"ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ გარემოს დაზიანებას, მათ გვერდით ვდგავარ, მაგრამ "საქართველოს მიწა-წყალი არ იყიდება" - არის სულელური გამოთქმა" - კვირის პალიტრა

"ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ გარემოს დაზიანებას, მათ გვერდით ვდგავარ, მაგრამ "საქართველოს მიწა-წყალი არ იყიდება" - არის სულელური გამოთქმა"

"ჩემთვის, როგორც ქართველი კაცისთვის, ყოვლად მიუღებელია, როცა ჩვენი ქვეყნის მიწას სხვა დაისაკუთრებს"

"ნამახვანჰესის" ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა და საპროტესტო აქციებმა საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. საპროტესტო აქციებს, რომელიც რიონის ხეობიდან თბილისში გაგრძელდა, უამრავი ადამიანი შეუერთდა, გარკვეულმა ნაწილმა კი ზოგიერთ საკითხსა თუ განცხადებაზე უარყოფითი დამოკიდებულებაც გამოხატა. ამ საკითხთან დაკავშირებით კულტურისა და სხვა სფეროს წარმომადგენლებს დავუკავშირდით:

ზაზა ხუციშვილი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, მუსიკოსი: - მინდა გითხრათ, რომ მე ჰესების მშენებლობის მომხრე ვარ. ამ კონკრეტული პროექტის კონტრაქტს დეტალურად არ ვიცნობ და არ ვიცი, რამე ხარვეზი არის თუ არა. ჩემი პროფესია ინჟინერი-ჰიდროტექნიკოსი გახლავთ და მინდა გითხრათ, მაგალითად რომ ავიღოთ შვეიცარია: შვეიცარიაში 604 ჰიდროელექტროსადგურია, აქედან 28 - გიგანტური ანუ 100 მეტრზე მაღალია. შვეიცარია დღეს ამ რესურსებით თავისი დადგმული სიმძლავრის 56%-ს გამოიმუშავებს და დღეს ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურს აღარ აშენებენ, რადგან მეტი რესურსი არ აქვთ, ანუ ამის მეტი დაგუბება მიზანშეწონილი აღარ არის. საქართველოს კი თავისი რესურსის 20%-იც არ აქვს ამოწურული. ვთვლი, რომ როცა ქვეყანა ამ შესაძლებლობების 80%-ს ამოწურავს, მაშინ საქართველოც უნდა გაჩერდეს, მაგრამ დღესდღეობით ამ მშენებლობის მომხრე ვარ უბრალო მიზეზის გამო: ერთი, რომ გვჭირდება უფრო იაფი ენერგია; მეორე, რომ არა პანდემია, 2023 წლისთვის ზაფხულში ელექტროენერგიის მოხმარება ეწეოდა ზამთრის მოხმარებას, იმიტომ, რომ ქვეყანაში ვითარდება ტურიზმი და ბიზნესი. ენერგეტიკა ქვეყანაში უნდა უსწრებდეს ბიზნესის განვითარებას და როცა ქვეყანას საგარეო ვაჭრობაში აქვს დიდი დისბალანსი, ელექტროენერგია კიდევ შესასყიდი რომ გაგვიხდეს, ეს უფრო დიდი წნეხი იქნება, მათ შორის - ეროვნულ ვალუტაზე. კიდევ ვიმეორებ, რომ "ნამახვანის" კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა როცა ადამიანი დებს 800 მილიონს, როგორ დავიჯერო, რომ ის ადამიანი თითონ არ ეცდება, რომ პროექტი გამართული იყოს.

ენგური, რომელიც არის 270 მეტრზე მაღალი, ერთ დროს თაღოვან კაშხლებში მსოფლიოს სამეულში შედიოდა, მაშინაც იყო მითქმა-მოთქმა, მაგრამ ვინმემ წარმოიდგინოს, დღეს ჩვენ ენგური რომ არ გვქონდეს, უკეთესი იქნებოდა? მაინტერესებს, მოწინააღმდეგეებს ვკითხო, დღეს რომ ენგური გავუშვათ და ისევ ჭალა იყოს, უკეთესი იქნება თუ უარესი? ძალიან მწყინს, რომ არამარტო ჰიდროელექტროსადგურებზე, არამედ - მშენებლობებზეც ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. რაც შეეხება პროტესტს, ქუჩების გადაკეტვის მომხრე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ხანდახან ხალხი პროტესტს გამოხატავს და ამის უფლებაც აქვს. თუ მათ ექნებათ სურვილი რომ ეს საკითხი მთავრობასთან ერთად, პუნქტობრივად გაიარონ და დაიცვან სახელმწიფოს ინტერესები, ამას მხოლოდ მივესალმები".

გივი სიხარულიძე, მსახიობი: "ჩემთვის, როგორც ქართველი კაცისთვის, ყოვლად მიუღებელია, როცა ჩვენი ქვეყნის მიწას სხვა დაისაკუთრებს, ეს გინდ თურქი იყოს, გინდ სპარსი, ირანელი თუ ამერიკელი. სულ რომ სასახლეები აგვიშენონ, ეს ჩემთვის მიუღებელია, რადგან ის უკვე მისია და არა - ჩვენი. რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვარ. მე მრცხვენია საკუთარი თავის, რომ ახლა იმ ვაჟკაცი ბიჭის, გოლეთიანის გვერდით არ ვდგავარ. რაინდული თვისებების მატარებელი ბიჭია და მომწონს, ასე რომ იბრძვის ქართული სინდისის, ქართული ნამუსის, ქართული მიწის შენარჩუნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს არ ვარ მთავრობის, მერიისა და პარლამენტის წინააღმდეგ განწყობილი, ამ საკითხზე ასე ვფიქრობ".

ირაკლი ჩოლოყაშვილი, მსახიობი:

"ნორმალური მთავრობის დროს ასეთი საკითხები ხალხს უნდა ჰკითხონ და შემდეგ არ იქნება გაურკვევლობა. ჰესის აშენება საჭიროა, თუმცა, როგორც ვიცი, ქართული მხრიდან ისეთი კომპანიაა ჩართული, რომელმაც ადრე ვერ შეასრულა მოვალეობა და გვირაბები დაიბზარა კიდეც. სიმართლე გითხრათ, დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ რადგან ამ საკითხზე ამდენი კითხვის ნიშანი გაჩნდა, ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა ხალხთან ჯანსაღად ისაუბრებდა, მაგრამ ამ მთავრობას ხალხთან კავშირი საერთოდ არ აქვს. ფაქტია, რომ ხალხს უნდა მოუსმინონ, მაგრამ მათ არავინ უსმენს, რადგან ხალხის მოსასმენად ეს მთავრობა არ მოსულა, მოვიდნენ ყველაფრის დასანგრევად."

დავით ლიკლიკაძე, ჟურნალისტი: "მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ხალხის მხარესაა, როგორც ჟურნალისტი და როგორც მოქალაქე, ამიტომ რასაც უნდა ითხოვდეს ხალხი, არარსებულსაც კი, მაინც ხალხის მხარეს ვიქნები, იმიტომ, რომ ძალაუნებურად მეტწილად ჩემი გარკვეული სიმპათიები ხალხის მხარესაა და როცა პროტესტია, არასოდეს სოლიდარული არ ვარ მთავრობის მიმართ, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ვერაფრით ვერ ვიქნები ჰესების წინააღმდეგი. "არა ჰესებს" - ეს არ არის სწორი სლოგანი. აქ უნდა იყოს, "არა ნამახვანის ჰესს ასეთ მდგომარეობაში", "არა ამ კაბალურ დამოკიდებულებას", თორემ ჰესი არ უნდა აშენდესო, 21-ე საუკუნეში ეს არის ძალიან სამარცხვინო დამოკიდებულება. ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ გარემოს დაზიანებას, მათ გვერდით ვდგავარ, მაგრამ "საქართველოს მიწა-წყალი არ იყიდება" - ეს არის აბსოლუტურად სულელური გამოთქმა. არავინ არ ყიდის საქართველოს მიწას.

ინვესტიციისას მიწა-წყალი არ იყიდება. გინდ საბერძნეთში, გინდ ამერიკაში და იტალიაში, ვიღაც მიწას რომ იყიდის და მაღაზიას გახსნის, უკაცრავად, მაგრამ ამერიკის მიწა იყიდება? მოსკოვში რომ აქვს ქართველებს ნაყიდი რესტორნები, ეს რას ნიშნავს, რუსული მიწა გაიყიდა? უნდა შემოვიდეს უცხოელი ქვეყანაში და უნდა ააშენოს. ვეწინააღმდეგები ასეთ და ამავე დროს ქსენოფობიურ განცხადებებს, რომელიც აქციაზე გაკეთდა. რაც შეეხება "ნამახვანს", არის ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და ეს მოსახლეობა სწორია, განსაკუთრებით კი - ლიდერები, მათ არ ჰქონიათ ქსენოფობიური განცხადებები, მე პატივს ვცემ მათ გულწრფელ პროტესტს, რომლებიც ამბობენ: გაირკვეს, არის თუ არა ეს ჰესი საზიანო. თუკი ამ ხელშეკრულებაში რაღაც საშინელებები ხდება, ეს მთავრობამ უნდა გაარკვიოს, თორემ ჰესი უნდა აშენდეს".

ნატო დუმბაძე, პროდიუსერი: "ამ საკითხში ძალიან ჩახედული არ ვარ, თუმცა მივედი და სოლიდარობა გამოვუცხადე ნამახვანის ჰესის მოწინააღმდეგეებს, თუნდაც იმიტომ, რომ ასე გულანთებულად იცავენ ჩვენს მიწა-წყალს. იურიდიულ საკითხებს რომ არ შევეხოთ, დღეს, 21-ე საუკუნეში შენს მიწა-წყალს ასე რომ იცავ, ეს დასაფასებელია".

(სპეციალურად საიტისთვის)