გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გენერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის საქართველოში ჩამოსვენების თემაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და
მისი ძალისხმევით დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლ გენერალს მშობლიურ მიწას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მიაბარებენ.

წითელი ხალიჩის გასწვრივ განლაგებული საპატიო ყარაულის წარმომადგენლები გენერლის ნეშტს საქართველოს სახელმწიფო და პირველი რესპუბლიკის დროშებით დახვდნენ. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ დამსწრე პირებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გენერალ კვინიტაძის ხსოვნას.

აეროპორტიდან გენერლის ნეშტს სამების
საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც 26 მაისამდე სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები