"თუ პაციენტს მსგავსი სიმპტომები განუვითარდება, დროულად უნდა მიმართოს ექიმს" - რა იწვევს თრომბს, როგორ ავიცილოთ თავიდან და რა კავშირშია გენეტიკასთან? - კვირის პალიტრა

"თუ პაციენტს მსგავსი სიმპტომები განუვითარდება, დროულად უნდა მიმართოს ექიმს" - რა იწვევს თრომბს, როგორ ავიცილოთ თავიდან და რა კავშირშია გენეტიკასთან?

კორონავირუსის პანდემიამ სამედიცინო სფეროში რიგი დაავადებები მეტად გამოკვეთა, ამ დაავადებებს შორის კი თრომბოზი და თრომბოემბოლიური გართულებებიც მოხვდა, რომელიც კორონავირუსით დაავადებულ და სხვა ჯანმრთელ პაციენტებშიც გვხვდება. რა არის თრომბი, როგორ ყალიბდება ის და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს თრომბოემბოლიის წინააღმდეგ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, ნოდარ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის დირექტორის მოადგილეს მამუკა ბოკუჩავას ვესაუბრეთ.

- რას ნიშნავს თრომბი და რასთან არის დაკავშირებული მისი წარმოქმნა?

- თრომბი სისხლის შედედებული მასაა, რომელიც სისხლძარღვის შიგნითა სანათურში ყალიბდება. ის აფერხებს სისხლის მიმოქცევას, ეს იწვევს სისხლის შეგუბებას, რასაც ახლავს სისხლძარღვის კედლის გამავლობის ცვლილება და ვითარდება თრომბოზი. ეს დაავადება შეიძლება ნებისმიერ ორგანოში, ნებისმიერ კიდურზე განვითარდეს. რა თქმა უნდა, თრომბის ჩამოყალიბება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

- რომელი ორგანოების თრომბოზი არსებობს და უფრო ხშირად რომელი მათგანია გავრცელებული?

- ყველაზე ხშირად, ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი გვხვდება, რომელიც წარმოადგენს ისეთი დაავადების გართულების წინაპირობას, როგორიც არის ფილტვის თრომბოზი. ასევე არსებობს არაკლასიკური ლოკალიზაციის თრომბები. ყველა ორგანოს აქვს არტერია და ვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება თრომბი ყველა ორგანოში განვითარდეს, თუმცა ხშირი მაინც ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზია.

- რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას?

- ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომი კიდურის უეცარი ტკივილი და შეშუპებაა, რომელიც თავისით არ ცხრება, ასევე, მას ახლავს კანის ფერის მკვეთრად თვალსშისაცემი ცვლილებაც. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის სიმპტომატიკა მწირია, თუმცა თუ პაციენტს მსგავსი სიმპტომები განუვითარდება, მან დროულად უნდა მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს გამოკვლევები.

- ამ ბოლო პერიოდში კოვიდპაციენტებში ხშირად ვხვდებით თრომბოზულ გართულებებს, ეს კორონავირუსის თანმდევია?

- კოვიდით ინფიცირებულ პაციენტთა მსოფლიოს სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ჰოსპიტალიზირებულ ანუ კლინიკაში მოხვედრილ პაციენტთა შორის თრომბოზული გართულება, საშუალოდ, 14-22%-ში გვხვდება. აქ საუბარია იმ პაციენტებზე, რომლებსაც, ძირითადად, რეანიმაციაში ან მართვით სუნთქვაზე უწევდათ ყოფნა.

თრომბი ვლინდება დაავადების მძიმე ფორმებში, როდესაც სახეზე გვაქვს რთული კლინიკური სურათი, მწვავე რესპირატორული სუნთქვითი დისფუნქციითა და მაღალი ტემპერატურით. ასეთ დროს ვითარდება ჰიპერკოაგულაცია ანუ სისხლის შედედების დარღვევა და კლინიკური სურათის გაშლა. ხანგრძლივად მწოლიარე პაციენტები თრომბოზის განვითარების რისკჯგუფს წარმოადგენენ. ამ მდგომარეობას ამძიმებს სისხლძარღვის შიდა კედლის ანუ ენდოთელიუმის დაზიანება.

- რამდენად დიდ როლს ასრულებს გენეტიკა თრომბის წარმოქმნაში?

- გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ის აუცილებლად გასათვალისწინებელია.

- კორონავირუსის გარდა, ბოლო წლებში რა მიზეზებმა განაპირობა ამ დაავადების გავრცელება?

- თრომბოზი ყოველთვის იყო, თუმცა კორონავირუსის გამო რაოდენობა გაიზარდა. დაავადების განვითარების რისკფაქტორი ბევრია, მაგალითად: ქირურგიული ჩარევები, ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, სხვადასხვა ჰორმონალური პრეპარატების არასწორად, ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება, ასევე - ჭარბი წონა.

- შეიძლება თრომბოემბოლიასთან ერთად იცხოვრო? რა რეკომენდაციები არსებობს ამ კონკრეტულ სიტუაციაში?

- ყოფილა შემთხვევები, გვიან გაგვიგია, რომ პაციენტს უკვე გადატანილი ჰქონია თრომბოზი. კლინიკური გამოვლინება არ ყოფილა და პაციენტი გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსულა ჩვენთან და გამოკვლევით დაგვისვამს დიაგნოზი. როდესაც აღმოვაჩენთ რომ პაციენტს უკვე გადატანილი აქვს დაავადება, პირველად ვიკვლევთ მიზეზებს, თუ რატომ მოხდა თრომბოზი და შემდეგ აუცილებლად ვიწყებთ შესაბამის მკურნალობას იმისთვის, რომ დაავადების განმეორება თავიდან ავიცილოთ.

- როგორც მივხვდი, ამ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, როგორ?

- თუ ამ დაავადების მიმართ გენეტიკური განწყობა არსებობს, მაშინ ასეთი პაციენტი ხანგრძლივად იღებს სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს - ანტიკოაგულანტებს.

გენეტიკის გარდა, არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, თუ რამე სხვა რისკფაქტორები არსებობს, უნდა შევამციროთ. მაგალითად, ჭარბი წონის შემთხვევაში აუცილებელია, პაციენტმა, წონის კორექციის მიზნით, ჯანსაღი ცხოვრება დაიწყოს, ქირურგიული ჩარევის წინ აუცილებლად კეთდება სისხლის თვისობრივი შეფასება, რითიც ვარკვევთ, რა მდგომარეობაშია პაციენტის სისხლის შედედება.

რა თქმა უნდა, ყველა რისკფაქტორი გასათვალისწინებელი და საყურადღებოა. თუ პაციენტს არაფერი აწუხებს, მაგრამ გენეტიკური განწყობა არსებობს ანუ ვინმეს მის წინა თაობაში ჰქონდა ისეთი თრომბოემბოლიური გართულება, როგორიც არის: თავის ტვინის თრომბოზი, ინსულტი ან სხვა, მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეს თავს, აკონტროლოს თავისი ჯანმრთელობა.

- როგორც ვიცი, ქირურგიული ჩარევით შესაძლებელია თრომბის მოცილება თუ არსებობს მკურნალობის სხვა მეთოდები?

- ყველა თრომბოზი ქირურგიულ ჩარევასა და მოცილებას არ საჭიროებს. დაავადებასთან ბრძოლის კონსერვატიული თერაპიაც არსებობს. მაგალითად, ხანგრძლივი დროით ანტიკოაგულაციური თერაპია, სისხლის გამათხელებელი პრეპარეტების მიღება და ქირურგიული ჩარევის შემდგომ ამ პრეპარატებით მკურნალობის გაგრძელება.

არის ახალი, უფრო აგრესიული მეთოდებიც, მაგალითად, თრომბოლიზისი ანუ თრომბის დაშლა. ყველა პაციენტთან გადაწყეტილების მიღება ინდივიდუალურად ხდება, ყველა იმ პროტოკოლისა და გაიდლაინის მიხედვით, რომელსაც საქართველოში ვიყენებთ.

- რას ურჩევთ მოსახლეობას, როგორია თქვენი ზოგადი რეკომენდაციები პანდემიის პირობებში?

- იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სახლის პირობებში გადააქვთ კორონავირუსი შედარებით მსუბუქი ფორმით, მნიშვნელოვანია 2 ფაქტორის გათვალისწინება: პირველი - მობილურობა, იზოლირება ოჯახის წევრებისგან, მაგრამ სახლის პირობებში მოძრაობა. იგი უნდა მოერიდოს მუდმივ რეჟიმში წოლას. და კიდევ,  საჭიროა სწორი ჰიდრატაცია, ანუ სითხის მეტი რაოდენობის მიღება.

ყველა პაციენტი, რომელიც სახლში იტარებს მკურნალობას, არ მიეკუთვნება თრომბის განვითარების რისკჯგუფს. თუ პაციენტი ახალგაზრდაა, მობილურია, სითხეს იღებს, მსუბუქი ფორმით აქვს დაავადება და მას არ გააჩნია მაღალი რისკის ფაქტორები, ასეთი პაციენტი სისხლის გამათხელებელს არ საჭიროებს. მას, ვისაც სხვა თანმხლები დაავადება აქვს და რთულ ფორმაში გადააქვს კორონავირუსი, ის აუცილებლად საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობასა და ჰოსპიტალიზაციას.

(სპეციალურად საიტისთვის)