"წარმოიდგინეთ: მშვიდად ცხოვრობ, ზიხარ ბაღში­ ან ყვავილნარში, უკეთესად ფიქრობ და აზროვნებ. ასეთ ცხოვრებაზე უარის თქმა როგორ შეიძლება?!" - კვირის პალიტრა

"წარმოიდგინეთ: მშვიდად ცხოვრობ, ზიხარ ბაღში­ ან ყვავილნარში, უკეთესად ფიქრობ და აზროვნებ. ასეთ ცხოვრებაზე უარის თქმა როგორ შეიძლება?!"

"ჩემი გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ სრულიად ახალი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე, რაც ადამიანის გაახალგაზრდავებას და ცხოვრების გადატვირთვას იწვევს"

ლია მუხაშავრია იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ქალაქის მტვერსა და ხმაურს, საცობებს და სტრესულ გარემოს თავი გაარიდეს და სოფელს მიაშურეს. "აქ ინტერნეტიც მაქვს და კომუნიკაციის ყველა საშუალებაც... გადავწყვიტე გარემოს შეცვლა და ჩემს ფესვებთან დაბრუნება", - გვითხრა ადვოკატმა, რომელიც თავისი ამჟამინდელი ცხოვრებით მეტად კმაყოფილია:

- ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში მამაპაპური სახლი გვქონდა და ზაფხულობით ჩავდიოდით. სკოლაც თბილისში დავამთავრე და უნივერსიტეტიც, ადრე ფერმერობასთან საერთო არაფერი მქონია და როცა აქ გადმოსვლა გადავწყვიტე, ახლობლები ვერც იჯერებდნენ. ჩემი მძიმე პროფესიის გამო თბილისში ორმაგი სტრესის გადატანა მიწევდა: ადვოკატი ხშირად ხდება ე.წ. მეორადი ტრავმის მსხვერპლი, რადგან ისეთ ადამიანებს იცავს, რომლებმაც წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიარეს. ასეთ საქმეებზე მუშაობა დიდ სულიერ დატვირთვას მოითხოვს. 31 წელია ადვოკატი ვარ. ეს ძალიან მძიმე გზა იყო, ამას ისიც დაერთო, რომ 2015 წელს დედა გარდამეცვალა. ჩემი ქალიშვილი უკვე დიდი იყო და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ყველანაირი პირობა ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტე სოფელში გადასვლა.

- თქვენს პროფესიას ხომ არ მოსწყდით?

- შუხუთში ტრანსპორტი სულ არის როგორც თბილისის, ასევე ბათუმის მიმართულებით. ქუთაისის აეროპორტიც არ არის შორს. ჩემი სახლიდან 26 კილომეტრში გრიგოლეთის ფანტასტიკური სანაპიროა, ახლოსაა ბახმაროც... ძირითადად, ევროსასამართლოსთან ვთანამშრომლობ - იქ ჩემს კორესპონდენციებს ვგზავნი და ამას ონლაინრეჟიმშიც მშვენივრად ვახერხებ. უკვე მეოთხე წელია გურიაში ვცხოვრობ... კორონავირუსმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა. თბილისში რომ ჩამოვდივარ, ვხედავ, ქალაქში ცხოვრება გაცილებით მძიმეა, ადამიანებიც უფრო დაძაბულები გახდნენ. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ სრულიად ახალი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე, რაც ადამიანის გაახალგაზრდავებას და ცხოვრების გადატვირთვას იწვევს.

- როგორ შეეჩვიეთ ფერმერულ ყოფას?

- სამეურნეო საქმიანობა დიდი ხნით ადრე დავიწყე. აქ თვეში ერთხელ მაინც ჩამოვდიოდი, ზაფხულობით კი სულ აქ ვრჩებოდი. თავიდან ძალიან დამეხმარა ჩემი ბიჭიკო ბიძია - ბიჭიკო იმნაიშვილი - მამაჩემის მეგობარი, რომელიც მთელ რაიონში ცნობილი აგრონომი იყო. ამ ძალიან კარგი ადამიანისგან ბევრი რამ ვისწავლე. ვეხუმრებოდი, ბარემ, ჩემს კონსულტანტად დაგნიშნავ-მეთქი. არ მინდა მაი თანამდებობა, ბიძია, ისედაც ყველაფერს გასწავლიო და ეს დაპირება შეასრულა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და მისი რჩევები დღეს ძალიან მაკლია. მისი დახმარებით და ჩემი მონდომების წყალობით თხილის მოვლა კარგად შევისწავლე და კოოპერატივი დავაარსე. აქაურ გლეხებსაც უკვირთ, იურისტი ხარ და აი თხილის მოვლა ასე კარგად რაფერ ისწავლეო. ქართულ სოფლებში ხშირად არა აქვთ ტექნიკა, რაც ამ საქმეში აუცილებელია. ამიტომ კულტივატორიც შევიძინე, ბალახის სათიბიც და ახლა ტრაქტორის ყიდვა მინდა, რომ საჭესთან თვითონ დავჯდე. ამიტომ ჩემმა მეგობრებმა ქართველი პაშა ანგელინა შემარქვეს. ასე ერქვა საბჭოთა კავშირში პირველ ტრაქტორისტ ქალს, რომელსაც ყველა იცნობდა.

ხშირად მყავს სტუმრები, ჩამოდიან, რჩებიან, საქმეშიც მეხმარებიან და დროს ხალისიანად ვატარებთ.

თავდაპირველად, გურულებიც გავაკვირვე: როცა აქ გადმოვსახლდი და მაღაზიებში ან ბაზარში მხედავდნენ, ყველა მეკითხებოდა, ქალბატონო ლია, მართლა გადმოსახლდით გურიაში თუ რაფერაა საქმეო? აქ ყველა მიცნობს, ზოგჯერ ქუჩაშიც კი მაჩერებენ და კონსულტაციას მთხოვენ. ხომ ვერ ეტყვი, არ მცალია და სხვა დროს მკითხეთ-მეთქი? ასე რომ, ქუჩაში იურიდიული კონსულტაციის გაწევა ხშირად მიწევს.

- ბევრი საქმე გიგროვდებათ? - მეურნეობას მუდმივი ყურადღება სჭირდება. უკვე ვცდილობ ბიოსასუქი და ბიომასალები გამოვიყენო. სამწუხაროდ, ჩვენს ხალხს საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა დავიწყებული აქვს და რომ ვეკითხები, ჭინჭარს თუ იყენებთ როგორც სასუქს-მეთქი, უკვირთ: ჭინჭარს ინდაურებს ვაჭმევთ, მაი სასუქად რაფერ გამოდგებაო? მათთვის ხშირად მიწევს დამტკიცება, რომ მარტო იურისტი არა ვარ და ამ საქმეშიც რაღაც გამეგება. ყველაზე მეტად დაქირავებულ მუშახელს ვაწბილებ: ხვდებიან, რომ ჩემთან სიზარმაცე და თაღლითობა არ გაუვათ და ყველაფერი საუკეთესოდ უნდა გააკეთონ. ალბათ, ჩემს ზურგს უკან ამბობენ, ძალიან ავი ენა აქვსო, მაგრამ რას ვიზამთ.

ჩვენს სოფელში ყოველ წელიწადს იმართება ლელობურთი და ეს თამაში აღდგომას ემთხვევა: ამ დღისთვის საგანგებოდ კერავენ ბურთს, რომელიც ერთ ფუთს (16 კილოგრამს) იწონის. ის ნახერხით და ქვიშით არის სავსე. ეს უნიკალური თამაში სიმბოლურად ასახავს შუხუთფერდის ბრძოლას, რომელიც 1854 წლის მაისში მოხდა გურიაში - შუხუთის და ნიგოითის მიდამოებში. სწორედ ამ ბრძოლას ეძღვნება ქართული ფოლკლორის შედევრი "ხასანბეგურაც". ჩემმა მეზობელმა ამ თამაშის ისტორია კარგად გამოიკვლია და მერე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განაცხადი შევიტანეთ. შედეგმაც არ დააყოვნა: შუხუთის ლელობურთს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს. ამ უნიკალურ მოვლენას 2 საუკუნის ისტორია აქვს და ამას მართლაც იმსახურებს. ლელობურთის სანახავად სოფელში ათასობით ადამიანი ჩამოდის და ყველას შეუძლია თამაშში მონაწილეობა. კომუნისტების დროს ხალხი აღდგომას ვერ აღნიშნავდა და ეს თამაში ყოველთვის 1-ლ მაისს იმართებოდა. ჩემი ოცნებაა ეს ტრადიცია ადგილობრივი ტურიზმის წყაროდ იქცეს, მეტი სტუმარი ჩამოვიდეს და ყველამ დაათვალიეროს უძველესი ადგილები. შეიძლება ბილეთებიც გავყიდოთ, სუვენირებიც და მერე ეს თანხა ჩვენს სოფელს მოვახმაროთ.

- ბოლო წლებში თბილისიდან რეგიონში ბევრი ოჯახი გადავიდა. - არ გამოვრიცხავ, რომ ურბანიზაციის საწინააღმდეგო პროცესი უკვე დაწყებულია და ადამიანებმა დიდ ქალაქებში ცხოვრებაზე თანდათან უარი თქვან. მით უმეტეს, ახლა, როცა ინტერნეტი ყველგან არის და ონლაინმუშაობაც ბევრს შეუძლია. წარმოიდგინეთ: მშვიდად ცხოვრობ, ზიხარ ბაღში ან ყვავილნარში, უკეთესად ფიქრობ და აზროვნებ. ასეთ გარემოში შენი შრომის ნაყოფიერებაც უფრო მაღალი იქნება და დამქირავებელიც კმაყოფილი გეყოლება. ასეთ ცხოვრებაზე უარის თქმა როგორ შეიძლება?!

ხათუნა ჩიგოგიძე