"გახსოვდეთ, ხელოვნება არ ძველდება" - კვირის პალიტრა

"გახსოვდეთ, ხელოვნება არ ძველდება"

გოგი ოჩიაური: "ბუღაძე დალტონიკია, ფერს ვერ ხედავს და ყველაფერს აფუჭებს, გაათახსირა ძეგლები... არავინ გაბედოს ამ ნამუშევრისთვის ხელის ხლება!.."

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთაგან ბევრს ახსოვს უზარმაზარი პანო, სახელწოდებით "მიწა ქართული", რომელიც პირველ კორპუსს ამშვენებდა. მისი ავტორი ფერმწერი კოკი მახარაძე გახლდათ. როგორც გვითხრეს, პანო რექტორის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას "ეწირება", რადგანაც მისი დემონტაჟი იგეგმება.

"მიწა ქართული"

"მიწა ქართული" სავსეა სიმბოლიკებით და მასზე გამოსახული ფიგურები ერთმანეთთან აკავშირებს ჩვენი ერის წარსულს, აწმყოს და მომავალს. სულ სხვადასხვა ტიპაჟია გამოსახული. მათი ოდნავ მწუხარე სახეები საქართველოს ისტორიაზე მიუთითებს, გზის მაჩვენებელი ბრძენი მოხუცი თითქოს გვაფრთხილებს, ეროვნულ ფესვებს არ უნდა მოსწყდეთო, წინა პლანზე წამოწეული ახალგაზრდა ქალის ფიგურა კი ქალის კულტსა თუ ღვთისმშობლის წილხვედრობაზე მიგვანიშნებს.

ქალს წელზე აქვს შემორტყმული საოცარი სარტყელი, რაც ჩემი აზრით, სისპეტაკის და სიწმინდის გამოხატულებაცაა. მიწათმოქმედების, ბარაქიანობის, შეფარული ქრისტიანული სიმბოლოებითაა დატვირთული ეს ფერწერული ნიმუში. მწიფე ბროწეულებსა და სიმინდთან ერთად გამოსახული ეკალბარდი ჩვენისთანა პატარა, მართლმადიდებელი ქვეყნისთვის ძნელად სავალ გზაზე მიგვანიშნებს.

ფერიდე მანაგაძე, კოკი მახარაძის მეუღლე, მხატვარი: - კოკიმ "მიწა ქართულის" პირველი ვერსია 1967 წელს შეასრულა. ეს უზარმაზარი ტილო სამხატვრო გალერეაში გამოფინეს, მის სანახავად უამრავი სახელოვანი ადამიანი მოვიდა, მათ შორის - კონსტანტინე გამსახურდიაც. ტილოს ყურადღებით დააცქერდა. რამდენიმე წუთში ბატონ კონსტანტინესთან ვიღაც მივიდა და მწერალმა ანიშნა, ხელს ნუ შემიშლითო. კარგა ხნის მერე კოკის მიუახლოვდა და უთხრა: "ძალიან კარგია". ის ტილოში ჩადებულმა ეროვნულმა სულმა და თემატიკამ მოხიბლა...

KvirisPalitra.Ge1978 წელს ქართული ენის დასაცავად ხალხი რომ გამოვიდა, უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩხიკვიშვილმა სთხოვა კოკის, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზთან დაეხატა "მიწა ქართული", მსგავსი იმისა, ეროვნულ მუზეუმში რომ ინახებოდა. ასე შეიქმნა "მიწა ქართულის" მეორე ვერსია, ოდნავ შეცვლილი, მაგრამ მასშტაბური.

მიშა მახარაძე, კოკი მახარაძის შვილი: - ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ თურმე უნივერსიტეტში "მიწა ქართულის" დემონტაჟი დაუგეგმავთ.

უნივერსიტეტში პრორექტორ დავით ჩომახიძეს შევხვდით. მას წამოსცდა, გერმანელმა დიზაინერმა გვითხრა, ეს პანო უნდა მოვხსნათო. არადა, იქვეა გია ბუღაძის გაუგებარი ფილოსოფიური ნამუშევარი, რომელიც ევრორემონტს ხელს რატომღაც არ უშლის. მაინცდამაინც მამაჩემის პანო არ მოუვიდათ თვალში? ამათ ეროვნული სიმბოლიკა მხოლოდ აგროკულტურის მანიშნებელი ჰგონიათ. რა დროს სიმინდი და ბროწეულიაო, გაიძახიან ჯიუტად!

ჩვენ ავუხსენით ბატონ ჩომახიძეს, რომ "მიწა ქართული" ისეთი მასალითაა შექმნილი, რომ დემონტაჟი აუცილებლად დააზიანებს. ამიტომ შევთავაზეთ თხელი კედლის ქვეშ, ე.წ. სარკოფაგში" მოთავსება. დარწმუნებული ვართ, წლების გასვლის შემდეგ სარკოფაგს ახდიან და პანო აღმოჩენად იქცევა. თითქოს ამ წინადადებაზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა დავითანხმეთ, მაგრამ გავიდა ხანი და ისევ შემოგვითვალეს, პანოს დემონტაჟი აუცილებელია და ჯობს წაიღოთო.

ამათ აღარც "მიწა ქართული" უნდათ და აღარც არაფერი ქართული.

გოგი ოჩიაური, მოქანდაკე: სურათმა "მიწა ქართული" თავის დროზე სრულიად შეცვალა კონცეფცია ფერწერაში და არა მარტო ფერწერაში, მსოფლმხედველობაში და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტილოა კოკის შემოქმედებაში. იქნებ დაფიქრდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და შეიცვალოს აზრი. იმას აღარ ამბობენ, რით ცვლიან?

ვეღარ უძლებენ ქართული სულის გამომხატველი ფიგურების ყურებას თუ რა ხდება?

- თანამედროვე არ არისო, ასე აუხსნიათ მიზეზი კოკი მახარაძის ოჯახის წევრებისთვის.

- რას ჰქვია თანამედროვე? ალბათ, თანამედროვე არის ბუღაძე, რომელიც დალტონიკია, ფერს ვერ ხედავს და ყველაფერს აფუჭებს, გაათახსირა ძეგლები. გთხოვთ, გამოაქვეყნოთ, რასაც გეუბნებით... ნეფერტიტის ქანდაკებაა თანამედროვე თუ "მონა ლიზა"? გახსოვდეთ, ხელოვნება არ ძველდება! ძველდება ყველაფერი, მოდა, წყობილება, რექტორი, რომელსაც დღეს თუ ხვალ თანამდებობიდან მოხსნიან, ჩინოვნიკებიც მიდიან და მოდიან, ხელოვნება კი მარადიულია. Aარავინ გაბედოს ამ ნამუშევრისთვის ხელის ხლება!..

ჩვენ ვცადეთ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება და კომენტარის მოპოვება, მათ კი პასუხი წერილობით გადმოგვცეს (სტილი დაცულია):

"უნივერსიტეტის პირველი კორპუსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესში დაისვა საკითხი, რამდენიმე სახვითი ხელოვნების ნიმუშის პირვანდელ ადგილზე დატოვების მიზანშეწონილობის თაობაზე. გასული წლის ბოლოს უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განიხილეს ეს საკითხები და გადაწყვიტეს:

სააქტო დარბაზის ვესტიბიულის ერთ კედელზე განთავსებული ივანე ჯავახიშვილის ჰორელიეფი (მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი) დარჩეს პირვანდელ ადგილზე, ხოლო კოკი მახარაძის პანო, რომელიც ჯავახიშვილის ჰორელიეფის მოპირდაპირე კედელზეა, ჩამოიხსნას. არის მოსაზრება, რომ მის ნაცვლად კედელზე მხატვრულად ამოიკვეთოს უნივერსიტეტის ფუძემდებლის ივანე ჯავახიშვილის გამონათქვამი პირველი ქართული უნივერსიტეტის მისიის შესახებ. ამით კონცეპტუალურად დაუკავშირდეს ერთმანეთს ცენტრალური ვესტიბიულის კედლები და კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ივანე ჯავახიშვილის ღვაწლს ქართული საუნივერსიტეტო განათლებისა და მეცნიერების აღორძინება-განვითარების საქმეში.

კოკი მახარაძის პანო კი სხვაგან განთავსდეს (არ დაუზუსტებიათ, სად უნდა განთავსდეს. - ავტ.) სხვათა შორის, ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ ცენტრალური კიბის არაელში, მთავარ კედელზე რუსთაველის ბარელიეფის ნაცვლად განთავსდეს უნივერსიტეტის გერბი, ხოლო რუსთაველის ბარელიეფმა დაამშვენოს მესამე სართულის ერთ-ერთი დარბაზი, რომელსაც რუსთაველის სახელი მიენიჭება. რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან სახელგანთქმული მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრებითა და საქმიანობით დაკავშირებული არიან პირველ ქართულ უნივერსიტეტთან და ქართულ მეცნიერებასთან.

ამ გადაწყვეტილების შესახებ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა წერილობით აცნობა "ქართუ ჯგუფს", რომლის დახმარებითაც მიმდინარეობს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. უნივერსიტეტის გარემონტებულ კორპუსში წარმოდგენილი იქნება არაერთი ხელოვნების ნაწარმოები, ქართული დაზგური ფერწერის, გრაფიკისა და ქანდაკების ნიმუშები, რომლებიც დაცულია უნივერსიტეტის მუზეუმის ფონდებში".

როგორც შევიტყვეთ, უნივერსიტეტში რემონტს (როგორც სხვა ბევრ ეროვნულ საქმეს) "ქართუ ჯგუფი" აფინანსებს. რის შემდეგაც "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურს დავუკავშირდით. მათ განგვიმარტეს, რომ მათი გადასაწყვეტი არ არის ჩამოიხსნება თუ არა პანო და დასძინეს, რომ ეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და ბატონი კოკი მახარაძის მემკვიდრეების მოლაპარაკების თემაა, რის შემდეგაც ისინი მზად არიან მიიღონ მონაწილეობა პანოს კონსერვაციისა თუ სხვა გადაწყვეტილების დაფინანსებაში.

KvirisPalitra.Geკოკი მახარაძეს სიონის მოხატვა არ დასცალდა

კოკი მახარაძე ზღვის პირას, ოჩამჩირეში დაიბადა. მამამისი, თეთრგვარდიელი ოფიცერი, "ველური დივიზიის" ერთ-ერთი მეთაური, ჯერ კიდევ ახალგაზრდა გარდაიცვალა და ოჯახის ტვირთი მთლიანად მეუღლეს, ალექსანდრა შავდიას დააწვა. კოკი ხელმოკლე, მაგრამ უკეთილშობილეს ოჯახში აღიზარდა. მისთვის მიუღებელი იყო ბოლშევიკური იდეოლოგია, კომპარტიაში შესვლაზეც უარს აცხადებდა, რაც იმ დროს მიუტევებელ ცოდვად მიაჩნდათ.

ამიტომაც მტრებიც გამოუჩნდნენ. მის შემოქმედებაში აისახა ასპინძის, ბასიანის, კრწანისის ბრძოლები, ქართველი მეფეები. ბუნებრივია, ეროვნული თემატიკა აღიზიანებდათ პარტიულ ფუნქციონერებს, მოშურნეების ინტრიგები სიცოცხლეს უმწარებდა. სახელოსნოს უწვავდნენ, ნახატს შავად უღებავდნენ, ის კი თავიდან აშენებდა, თავიდან ხატავდა.

მერე ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, კოკის სიონის მოხატვა დაავალეს. მაგრამ აღარ დასცალდა - სისხლისმღვრელი ომი და სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. თითქოს მხატვარს გული ცუდს უგრძნობდაო და მის შემოქმედებაში სისხლიანი ტაძრები მომრავლდა. 1992 წლის 6 იანვარს კოკი მახარაძე ინსულტით გარდაიცვალა, იმ ღამით, როცა პირველმა პრეზიდენტმა იძულებით დატოვა ქვეყანა.