"ოჯახის წევრები არ ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას რომ მივიღებდი... ბოლო დღეს დაიჯერეს, რომ ჯარში მივდიოდი" - კვირის პალიტრა

"ოჯახის წევრები არ ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას რომ მივიღებდი... ბოლო დღეს დაიჯერეს, რომ ჯარში მივდიოდი"

"ჩემი მეუღლეც სამხედროა და მისი დიდი ხელშეწყობითა და გამოცდილებით მოვახერხეთ, რომ დღეს ორივე ვემსახურებით საქართველოს"

"ვემსახურები საქართველოს" - ამ სიტყვების გაგონებაზე მუდამ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები მახსენდებიან, რომლებიც ყოველ დღე, ყოველ წუთას მზად არიან, საქართველოსთვის თავი გაწირონ. ალბათ, სამშობლო უპირობოდ უნდა გიყვარდეს, რომ მთელი ცხოვრება ფორმა ატარო, ემსახურო და იცავდე შენს ქვეყანას. 25 წლის ლეიტენანტმა, ეკა გაბიტაშვილმა ეს პროფესია სწორედ ამიტომ აირჩია, ბავშვობის ოცნება აიხდინა, ლეიტენანტის წოდება მიიღო და სანატრელი სამხედრო ფორმაც ჩაიცვა. დღეს, ეკა საქართველოს ემსახურება, ამავდროულად, შესანიშნავი მეუღლე და ახალბედა დედაა და წინ კიდევ დიდი გეგმები და მიზნები აქვს. მისი ისტორია ბევრი ქართველისთვის სამაგალითოა, რადგან ქალია, მებრძოლი და თანაც - შეუპოვარი. ეკას თავის საინტერესო ცხოვრების გზასა და სამხედრო სამსახურზე სასაუბროდ დავუკავშირდი:

- მოგვიყევით თქვენი ისტორია, როდის და რატომ გადაწყვიტეთ სამხედრო სფეროში გაწევრება?

- ამჟამად ვმსახურობ თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მეხუთე საარტილერიო ბრიგადაში. ბავშვობიდან მინდოდა, რომ სამხედრო გავმხდარიყავი, ნათლიაჩემი სამხედროა და ყოველთვის მაინტერესებდა მისი ისტორიები, იქაური ცხოვრება და ამან განაპირობა ის, რომ მე დღეს თავდაცვის ძალებში ვმსახურობ. ჩემი მეუღლეც სამხედროა და მისი დიდი ხელშეწყობითა და გამოცდილებით მოვახერხეთ, რომ დღეს ორივე ვემსახურებით საქართველოს.

სამხედრო სფეროს 2017 წელს შევუერთდი და გავიარე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი ("ბისითი"), ჩემს თავზე გამოვცადე, თუ რას ნიშნავს, გეცვას ფორმა და იყო სამხედრო. ამის შემდეგ უფრო და უფრო დიდი მოტავიცია მომეცა, მეტს მიმეღწია ამ სფეროში.

- როგორია ლეიტენანტი ქალის ცხოვრება?

- ამაზე მოკლე პასუხი მაქვს - ჯერ ლეიტენანტობის გამოცდილება არ მიმიღია და, სამწუხაროდ, ვერ გაგიზიარებთ. როგორც კი ლეიტენანტი გავხდი, მალევე, შვილი შემეძინა, ახლა დეკრეტულ შვებულებაში ვარ, ამიტომ ჯერ არ ვიცი. თუმცა გეტყვით, როგორია სამხედრო სფეროში მომუშავე ქალის ცხოვრება. ძნელია, რადგან თავდაცვის ძალებში 90% მამაკაცები არიან და ბევრ კაცს ის შეხედულება აქვს, რომ ქალი მეთაური ვერ გახდება, ცოტა სხვა თვალით უყურებენ მის ბრძანებებს. ძნელია, მაგრამ თუ ადამიანს და ქალს უნდა, ფორმა ჩაიცვას და სამხედრო სამსახურში იყოს, ხელს ვერავინ შეუშლის. მიხარია, რომ ამ სფეროში ქალების რაოდენობა დროდადრო იზრდება. 2017 წელს 70 ადამიანში - 27, ხოლო აკადემიაში, 10-კვირიან "ბისითიში" - 7 ქალი ვიყავით.

- როგორ მიიღეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა თქვენი გადაწყვეტილება?

- მათ ყოველთვის იცოდნენ, რომ სურვილი მქონდა, მემსახურა ამ სფეროში, თუმცა გადაწყვეტილებას რომ მივიღებდი, არ ელოდნენ. ბოლო დღეს დაიჯერეს, რომ ჯარში მივდიოდი. ყველა გვერდში დამიდგა. ორი უფროსი ძმა მყავს, ასაკით დიდები და მეგონა, მათი მხრიდან წინააღმდეგობა წამოვიდოდა, მაგრამ ორივე მხარში ამომიდგა, დღემდე ასეა.

- შორიდან, თითქოს, მარტივი ჩანს ის ყველაფერი, რაც თქვენ გაიარეთ. გვიამბეთ, რა გზის გავლა მოგიწიათ ლეიტენანტობამდე...

- სულ თავიდან რომ დავიწყო, 2017 წელს ჩავირიცხე საწყის საბრძოლო მომზადების კურსზე, სადაც გავიარე 10-კვირიანი წვრთნა და დავინიშნე აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადაში, ეს კი იმის წინა პირობა იყო, რომ გავმხდარიყავი ოფიცერი. სანამ ოფიცერი გახდები, რაღაც საფეხურებია შესასრულებელი, აუცილებელია უმაღლესი სამოქალაქო განათლების დიპლომი. სწორედ ამას ველოდებოდი, რომ სწავლა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გამეგრძელებინა, გადამედგა ის ნაბიჯები, რომელიც ოფიცრობამდე მიმიყვანდა.

დიპლომი ავიღე და 2019 წელს, კიდევ ერთხელ გავიარე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, ამის შემდგომ ოფიციალურად ჩავირიცხე ეროვნული თავდაცვის აკადემიაში და ოფიცრის საკანდიდატო კურსიც დავხურე. შემდეგ გავიარე კიდევ ერთი, ოფიცრის განვითარების კურსი და მომანიჭეს ოფიცრის პირველადი კოდი, რომლითაც დღეს ვმსახურობ თავდაცვის ძალებში, ლოჯისტიკის განხრით.

- სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ თქვენი მეუღლეც სამხედროა, როდის და სად გაიცანით ის?

- მეუღლე ჩემზე გაცილებით დიდი ხანია, ემსახურება საქართველოს, როგორც მახსოვს, უკვე 9 წელია და თავისუფლად ვიტყვი, რომ მან ამ საქმიანობას მთელი ცხოვრება მიუძღვნა, რადგან სკოლა დაამთავრა თუ არა, ჩაირიცხა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში და დღეს ოფიცერია, უფროსი ლეიტენანტი.

ერთმანეთი 2015 წელს, საერთო მეგობრის დამსახურებით გავიცანით. საკმაოდ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება გვაქვს. თავიდან ცოტა რთული იყო იმის აღქმა, რომ ხანდახან მოდიოდა, ვერ ვნახულობდი, თვეები გადიოდა და ერთმანეთი ნანახი არ გვყავდა. შეყვარებულობის პერიოდში გვიჭირდა, მაგრამ შემდეგ შევეგუეთ. როდესაც "ბისითის" კურსებზე მომიწია წასვლა, ჩემს თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს დატოვო ოჯახი 3 თვით და მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტო მათ.

ჩვენი გაცნობის შემდეგ ისე მიეწყო, რომ მეუღლე სულ საველეებზე დადიოდა, უწევდა იქ დარჩენა და, ძირითადად, ჩვენი კომუნიკაცია მხოლოდ ტელეფონით შემოიფარგლებოდა. როდესაც აკადემია დაასრულა და ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ, მე წავედი საწყის საბრძოლო მომზადების კურსზე და მომიწია 10 კვირით მისი დატოვება. დავბრუნდი და ოჯახი შევქმენით. ოჯახის შექმნიდან მალევე სასიხარულო ინფორმაცია გავიგეთ, თურმე, ჩემი მეუღლე ინგლისში, ქვეითის კურსებზე მიდიოდა. 2-3 კვირაში წავიდა და ის დრო ხან მე ჩავდიოდი, ხან ის ჩამოდიოდა, 10 დღით ვნახულობდით ერთმანეთს. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ "კოვიდ-19"-ს უნდა ვუმადლოდე, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ვახერხებთ ერთად ყოფნას, ახლა ყველაფერი შეჩერებულია.

- რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვები "ვემსახურები საქართველოს"?

- ეს სიტყვები ბევრ რამეს ნიშნავს, ვიცი, რომ ვიცავ მათ, ვინც ჩემს ზურგს უკან დგას და ჩემი ყველა მოქმედება სწორედ მათ კეთილდღეობაზე აისახება. ასევე, ეს სიტყვები მახვედრებს, რომ მე ის ერთ-ერთი პირი ვიქნები, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში ასახელებს თავის სამშობლოს და შეძლებს მის ბოლომდე დაცვას. ვთვლი, რომ ყველას ვალდებულებაა, მცირედით მაინც ასახელოს თავისი ქვეყანა.

- საქართველოში კვლავ უკვირთ ქალბატონების სამხედრო სფეროსთან კავშირი, თქვენ თუ შეგიმჩნევიათ ხალხის გაკვირვება ან უცხო რეაქცია...

- თავისთავად, სამოქალაქო და სამხედრო ცხოვრებაში უკვირთ ქალბატონების დანახვა და ინტერესი ამ სფეროს მიმართ. როდესაც გაიგებენ, რომ ხარ თავდაცვის ძალების ოფიცერი ან სამხედრო, სხვანაირად გიყურებენ, უფრო დიდი პატივისცემით. ამ დროს შეამჩნევ გაკვირვებას და აღელვებას. უთქვამთ, ასეთი ნაზი და გამხდარი ხარ, ამდენი როგორ შეძელიო. საამაყოა, როდესაც იძახი, რომ ხარ ოფიცერი და მსახურობ თავდაცვის ძალებში. სამწუხაროდ, ამ სფეროში ქალების რაოდენობა ჯერ კიდევ მცირეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ნელ-ნელა შეიცვლება და ქალბატონების რიცხვი მოიმატებს.

- რაზე ოცნებობდით ბავშვობაში და რა არის ახლა თქვენი ოცნება?

- ბავშვობიდან ვოცნებობდი, სამხედრო ფორმა ჩამეცვა და არ ჰქონდა მნიშვნელობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ვიქნებოდი თუ თავდაცვაში ვიმსახურებდი. ერთი დანამდვილებით ვიცოდი, მინდოდა, მემსახურა საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს ეს ოცნება ავიხდინე, მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი სახელი დავტოვო, რომ მომავალში იცოდნენ ჩემს შესახებ. მინდა, კიდევ ერთი აგური დავდო იმ დიდ "აღმშენებლობაში", რომელსაც თითოეული ჯარისკაცი აშენებს. იმედია, მეც და ჩემს მეუღლესაც გამოგვივა ეს.

- ბავშვი გეყოლათ, ახლა როგორ შეათავსებთ სამხედრო ცხოვრებასა და ოჯახს?

- დიახ, 22 აპრილს გაჩნდა ანასტასია ბენდელიანი. თავდაცვის ძალები ხელს გვიწყობს, გვაძლევს დეკრეტულ შვებულებას, ფინანსურად გვეხმარება და ისინი "კოვიდ-19"-ის გამო მაქსიმალურად უფრთხილდებიან ორსულებს, უშვებენ შვებულებაში ან დისტანციურად ამუშავებენ. დიდი ხელშეწყობა გვაქვს და მადლობელი ვარ ამისთვის. 6 თვის შემდეგ ვიცი, გამიჭირდება სამსახურში დაბრუნება, თუმცა ამასაც გადავლახავ. როდესაც ჩვილი ბავშვის დედა ხარ, სამინისტრო სამუშაო გრაფიკს გიცვლის, ვისაც ბავშვები ჰყავს, სხვანაირი განრიგით მუშაობენ.

- ეროვნული თავდაცვის აკადემია დაასრულეთ და სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში ესეების კონკურსის გამარჯვებულიც გახდით. ამხელა გზა გაიარეთ, დანებების სურვილი არ გქონიათ, რა გაძლიერებდათ?

- არის საკითხები, რომლებზეც კითხვის ნიშნები მიჩნდება, შევძლებ თუ არა ამის გადალახვას. ამ დროს აუცილებლად მივდივარ მეუღლესთან და ვეკითხები აზრს, მისგან ყოველთვის მოდის შემდეგი სიტყვები: კი, შენ ამას შეძლებ და უნდა გააკეთო. მეუღლე ლოგიკურად მიხსნის, რატომ ღირს ასე მოქცევა და ამის შემდეგ ვიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას.

სამეთაურო საშტაბო კოლეჯში, ესეების კონკურსში რომ გავიმარჯვე, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ვსწავლობდი და პირველი კლასის რიგითი ვიყავი. ჩემთვის საამაყო იყო ის, რომ კონკურსში ერთადერთი პირველი კლასის რიგითი და ერთადერთი ქალი ვიყავი, ამან დიდი მოტივაცია მომცა. შეიძლება იყო დაბალი წოდების, მაგრამ ბევრი რამე მოახერხო. მე ჩემი მეუღლე მაძლიერებს, ის მიდგას გვერდით და მიმაგრებს ზურგს. იშვიათია ასეთი მხარდაჭერა და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით.

- რას ეტყოდით ქალებს, რომლებიც ახლა აპირებენ სამხედრო სფეროში სწავლასა და პირველი ნაბიჯების გადადგმას?

- ისინი უნდა მოემზადონ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. უნდა გაანალიზონ, რომ მათაც იგივე პირობებში მოუწევთ ყოფნა, როგორშიც - მამაკაცებს, იმავენაირად დაიტვირთებიან, როგორც ყველა დანარჩენი. დღევანდელ რეალობაში გვაქვს მაგალითები, რომ ქალები ჩვეულებრივად მეთაურობენ ქვედანაყოფებს, ასრულებენ სხვადასხვა დავალებას.

იმ ქალბატონებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ ჩაირიცხონ თავდაცვის ძალების რიგებში, ვუსურვებ წარმატებას და იმედი მაქვს, ქალების პროცენტული რაოდენობა მალე გაიზრდება. თუ მათ იმის შიში აქვთ, რომ ოჯახისა და მეგობრების მხრიდან დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ, ნუ შეეშინდებათ, საბოლოოდ ყველა იამაყებს მათი მიღწევით, ეს ჩემს თავზე გამოვცადე. თავდაცვის ძალებში გაწევრებით ერთ დიდ ოჯახში შედიხარ, ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

(სპეციალურად საიტისთვის)