"თავიდან, რომ დავიწყე თამაში, უთქვამთ, შენ ვინ მოგიყვანს ცოლად, ვინ შეგიშვებს ოჯახშიო" - კვირის პალიტრა

"თავიდან, რომ დავიწყე თამაში, უთქვამთ, შენ ვინ მოგიყვანს ცოლად, ვინ შეგიშვებს ოჯახშიო"

"როდესაც მორაგბე გავხდი და ეს ყველაფერი საქმიანობად ვაქციე, დედას შეეშინდა, რამე სერიოზული ტრავმა არ მიმეღო"

"სპორტი ბიჭების საქმეა" - ეს ის ფრაზაა, რომელიც საზოგადოებაში ხშირად გვესმის და ჩვენც, ყველას გვგონია, რომ სპორტი მართლაც ბიჭების საქმეა. სულ ცოტა ხნის წინ 22 წლის მებრძოლი, მიზანდასახული გოგო გავიცანი, რომელმაც თავი იმით დამამახსოვრა, რომ უკვე წლებია, რაგბს თამაშობს. მორაგბე მარიამ გოგუაძე სპორტის დიდი მოყვარულია, აქტიურად ვარჯიშობს და თავისი პროფესიით ამტკიცებს, რომ სპორტი არა მარტო ბიჭების, არამედ -  გოგონების საქმეცაა. მარიამის უკეთ გასაცნობად და თავისი ისტორიის მოსასმენად სოციალურ ქსელში დავუკავშირდი.

- მოქმედი სპორტსმენი, მორაგბე და პერსონალური მწვრთნელი ვარ. ზოგადად, აქტიური ცხოვრება მიყვარს, ასევე - მეგობრები, ოჯახი და ჩემი ძაღლები. დღის უმეტეს ნაწილს სპორტდარბაზში ვატარებ, დანარჩენ დროს ნაკრების ვარჯიშებზე ვარ.

- შენი ისტორიის მოყოლა ბავშვობიდან დავიწყოთ, როგორი ბავშვი იყავი, რაზე ოცნებობდი, რა გინდოდა გამოსულიყავი?

- აქტიური და ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, როგორც მეუბნებიან - მტირალა და ძალიან ჯიუტი. მინდოდა მომღერალი გამოვსულიყავი. 10 თვის ვიყავი, როდესაც სიმღერის ნიჭი აღმომიჩინეს, შემდეგ ამ ნიჭის განვითარებას ელოდებოდნენ და მეც არ გავუცრუე იმედები, ყველგან ვმღეროდი, ადგილს და სიტუაციას არ ჰქონდა მნიშვნელობა. მოგვიანებით გიტარაზე და კლავიშზე დაკვრა ვისწავლე და უფრო აქტიურად დავიწყე სიმღერა.

- ამდენი ნიჭის პატრონი ხარ, როგორ აღმოჩნდი სპორტში?

- სპორტი ყოველთვის მიყვარდა, როდესაც 9 წლის გავხდი, ჩოგბურთზე შევედი, 9-10 წელი ვითამაშე, თან მძლეოსანიც გავხდი. ერთხელ ჩემი მეგობრისგან, რომელთან ერთადაც მძლეოსნობაზე ვვარჯიშობდი, რაგბის შესახებ გავიგე და იქ გადავედი.

- რატომ აირჩიე რაგბი და არა - მძლეოსნობა ან ჩოგბურთი?

- გუნდური სპორტი მინდოდა, მეცადა, თან რაგბი ძალიან მიყვარდა. ამ სპორტში დარჩენა ერთიანობამ, ძალამ და გამძლეობამ, როგორც ფსიქოლოგიურმა, ისე - ფიზიკურმა გადამაწყვეტინა.

- გახსოვს ოჯახის წევრებისა და მეგობრების რეაქცია?

- როდესაც მორაგბე გავხდი და ეს ყველაფერი საქმიანობად ვაქციე, დედას შეეშინდა, რამე სერიოზული ტრავმა არ მიმეღო, სხვა არაფერი ყოფილა, ყველა დადებითად განეწყო და გვერდშიც დამიდგნენ, დღემდე მგულშემარტკივრობენ.

- როგორია მორაგბე გოგოს ცხოვრება, რამდენად რთულია დატვირთვა?

- ჩემი ცხოვრება, რაგბის თამაშის დაწყების დღიდან, მთლიანად შეიცვალა, თითქოს, მრავალფეროვანი გახდა. რაგბის სამყაროში უამრავი კარგი ადამიანი და მეგობარი შევიძინე. რაც შეეხება დატვირთვას, ნამდვილად გადატვირთული გრაფიკი მაქვს, თითქმის არ მრჩება თავისუფალი დრო. მთლიანად სპორტის სამყაროში ვარ, დილას 6-7 საათზე ვიღვიძებ და საღამოს 10 საათზე ვიძინებ. თავიდან რაგბის თამაში მიძნელდებოდა მაგრამ დღეს უკვე ემოციების მართვა ვისწავლე და ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.

- როგორ უმკლავდები ტრავმებსა და ამხელა ზეწოლას?

- რაგბში ტრავმები ყოველთვის არის, პირადად მე კუნთის დაზიანება მქონდა და თითიც მოვიტეხე, თუმცა ისეთი არაფერი მქონია, რისი მოშუშებაც არ შეიძლება. უარეს ტრავმებსაც შევხვედრივარ, მაგრამ ვფიქრობ, მონდომებაზე და სურვილზეა დამოკიდებული ის, გააგრძელებ თუ არა თამაშს ტრავმების შემდეგ. ხანდახან ისეთი შემთხვევაც არის, როდესაც მძიმე დაზიანების ან ტრავმის გამო, კარიერის გაგრძელება აღარ შეიძლება. ეს ყველაზე საშინელი მომენტია მორაგბის ცხოვრებაში, დიდი იმედი მაქვს, ჯანმრთელად გავაგრძელებ კარიერას.

- ოდესმე თუ უთქვამთ, გოგო ხარ, რაგბში რა გინდაო?

- უკვე ნაკლებად მესმის მსგავსი ფრაზები, თავიდან, რომ დავიწყე თამაში, უთქვამთ, შენ ვინ მოგიყვანს ცოლად, ვინ შეგიშვებს ოჯახში და მარიამი არ გააბრაზოთ დაგლეწავთო.

- რა არის შენი მიზანი, ოცნება და ცოტა - სამომავლო გეგმებზეც გვიამბე... - არაფერზე ვოცნებობ, მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და ყველაფერს შევძლებ, რასაც გონებაში გავივლებ და რისი სურვილიც მექნება. ჩემი მიზანი წარმატებაა, სპორტშიც და ზოგადად - ცხოვრებაშიც. არასდროს არაფერს ვგეგმავ, გეგმები არ მაქვს ...

- ბოლოს, საყვარელი სპორტსმენი ან მორაგბე თუ გყავს, ვინ არის შენი ინსპირაციის წყარო?

- ალბათ, ჩემი თავი, საკუთარ თავს ვგულშემატკივრობ და მე ვარ ჩემი ინსპირაციაც და ყველაფერი.

(სპეციალურად საიტისთვის)