"კატამარანით ატლანტის ოკეანე გადავცურეთ და გინესის წიგნშიც მოვხვდით" - კვირის პალიტრა

"კატამარანით ატლანტის ოკეანე გადავცურეთ და გინესის წიგნშიც მოვხვდით"

ბარბადოსზე ქართული დროშა აფრიალდა!

კაპიტნად დავნიშნე ინვალიდის ეტლში მჯდომი 53 წლის ქალბატონი

ბავშვობაში ბევრს უოცნებია კოსმონავტობაზე, მეზღვაურობაზე და კიდევ სხვა  საინტერესო, მაგრამ საშიშ პროფესიებზე. დათო დავლიანიძეს მსგავსი სურვილი არასოდეს გასჩენია. მას უფრო "მიწიერი", პრაქტიკული საქმე მოსწონდა და ამიტომაც ჩააბარა ეკონომიკის ფაკულტეტზე. რას იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ ოკეანეს გადაცურავდა და სარეკორდო მარშრუტით გინესის წიგნში შევიდოდა.

დათოს "შერეკილობა" კი იმ დღიდან დაიწყო, როცა გაცვლითი სასწავლო პროგრამით 7 ქართველთან  ერთად 21 წლის ბიჭი ჰავაიზე გაემგზავრა  ტროპიკული ხილის შესასწავლად. ხილის შესწავლას კატერებისა და ნავების გარემონტება ამჯობინა და ამერიკაში დარჩენილმა ამ საქმიანობას მიჰყო ხელი. ცხოვრობდა შელტერ აილენდზე (ქართულად "თავშესაფარ კუნძულს" ნიშნავს), სადაც  მოსახლეობა ძირითადად ნაოსნობასა და თევზჭერას მისდევს. დათომ  კატერების საპროფილაქტიკო საამქროში დაიწყო მუშაობა და მისი მეპატრონის, ჯიმი კლარკის კეთილგანწყობა ძალიან მალე მოიპოვა. 10 წელი იმუშავეს ერთად, მერე "შერეკილ ქართველს" მახრასავით შეუჩნდა სურვილი, რაღაც ისეთი გაეკეთებინა, რაც ამერიკელებს განაცვიფრებდა და საქართველოს სახელსაც გააცნობდა მსოფლიოს.

KvirisPalitra.Ge-  კატამარანი ნიჩბებიანი ნავია. დამოუკიდებლად მინდოდა გამეკეთებინა არასტანდარტული, უფრო დიდი ნიჩბებიანი ნავი, რომელსაც ექნებოდა საპირფარეშო, საშხაპე და საძინებლები. ასეთი კატამარანით შესაძლებელი იქნებოდა დიდ მანძილზე ცურვა - უკვე გადაწყვეტილი მქონდა ატლანტის ოკეანის გადასერვა. კატამარანით ეს აქამდე არავის გაუკეთებია. თუმცა, ამ საზღვაო მანძილის გადაცურვა გინესის რეკორდების წიგნში უკვე შევიდა (მაროკოდან ბარბადოსამდე 5.150 კმ პატარა იალქნიანი გემით 33 დღეში დაფარეს).

მე კი მინდოდა ეს მანძილი კატამარანით იმავე დროში დამეფარა, რაც თავისთავად რეკორდის მოხსნასა და გინესის წიგნში შესვლას ნიშნავდა. კონსტრუქცია დავაპროექტე და დავიწყე მშენებლობა. საქმის დასაწყებად მცირეოდენი თანხა მქონდა, მაგრამ ბოლოში ხომ უნდა გავსულიყავი? ამიტომ ჩემი პროექტისა და სარეკორდო მოგზაურობის შესახებ ინტერნეტში განვათავსე ცნობა. მაშინვე გამომეხმაურნენ ექსტრიმისა და მოგზაურობის მოყვარულები. ჩემთან ერთად ატლანტის ოკეანის გადაცურვის მოსურნეთ ათ-ათი ათასი დოლარი უნდა დაედოთ კატამარანის მშენებლობისათვის.

კატამარანი 250 ათასი დოლარი დაჯდა. ეკიპაჟის წევრები მე ავარჩიე. კაპიტნად დავნიშნე ინვალიდის ეტლში მჯდომი 53 წლის ქალბატონი, ანჯელა მადსენი, რომელსაც ჩრდილოეთის ზღვა, ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეები აქვს გადაცურული. ყველა გაკვირვებული დარჩა ჩემი არჩევანით, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ არ ვცდებოდი. ანჯელა ახალგაზრდობაში ამერიკულ ჯარში მსახურობდა და წვრთნების დროს ხერხემალი დაიზიანა. ორჯერ გაუკეთეს უმძიმესი ოპერაცია,  მერე მკერდის კიბო აღმოაჩნდა და მოჰკვეთეს...

მიუხედავად ამისა, სიცოცხლისათვის ბრძოლა არ შეუწყვეტია. ფეხებზე პლასტმასის სამაგრები აქვს,  რათა სიარული მცირე ხნით მაინც შეძლოს. ექსპედიციის დროს, როცა საშინელ შტორმში მოვყევით, ზურგი იტკინა,  4 დღე გაუნძრევლად იწვა, მაგრამ ერთი არ დაუჩივლია. როგორც კი მომჯობინდა, შემოგვიერთდა. ისიც ისევე მარჯვედ უსვამდა ნიჩბებს, როგორც დანარჩენები. ეკიპაჟის უხუცესი წევრი 70 წლის კაცი იყო, ყველაზე უმცროსი - 23 წლის კანადელი ყმაწვილი. კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი გვახლდა,  მწერალი ჩარლი ვილკინსი. იგი კანადიდან ფეხით მოვიდა ჩვენთან და შემოგვიერთდა. ახლა ამ მოგზაურობაზე წიგნს წერს, რომელიც მალე გამოვა. კატამარანზე სულ 16-ნი ვიყავით.

- წინა რეკორდი მოხსენით?

- დროის მხრივ - ვერა, მაგრამ გინესის წიგნში მაინც შევედით. კატამარანით ხომ არავის გადაუცურავს ამხელა მანძილი. 5.150 კილომეტრი 48 დღესა და 12 საათში დავფარეთ.

მაროკოს პორტ ტარფაიადან 2011 წლის 11 იანვარს გავედით,  მეოთხე დღეს შტორმი დაიწყო და თითქმის 50 საათი გაგრძელდა. ტალღები 10 მეტრამდე აღწევდა. ამან დაგვაკარგვინა დრო, თორემ უფრო ადრე მივიდოდით დანიშნულების ადგილას. ნავი ისეა აგებული, გადაბრუნების ალბათობა ნაკლები იყო.

კატამარანს აქეთ-იქით 4-4 დასაჯდომი აქვს. 16 წევრი ყოველ სამ საათში ვიცვლებოდით. მხოლოდ რამდენჯერმე გავჩერდით, როცა ნავის ძირი გასაწმენდი გახდა. ნებისმიერი ნავი დროთა განმავლობაში ფსკერზე ხავსს იკიდებს და აუცილებლად უნდა გაიფხიკოს. შუა ოკეანეში ავიჩემე, მე უნდა გავწმინდო-მეთქი და ჩავხტი კიდეც წყალში.

- ზვიგენის არ შეგეშინდა?

- გაგვიმართლა, იმ დღეს ზვიგენები არ გამოჩენილან. თევზები კი მოგვყვებოდნენ გუნდ-გუნდად. აი, ვეშაპმა კი ამოყვინთა ჩვენს სიახლოვეს. იმხელა იყო, რომ შეგვხებოდა, უსათუოდ გადაგვაბრუნებდა, მაგრამ მშვიდად ჩაგვიარა გვერდით, მერე ამოყვინთა, შეგვათვალიერა, თავისი შადრევანი გადმოგვასხა და გაგვეცალა.

- რით საზრდოობდით?

- მშრალი საკვები გვქონდა. თითოეულის საკვები 2.000 ათასი დოლარი დაჯდა. რახან დიდი ოდენობით წყლის ჭურჭელს ვერ დავატევდით კატამარანზე, ამიტომ გასაფილტრი აპარატი წავიღეთ და ოკეანის წყალს ვხმარობდით. ახლა უნდა გამოვტყდე: ექსპედიციის დაწყებამდე ბარბადოსიდან მაროკოში გადავფრინდი პორტის მესვეურებთან მოსალაპარაკებლად. მთელი 9 საათი ვიფრინე ოკეანის თავზე და რომ გავაცნობიერე, ამხელა მანძილი ნავით უნდა გამევლო, კინაღამ უარი ვთქვი ამ სახიფათო მოგზაურობაზე; მაგრამ ექსტრიმი მაგარი რამეა, მით უფრო მაშინ, როცა ყველაფრის მნახველ უცხოელს აკვირვებ და იცი, რომ ამის შემდგომ შენი ქვეყნითაც დაინტერესდებიან.

- ოცნება აგიხდა - ექსპედიციის დასრულების შემდეგ ზარ-ზეიმით დაგხვდნენ ამერიკის კონტინენტზე, ბარბადოსზე ქართული დროშაც აფრიალდა, გინესის წიგნშიც ჩაიწერა, რომ ქართველმა ნაოსანმა 16-კაციანი ეკიპაჟით, პირველად მსოფლიოში, ნიჩბიანი ნავით - კატამარანით, ატლანტის ოკეანე გადაცურა. ახლა რას აპირებ?

- ძალიან მალე ახალ მოგზაურობას ვგეგმავ, ოღონდ უფრო დიდ მანძილზე.  ამჯერად ეკიპაჟის წევრები მხოლოდ ქართველები იქნებიან. მინდა, მთელ მსოფლიოს დავანახვო, რა შეგვიძლია ქართველებს.