"მე სამოთხეში ჩამოვედი და საქართველომ შვილად მიმიღო" - კვირის პალიტრა

"მე სამოთხეში ჩამოვედი და საქართველომ შვილად მიმიღო"

"ძმას როცა სჭირდება, ძმა როგორ არ მივა საშველად!"

სიხარულისთვის ზოგს ცოტა ჰყოფნის, ზოგს - ბევრი. ისეთი სიხარულიც არსებობს, სულ თან რომ გდევს და ისეთი კაციც, ასეთი სიხარულის შექმნის ნიჭი რომ აქვს. დაღესტნის მთებში გაზრდილი ერთი ავარიელი "ბიჭია", ალი ისაევ-ავარსკი - მსახიობი, მწერალი, პოეტი. მას ეს ნიჭი ნამდვილად აქვს. ყოველ შემთხვევაში, როცა სამი წლის წინანდელ ამბავს იხსენებს, ბრწყინავს - 2008 წლის ოქტომბერში უთხრეს - თბილისის საპატიო მოქალაქედ უნდა აგირჩიოთო... ასე გახდა იმ ქალაქის საპატიო მოქალაქე, რომელსაც ათეული წლების წინ დაღესტნის მთებიდან ჩემოდნითა და ჩინური ქოშებით მოადგა... იდგა ქუჩაში. არც საწოლი ეგულებოდა სადმე დასაწოლად, არც სკამი - დასაჯდომად...

- ვგრძნობდი, რომ ამ ქალაქში უსათუოდ შევხვდებოდი ვინმეს, ვინც გამაბედნიერებდა. ერთხელ, როცა პატარა ბიჭი ვიყავი, დედამ მითხრა, - შვილო, ამ მთებს იქით არის მიწა, სადაც მზე ჩადის. ის მიწა საქართველოა, ქვეყნიერების სამოთხეო. თუ ოდესმე ამ ქვეყანაში მოხვდები, თაყვანი ეციო. მაგრამ ისე, როგორც ავიწყდებათ შვილებს დედის სიტყვები, მეც დამავიწყდა. გავიზარდე. დაღესტნის მთებიდან, სადაც ჩემი წინაპრები 5000 წლის წინ დიდებულ ციხესიმაგრეებს აგებდნენ, წავედი ქალაქში, რომელსაც ჩემი აულისტოლა ერთი ქუჩა ჰქონდა, მაგრამ გული - ვერა. ეს იყო მოსკოვი. მე ამ ქალაქშიც ბედნიერებას ვეძებდი, მაგრამ ვერ ვნახე. სამაგიეროდ, ვიპოვე უიმედობა. და აი, ერთხელაც, როცა მე და "ჩემი" უიმედობა გვერდიგვერდ აღმოვჩნდით, უცებ გამახსენდა დედის სიტყვები, - არსებობს ქვეყანა, სადაც მზე ჩადის და ეს ქვეყანა სამოთხეაო. ავიღე ჩემოდანი და წამოვედი საქართველოში.

KvirisPalitra.Ge- უფულოდ და უპუროდ...

- ასე. თუმცა ვიპოვე უფრო მეტიც, ვიდრე ფული და პურია - სიყვარული და მეორე სამშობლო. მანდილოსანი, რომელმაც არ იცოდა ღალატი, ჩემი მეუღლე გახდა. ეს იყო მზია  იაშვილი. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, მისი დამსახურებაა. მათ შორის ყველაზე დიდი - ურთიერთობა დიდ ქართველებთან. საქართველოში ჩემი მამა და ყონაღი პოეტი ირაკლი აბაშიძე იყო - მეორე დიდმა ავარიელმა, მწერალმა რასულ ჰამზათოვმა ჩააბარა მას ჩემი თავი. ბატონი ირაკლი სიკვდილამდე მეუბნებოდა, - ალი, შენ ყველა მთის შვილივით სუფთა გული გაქვს და ეს გული არსად დაკარგოო.

- ეგ ძნელია. თქვენ მერე ქართული კინოს მსახიობი გახდით...

- როგორ არ ვთქვა - გზაზე დამაყენა კაცმა, რომელსაც დიდი ფენომენი - ქართული კინო ბევრ რამეს უნდა უმადლოდეს. ეს კაცი იყო რეზო ჩხეიძე.

- ვიცი, რომ შამილის მტრის, დიდი ნაიბის როლიც განასახიერეთ.

- აბა, როგორ! "მოსფილმში" ვითამაშე. სწორედ ეგ ფილმი, "შამილი", 1992 წელს აჩვენეს დაღესტანში, დაღე-სტნელთა საერთაშორისო კონგრესზე. ეს გრძელი ისტორიაა, მოგეხსენებათ, რევოლუციამ ჩემი ხალხი მსოფლიოში გაფანტა... ეს კონგრესი ამ ხალხის შთამომავლების შეხვედრა იყო. ერთი დაღესტნელი მეც ვიყავი საქართველოდან. საშინელი წელიწადი იყო...

- მაშინ, როცა საქართველოში ომი, შიმშილი, სიცივე მძვინვარებდა, დაღესტანში დაბრუნების სურვილი არ გაგჩენიათ?

- აბა, რას ამბობთ?! ჩემი შვილი და ცოლი თბილისში იყვნენ. აქ იყო ჩემი ქვეყანა, რომელიც განსაცდელში აღმოჩნდა. განა შეიძლება იმის მიტოვება, ვინც შვილად მიგიღო. გული ბოღმით მქონდა სავსე, რომ ამ აფხაზეთის ომში რუსებმა მთელი ჩრდილოეთი კავკასია წააქეზეს და ქართველებს მიუსიეს.

- მაგრამ არა დაღესტნელები...

- არა. წარსულში ჩვენ შეიძლება გვიწყენინებია ერთმანეთისთვის, მაგრამ თუ დაღესტნელი ძმად გაგეფიცა, არ გიღალატებს. ჩემს თანამემამულეებს ქართველებისგან დიდი სიკეთეც ბევრი ახსოვთ. და მე, როგორც ავარიელმა, ქართველების ვალი ცოტათი მაინც გადავიხადე იმ კონგრესზე, როცა დაღესტნის პრეზიდენტს შევხვდი.

- და როგორ შეხვდით?

- უბრალოდ. ყველაფერი მოვუყევი აფხაზეთის ომზე. დაღესტანში ფიქრობდნენ, რომ ქართველები აფხაზებს ხოცავდნენ და ომი იმიტომ დაიწყო. პრეზიდენტმა მომისმინა და თქვა: - ალი, ომში, რომელშიც ორი ძმა იბრძვის, მესამე ძმა არ უნდა ჩაერიოს. სიტყვას გაძლევ, ამ ომში ერთი დაღესტნელი არც იყო და არც იქნებაო. ამ დიდებული კაცის წყალობით ამ ომზე რამდენჯერმე ვილაპარაკე დაღესტნის ტელევიზიით, გაზეთებით.

- სახალხო ელჩივით ყოფილხართ. ამისთვის ამდენი წლის შემდეგ გიხდით მადლობას.

- მადლობა საჭირო არ არის. ხომ ვთქვი, საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა-მეთქი. ვინც გამიგებს, როგორი სიხარულით ვატარებ მის ნებისმიერ ჯილდოს, ჩემი გულიც ალალ მისი...

- თბილისის საპატიო მოქალაქეობის გარდა, კიდევ რა ჯილდო გაქვთ?

- ღირსების ორდენი. ვენაცვალე საქართველოს ღირსებას. ახლა სხვას არაფერს ვაკეთებ, მხოლოდ ქართველებისა და ავარიელების ძმობას ვემსახურები. დავწერე წიგნები - სამტომეული "ქვეყანა, სადაც სიყვარული მეფობს" და "გულის ძახილი - სისხლის ყივილი" (რუსულ-ქართულ ენებზე). სამნაწილიანი ტრილოგია გადავიღე, "მიზიდულობის ფორმულა - საქარ-თველო - დაღესტანი". სხვათა შორის, ამ ფილმს დიდხანს ვიღებდი. რას იზამ, ცხოვრება გაჭირდა... მაგრამ ჩემი გასაკეთებელი მაინც გავაკეთე - ერთი აგური დავდე, რომ აქეთ საქართველოს, იქით - დაღესტანს, ძმის იმედი ჰქონოდა. ერთი ფილმის გადაღება კიდევ მინდა ამ თემაზე - "მთის არწივი" ერქმევა, ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით, რომელიც სამ ენაზეა გამოცემული.

- თუ საიდუმლო არ არის, როგორ იშოვეთ ფული ფილმის გადასაღებად?

- ფული არა, ვალები ვიშოვე. ყველაფერი ვალით მაქვს გაკეთებული. მაგრამ, იცით, რა? როგორც მაშინ, როცა ყმაწვილი კაცი თბილისს ჩემოდნით მოვადექი, ღამის გასათევი არ მქონდა, მაგრამ გული მეუბნებოდა, - აქ არის შენი ბედნიერებაო, ახლაც მეუბნება გული, რომ ამ ფილმსაც გადავიღებ. ბოლოს და ბოლოს, ძმას როცა სჭირდება, ძმა როგორ არ მივა საშველად!