"კარანტინის გამო 80%-მა წონა მოიმატა... ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე, განსაკუთრებით - ადამიანებს" - კვირის პალიტრა

"კარანტინის გამო 80%-მა წონა მოიმატა... ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე, განსაკუთრებით - ადამიანებს"

დათუნა სულიკაშვილის 2003 წელს დაწყებული კარიერა თავბრუდამხვევად განვითარდა. დღეს მის სამოსს უამრავი სელებრითის გარდერობში შეხვდებით. მათ შორის არიან ნანი ბრეგვაძე, შერონ სტოუნი და სხვები. ცნობილ დიზაინერთან დღეს ვისაუბრებთ, როგორ შეიცვალა მოდის სამყარო და როგორი იქნება 2021 წლის ზაფხული მის შემოქმედებაში.

- პანდემიის გამო დღემდე გაურკვეველია, როგორი იქნება მოდა მომავალში. დაიხურა ბევრი უნიკალური ბრენდი, მათ შორისაა ჰუსეინ ჩალაიანი, რომელიც იყო გენიოსი და შევიდა მოდის ისტორიაში. ის იყო პირველი, ვინც მექანიკური ტანსაცმელი შექმნა.

დღეს კონკრეტული მოდა აღარ არსებობს. მოდაშია ის, რაშიც კომფორტულად გრძნობ თავს. რადგან აღარ არსებობს წვეულებები, ადგილები, სადაც გენდომება, გამოიყურებოდე ლამაზად, ჩაიცვა ის, რაც გსურს, მოგწონს და გინდა, მოაწონო სხვასაც...

კარანტინის გამო 80%-მა წონა მოიმატა და ყველას თავისუფალი სტილის მოთხოვნა გაუჩნდა. დღეს მოდის სამყაროში არ არსებობს კონკრეტული ტენდენციები. პანდემიამ ძალიან ბევრი რამ შეიწირა. ვფიქრობ, ღირებულებებიც გადაფასდა არა მარტო მოდაში, არამედ ხელოვნების ყველა სფეროში. იმედი მაქვს, ახლა შეიქმნება ნამდვილი ხელოვნება, რადგან ბოლო დროს მოდა გახდა მეტისმეტად კომერციული, აღარ იქმნებოდა ისეთი გენიალური რაღაცები, როგორსაც ჯონ გალიანო, გოტიე, მსოფლიოში ცნობილი სხვა დიზაინერები ქმნიდნენ. ალბათ, ეს გარდატეხა კარგია, ძალიან ბევრ რაღაცაზე დაგვაფიქრებს, მაგალითად, სისუფთავეზე, ეკოლოგიაზე და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

- თქვენში რა გარდასახვა მოხდა? - ძალიან ბევრი რამ გადავაფასე, ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე, განსაკუთრებით - ადამიანებს. დრო, რომელიც არასოდეს მყოფნის, ძალიან დავაფასე და დავიწყე სახლში ხატვა. რაღაცებს ვქმნი, რისი დროც არასდროს მქონდა, რადგან, ძირითადად, ატელიეში ვიყავი, მოვდიოდი დაღლილი და ვიძინებდი. ბევრმა ხელოვანმა ეს დრო სასიკეთოდ გამოიყენა, მიუხედავად დაძაბულობისა, ბევრი ტრაგედიისა და უახლოესი ადამიანების დაკარგვისა.

- მექანიკური სამოსი ახსენეთ... როგორია ის? - თავისუფალი, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობ. ჰუსეინ ჩალაიანმა შექმნა. უნიკალური ბრენდია, რომელიც გაკოტრდა და დაიხურა. ბევრი გენიალური ბრენდი იხურება, რომლებიც მოდას სხვა ფერს სძენდა და ძალიან სამწუხაროა, რომ დიდ მოდის სახლებს უფრო დაეტყო პანდემია, ვიდრე ჩვენნაირ პატარა სახლებს. დიდი სახლები დიდშემოსავლიანია, მაგრამ ძალიან დიდი გასავალიც აქვთ და გაუჭირდათ ამ პანდემიის გადატანა. მგონია, რომ ქართველი დიზაინერები გმირები ვართ, რადგან ვუძლებთ და ვიბრძვით. სილამაზის გარეშე სამყარო ხომ ვერ იარსებებს...

- დათუნა სულიკაშვილის ამ ზაფხულის სილუეტი, ფერი და მოდა ხომ არსებობს. როგორი იქნება ის წელს? - მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უსაყვარლესი ფერებია შავ-თეთრი და ოდესღაც სამყაროსაც შავ-თეთრად ვხედავდი, ამ პანდემიის დროს მივხვდი, რომ ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ამ სეზონზე მომხმარებელს ბევრ ფერს ვთავაზობ, სტილი კი თავისუფალი და კომფორტულია. მინდა ჩემმა მომხმარებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს, გამოიყურებოდეს ელეგანტურად და განსხვავებულად, არ ჰგავდეს სხვას. ფეხსაცმელი იქნება დაბალი. მე ძალიან მიყვარს ქუსლი, თუმცა შეუძლებელია ქუსლებით სიარული მარკეტში ან სხვაგან, სადაც დღეს გვიწევს მისვლა-მოსვლა, ამიტომ ჩემი ფეხსაცმელი იქნება ღია ან დახურული, მაგრამ - დაბალი. ამ სეზონზე, ძირითადად, იქნება შარვლები, მაგრამ ვცდილობ, წელი იყოს დაფიქსირებული და არა - ფართხუნა და თავისუფალი. ყოველთვის ვცდილობ, შევინარჩუნო სილუეტი და არ დავკარგო ფორმა. კაბები იქნება გაშლილი, დაღილული. პარიზში შევუკვეთე ვინტაჟური ღილები, რომლებითაც გავაკეთე ახალი კოლექცია.

- მაკიაჟი? - მაკიაჟის მომხრე საერთოდ არ ვარ, განსაკუთრებით, ზაფხულში. მომწონს მხოლოდ ფერმკრთალი წითელი ტუჩსაცხი და ტუში. 10 ივნისს მაქვს ჩვენება და იქ წარვუდგენ ჩემს მომხმარებელს, როგორი წამომიდგენია ქალი ზაფხულში. იმედი მაქვს, ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდება, მოდაც თავის გზას იპოვის და მოდის სამყარო ძველებური რეჟიმით ამუშავდება.