როდის დაუბრუნდება ქვეყნის ეკონომიკა კრიზისამდელ ვითარებას - კვირის პალიტრა

როდის დაუბრუნდება ქვეყნის ეკონომიკა კრიზისამდელ ვითარებას

"ლოკდაუნებმა უმუშევართა არმია გაზარდა. საჯარო სამსახურს რომ თავი დავანებოთ, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ერთ წელიწადში დაახლოებით 14%-ით შემცირდა..."

ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა. რა უნდა გაკეთდეს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ კრიზისი და როგორ უნდა იმოქმედოს შექმნილ სიტუაციაში სახელმწიფომ? ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძეს.

- უმუშევრობა ერთ-ერთია იმ ხუთი ძირითადი პრობლემიდან, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს. ამ პრობლემებიდან ორი ეკონომიკურია (ინფლაცია და უმუშევრობა), ორი - პოლიტიკური (პოლიტიკური არასტაბილურობა და ტერიტორიული მთლიანობა). არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი პრობლემა - გაუარესებული დემოგრაფიული ვითარება, როცა მიგრაცია მასშტაბურია, შობადობა კი გარდაცვალების მაჩვენებელს ჩამორჩება.

უმუშევრობის პრობლემა არახალია, მაგრამ მდგომარეობა ლოკდაუნებმა მეტისმეტად გააუარესა. საჯარო სამსახურს რომ თავი დავანებოთ, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 14%-ით შემცირდა. ამასთან, მსხვილ ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის არ შემცირებულა, საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რიცხვი შემცირდა 6%-ით, მცირე ბიზნესში კი 28%-ით. მეტიც, - სამსახური შესაძლოა არ დაუკარგავს ადამიანს, მაგრამ შეუმცირდა ხელფასი, ან მისმა მსყიდველობითუნარიანობამ დაიკლო... ესეც ეკონომიკურ თუ ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის დასაქმებულებსა და მათი ოჯახის წევრებს.

- სწორად მოქმედებს სახელმწიფო, რომ რაც შეიძლება მალე დავძლიოთ ეს პრობლემა? - სახელმწიფოს ორ უკიდურესობას შორის უწევდა არჩევა - პანდემიის პირობებში უკონტროლოდ მიეშვა თავისუფლება, რაც დაავადების მასშტაბის ზრდას გამოიწვევდა, თუ შეზღუდვებით ეკონომიკის დაზიანებას დასთანხმებოდა. პირველი ტალღის დროს უპირატესობა, ძირითადად, მიენიჭა ჯანმრთელობას, ეკონომიკის ვარდნის მასშტაბმა, მაგალითად, აპრილში 16,6%-ს მიაღწია. დაავადებათა მაჩვენებელიცა და ლეტალური შემთხვევებიც კი ცოტა იყო. სხვა სურათი მივიღეთ მეორე ტალღის დროს. მაშინ ეკონომიკის მდგომარეობა არცთუ ცუდი იყო, მაგრამ დიდი იყო ზიანი ჯანდაცვის მიმართულებით. ვფიქრობ, მესამე ტალღის შემთხვევაში სახელმწიფო ეცდება, მაქსიმალურად გაწონასწორებული იყოს, რათა ნაკლებად დაზიანდეს ეკონომიკაც და მოსახლეობაც.

იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმების მხრივ მძიმე ვითარებაა, მსოფლიოს ბანკმა 85 მილიონი ევრო გამოყო დასაქმებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, განსაკუთრებით - მცირე და საშუალო ბიზნესში. ეს დროული მაშველი რგოლია ჩვენი ეკონომიკისთვის.

- ამას რამდენ ხანში იგრძნობს მოსახლეობა? - იმის გათვალისწინებით, რომ მცირე და საშუალო საწარმოებში რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული, ეს მალე გახდება თვალსაჩინო. ინვესტიციებს აქვს მულტიპლიკატორული ეფექტიც და ერთ სფეროში დაბანდებული თანხა მთლიან ეკონომიკაშიც ზრდის შემოსავლებს.

ვფიქრობ, წლის მეორე ნახევარში გვექნება გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა და საერთაშორისო ინსტიტუტების საპროგნოზო მაჩვენებელი გადაჭარბებით შესრულდება. ცოტა ხნის წინ უცხოური ინსვესტიციების საკითხებში პრემიერის მრჩევლად დაინიშნა სლოვაკეთის ყოფილი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი, ევროპის საინვესტიციო ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი. მისი პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ინვესტიციების მოზიდვაში დაგვეხმარება. 2015 წელთან შედარებით, 2020 წელს ინვესტიციები თითქმის 3-ჯერ შემცირდა და ამ მხრივ მეტი მუშაობაა საჭირო. ვფიქრობ, ცალკე საკითხია უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებთან ურთიერთობა, რათა ისინი მეტად დაინტერესდნენ საქართველოში კაპიტალდაბანდებით. ეს უკვე იქნება არა უცხოური ინვესტიცია, არამედ კაპიტალის ერთგვარი რეპატრიაცია, სამშობლოში დაბრუნება. ჩვენზე ძლიერმა სახელმწიფოებმა, რომ იტყვიან, საგადასახადო ამნისტია გამოუცხადეს ქვეყნიდან ლეგალურად თუ არალეგალურად გატანილი კაპიტალის დაბრუნებას და რატომ არ შეიძლება ჩვენც ვცადოთ?! ქართველი ბიზნესმენები რუსეთის გარდა საქმიანობენ უკრაინაში, ყაზახეთშიც გამოჩნდა ქართველი მილიარდერი. იქნებ ჩვენგან გაჩნდეს ინიციატივა, რომ მათ შეძლონ ბიზნესის ნაწილის საქართველოში გადმოტანა... ვამბობთ, რომ საქართველო სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ჰაბად უნდა იქცეს, მაგრამ ტერიტორიის ყოველ კვადრატულ კილომეტრზე თითქმის 2-ჯერ ნაკლები საავტომობილო გზა გვაქვს, ვიდრე თურქეთს, 3=-ჯერ ვიდრე საბერძნეთს ან ისრაელს და 6-ჯერ ვიდრე შვეიცარიასა და გერმანიას. თუ დავისახავთ ამბიციურ ამოცანას - 10 წელიწადში მივაღწიოთ საგზაო ინფრასტრუქტურის სიხშირით თურქეთის ამჟამინდელ დონეს მაინც, უზარმაზარი კაპიტალდაბანდება იქნება საჭირო.

სახელმწიფომ უნდა შეძლოს გრძელვადიანი სტრატეგიული ამოცანების დასახვა, რომელთა განსახორციელებლად შეიძლება ქვეყნის გარედან კაპიტალის მოზიდვა. ეს შეიძლება იყოს სამეცნიერო დარგები, ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვ. უნდა გვქონდეს სამი, ოთხი, ხუთი ძირითადი მიმართულება, რომელთა გარშემო შესაძლებელი იქნება იდეების, საზოგადოებრივი აზრის გაერთიანება და კაპიტალის თავმოყრა. მხოლოდ ამგვარად შევძენთ ჩვენს ეკონომიკას მეტ დინამიზმს და უმუშევრობის პრობლემაც სიმწვავეს დაკარგავს.

- უფრო მოკლევადიან პერსპექტივაზე რას გვეტყვით? სოფლის მეურნეობაში იწყება საქმიანობა, ტურისტული სეზონი ახლოვდება... - შარშან აგროსასურსათო პროდუქციის ვაჭრობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი უარყოფითი ბალანსი გვქონდა. შემოვიტანეთ გატანილზე 256 მილიონი დოლარით მეტი ღირებულების პროდუქცია. ადრე სხვაობა 400-500 და ზოგჯერ 700 მილიონსაც აღწევდა. სატრაბახო ეს არ არის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, კარგი იქნება. იმდენი პროდუქცია უნდა ვაწარმოოთ, უცხოეთშიც გავიტანოთ, რომ მისმა ღირებულებამ შემოტანა გადაფაროს. ტურისტებიც გაცილებით მეტს ხარჯავენ იმ ქვეყანაში, რომლის მრეწველობა თუ სოფლის მეურნეობა კარგად არის განვითარებული.

ტურისტების რაოდენობის ზრდა კარგია, მაგრამ თუ მათი მომსახურებისთვის კვლავაც იმპორტირებული საქონელი უნდა შემოვიტანოთ, უცხოელი ტურისტი შეიძენს, მაგალითად, თურქულ პროდუქციას და ფულიც თურქეთში გავა, საქართველო კი სხვაგან შექნილი დოვლათისა და რესურსების უტილიზაციის ადგილად დარჩება.

კრიზისამდელ ვითარებას, 2023-24 წლებამდე ვერ დავუბრუნდებით, თუმცა შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას და ყურადღება გავამახვილოთ უცხოეთიდან შემოსული ტურისტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

- ხომ არ შეგიძლიათ ჩვენს მოსახლეობას შესთავაზოთ, ასე ვთქვათ, გადარჩენის რეცეპტი, რომელიც თუ არ განგვკურნავს, შვებას მაინც მოგვგვრის? - გასული წლის მიწურულს დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტმა ქალაქების მიხედვით კვლევა მოაწყო. გაირკვა, რომ პანდემიის გამო დაახლოებით ყოველი ოთხიდან სამ შინამეურნეობას შეუმცირდა შემოსავალი. ჩვენ შეგვიძლია პანდემიის პირობებში უფრო რაციონალურად მოვიქცეთ: გაცილებით რთულია იმ ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა, რომელთა წევრებიც დაავადდნენ, რადგან მათ ერთხანს შრომის უნარი და შემოსავალი დაკარგეს. ეს განსაკუთრებით შეეხო კერძო ბიზნესში დასაქმებულებს. ამ პრობლემას აქვს ორი მხარე - სამედიცინო და ეკონომიკური. თუ მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენთ, შევძლებთ, ჩვენი ქცევით თავი ავარიდოთ გაუთვალისწინებელ და არასასურველ ხარჯებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიმუშავეთ ის რესურსი, რომელიც შეიძლებოდა სამედიცინო დანიშნულებით დახარჯულიყო.