"67 წლის ვიყავი, სირბილი რომ დავიწყე. რაც ასაკი მემატება, ჯანმრთელობა მიუმჯობესდება - რაც ადრე მტკიოდა, ისიც გამიქრა" - კვირის პალიტრა

"67 წლის ვიყავი, სირბილი რომ დავიწყე. რაც ასაკი მემატება, ჯანმრთელობა მიუმჯობესდება - რაც ადრე მტკიოდა, ისიც გამიქრა"

"ყველას შეუძლია სიბერის დიდი ხნით გადავადება. რაც ასაკი მემატება, ჯანმრთელობა მიუმჯობესდება და არა, პირიქით. ყოველწლიურად გეგმურ კვლევებს ვიკეთებ და ყოველ მომდევნო წელს უკეთესი ანალიზი მაქვს. რაც ადრე მტკიოდა, ისიც გამიქრა..."

ჰენრი კუპრაშვილის ტიტულებისა და სპორტული მიღწევების სია ძალიან ვრცელია. ბიატლისტი, ტრიატლისტი, ყინულჭრილში ცურვის არაერთი ჩემპიონატის მონაწილე, არაერთგზის ჩემპიონი სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სხვადასხვა დისტანციის გარბენებში, მარათონებში, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩი - ეს მისი მიღწევების არასრული ჩამონათვალია და ძნელია გამორჩევა, რომელში უფრო წარმატებულია. ჰენრი კუპრაშვილმა გააცოცხლა ცურვის ქართული სტილი და საფუძველი ჩაუყარა უნიკალური კოლხურ–იბერიულ-მხედრული მეთოდით ცურვის სწავლა-განვითარებას. სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს და ახალი წესით ცურვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ის ითვლება პირველ ქართველ საერთაშორისო მარათონელ მოცურავედ და ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორია. დაგეგმა იმავე ყაიდით ბოსფორის, გიბრალტარის და ლა-მანშის სრუტეების გადაცურვა. მსოფლიოს ცურვის ისტორიასა და რეკორდების წიგნში "დარდანელის სრუტის გმირის" სახელით შევიდა მას შემდეგ, რაც 2002 წლის 30 აგვისტოს კაცობრიობის ისტორიაში პირველად ოთხგან ხელფეხშეკრული კოლხურ-მხედრული სტილით დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. ამ მიღწევამ მსოფლიო მედია შემოიარა და მას "დარდანელის გმირი", "ადამიანი-დელფინი" და "წყლის პრომეთე" უწოდეს. კოვიდპანდემიის გამო საერთაშორისო შეჯიბრებებში ვეღარ მონაწილეობს, თუმცა ცხოვრების ტემპი წუთითაც არ შეუნელებია.

- 2020 წლიდან არაერთი შეჯიბრება ჩაიშალა. შვეიცარიაში უნდა წავსულიყავი. როგორც შარშანწინ, წელსაც თავიანთი ხარჯით მივყავდი. პირველი ქართველი "ოუშენ მენი", ოკეანის კაცი ვარ. დამაჯილდოვეს და წელსაც კარგ ამბებს ველოდი. მისი დასრულების შემდეგ გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყებოდა ჩემს ასაკობრივ ჯგუფში სროლაში, ცურვასა და სირბილში, მაგრამ პანდემიამ ჩაგვიშალა... შემოდგომაზე თბილისში ღია წყალზე საერთაშორისო შეჯიბრება უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ესეც გადაიდო...

მომავალი წლის მარტში რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთის ქალაქ პეტროზავოდსკში ყინულჭრილში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. მასში არაერთგზის მსოფლიო ჩემპიონი ვიაჩესლავ ტიხონოვი მონაწილეობს, მაგრამ ახლა მასზე უკეთეს ფორმაში ვარ და თუ წასვლა შევძელი, ვფიქრობ, ჩემპიონი გავხდები.

ყინულჭრილში ცურვა საკმაოდ რთულია. ამ სახის ჩემპიონატში, ძირითადად, ჩრდილოეთის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ... ისინი დაბადებულ-გაზრდილი არიან ცივ კლიმატში, ჩვენთან კი ტბა არც იყინება. ლისის ტბა წელიწადში ერთხელ ან იყინება, ან არა და მაშინ უნდა მოვასწრო ბუნებრივ პირობებში ვარჯიში, რაც საკმარისი არ არის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. კიდევაც რომ გაიყინოს, ყინულმჭრელიც არა გვაქვს. ყინული ხერხით უნდა გაიჭრას, ცურვისთვის გრძელი დერეფანი გაკეთდეს... შარშან ბიჭებმა, რომლებიც ლისის ტბაზე მუშაობენ, ამომიჭრეს ყინული. ვერ გავცურე, მხოლოდ ჩავყვინთე, მაგრამ მაინც კარგია, ორგანიზმს მაინც შევაჩვევ ჩემპიონატისთვის. ყინულჭრილში 25-მეტრიან აუზს აკეთებენ და სპორტსმენები ერთმანეთს ცურვის კლასიკურ სახეობებში, ბატერფლაიში, კროლსა და ბრასში ვეჯიბრებით. გადახტომა არ შეიძლება, კიბით ჩავდივართ წყალში.

ყინულქვეშ 2-3 გრადუსია. პირველად ფინეთში 2014 წელს წავედი, ლაპლანდიაში, და ვხუმრობდი, ნამდვილი სანტა კლაუსი გავიცანი-მეთქი...

- მანამდე შეჯიბრებისთვის სად ემზადებოდით? - 2013 წელს "ლაგუნა ვერე" ჯერ კიდევ მუშაობდა. ადმინისტრაცია მიმართავდა ხელს, ზამთარში 50-მეტრიანი აუზი არ დაცალა, რომ გაყინულიყო და მევარჯიშა.

67 წლის ვიყავი, სირბილი რომ დავიწყე. ჩემპიონმა მაია აზარაშვილმა დამაწყებინა ფინეთიდან დაბრუნების შემდეგ. მსოფლიო რბენამდე ერთი თვე იყო დარჩენილი. მითხრა, სცადე, დარწმუნებული ვარ, გამოგივაო. მართლაც სულ ერთ თვეს ვივარჯიშე და 12 კილომეტრი გავირბინე. ყინულჭრილში ცურვაც იმავე წელს დავიწყე. ცურვა ხომ სასარგებლოა ადამიანისთვის, ყინულჭრილში ცურვა კი - ბევრად სასარგებლო. ყოველ ჯერზე იმუნური სისტემა ძლიერდება. კოლხურ-მხედრულ ცურვას, როდესაც ადამიანი ხელ-ფეხშეკრული ცურავს და წყლის ქვეშ დელფინისებრ მოძრაობებს ასრულებს, ძველად ქართველები მეომრებს ასწავლიდნენ. ბავშვობა სამეგრელოში, ანაკლიასა და ერგეტაში მაქვს გატარებული. იქ მამიდა იყო გათხოვილი. მისი მამამთილი, ლევან ქურსუა, თავისი განუყრელი ალუბლის ხისგან გამოთლილი ჩიბუხითა და თეთრი წვერით, ჩემს მეხსიერებას ნათელ მოგონებად შემორჩა. მას ბაბუას ვეძახდი. მაშინ არც ტელევიზორი და ინტერნეტი არ იყო, იმ ჭარმაგ კოლხ კაცს შემოვუსხდებოდით და გვიყვებოდა, რაც მის მეხსიერებას გადმოცემით შემორჩა. ანაკლია დიდი ხნის განმავლობაში ოსმალეთის ბაზარზე გასაყიდი ქართველი ტყვეების ცენტრად ითვლებოდა. ადამიანებს ხელფეხშეკრულს დაყრიდნენ სანაპიროზე, სანამ გემი ნაპირს მოადგებოდა ან ტვირთს ჩამოაცლიდნენ. მათ ერთი კაცი დარაჯობდა, ხმელეთისკენ მიმავალ გზას აკონტროლებდა, რომ არ გაქცეულიყვნენ, ზღვაზე ვინმეს გაქცევას არც იფიქრებდა. სწორედ მაშინ ჩაეყარა ცურვის ამ სახეობას საფუძველი - ხელფეხშეკრული ტყვეები ნავიდან ან გემიდან ზღვაში გადაგორდებოდნენ და გაცურვას ცდილობდნენ. ასე, უამრავი ტყვე გადაურჩა სტამბოლის ბაზარზე გაყიდვას - კილომეტრებს მიცურავდნენ. ამის ცოდნას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და მამები თუ ბაბუები ბავშვებს ცურვის ამ სახეობას პატარაობიდანვე ასწავლიდნენ.

ბაბუა გვიყვებოდა, მამაკაცი მეომრად რომ აღზარდო, მხოლოდ ფიზიკური მომზადება არ არის საკმარისი, ფსიქოლოგიურადაც ძლიერი უნდა იყოსო. ზოგიერთს წყლის ცხოველური შიში აქვს, თუ ზღვაში ჩააგდებ, შეიძლება შიშისგან გული გაუსკდეს, ამიტომ მეომარმა ვარჯიშის დროს უნდა დასძლიოს შიში, წყლის სტიქია დაიმორჩილოსო.

ბაბუა გვიყვებოდა, სოფლის სახელი "ერგეტა" არგონავტებისგან მოდის, იქ დასცეს კარავი, დროთა განმავლობაში კი "არგ", "ერგ"-ით შეიცვალაო. შესაძლოა მხოლოდ ლეგენდაა, მაგრამ საინტერესოა.

- ცურვის ეს სახეობა მსოფლიო შეჯიბრებებზეც გაგიტანიათ? - ცურვის ეს სახეობა სხვა ქვეყნებშიც მიღებულია, ოღონდ განსხვავებული ფორმით. ამას წინათ ერთი იტალიელი სპორტსმენი დამიკავშირდა, ჩქაროსნული ცურვით არის დაინტერესებული, რომლის დროსაც მოცურავე ლასტებითა და სასუნთქი მილაკით არის აღჭურვილი. გადარეული იყო, მგონი, ცურვის ეს სახეობა თქვენი ქვეყნიდან გავრცელდა მსოფლიოში და ეს უნდა გამოვიკვლიოთო. მასთან ერთად დავაფუძნეთ ჩქაროსნული და კოლხური ცურვის სახეობების ფედერაცია და ვცდილობთ ეს სტილი ქართული სახელით გავიდეს ევროპაში.

ამას წინათ, სერბული წარმოშობის ამერიკელმა მკვლევარმა გამოსცა ნაშრომი მსოფლიოში უნიკალური, მაგრამ მივიწყებული ცურვის სახეობებზე. მათ შორის პირველად მოხსენიებულია კოლხურ-მხედრული და შემდეგ იაპონური ძიუ-ძიუცი, ანუ საჭურვლით ცურვა. ქართველებსაც შეგვიძლია ამ საქმეში ღირსეული სიტყვის თქმა, მაგრამ არ გვცალია, ერთმანეთთან ჭიდილით ვართ დაკავებული.

- პანდემია თქვენი ცხოვრების წესზეც აისახა? - არა, არ მცალია ამისთვის. ცურვაში შედარებით პასიურობაა, თორემ მარათონები იმართება და ყველაში ვმონაწილეობ, მაგალითად, ნათლისმცემლის მთაზე სამთო გარბენში. ამას წინათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გავერთიანდით აპლიკაციით და იმ დღეს 12 კილომეტრი გავირბინე. ჩემი ასაკის ადამიანისთვის ცოტა არ არის, თორემ არც ისე დიდი ხნის წინ ვარჯიშის დროს თუნდაც ლისის ქედებზე 32 კილომეტრი მირბენია. ბოლო დროს საშუალოდ 10-15 კილომეტრს დავრბივარ. დილით, 5:30 ზე ვდგები. ჯერ სახლში ვვარჯიშობ, შემდეგ, ლისის ტბაზე დავრბივარ, 10 კილომეტრს მაინც, ამის შემდეგ ველოსიპედით ვსეირნობ, ხან 15 ან 20 კილომეტრს. ამის შემდეგ ლისის ტბაში ჩავდივარ საცურაოდ, ოღონდ ბოლო დროს შეიცვალა, ძალიან დაშრა და მზე რომ "ხედავს", წყალმცენარეებიც მომრავლდნენ, ცურვისას ხელ-ფეხი გებლანდება. იქ ცურვას თავისებური სპეციფიკა სჭირდება, ბრასით ვერ იცურებ, სწორად უნდა გაწვე, კროლით, ანუ წყლის ზედაპირზე და მაშინ შეიძლება მცენარეებზე ზემოდან გადასრიალდე. კვირაში ერთხელ კიბეზე ავრბი-ჩავრბივარ... ვაკის საცურაო აუზის ადმინისტრაციამ ულიმიტო აბონენტი მაჩუქა და კვირაში ერთხელ რამდენიმე კილომეტრს ვცურავ. თუ სურვილი გაქვს, ასაკს რა მნიშვნელობა აქვს?..

როცა კოვიდრეგულაციები გამკაცრებული იყო, მთაში დავრბოდი, დისტანცია დაიცავიო და, მეც ადამიანებს ახლოს არ ვეკარებოდი. ახლაც ძალიან დაკავებული ვარ, ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ლექციებს ვკითხულობ. ოთხი ჯგუფის ნაშრომები გასასწორებელი მაქვს, დოქტორანტების დისერტაციებიც წასაკითხი... ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დავბერდები, დავისვენებ-მეთქი, მაგრამ არ გამომივიდა.

- ალბათ, ჯერ ადრეა და იმიტომ.

- ალბათ. თქვენ მითხარით, 75 წლის ხართ და მაინც ასე აქტიურიო. დამაბერეთ, ჯერ არა ვარ, სამ თვეში ვხდები... ყველას შეუძლია სიბერის დიდი ხნით გადავადება. რაც ასაკი მემატება, ჯანმრთელობა მიუმჯობესდება და არა, პირიქით. ყოველწლიურად გეგმურ კვლევებს ვიკეთებ და ყოველ მომდევნო წელს უკეთესი ანალიზი მაქვს. რაც ადრე მტკიოდა, ისიც გამიქრა...

არც "კოვიდზე" ფიქრისთვის მცალია და აღარც ვაქცინაზე, თუმცა, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის დამჭირდა, ავიცრები.

არ მიყვარს ზღვა ინფორმაციის, თანაც ნეგატიურის, მიღება. კარგი იქნებოდა, ყველა თავის საქმეს აკეთებდეს, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და ყველაფერზე გაუთავებელი აურზაურიც არ იქნებოდა. '