"ჩნდება შანსი, რომ ისრაელის კვლევის მესამე ფაზის ნაწილი ჩატარდეს საქართველოში" - დაამარცხებს თუ არა პანდემიას ახალი პრეპარატი EXO-CD24? - კვირის პალიტრა

"ჩნდება შანსი, რომ ისრაელის კვლევის მესამე ფაზის ნაწილი ჩატარდეს საქართველოში" - დაამარცხებს თუ არა პანდემიას ახალი პრეპარატი EXO-CD24?

ისრაელში შექმნეს კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატი EXO-CD24. ეფექტიანია თუ არა ის და კიდევ რომელ პრეპარატებს ვიცნობთ? ამ და პანდემიასთან ბრძოლის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გვესაუბრება.

- ნებისმიერი წამალი, რომელიც შეემატება კაცობრიობას ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი და იმედი. რადგან პანდემიის დასრულება, როგორც ჩანს, მარტო ვაქცინით ძალიან გართულდება და შეიძლება წლები გასტანოს. ჯერჯერობით ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს დამტკიცებული ერთადერთი წამალი, რომელიც პლანეტაზე "კოვიდ 19"-ის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, არის "რემდესივირი".

- რომელსაც ხან აღიარებდნენ, ხან აჩერებდნენ... - ამერიკა აღიარებს და იყენებს კიდეც მძიმე პაციენტებთან, განსაკუთრებით ჟანგბადდამოკიდებულებთან. ჯანმო ნაკლებად აღიარებს ამ წამალს. ჩვენს ქვეყანასაც ჰქონდა პირველი პარტია შემოტანილი, თუმცა არ ვიცით, რა შედეგები აჩვენა. ალბათ, ინფექციური პათოლოგიის ცენტრი გვეტყვის ამას, რადგან ისინი მართავდნენ და კომისიური წესით გასცემდნენ.

რაც შეეხება ახალ პრეპარატს, ჩვენ ორი პრეპარატის შესახებ მოვისმინეთ მსჯელობა. ერთი იყო ამერიკული "მოლნუპირავირი", ემორის უნივერსიტეტში შექმნილი. ცხოველებზე ჩატარებული პირველადი კვლევები აჩვენებდა, რომ ის სრულად თრგუნავდა ერთი ცხოველიდან მეორეზე ვირუსის გადაცემას, მაგრამ როცა ადამიანებზე დაიწყეს შემოწმება, პირველი და მეორე ფაზის კვლევებმა არანაირი ეფექტი არ აჩვენა. ახლა ისევ მიმდინარეობს კვლევა და არსებობს იმედი, რომ შეიძლება ეფექტიანი იყოს დაავადების გამოვლენამდე - თუ ადამიანი არის ავადმყოფის ოჯახის წევრი, ან ჰქონდა ინფიცირებულთან ურთიერთობა.

"კოვიდით" დაავადებისას სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზია ციტოკინური შტორმი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობით ხასიათდება, მით უფრო შუახნის ადამიანებში - იმუნურ სისტემას, ნაცვლად იმისა, ვირუსს ებრძოდეს, იერიში მიაქვს საკუთარ უჯრედებზე და იწვევს ფილტვის ქსოვილის დაზიანებას.

ისრაელში შექმნეს პრეპარატი EXO-CD24, რომელიც ფილტვებში ამ ციტოკინური შტორმის დათრგუნვას იწვევს. პირველადი კვლევებიც ჩატარდა. პრეპარატი ადრეულ ეტაპზე ტოქსიკურობით ხასიათდება, მაგრამ ისრაელელმა მეცნიერებმა მოიფიქრეს მისი ინჰალაციური მიღება. პირველი და მეორე ფაზის კვლევებით ჩანს, რომ პრეპარატი მხოლოდ საშუალო და მძიმე პაციენტებში გამოიყენება.

მისი მიღების კურსი ხუთდღიანია. EXO-CD24-ის კლინიკური ეფექტი მაღალია, მაგრამ საყოველთაო აღიარება რომ მოიპოვოს, საჭიროა მესამე ფაზის მულტიკონტინენტური კვლევები, რომელშიც უკვე მონაწილეობს სხვადასხვა რასის, ეთნოსის, ასაკი, ეროვნების ათიათასობით ადამიანი. ჩნდება შანსი, რომ ისრაელის კვლევის მესამე ფაზის ნაწილი ჩატარდეს საქართველოში.

- როგორ ტარდება ეს კვლევა? - კვლევისას პაციენტების ნაწილს ინჰალაციის სახით მიეწოდება ის ნივთიერებები და უტარდება ის მკურნალობა, რომელიც ჩვეულებრივ პროტოკოლში დღემდე არსებობს, მეორე ნაწილს კი მიეწოდება EXO-CD24, ოღონდ რომელს რა მიეწოდება, არ ეცოდინება არც ექიმს და არც - პაციენტს.

- ეს იურიდიულად გამართლებულია? - ყველა კვლევის მესამე ფაზა ასე ტარდება. ჩვენც ჩაგვიტარებია მსგავსი კვლევები ალერგოლოგიაში. 7-8-გვერდიანი დოკუმენტია, რომელსაც ჰქვია პაციენტის (ან მისი მეურვის) ინფორმირებული თანხმობის ფორმა. გასაცნობად ეძლევათ რამდენიმე დღე და თუ ხელმოწერით დაადასტურებენ, კვლევაში ერთვებიან. საქართველოში ეს კვლევა მალე დაიწყება, იურიდიული საკითხების მოგვარებაა საჭირო, აუცილებელია შედგეს ბიოეთიკური კომისია.

- კიდევ რომელი ქვეყანა ხდება ამ კვლევის ნაწილი? - ისრაელისა და საბერძნეთის შემდეგ მესამე ქვეყანა იქნება საქართველო, მერე კი გავრცელდება სხვა ქვეყნებშიც.

- შეიძლება ამ პრეპარატმა ვაქცინა ჩაანაცვლოს? - ვაქცინას ვერასდროს ჩაანაცვლებს EXO-CD24. ეს არის მძიმე პაციენტების სამკურნალო წამალი და არა - პროფილაქტიკური პრეპარატი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ვაქცინირებული ადამიანებიც შეიძლება მოხვდნენ საავადმყოფოში.

- მაგრამ არა - რეანიმაციაში... - შესაძლოა, რეანიმაციაშიც. სხვათა შორის, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი "ფაიზერით" 100 ათასი ვაქცინირებულიდან, ორჯერ ვაქცინირების მიუხედავად, სამწუხაროდ, 138 გარდაიცვალა, 100 ათასი არავაქცინირებულიდან კი - 3500. ამიტომ თუ ვაქცინირებულიც დამძიმდება, თუ სამკურნალო წამალი გვექნება, ყველასთვის სასარგებლო იქნება.

- სხვა ვაქცინების სტატისტიკასაც გაგვაცნობთ? - მესამე ფაზის კვლევაში "ასტრაზენეკას" ეფექტიანობა 66%-დან 76%-მდე იყო, ინგლისში გამოყენებულმა თითქმის 50 მილიონზე მეტმა დოზამ კი აჩვენა, რომ რეალურ ცხოვრებაში ვაქცინის ეფექტიანობა 85%-დან 90%-მდეა. ერთი სიტყვით, წამალიც გვინდა და კარგი ვაქცინაც... "სინოფარმი" აღიარებულია, "სინოვაკი" აღიარებას ელოდება. "სინოფარმის" ეფექტიანობა ამ ეტაპისთვის 78-79%-ია. რაც შეეხება "სინოვაკს", მას იყენებს თურქეთი, აზერბაიჯანი, ბრაზილია და სხვა, სულ 35-მდე ქვეყანა. სტრატეგიულ ექსპერტთა საბჭოს შეხვედრა დანიშნულია 27 მაისს და დიდი ალბათობით მას ავტორიზაციას მიანიჭებენ.

ჩატარებული კვლევებით ბრაზილიაში მისი ეფექტიანობა 50,4%-ია. ჯანმოს სტანდარტით, ვაქცინა, რომლის ეფექტიანობა იქნება 50% და მეტი, შეიძლება განიხილონ როგორც ეფექტიანი.

"სინოვაკის" ეფექტიანობა თურქეთში 90%-ია, ჩილეში - 82%, ინდონეზიაში - 80%-ზე მეტი, ბაჰრეინში - 82%...

- რატომ არის სხვადასხვა პროცენტი? - აქ მოქმედებს შტამების მუტაციის უნარი. ბრაზილიაში არის ე.წ. ბრაზილიური შტამი, რომელიც პირველ ვირუსთან შედარებით სახეცვლილია, ამიტომ იქ ჩატარებულმა ვაქცინებთან დაკავშირებულმა ყველა კვლევამ დაბალი პროცენტი აჩვენა. მაგალითად, კატარში "ფაიზერით" ორჯერ აცრილი 380 ათასი ადამიანის კვლევამ აჩვენა, რომ ბრაზილიური შტამის მიმართ "ფაიზერის" ეფექტიანობა იყო 75%, ანუ 19%-ით შემცირებული. ამით აიხსნება, რომ ბრაზილიურ შტამთან "სინოვაკის" ეფექტიანობა დაბალია, სამაგიეროდ, ის კარგად მოქმედებს ბრიტანულ შტამზე. ბრიტანული შტამია გავრცელებული თურქეთშიც, ჩვენს ქვეყანაშიც...

- კიდევ რომელი შტამებია გავრცელებული მსოფლიოში? - ბრიტანული ანუ კენტის შტამი, სამხრეთაფრიკული, ბრაზილიური და ე.წ. ორმაგი მუტაცია, ინდური შტამი. ახლა ეს არის ყველაზე დომინანტური მსოფლიოში.

- როგორ მოქმედებს მათზე საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინები?

- ძირითადად, ყველა ვაქცინის ეფექტიანობა შემცირებულია, იმიტომ, რომ "ფაიზერი", "ჯონსონი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი", "სპუტნიკი" - ყველა დამზადებულია ვირუსის იმ ვარიანტისთვის, რომელიც იყო უხანში, მერე კი ჩინეთიდან წამოსულმა ვირუსმა არაერთი მუტაცია განიცადა, თუმცა ისე ვერ შეიცვალა სახე, რომ ვაქცინების ეფექტი საერთოდ განულებულიყო. ყველა ვაქცინას შენარჩუნებული აქვს მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან ადამიანების დაცვის უნარი.

- ინდური შტამის განსაკუთრებულად რატომ ეშინიათ?

- მასში აღმოჩენილია ორივე ის მუტაცია, რომლებიც არის ბრაზილიაშიც და სამხრეთ აფრიკაშიც.

- სამხრეთ აფრიკის შტამზეც ამბობდნენ, რომ ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მის წინააღმდეგ ეფექტიანია თუ არა ვაქცინები... - სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევებით, ამ შტამზე "ასტრაზენეკას" ეფექტიანობა იყო 21,9%. შედარებით მაღალი - 50%-მდე იყო "ჯონსონის და ჯონსონის" ვაქცინა. სამხრეთ აფრიკამ თავისი მოსახლეობის "ასტრაზენეკათი" აცრაზე უარი თქვა და ახლა იყენებს "ჯონსონსა" და "ფაიზერს", თუმცა ჯანმომ მოუწოდა მათ, გააგრძელონ "ასტრაზენეკათი" აცრა, რადგან ის სიკვდილისგან უეჭველად გვიცავს.

ინდურ მუტაციასთან დაკავშირებით დამაიმედებელია ინფორმაცია, რომ ინდოეთში ახლა გამოიყენება ორი ვაქცინა - "კოვიშილდი", რომელსაც თვითონ ინდოეთი აწარმოებს სერუმის ინსტიტუტში და "კოვაქსინი", რომელიც ზუსტად იმავე მეთოდით არის დამზადებული, როგორითაც "სინოფარმი" და "სინოვაკი". ინდოეთის მოლეკულური ბიოლოგიისა და უჯრედული ბიოლოგიის ინსტიტუტმა ერთი თვის წინ გამოაქვეყნა კვლევა, რომლითაც შეისწავლეს "კოვიშილდით" აცრილი ადამიანების სისხლი და "კოვაქსინის" ეფექტიანობა ინდურ ორმაგ მუტაციაზე. ოფიციალურ დასკვნაში წერენ, რომ ორივე ვაქცინას შენარჩუნებული აქვს ეფექტიანობა და ვირუსს არ შეუძლია, მთლად გაექცეს იმუნიტეტს, რომელსაც ეს ვაქცინები გამოიმუშავებს.

ეს იმედს მაძლევს, რომ ინდური შტამი რომც გავრცელდეს, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინები მასზე აუცილებლად იმოქმედებს.

- არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ და იქნებ გავარკვიოთ, საჭიროა თუ არა აცრის წინ ანალიზების ჩატარება... - ანალიზების ბუმი დაიწყო იმის გამო, რომ გაჩნდა თრომბოემბოლიური მოვლენები, თუმცა იშვიათად - "ასტრაზენეკას", "ჯონსონის და ჯონსონისა" და ამ ვექტორული ვაქცინების გამოყენების მილიონი შემთხვევიდან 8-10 შემთხვევაში. სადაც ხმა მიგვიწვდება, ვუკრძალავთ ამ ანალიზების გაკეთებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ამას ექიმებიც ურჩევენ და ადამიანებიც მათ უჯერებენ, არადა,"სინოფარმს", "სინოვაკს", "ფაიზერს" თრომბოემბოლიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. წინასწარი ანალიზების გაკეთება პაციენტის გაღარიბებას და ლაბორტორიის გამდიდრებას ემსახურება.

ზოგი ექიმი აცრის წინ კონტრაცეპტივების გამოყენებასაც უკრძლავს პაციენტებს, მაგრამ კვლევების შედეგად არც კონტრაცეპტივი აღმოჩნდა რისკ-ფაქტორი.

სამედიცინო პერსონალი აცრილ ადამიანს აფრთხილებს, თუ ვაქცინაციიდან 4-6 დღის შემდეგ დაეწყო კიდურების შეშუპება, თავის უჩვეულო ტკივილი, ან მხედველობის გაორება, მაშინვე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, მაგრამ წინასწარი ანალიზი არაფერზე მიანიშნებს.

- ბავშვების აცრის პერსპექტივა თუ განიხილება? - "ფაიზერმა" ასაკობრივი ზღვარი შეამცირა - აშშ-სა და კანადაში უკვე 12 წლიდან ცრიან. დღეს მსოფლიოში "კოვიდით" 3,5 მილიონი ადამიანია გარდაცვლილი (ჯანმომ გამოაცხადა, რომ რეალური რიცხვი 6-8 მილიონია, რადგან აზიისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ანალიზის აღება ვერ ხერხდება და გარდაცვალების რეალური მიზეზები დამალულია, ან არ არის დათვლილი) და მათ შორის ცოტა ბავშვია, მაგრამ მათი აცრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები შეიძლება იყვნენ ინფექციის გამავრცელებლები. მსოფლიოს მოსახლეობის 29,5% - თითქმის ორმილიარდ-ნახევარია 18 წლამდე მოზარდი და ბავშვი და თუ მათ არ დავიცავთ ვირუსისგან, კიდევ დიდხანს მოგვიწევს პანდემიასთან ბრძოლა. სწორედ ამიტომ აშშ-ში აპირებენ 2022 წლის ბოლომდე ვაქცინაციის ზღვარი ჯერ 6-9 წლამდე ჩამოსწიონ, მერე 2-6 წლამდე და მერე 6 თვიდან 2 წლამდე. საქართველოში "კოვიდით" ბავშვების ინფიცირების 82 შემთხვევა დადასტურდა. საბედნიეროდ, არც ერთი არ გარდაცვლილა.

- დაწყებულია "კოვიდის" დასასრული? - როცა ვაქცინაცია დაიწყო, ეს პროცესი ხატოვნად შეაფასეს, როგორც პანდემიის დასასრულის დასაწყისი, მაგრამ დასასრულამდე ჯერ შორია. დღეს მსოფლიოში აცრილია 1,5 მილიარდი ადამიანი, ანუ პოპულაციის მხოლოდ 10%. არის ქვეყნები, სადაც 40%, 60%, 90%-ია აცრილი. ამ ქვეყნებმა შეაჩერეს ინფექციის გავრცელება, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ჯერ ერთი ვაქცინაც არ გაკეთებულა - ასეთია აფრიკის რამდენიმე ათეული ქვეყანა, ამიტომ "კოვიდის" დასრულებამდე შორია...

- ვაქცინაციის ქართული ტემპი მოგწონთ? - პირველ თვესთან შედარებით ცოტა ავჩქარდით, მაგრამ თუ გვინდა, ქვეყანამ ფუნქციონირება შეძლოს, დაბრუნდეს ტურიზმი, მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი კაცი მაინც უნდა აიცრას. ამ მიზნის მისაღწევად გვჭირდება დღეში 15-20 ათასამდე დოზის გაკეთება. წლის ბოლომდე დარჩენილ შვიდ თვეში ეს არარეალურია, მაგრამ კარგი იქნება, თუ მოვახერხებთ, რომ წლის ბოლომდე 1 მილიონი თანამოქალაქე ორჯერადად გვყავდეს აცრილი. ეს გარდატეხას შეიტანს პანდემიის მართვაში.