"თბილისის შემდეგ ისეთ ქალაქში აღმოვჩნდი, რომლის შემოვლაც ერთ დღეში შეიძლებოდა და ეს მეუცხოვა" - კვირის პალიტრა

"თბილისის შემდეგ ისეთ ქალაქში აღმოვჩნდი, რომლის შემოვლაც ერთ დღეში შეიძლებოდა და ეს მეუცხოვა"

"5 წელი ურთიერთობაში ვიყავი ცნობილ მომღერალთან ფრედერიკო პარჩოტისთან, თუმცა სექტემბერში დავშორდით და მეგობრობას განვაგრძობთ"

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გოგო, მერი ჯორჯინი გავიცანი, რომელიც უკვე 11 წელია, იტალიაში, რომში ცხოვრობს. მერი ოპერის მომღერალია, ერთადერთი ქართველია, რომელმაც რომის კონსერვატორიაში სრული დაფინანსებით ჩააბარა, წლების შემდეგ პატარა ბიზნესი წამოიწყო და დღემდე იტალიაში ცხოვრობს. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ჯორჯინს წინ დიდი გეგმები აქვს და კარიერული თუ ბიზნესის წარმატების მხრივ ბევრ საინტერესო სიახლეს გეგმავს. მერის თავისი ამბისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოყოლა ვთხოვე.

- საიდან მოდის შენი ფსევდონიმი - ჯორჯინი?

- ამ სახელს თავისი ისტორია აქვს. ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი მერი ღონღაძეა, თუმცა ღონღაძე რთული გამოსათქმელი გვარია, ამიტომ უკვე წლებია მიცნობენ, როგორც მერი ჯორჯინს. ბავშვობაში თამარ ივერის დიდი ფანი ვიყავი, ბათუმში ჩავდიოდი, რომ მისთვის მომესმინა. ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ გავიგე, რომ თამარ ივერის გვარი ჯავახიშვილია და ივერი ფსევდონიმია. მეც დავფიქრდი, ამ სფეროში უნდა გამეგრძელებინა კარიერა და ფსევდონიმი დამჭირდებოდა, ამიტომ მალევე ჯორჯინი ავარჩიე და მას შემდეგ ყველა ასე მიცნობს - მერი ჯორჯინი.

- როგორ დაიწყო შენი და სიმღერის ურთიერთობა?

- ღრმა ბავშვობიდან ვმღერი. 6 წლის ასაკში ფორტეპიანოზე მიმიყვანეს, ასევე, ვმღეროდი ანსამბლ "გვირილაში" და პირველად სწორედ ანსამბლთან ერთად ჩავედი იტალიაში, სიმღერის კონკურსზე, სადაც ვენეციის საბავშვო ფესტივალის პრემია მოვიგე. იტალიაში მოგზაურობის შემდეგ შემიყვარდა ოპერა, რამდენიმე წელში ანსამბლიდან გამოვედი და ლიანა კალმახელიძესთან გავაგრძელე სიმღერა. ქალბატონმა ლიანამ შვილივით გამზარდა.

12 წლიდან ოპერაში აქტიურად დავიწყე სიარული, ყველა დადგმა და ყველა გენერალური რეპეტიცია მაქვს ნანახი. 12 წლის ვიყავი, როდესაც ოპერისა და ბალეტის თეატრში "ტრავიატა" ვნახე და მივხვდი, რომ ოპერა გაგიჟებით მიყვარდა. 2 წელი ოპერაში სტაჟიორად ვმუშაობდი და კონსერვატორიაში ჩაბარებამდე სპეციალური მოსამზადებელი კურსიც გავიარე. მართალია არ გამიმართლა და საქართველოში ვერ ჩავაბარე, სამაგიეროდ - იტალიაში წამოვედი.

იმ დროს ცუდი პერიოდი დამემთხვა, განათლების სისტემა შეიცვალა და პირველი წელი იყო, როდესაც ეროვნული გამოცდების ჩაბარება დაიწყეს, მე ვიყავი პირველი ნაკადი. იმავე წელს კონსერვატორიაში მისაღები ბავშვების რაოდენობაც შეამცირეს, მხოლოდ 8 ბავშვს იღებდნენ - 4 გოგოსა და 4 ბიჭს. ქულების მიხედვით მე-5 ვიყავი და კონსერვატორიაში ვერ მოვხვდი. დეპრესიაში ჩავვარდი, ვინერვიულე და სახლში ვთქვი, რომ იტალიაში უნდა წავსულიყავი. ვთქვი და იმავე წელს წავედი. ჩავაბარე ოზიმოს აკადემიაში. მე რომ ჩავაბარე, მაშინ იქ 5 ქართველი სწავლობდა. იტალიაში არავინ მყავდა, მარტო ვიყავი და იქ ჩაბარება ჩემთვის ძალიან დიდი პირადი გამარჯვება იყო.

- სკოლის დასრულების შემდეგ მალევე წახვედი იტალიაში, ამხელა ქვეყანაში მარტო წასვლა დიდი გამბედაობაა...

- ოპერის მომღერლობა მინდოდა, ეს ოჯახის წევრებმაც იცოდნენ და ჩემი გადაწყვეტილება მათთვის უცხო არ ყოფილა. იტალიურ ენას ბავშვობიდან ვსწავლობდი და იქ ჩასვლისას გამართულად ვწერდი და ვსაუბრობდი. მარტო ცხოვრება არ გამჭირვებია, ოჯახის წევრებმა ღრმა ბავშვობიდან დამოუკიდებლობას შემაჩვიეს. იტალიაში ნამყოფი ვიყავი და ეს გარემო ბოლომდე უცხო არ იყო ჩემთვის. ზოგადად, ამ მხარეში ბევრი პატარა ქალაქია, ამასთან შეგუება გამიჭირდა. თბილისის შემდეგ ისეთ ქალაქში აღმოვჩნდი, რომლის შემოვლაც ერთ დღეში შეიძლებოდა და ეს მეუცხოვა. თავიდან ყველა ქართველი გადის პერიოდს, როდესაც თავს მარტოდ გრძნობს, თუმცა შემდეგ ეგუები ყველაფერს.

- რთული იყო ოზიმოს აკადემიაში მოხვედრა?

- შეიძლება ითქვას, რომ - ძალიან რთულიც კი. გავიარე 2 ტური და ვიმღერე 6 ნაწარმოები. ჩავაბარე, თუმცა ორმაგი სირთულე წინ მელოდა. აკადემიაში სწავლა მიმდინარეობს დილის 10 საათიდან პირველ საათამდე, შემდეგ, შუადღეს იკეტება  და 4 საათიდან 8-ის ნახევრამდე გრძელდება.

ერთი სასაცილო ამბავიც გადამხდა. იმ პერიოდში ცენტრალურ იტალიაში სამუშაო საათები უცნაურად იყო დაწყობილი. თუ არ ვცდები, დღემდე ასეა, იტალიელები 1-მდე მუშაობენ შემდეგ ისვენებენ და 4-დან აგრძელებენ სამუშაო დღეს. შუადღეს შედიან სახლებში, კეტავენ ფანჯრებს და იძინებენ. ეს უცნაური წესი ჩემთვის ახალი იყო და ერთ დღეს, აკადემიიდან გამოსული, გაოგნებული დავრჩი - პირველ საათზე ქალაქი ცარიელი დამხვდა. ისე ემთხვეოდა, რომ დილით, აკადემიაში მისვლამდე, ვერსად წასვლას ვახერხებდი, შუადღეს ყველაფერი ისვენებდა და საღამოს, აკადემიიდან გამოსულს,  მაღაზიები უკვე დაკეტილი მხვდებოდა. ოზიმოს აკადემიაში 2 წელი ვისწავლე და შემდეგ რომში გავაგრძელე სწავლა. იქ მოხვედრაში საქართველოს საელჩო დამეხმარა.

პირდაპირ შევიტანე საბუთები რომის კონსერვატორიაში, სანტა ჩეჩილიაში. დღეის მონაცემებით, რომის კონსერვატორია მხოლოდ ერთ ქართველს აქვს დამთავრებული და მეორე - მე ვარ. ჩავირიციხე მაქსიმალური ქულით, მოულოდნელი იყო, თუმცა მზად ვიყავი ახალი შანსისთვის. კონსერვატორიაში 5 წელს ვისწავლე.

- მოგვიყევი რომში ცხოვრებასა და სწავლაზე, როგორი იყო რომის კონსერვატორია?

- უკვე შემიძლია, იტალიაში სწავლისთვის ყველა ქართველს ვასწავლო და სწორი გზა ვაჩვენო, ეს ყველაფერი მარტომ გამოვიარე და დიდი გამოცდილებაც მივიღე. თბილისის კონსერვატორიაში არ მისწავლია, თუმცა ვიცი, რა სიტუაციაა საქართველოში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რომში სწავლების იმაზე დაბალი დონეა, ვიდრე - თბილისში.

საქართველოს კონსერვატორიაში ლექტორები ისე არ უყურებენ თავიანთ საქმეს, როგორც სამსახურს, რომში ყველაფერი სხვანაირად დამხვდა. რომში ლექტორები, როგორც სამსახურში, ისე მიდიოდნენ კონსერვატორიაში, ნახევარი საათი გვასწავლიდნენ და შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ, მაშინ, როდესაც საქართველოში ლექტორი საათობით დარჩება, ყველაფერს აგიხსნის და სულს ჩადებს შენს განათლებაში. საქართველოში მუსიკა და კონსერვატორიაში სწავლა დედაშვილობაში, მეგობრობაში გადადის, იტალიაში კი ყველაფერი ფორმალური და განსხვავებულია. მე დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს იტალიელ მაესტროებთან, თუმცა კონსერვატორიის გარეთ მათთან რომ მიხვიდე, ნებისმიერ გაკვეთილში თანხა უნდა გადაიხადო, საქართველოში ასე არასდროს მოხდება. იტალიის კონსერვატორიაში მდიდარი ოჯახის შვილები სწავლობენ, სხვა ღირებულებები და ფასეულობები აქვთ.

- რა მოხდა კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება?

- ოპერის მომღერლის ცხოვრება რთულია, მით უმეტეს, თუ ქალი ხარ და თან - სოპრანო. გიწევს თავი დაიმკვიდრო და შენი სახელი ყველგან გააჟღერო, დადიხარ და კონცერტებს ატარებ, მუდამ შრომობ. ბოლო წლებში იტალიას გაუჭირდა და ამ სფეროში დეგრადაცია განიცადა. თუ ადრე ერთ დადგმაში მომღერალი 4000 ევროს იღებდა, ბოლო წლებია, ეს თანხა 1500 ევრომდე შემცირდა, ამას პანდემია დაემატა და ყველაფერი დაიკეტა.

მე, როგორც საოპერო მომღერალმა, ჩემი საქმე შევინარჩუნე, თუმცა, პარალელურად, ახალი საქმის ძიებაც დავიწყე. რამდენიმე კლასიკური კინომუსიკა ჩავწერე და ხალხისგან დიდი მოწონებაც დავიმსახურე. ასევე, საკუთარი ფეხსაცმელების მაღაზია გავხსენი რომის ცენტრში - "ჯორჯინი შოფ" დავარქვი, ჩემი ფსევდონიმი გამოვიყენე. 2 წელია, რაც მაღაზია მაქვს და დიდი წარმატებით მუშაობს, თან ბიზნესში ვარ ჩართული და თან ოპერის მომღერლობასაც არ ვივიწყებ.

ფეხსაცმელებს ვკერავთ ხელით და იმ სამკერვალოში, სადაც "პრადა", "დოთსი" და სხვა ცნობილი ბრენდები კერავენ. მაღაზია პიაცა ბოლონიაზე, ცენტრში მდებარეობს. ამასთან ერთად, ერთ თვეში ჩემი სიმღერის პრემიერა იქნება, ივნისში და შემდეგ სტამბოლში წავალ გადაღებებისთვის, ასეა დაგეგმილი.

- თბილისს სტუმრობ ხოლმე?

- პანდემიის გამო წელიწად-ნახევარია, თბილისში არ ვყოფილვარ, თუმცა ჩამოვდივარ ხოლმე. ჩემი ოჯახის ნახევარი უცხოეთში ცხოვრობს. დედ-მამა და ჩემი ძმა ამერიკაში არიან, სხვა ნათესავები თბილისში მყავს. აგვისტოში სტამბოლს უნდა ვესტუმრო, გადაღებების შემდეგ ვგეგმავ, ერთი თვით თბილისშიც დავრჩე.

- ქართველებს თუ ხვდები რომში?

- რა თქმა უნდა, იტალიაში ბევრი ქართველია. ალბათ, გაგიგიათ, რომ ამბობენ, ქართველებს მოერიდეთო, არადა, მე ქართველებისგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს. მუდამ კარგი ხალხი მხვდება, მგულშემატკივრობენ და ვმეგობრობთ კიდეც. 11 წელია, უკვე იტალაიში ვცხოვრობ.

- პირად ცხოვრებაზეც გვიამბე რამე...

- დაოჯახებული არ ვარ, 5 წელი ურთიერთობაში ვიყავი ცნობილ მომღერალთან ფრედერიკო პარჩოტისთან, თუმცა სექტემბერში დავშორდით და მეგობრობას განვაგრძობთ. დადებითად დავშორდით, ყველანაირი დრამის გარეშე, ამჟამად თავისუფალი ვარ.

- რა გეგმები გაქვს მომავალში?

- როგორც მომღერალი, ბევრ საინტერესო სიახლეს ვგეგმავ, ამავდროულად, კონცენტრირებული ვარ ჩემს ბიზნესზე და მინდა, უკეთ განვავითარო ის. დამოუკიდებელი ქალი ვარ, ბიზნესიც წარმატებით მიდის და მომწონს ეს ყველაფერი. წარმატებული როცა ხარ, ბედნიერიც, ლაღიც და გახარებულიც ხარ.

- როგორ გგონია, საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნდები?

- არასდროს თქვა არასოდეს, ამ ეტაპზე არ ვიცი, რას ვიზამ, მსურს, ბიზნესი გავაფართოვო და, ალბათ, წლების მერე ვიფიქრებ დაბრუნებაზეც. სადაც უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც უნდა ვიცხოვრო, საქართველოს გარდა, ყველგან უცხოელად ვითვლები. შესანიშნავად ვიცი იტალიური, აქცენტი მაქვს და ვერც შეატყობთ, რომ იტალიელი არ ვარ, თუმცა მე ამათთვის ყოველთვის უცხოელი ვიქნები და მომწონს ეს, მომწონს რომ საქართველოს ვეკუთვნი.

- 3 რამ, რაც საქართველოში გენატრება...

- მენატრება სოფელი, ჩემი ბავშვობა, ფერადი და ნათელი. ასევე, მენატრება ჩემი ძველი უბანი და უბნელები. მესამე, რაც მენატრება, მთლიანად ჩემი ბავშვობაა. აქაური ხალხი, ჩემი თაობის იტალიელები, დამამაშვიდებლებს სვამენ და შფოთვები აწუხებთ, მსგავსი რამ არასდროს მქონია, დავფიქრდი და მივხვი, რომ საქართველოში უდარდელი ბავშვობა გავატარე, ლამაზი და მშვიდი. მე და ჩემს ძმას, იტალიელებისგან განსხვავებით, ბავშვობაში არაფერი გვადარდებდა. ვფიქრობ, როდესაც შვილები მეყოლება, ზუსტად ისე გავზრდი, როგორც მე გავიზარდე, სოფლის, ტკბილ გარემოში.

(სპეციალურად საიტისთვის)