"გირჩის" კონსტიტუციაში საქართველოს კონსტიტუციის მონარქიის ფორმა გვაქვს გამოყენებული" - კვირის პალიტრა

"გირჩის" კონსტიტუციაში საქართველოს კონსტიტუციის მონარქიის ფორმა გვაქვს გამოყენებული"

"გირჩის" საზოგადოების საპატიო თანამდებობებია: მეფე გირჩისა ჰერმან I (საბო). ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ლევან (ერისკაცობაში ჯგერე). ძნელბედობისას მეფესა და მთავარ მღვდელმსახურს აქვთ შეუზღუდავი უფლებები და შეუძლიათ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად. მათი ერთობლივი გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება და სავალდებულოა "გირჩის" საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის..."

39 წლის პარლამენტარი იაგო ხვიჩია პროფესიით იურისტია. უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ ადვოკატად მუშაობდა და კერძო იურიდიული კომპანიაც დააფუძნა. იყო ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ლიცენზიებისა და ნებართვების დანერგვის პროექტის იურისტიც. მოგვიანებით თბილისის მერიაში იურისტად განაგრძო მუშაობა. ასევე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილედ, 2009-2013 წლებში კი იურიდიული დეპარტამენტის უფროსად. 2015 წელს მეგობრებთან ერთად პარტია "გირჩი" შექმნა. მისმა პარტიამ 2020 წლის არჩევნებში რამდენიმე მანდატის მოპოვება შეძლო. მართალია, ოპოზიციასთან ერთად აპროტესტებდა არჩევნების შედეგებს, მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტზე პირველად ხელი სწორედ "გირჩის" სამმა დეპუტატმა მოაწერა, ჩათვალეს, რომ ბრძოლა პარლამენტში უნდა გაეგრძელებინათ.

- მარტვილის რაიონში, სოფელ თამაკონში ვიზრდებოდი. მშობლები, ბებია, ბაბუა და მამიდა პედაგოგები იყვნენ. ხუთი მასწავლებელი გვყავდა სახლში მე და ჩემს ძმას. 90-იანი წლების კლასიკური ბავშვი ვარ, რომელსაც ყველაფერი უნახავს - უშუქობა, უგაზობა, პურის რიგები, ქუჩებში მოთარეშე შეიარაღებული ფორმირებები. დიდი ჭყონის საშუალო სკოლაში დავდიოდი. რაც მაინტერესებდა, იმ საგნებს კარგად ვსწავლობდი. თავისუფალ დროს ან ფეხბურთს ვთამაშობდი, ან წიგნების კითხვით ვერთობოდი. სკოლა რომ დავამთავრე, როგორც ბავშვების უდიდესმა ნაწილმა, არც მე ვიცოდი, რა პროფესია უნდა ამერჩია, თუმცა სამართალმცოდნეობასა და საერთაშორისო ურთიერთობებს შორის ვყოყმანობდი. მაღლივ კორპუსში საბუთები რომ შემქონდა, მშობლებმა მაშინაც კი არ იცოდნენ, სად ვაბარებდი. საერთაშორისო ურთიერთობებზე ძალიან დიდი რიგი დამხვდა, უფრო ნაკლები რიგი იყო სამართალმცოდნეობაზე და საბუთებიც იქ შევიტანე. ასე მოვხვდი იურიდიულ ფაკულტეტზე... მაშინ ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქა იყო და სტუდენტობის მოგონებები ასოცირდება, მაგალითად, იმასთან, რომ პოლიცია ქუჩაში უმიზეზოდ გაკავებდა, განყოფილებაში "დასაკაჩავებლად" მიჰყავდი და 10 ლარს მაინც გართმევდა... მალე მივხვდი, რასაც უნივერსიტეტში მასწავლიდნენ, იმის 80% არაფერში მჭირდებოდა. საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდები არ გამომადგებოდა. ამან გამოიწვია ჩემი პროტესტი და ბრძოლაც იმ პერიოდიდან მომყვება...

- შემდეგ თქვენი საადვოკატო ფირმაც გქონდათ. რატომ აირჩიეთ ადვოკატურა და არა - პროკურატურა ან პოლიცია? - სამართლიანობის საკითხები ძალიან მაღელვებდა და მე უფრო მათი კრიტიკოსი ვიყავი. სისტემის ნაწილი რომ არ ვყოფილიყავი, ადვოკატურაში ვიმუშავე, მაგრამ მერე მივხვდი, ბევრი რამის შეცვლა იქაც შეუძლებელი იყო, ამიტომ პოლიტიკაში წასვლით გადავწყვიტე სისტემის შეცვლა.

- როგორც ადვოკატი, რომელ საქმეს გაიხსენებთ? - თუ ერთი საქმე უნდა გავიხსენო, გავიხსენებ მარიხუანას ლეგალიზაციის სასამართლო პროცესს, რომელშიც, როგორც პოლიტიკოსს, ისე მომიწია საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენამ. მაშინ ეს მნიშვნელოვანი საქმე ჩვენ მოვიგეთ.

- რატომ თვლით, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია საჭიროა? თქვენი თაობა მარიხუანას ხშირად მოიხმარდა, ეზოებშიც ჰქონდათ დარგული. მათი მხარდაჭერა გადაწყვიტეთ? - აქ არც მარიხუანაა არაფერ შუაში და არც - ნარკოტიკი. ამით ადამიანს აძლევ საშუალებას, თვითონ განკარგოს საკუთარი თავი და სხეული. ეს ასე იყო კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, სანამ სიგიჟეს არ დავიწყებდით და მორალისტური არგუმენტებით ადამიანის თავისუფლებას არ შევზღუდავდით. ეს თავისუფლების საკითხია და არა - რამის მოწევის...

- მშობლები როგორ შეხვდნენ იმას, რომ შვილი მარიხუანას ლეგალიზაციისთვის იბრძოდა? - მათ ამ ბრძოლის შინაარსი გაიგეს მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში ეს პროცესი მოვიგე. ისე, ამ პროექტის მიმართ კრიტიკულები იყვნენ. გასაგებია, რომ თაობებს შორის დიდი სხვაობაა, ასეთ საკითხებს სხვაგვარად უყურებენ, მაგრამ კარგად ესმით, რასაც ახლა ვაკეთებ, საჭიროა! სულ მეკამათებოდნენ, თუმცა ჯიუტი ვარ - იმის გამო, რომ მშობლები არიან, არაფერს დავუთმობ კამათისას.

- პოლიტიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ? - იმიტომ, რომ ჩემს პროფესიაში მუშაობას აზრი აღარ ჰქონდა. მე ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს სამართლის სისტემა და როგორ უნდა ფუნქციონირებდეს. ძალიან მინდოდა მოსამართლეობა, ოღონდ იმ ქვეყანაში, სადაც მოსამართლე მართლა მოსამართლეა. ეს საქართველოში შეუძლებელია და ამიტომ მომიწია პოლიტიკაში წასვლამ. დღეს ჩემი ამოცანაა მოსამართლის გათავისუფლება წნეხისგან და საბჭოთა მართლმსაჯულების შეცვლა.

- თუ შეძლებთ თქვენი მიზნების მიღწევას, სასამართლო ხელისუფლებაში მოსამართლედ წასვლას ხომ არ გეგმავთ? - ამწუთას მინდა "გირჩის" საზოგადოებას ჰქონდეს თავისი სასამართლო, სადაც მტყუან-მართალს გავარჩევთ და სასამართლოში მისვლა არ დაგვჭირდება.

- პოლიტიკაში მოსასვლელად რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც პარტია "გირჩი"? - მე დაფუძნების დღიდან "გირჩში" ვარ. პალიკო კუბლაშვილმა მითხრა, რომ ისეთი პარტიის ჩამოყალიბებას აპირებდა, სადაც ზურაბ ჯაფარიძეც იქნებოდა, მე კი, რის ახსნასა და დასაბუთებასაც შევძლებდი, მოქმედების უფლება მექნებოდა. ჩემთვის ასეთი პირობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მოუცია. ამ შანსისთვის ბევრჯერ გადამიხდია პალიკოსთვის მადლობა. მაშინ ზურაბ ჯაფარიძეს არც ვიცნობდი. ვიცნობდი ვახო მეგრელიშვილს, ოღონდ - შორიდან, კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტიდან, როგორც საინტერესო ადამიანს და საბოლოოდ გადავწყვიტე, მათთან ერთად პოლიტიკაში წავსულიყავი.

- დღევანდელი გადასახედიდან ეს სწორი არჩევანი იყო? რა შეცდომები დაუშვით? - გამოუცდელობის გამო შეიძლება ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მინდა, თუმცა ფუნდამენტურად არაფერს შევცვლიდი, საბოლოოდ საწუწუნო არაფერი გვაქვს.

- მარიხუანას ლეგალიზაციისთვის იბრძოდით, თქვენ ეწევით?

- მარიხუანას ლეგალიზაციის აქტივისტი ვარ და როგორ შეიძლება არ მქონდეს მოწეული?! ამ მცენარის მიმართ ჩემი დადებითი დამოკიდებულებაც ცნობილია. ვფიქრობ, კომუნისტების გამო დემონური სტატუსი მივანიჭეთ და ვებრძოდით მათ, ვისაც ეს მცენარე მოჰყავდა. ეს აბსურდად მიმაჩნდა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს არასწორი აზრი თავიდან ამოვიგდოთ.

- "გირჩის" სამეფოს შექნა რატომ გადაწყვიტეთ? - ასე ბუნებრივად შეგვეძლო მიგვეცა საკუთარი თავისთვის გართობის უფლება. გვყავს მეფე, ხოსროიდების შთამომავალი. ჩვენთან პარტიაში მოწყობილია მმართველობის სისტემა, რომლითაც ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგები იქნება, როგორ იმართება "გირჩი". ჩვენ ავირჩიეთ კონსტიტუციური მონარქიის ფორმა, სადაც არსებობს რაღაც ტიპის, ანუ პატივსაცემი სიმბოლო. როგორც წესი, ასეთია სასულიერო და საერო პირი. 2019 წელს საბოს მაჟორიტარულ არჩევნებზე წინასაარჩევნო კამპანიის სლოგანი იყო "საბო მეფედ" და კამპანიაც მაშინ ჩავატარეთ. გვყავს ლევან ჯგერენაია, ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური. შესაბამისად, ამაზე ავაგეთ ჩვენი კონსტიტუცია. გირჩის სამეფოში არის გამართული მმართველობითი და მორალური ღირებულებების სისტემა, რითაც გვინდა შევქმნათ ახალი საზოგადოება, შემდგარი ჩვენნაირი რწმენის ადამიანებისგან, რომლებიც ტერიტორიულად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იქნებიან, მაგრამ ეცოდინებათ, რომ ერთიანი საზოგადოების, ერთი რწმენის ნაწილი არიან და ერთნაირად უყურებენ სამყაროს. როცა გყავს მეფე და ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური, არ უნდა იფიქრო სხვა მოდელზე, გარდა კონსტიტუციური მონარქიისა. ფაქტობრივად, დავამყარეთ კონსტიტუციური მონარქია და "გირჩი" დღეს ასე იმართება. ჩვენს კონსტიტუციაში საქართველოს კონსტიტუციის მონარქიის ფორმა გვაქვს გამოყენებული. ჩვენი მეფეა ჰერმან პირველი, საბო, და მისი ხელდასმით შეიქმნა ეს კომისია და კონსტიტუცია, რომლის გაცნობაც მკითხველს ჩვენს ვებგვერდზე შეუძლია. ჩვენთვის ბოძებული სამყარო თავისი უთვალავი ფერით გვეკუთვნის ადამიანებს და სწორედ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ვიპოვოთ ისეთი წესრიგი, რითაც ვიცხოვრებთ თავისუფლად და ერთმანეთს მოძალადეებისგან დავიცავთ. პირველი თავი რწმენას ეხება. გვწამს, რომ თითოეული ადამიანი არის სამყაროში ყველაზე ღირებული არსება და წესები ყველაზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს. კონსტიტუციაში რამდენიმე ქართველი მოაზროვნის ფრაზაა გამოყენებული, მათი, ვინც ჩვენ მიგვაჩნია თავისუფლების იდეის სულისჩამდგმელებად. მაგალითად, ჩვენი კონსტიტუცია რუსთაველის ტექსტით იწყება... "გირჩის" საზოგადოების საპატიო თანამდებობებია: მეფე გირჩისა ჰერმან I (საბო). ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ლევან (ერისკაცობაში ჯგერე). ძნელბედობისას მეფესა და მთავარ მღვდელმსახურს აქვთ შეუზღუდავი უფლებები და შეუძლიათ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად. მათი ერთობლივი გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება და სავალდებულოა "გირჩის" საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის. მეფისა და მთავარი მღვდელმსახურის ხანგრძლივი და წარმატებული მეუფების შემდეგ ეს საპატიო თანამდებობები უქმდება. მეფე და მთავარი მღვდელმსახური, სურვილის შემთხვევაში, სიცოცხლის ბოლომდე უძღვებიან სათათბიროს სხდომებს.

- საპატრიარქოში განაცხადეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრისთვის ამაში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას. ეკლესიამ ყველა გააფრთხილა, ვინც ამ ორგანიზაციაში გაწევრდება, უფლება აღარ ექნება საეკლესიო მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა, მათ არ აზიარებენ, არ მონათლავენ და გარდაცვლილს წესსაც არ აუგებენ... ამის შემდეგ ბევრმა ადამიანმა დატოვა თქვენი რიგები? - ბიბლიური თავისუფლება შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანები უკანონო ყარაულიდან - ჯარიდან დაეხსნა და ეს არ შეიცავდა არანაირ რელიგიურ კონტენტს, მაგრამ მას შემდეგ, რაც წმინდა სინოდმა გამოსცა დადგენილება და თქვა, ეს რაღაც სექტააო და რაც ამ ამბებს მოჰყვა, აჩვენებს, რომ ბიბლიური თავისუფლება არის მორალური პროექტი, რომელიც ადამიანებს სწორი ცხოვრების გზას ასწავლის. ამ თვალსაზრისით შეიძლება ჰქონდეს კიდეც რელიგიური ნიშან-თვისებები, მაგრამ არა იმ გაგებით, როგორც ადამიანებს ესმით. საპატრიარქოს განცხადების შემდეგ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა ბიბლიური თავისუფლება, თუმცა მათი რიცხვი 1%-ზე ნაკლებია. ჩვენთან ბევრი ადამიანი მოდის და ბიბლიური თავისუფლება განუხრელად იზრდება. ჩვენი საბუთი ჯარიდან ათავისუფლებს ადამიანებს. არ შეიძლება კომისარი გემუქრებოდეთ და თქვენი ჯარში ძალით წაყვანა უნდოდეს.

- "გირჩის სამეფოში" გაწევრებისთვის რა პირობაა აუცილებელი?

- აუცილებელია აღიარებდეთ "გირჩის" კონსტიტუციას, იმ წესებს, რითაც "გირჩის სამეფო" მოქმედებს, ასევე უნდა გქონდეთ "გირჩის" ერთი მონეტა, სიმბოლური ქართული დოლარი. 1000 ქართული დოლარის ყიდვა 2 ლარად შეგიძლიათ. ამას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც კონსტიტუციის აღიარებაა.

- ხალხი რომ იუმორით უყურებს თქვენს სამეფოს, ამაზე რა აზრის ხართ?

- ხალხი ჭრელია. არის კატეგორია, რომელიც ვერ ჩასწვდა ჩვენი ჭეშმარიტების არსს, მაგრამ არა უშავს, მალე დარწმუნდებიან ჩვენი გეგმების სერიოზულობაში.

- ცოტა რამ მეუღლეზეც გვიამბეთ. როგორ უყურებს ამ ყველაფერს?

- განსხვავებული აზრები არ გვაქვს. თავიდან არ მოსწონდა ის სიგიჟე, რაც ჩემს თავს საჯარო სივრცეში ხდებოდა. როცა პოლიტიკაში მიდიხარ, ადამიანებს გიჟი ჰგონიხარ, მით უმეტეს - საქართველოში. თუ თქვენც გადაწყვეტთ ქართულ პოლიტიკაში წასვლას, უნდა იცოდეთ, რომ ვიღაც აუცილებლად ჩაგთვლით გიჟად ან აფერისტად, რადგან ადამიანები თვლიან, რომ თუ გიჟი არ ხარ, მაშინ ფულს გიხდიან და იმიტომ წახვედი პოლიტიკაში.

სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს სახელი გატეხილი აქვთ, არადა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობაა. სულ მათი გინება ისმის და ეს უნდა შეიცვალოს... რაც შეეხება მეუღლეს, მას არ აინტერესებს პოლიტიკა ისე, რომ თავად ჩაერთოს, მაგრამ ჩემი თანამოაზრეა. მეუღლეც იურისტია და ამ სფეროში მუშაობს. არ მიყვარს ოჯახზე საჯაროდ ლაპარაკი. ადამიანს აქვს უფლება, არ ჰქონდეს საჯარო პირადი ცხოვრება.