტკიცებით, სწორედ ივანიშვილია დამნაშავე, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ აქამდე გაძლო. მისი თქმით, სწორედ ივანიშვილის 150-მილიონიანი დახმარებით ინარჩუნებს სააკაშვილი ძალაუფლებას. ნათელაშვილის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, "ივანიშვილის დამსახურებაა, სააკაშვილის ხელისუფლება რომ აქამდე არ ”ჩამოიშალა".

იგი განცხადებებს აკეთებს საქართველოში და ივანიშვილს ქართველი ხალხის მტრად წარმოაჩენს. მისი მტკიცებულებების აბსურდულობა იქამდეც კი მივიდა, რომ თითქოს ივანიშვილი აფინანსებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აიარაღებს მას ქიმიური და სხვა იარაღით, რომლითაც სპეცრაზმელებმა 7 ნოემბრის მასობრივი დემონსტრაციის მონაწილეები დაარბიეს. ნათელაშვილის მტკიცებით, თითქოს მათი საპრემიო თანხაც სწორედ ივანიშვილმა გაიღო.

გარდა ამისა, ნათელაშვილი, იცის რა, რომ ბატონ ბიძინას კაპიტალის მესამედი რუსეთში აქვს, დახმარებისთვის მიმართავს რუსეთის მთავრობას და პირადად პუტინსაც კი - დაეხმაროს ქართველ ხალხს ივანიშვილის განადგურებაში, რადგან მხოლოდ მისი, როგორც საქართველოს მთავარი მტრის ჩამოშორებით გახდება შესაძლებელი სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა.

ვნახოთ, რამდენად ლოგიკურია ნათელაშვილის მტკიცებები, ხომ არ ეწინააღმდეგება იგი საკუთარ თავს? ნათელაშვილის სიტყვებით, სააკაშვილმა პრეზიდენტობისას იმდენად დიდი ფული იშოვა, რომ იგი მულტიმილიარდერია და უამრავ ქონებას ფლობს, მათ შორის უცხოეთშიც.

მხოლოდ ნათელაშვილისნაირი არასერიოზული პოლიტიკური ჯგუფის განცხადებებს რომ არ დავეყრდნოთ, ოპოზიციაში მყოფი თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენლების აზრითაც, ახლანდელი ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს საქართველოში არსებულ ძირითად სტრატეგიულ ბიზნესს და ქართველ ბიზნესმენებს. საქართველოში ელიტური კორუფციის არსებობაზე ლაპარაკია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშშიც.

თუ ეს მართლაც ასეა, თავს უფლება მივეცით და კონსულტაციისთვის მივმართეთ ეკონომიკურ ექსპერტებს, რამდენი შეიძლება იშოვოს სააკაშვილმა არსებული ბიზნესებისგან. მათი გათვლები ასეთია: სააკაშვილის ხელისუფლებას მსხვილი ბიზნესის გაკონტროლებით (ნავთობი, სატრანზიტო გადაზიდვები და სხვ.), თვეში საშუალოდ 30-40 მილიონის შოვნა შეუძლია, რაც წელიწადში, ასევე დაახლოებით, შეიძლება 300-დან 400 მილიონამდე იყოს... ხოლო თუ ამას ნათელაშვილის ფანტაზიებსაც დავუმატებთ, ეს ციფრი ალბათ მილიარდამდეც გაიზრდება.

თუ სააკაშვილი მილიარდერია და იგი ივანიშვილის დაუხმარებლადაც წარმატებით ახერხებს პირადი ანგარიშების შევსებას ბიზნესის დატერორებით და რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს ართმევს ქართულ ბიზნესს, მაშინ ივანიშვილის 150-მილიონიანი დახმარება არ სჭირდება საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად; თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას ერთი თეთრითაც არასოდეს არ დახმარებია, მაშინ ნათელაშვილის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი, წინააღმდეგობრივი და აბსურდულია.

აქედან გამომდინარე, ნათელაშვილს ნაკლებად აწუხებს ივანიშვილის 150-მილიონიანი დახმარება და სააკაშვილის ხელისუფლების სიმყარე;

მაშ, რა არის ნათელაშვილის საქციელის რეალური მიზეზი?

თუკი თვალს გადავავლებთ პოლიტიკურ ძალთა ახლანდელ განაწილებას, არსებობს სახელისუფლებო პარტია, ოპოზიცია და ეგრეთ წოდებული ფსევდოოპოზიცია, არსებობს ასევე სტაბილური, დაბალანსებული ურთიერთობები მათ შორის და ეს ვითარება სამთავრობო გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის სავარაუდო წინა პირობაა. ახლანდელი ხელისუფლება ასეთ სიტუაციაში ძალზე კომფორტულად გრძნობს თავს და საქმე მშვენივრად აქვს აწყობილი: სიტუაციას აბალანსებს, ბიზნესს აკონტროლებს; თავისი მანიპულაციებით მიაღწია იმას, რომ ფსევდოოპოზიციას - საპარლამენტოსაც და არასაპარლამენტოსაც შესანიშნავად მართავს... ნამდვილ ოპოზიციურ მოძრაობას საკმაოდ უჭირს სათანადო წინააღმდეგობის გაწევა.

ასე რომ, მოახლოებული არჩევნების წინ სააკაშვილის პოზიციები საკმაოდ მყარია...

ბატონ ბიძინას არაერთხელ განუცხადებია, რომ იგი აპოლიტიკური ადამიანია, მას არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნია და ეს რომ ასეა, საქართველოში მისი ცხოვრების დაახლოებით ათწლიანი პერიოდიც ადასტურებს. მაგრამ ხომ არსებობს იმის ალბათობა, რომ თუ თვითონ პირადად არ მოიწადინებს პოლიტიკურ პროცესში ჩართვას, ფინანსური ან სიტყვიერი დახმარება აღმოუჩინოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან მთლიანად ოპოზიციას? ხომ შესაძლებელია, რომ ნათელაშვილის მიერ ნახსენები 150 მილიონი ივანიშვილმა სწორედ აქეთ მიმართოს? რასაკვირველია, მისი ეს ნაბიჯი აუცილებლად გამოიწვევდა ზემოხსენებული ბალანსის მკვეთრად დარღვევას.

სწორედ ახლანდელ ხელისუფლებას არ აძლევს ხელს არსებული ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვინმე არ დააფინანსოს და რომელიმე პოლიტიკურ ძალას მხარში არ ამოუდგეს იგი. სწორედ ამიტომაც, თუკი ნათელაშვილის ადრინდელ განცხადებებს ბეჭდური მედია და მეორეხარისხოვანი ტელეარხები აშუქებდნენ ხოლმე, ამჯერად მისი ბრიფინგის შესახებ სიუჟეტი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ყველა არხმა - "რუსთავი 2"-მა, "იმედმა" და საზგადოებრივმა მაუწყებელმა დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადასცეს.

სწორედ სააკაშვილის მთავრობა ცდილობს, დაიხმაროს ქართველი ხალხი და ასევე დაარწმუნოს რუსეთის მთავრობაც, რათა მოიშოროს ივანიშვილი და მისგან თეორიულად მოსალოდნელი შესაძლო ხიფათი თავიდან აიცილოს.

ნათელაშვილი სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და მისსავე ინტერესებს ემსახურება.

რამდენად შეუგნებლად ან ხელისუფლების დაკვეთით აკეთებს ამას ნათელაშვილი, ამის ანალიზი, არსებული ფაქტების გათვალისწინებით, მკითხველისთვის მიგვინდვია"", - ნათქვამია განცხადებაში.

"ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის განცხადება