"ვინ არის ბედნიერი თავისი ცხოვრებით?" - კვირის პალიტრა

"ვინ არის ბედნიერი თავისი ცხოვრებით?"

ათი წლის წინ მითხრა: "ყველას ჰგონია, ცხოვრების ნებიერი ვარ, "რძეში ვბანაობ", ეს იმიტომ, რომ არასოდეს დამიწუწუნია, არ მითქვამს "მიჭირს", არავისთვის არაფერი მითხოვია".

ცხოვრების მეცხრე ათეულ წელში გადამდგარი ისევ ისეთია: არ წუწუნებს, არც გადატანილ ავადმყოფობაზე ლაპარაკობს, არც სულიერ ტკივილზე... ყველა ოთახში შვილებისა და შვილიშვილების ფოტოებია. ყველაზე საყვარელი და ახლობელი ადამიანები შორს ჰყავს... და როცა ვინმე იკითხავს, მაინც როგორია ლიანა ასათიანი, შეგიძლია მშვიდად, სრულიად დარწმუნებულმა უპასუხო: ძლიერი...

ჩემი გარიჟრაჟი

ოპერის უკან ვცხოვრობდით. ეს სახლი საგასტროლოდ ჩამოსული პრიმადონების საცხოვრებლად ქირავდებოდა. ბინა პატარა გვქონდა, მაგრამ  შედარებით კეთილმოწყობილი. მთელ სახლში მარტო ჩვენ გვქონდა ცალკე საპირფარეშო.

მამა სახელმწიფო დაგეგმარებაში მუშაობდა. დედაჩემი - მერი ბურდული ძალიან ნიჭიერი ქალი იყო.  სხვადასხვა რედაქციაში მუშაობდა  - სასამართლო პროცესებს აშუქებდა. სკოლიდან რომ მოვიდოდი, ვხედავდი, გაზეთებს როგორ ატარებდნენ და ყვიროდნენ: - იყიდეთ, მერი ბურდულის სასამართლოო...

მყავდა 6 წლით უმცროსი ძმა - რეზო. ხან ვამბობ, ბავშვობა არც მახსოვს-მეთქი. ცოტა წამოიზარდა თუ არა, ხელში აყვანილი დამყავდა ეზოში. საღამოობით გავიდოდი ბაღში, ჩამოვჯდებოდი, კალთაში რეზო მეჯდა... გულდაწყვეტილი ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ, მე კი ძმას ვერ დავტოვებდი. რეზო  6 წლის რომ გახდა, მაშინ გაშორდნენ ჩვენი მშობლები ერთმანეთს. მე დედამ წამიყვანა. რეზო მამასთან დატოვა.

დედა მეორედ გათხოვდა, ვასო ეგნატაშვილს გაჰყვა. ის პრეზიდიუმის მდივანი იყო.

მამას მეზობლის ქალი შეუყვარდა და მასთან  სამი შვილი ეყოლა, დედასაც შეეძინა კიდევ ერთი შვილი... ასე რომ, ნახევარძმები და დებიც მყავს.

რაკი მამინაცვალთან კარგ პირობებში ვცხოვრობდი, ხალხს ეგონა, არაფერი გვიჭირდა.  გავიდა რამდენიმე წელი. ერთ დღეს შინ არ დაბრუნდა. პირველ ოჯახში დავბრუნდიო, - შემოგვითვალა...

დროც ისეთი იყო, ყველას უჭირდა... ხელმოკლეობის ამბავი უფრო ადრინდელიც მახსოვს. ძალიან პატარა ვიყავი. შაქარი არ გვქონდა, ჩაიში ცოტა მარილს ვყრიდით და ისე ვსვამდით...

KvirisPalitra.Geჩემი დილა

იცით, რა მახსოვს? ჩემს პირდაპირ, ცოტა მოშორებით ცხოვრობდა ერთი ბიჭი... ვუყურებდი მის ფანჯარას და მეჩვენებოდა, რომ ისიც მიყურებდა... მუსიკაზე დავდიოდი ჩემსავე ქუჩაზე. პედაგოგი ჟიტკოვსკაია იყო, ანჩხლი ქალი. მასთან სწავლობდა გენერლის ქალიშვილი - ჩასუქებული, ნებიერი... შემთხვევით ქუჩაში ვნახე, ის ბიჭი, მე რომ მომწონდა, არ არის ჩახვეული ამ გოგოსთან?! ის იყო და ის. ამოვიგდე გულიდან.

ძალიან მიყვარდა თეატრი, ოპერა. ხშირად დავდიოდი.  ვბრუნდებოდი შინ და ვცეკვავდი, ვმღეროდი... სასაცილო სანახავი ვიქნებოდი.

თექვსმეტი წლის ვიყავი, მე და ჩემი მეგობრები მარჯანიშვილის თეატრში რომ წავედით, სპექტაკლ  "გიორგი სააკაძის" სანახავად. პაოლო იაშვილის ქალიშვილი მედეა, გოგლა ლეონიძის ქალიშვილები - თინა და ნესტანი და  მე ანტრაქტზე ვესტიბიულში გამოვედით. უცებ ორი ადამიანი მოგვიახლოვდა.  ნატალია ჟუჟუნაძე - მიხეილ ჭიაურელის ასისტენტი და შალვა გედევანიშვილი - მეორე რეჟისორი. მკითხეს, ვინ ხარო და შემომთავაზეს ფილმ "გიორგი სააკაძეში" გადაღება... ჩამაცვეს, გამიკეთეს გრიმი. სარკეში რომ ჩავიხედე, ძალიან მომეწონა ჩემი თავი. გადაიღეს კადრები და როლზე დამამტკიცეს. ამ ფილმმა მაშინ ფურორი მოახდინა...

სკოლა რომ დავამთავრე, გადავწყვიტე, სამედიცინო ინსტიტუტში ჩამებარებინა. აკაკი ხორავა და შალვა ღამბაშიძე თეატრებში მეპატიჟებოდნენ, არ წავედი. ხომ ვხედავდი, როგორ მოდიოდნენ ჭიაურელთან ცნობილი მსახიობები და სთხოვდნენ, - მასობრივ სცენებში მაინც დაგვაყენეო... ამას ვერ შევძლებდი. ასეთი ხასიათი მქონდა...

სამედიცინო რომ დავამთავრე, ექიმად ვიმუშავე კიდეც. მერე ისევ კინოს გამო მომიხდა სამსახურის დატოვება. ახლა რომ ვფიქრობ, ყველაზე მეტად "თავადის ქალი მაია" მომწონს.

1945 წელს 24 წლის ვიყავი. რეჟისორი შოთა მანაგაძე მიღებდა "ჭირვეულ მეზობლებში". სოფლელ გოგონას ვთამაშობდი. სურათზე მუშაობდა კომპოზიტორი გუგული (დავით) თორაძე, საოცრად კეთილშობილი ადამიანი. საუკეთესო კანდიდატურად მივიჩნიე და ცოლობაზე დავთანხმდი...

ჩემი შუადღე

გუგულის რბილი ხასიათი ჰქონდა. ისე, ალბათ ეჭვიანობდა კიდეც. როცა კინოსტუდიამ სახალხო არტისტის წოდებაზე წარმადგინა, თურმე გუგული დადიოდა ცეკაშიც, სამინისტორშიც და ყველას სთხოვდა, არ მისცეთ ლიანასო... რომ გავიგე, უკვე გავლილი იყო ეს ამბავი და აღარაფერი მითქვამს.

ბავშვებს საკმაოდ მკაცრად ვზრდიდი. ლექსო მუსიკაზე რომ მივიყვანე, ორი წელი მე ვამეცადინებდი, ნინო ხელში მყავდა და ლექსოს გვერდით ვიჯექი ინსტრუმენტთან. მერე რეპეტიტორი დადიოდა შინ... ერთხელ სკოლაში მივედი და ვნახე, ლექსოსთვის ორიანი გამოუყოლებიათ რომელიღაც საგანში. მასწავლებელს ვუთხარი, ორიანი ერთი კი არა, თუ გინდათ ათი გამოაყოლეთ, მაგრამ მშობელი უნდა დაიბაროთ და უთხრათ, მისი შვილი რომ არ სწავლობს-მეთქი. სასწრაფოდ  მუსიკალურ ათწლედში გადავიყვანე.

ჩემი ცხოვრების ძალიან მძიმე ეპიზოდი იყო, როცა ლექსო უცხოეთში დარჩა... მე და გუგული მოსკოვში ველოდებოდით შვილის დაბრუნებას. ლექსოს ნაცვლად მისი ნივთები მოგვიტანეს. სამწუხაროდ, სხვა გზა არ ჰქონდა... მოსკოვის ტელე-რადიოს ორკესტრის დირექტორი ძალიან უსამართლოდ მოექცა, გასტროლებამდე ექვსი თვით ადრე შეუკვეთა რახმანინოვის მეორე კონცერტი... წასვლა არ უნდოდა. წინა წელს ლეჩხუმში გამოიარა რაჭიდან და იქ დაუკრა კულტურის სახლში.

მერე ლეჩხუმელებს შეჰპირდა, გაისადაც ჩამოვალო. ამბობდა, სიტყვას ვერ გავტეხ, ლეჩხუმში მელოდებიან, გასტროლებზე ვერ წავალო. მე დავაძალე, - მოამზადე კონცერტი, არ თქვან, ვერ შეძლოო... მადრიდის აეროპორტში გაირკვა, რომ ბინძური ფინანსური გარიგების გამო მისი კონცერტი მოიხსნა. აღარც მოსკოვში დააბრუნეს. ოცი დღე აწოწიალეს აღმა-დაღმა... მანამდე ამერიკაში რვაჯერ იყო ნამყოფი კონცერტებით, ვან კლაიბერნის კონკურსის ლაურეატიც გახლდათ. ესპანეთში ამერიკელებს უნახავთ, რა დღეშიც იყო და 16 ანგაჟემენტი მისცეს ამერიკის პრესტიჟულ დარბაზებში...

კა-გე-ბემ ყველგან  ლექსოს სურათები  გააკრა,  ეძებდნენ. სსრკ-სა და ესპანეთს შორის არსებობდა ხელშეკრულება თავშესაფრის მთხოვნელთა უკან დაბრუნების თაობაზე. ლექსოს მეგობრები მალავდნენ თურმე. დღედაღამ ვლოცულობდი, კა-გე-ბეს არ ეპოვა. მერე იტალიაში გააპარეს. იქ უკვე თავისუფალი იყო... ხუთი წელი არ მენახა ჩემი შვილი... მე ვიყავი პირველი დედა, რომელიც საზღვარგარეთ გამიშვეს. რეიგანის ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე ამერიკელებმა პატიაშვილს წერილი გადასცეს, - ლექსო თორაძესთან იქნებ დედამისი გაუშვათო. გამომიძახეს ცეკაში - გიშვებთ და იქნებ უკან დააბრუნო ლექსოო.

ჩემმა შვილმა საოცარი შეხვედრა მომიწყო. აეროპორტი თითქმის დაიხურა. ტელევიზია, პრესა, ფოტორეპორტიორები გვეხვივნენ თავს. ვფიქრობდი, რომ ჩავიდოდი, წყნარად დავსხდებოდით სადმე, ვისაუბრებდით, ვიტირებდი... გუგული უკვე აღარ იყო ცოცხალი... ათი დღის შემდეგ კონცერტი ჰქონდა. იქ სცენაზე თაიგულები არ მიაქვთ, სამსახიობოში შეაქვთ. როცა ლექსოსკენ სცენაზე ადმინისტრატორი გაემართა თაიგულით ხელში, - მე არა, დედაჩემს მიართვითო. დარბაზში ერთი ამბავი ატყდა. სიხარულის ცრემლები ღვარად მომდიოდა...

ლექსომ წასვლამდე დიდი სიყვარულის მოპოვება შეძლო არა მარტო მუსიკალურ წრეებში, უბრალო ხალხშიც კი. ერთი ქურთის ქალი გვილაგებდა სადარბაზოს. ერთხელ დავპატიჟე, ვისაუზმოთ-მეთქი. არ მინდა, ლექსოს გეფიცებიო... განცვიფრებული დავრჩი, - რით შეაყვარა ასე თავი ხალხს.

მე რატომ არ წავედი ამერიკაში? წავიდა ის, ვინც არის საქმის გამკეთებელი, აბა, მე ჰოლივუდში არავის ვუნდოდი და...

ჩემი საღამო

შეცდომაა, რომ ახალგაზრდობაში არ ფიქრობ მოხუცებულობაზე... სამი წლის წინ ჩიტივით დავფრინავდი. როგორ წარმოვიდგენდი, რომ მომინდებოდა ადგომა და ვერ ავდგებოდი...

ახლა რომ ცხოვრებას ვიწყებდე, ბევრ რამეს შევცვლიდი... თუმცა, კინოში ისევ ვითამაშებდი, ექიმიც გავხდებოდი... ყველაფერი ჩემი დიდი წვალების შედეგად მოდიოდა... მარჯანიშვილზე ოროთახიანი ბინა  გადავაკეთე სამოთახიანად... შევცვალე ყველაფერი. მერე ვაკეში გადავედით და რემონტი დავიწყე. გუგული ამიტეხდა ჩხუბს, - რა ამბავიაო! მივცემდი საგზურს ხელში, გავუშვებდი დასასვენებლად და მის ჩამოსვლამდე ვამთავრებდი რემონტს... ასეთი ვიყავი.

საკუთარი გარეგნობითაც კი სულ უკმაყოფილო ვიყავი. ცხვირის შეცვლაც მინდოდა, სახის ოვალისაც... მართალია, ვერაფერი შევიცვალე, მაგრამ მაინც... რას ვდარდობდი, ღმერთმა რაც მოგცა, ისე უნდა იცხოვრო...

საერთოდ, ჩემს საფიქრალს შვილებსაც კი არ ვუმხელ. ერთხელ შევცდი, ლექსოს შეტყობინება დავუტოვე - ლექსუნა, მომენატრე, გამეცი ხმა, შემოგევლოს ჩემი თავი-მეთქი. შუაღამისას დამირეკა გულგახეთქილმა - რა მოხდაო. არ არიან მიჩვეულები ჩემგან. როცა ჩემი ქალიშვილი - ნინოც უცხოეთში წავიდა, გავაფრთხილე: როცა მოგენატროთ, თვითონ დამირეკეთ-მეთქი...

იცით, რა არის ჩემი სიმდიდრე? ლექსომ რაღაც საბუთები გამოგზავნა, კონვერტზე დააწერა: "ლექსოს ლიანას." ვუყურებ ამ კონვერტს და ვფიქრობ, ამაზე მეტი რა უნდა მომწეროს?

მყავს ორი შვილი, სამი შვილიშვილი... ჩამოდიან ხოლმე ჩემთან...

ახლაც მომხიბვლელი ვარ? რას ბრძანებთ! სარკეში, იცით, რამდენი ხანია აღარ ჩამიხედავს?..

ახლა შეგეკითხებით: ვინ არის ბედნიერი თავისი ცხოვრებით?  - მგონი, არავინ...