"ყველაზე ცუდად­ რომ ვიყავი, კახი კავსაძე დავინახე. ჩემს პროფესორს თითით ეძახდა - მითხარი, ეს ბოვში როდის დადგება სცენაზე, მნიშვნელოვანი სპექ­ტაკლია გაჩერებულიო"
06-06-2021
"ყველაზე ცუდად­ რომ ვიყავი, კახი კავსაძე დავინახე. ჩემს პროფესორს თითით ეძახდა - მითხარი, ეს ბოვში როდის დადგება სცენაზე, მნიშვნელოვანი სპექ­ტაკლია გაჩერებულიო"
"რაღაც დრო მჭირდება... რომ ვინც მაწყენინა, მისი ცხოვრებიდან დავიკარგო და გავქრე. ყველაფერს რომ გადავლახავ, მერე ვუბრუნდები. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაპატიე. ეს კი მაბედნიერებს"


"აღარ მინდა ამდენი ჯიბრის ყურება, ამასობაში სამშობლოს ვკარგავთ. აი, ამ მდგომარეობის ძალიან მეშინია... მჯერა, რომ ადამიანის ბედს უფალი განაგებს.­ მჯერა იმის, რომ ეს ბედი დაწერილია, მაგრამ რატომ ხდება ცუდი, ამ კითხვის პასუხი არ ვიცი. ღმერთისთვისაც მიკითხავს, რატომ ხდება ასე-მეთქი? განა ეს გამოცდაა? რამდენი გამოცდა შეიძლება არსებობდეს,
რამდენი უნდა ჩააბარო? აი, ეს არ ვიცი, მაგრამ ვიცი, ადამიანი იმისთვის იბადება, რომ კეთილი კვალი დატ­ოვოს..."

გარდაიცვალა მსახიობი მარინა ჯანაშია. ადამიანი, რომელიც მთელ საქართველოს უყვარდა და უფრთხილდებოდა. ჩვენ ხომ ერთმანეთის გაფრთხილება არ ვიცით, მაგრამ მარინა ჯანაშიასთან დაკავშირებით ყველაფერი სხვანაირად იყო - საზოგადოებას ის უყვარდა და
არასოდეს გაუკრიტიკებია. ცხადია, ის ამას იმსახურებდა.

კორპუსის პირველ სართულზე პაწაწინა ვარდებიანი და ბროწეულიანი ბაღი ჰქონდა. როდესაც მოიცლიდა, წავიდოდა,­ ჩაჯდებოდა ამ ბაღში წიგნების საკითხავად ან ბლოკნოტში საწერად - ის ხომ დღიურებს ბავშვობიდან წერდა. წერდა საკუთარ თავსა და ადამიანებზე, ტკივილებზე, რომელთაც ბლოკნოტს უფრო უმხელდა. მისი ცხოვრებისეული პოზიცია ასეთი იყო: "რაღაც დრო მჭირდება... რომ ვინც მაწყენინა, მისი ცხოვრებიდან დავიკარგო და გავქრე. ყველაფერს რომ გადავლახავ, მერე ვუბრუნდები. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაპატიე. ეს კი მაბედნიერებს".

ერთ-ერთი ტელეგადაცემისას ჰკითხეს, თქვენი ასაკი ხომ ყველამ იცის, როგორ იღებთ თქვენს 70 წელსო? გაიცინა: "არასდროს მახსოვს ჩემი ასაკი. იცით, როდის მახსენდება? როცა ვფიქრობ ისეთ რამეზე, რაც ჩემს ცხოვრებაში უკვე აღარ იქნება, მაგრამ რაღაც ხომ უსათუოდ იქნება­ და ამით არაფერი იცვლება". და ეს გულწრფელი პასუხი იყო. ამ მშვენიერ ქალს პატარა სიხარულისაგან დიდი ბედნიერების შექმნა შეეძლო. ეს კი შესაშური უნარია.

ამ უნართან ერთად, ნიჭიერება, სიმშ­ვიდე და ადამიანებისადმი სიყვარული მას განუმეორებელს ხდიდა. ტელეეკრანიდან გადმოღვრილ მის ხმასაც თითქოს ვერსად გაექცეოდი. "სიყვარული მართლაც­ ბოთლიდან გამოშვებული ჯინია,­ - ამბობდა იგი, - სასწაულებს სჩადის ეს გრძნობა, არა მარტო პირად ცხოვრებაში, არამედ ყველაფერში. ყველას შეუძლია მისი ტარება, უბრალოდ, სხვადასხვანაირია ადამიანების აღქმა. დოგმა სიყვარულში არ არსებობს, ის თავისუფალია. რამდენი ადამიანიც არსებობს, ამ გრძნობის გამოვლინებაც იმდენნაირია".


თავად ერთგულად და სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა. ცნობილი მხატვრის, თემო გოცაძის მეუღლე იყო და ერთმანეთის გარეშე თითქოს სუნთქვაც უჭირდათ. სცენაზე მომნუსხველი არტისტი შინ მეუღლის შემოქმედების პირველი კრიტიკოსი იყო, თუმცა თეატრი მისთვის ჰაერივით აუცილებელი იყო.

"სიმსივნესთან ბრძოლისას, როდესაც გონს ოდნავ მაინც მოვიდოდი, თეატრი­ მახსენდებოდა; მახსოვდა, რომ "მოხუც ჯამბაზებზე" ბილეთები გაყიდული იყო და ვდარდობდი, მალე რომ არ გამოვკეთდე, ამ ბილეთებს ხომ არ დააბრუნებენ, სირცხვილია, მაყურებელი რომ გავაწბილოთ-მეთქი... პროფესორს ვეკითხებოდი, როდის ავდგები, სპექტაკლი მაქვს დანიშნული-მეთქი. გაოცებული მიყურებდა, ნამდვილად გიჟად მთვლიდა," - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში.

70 წლის ასაკში სიმსივნეს თითქოს უკან დაახევინა, თუმცა ზედმეტი მოძრა­ობები კატეგორიულად აუკრძალეს. ამის მიუხედავად, სპექტაკლისას მაინც "შპაგატში ჩაჯდა". ამან "მოხუცი ჯამბაზები" ლამის შეაჩერა. ვიდრე სპექტაკლი დაიწყებოდა, მეგობარი მსახიობები უკან დასდევდნენ და ეხვეწებოდნენ, ეს აღარ გააკეთო, მაყურებელმა ხომ ყველაფერი იცის და გაგ­იგებსო! რასაკვირველია, გაუგებდნენ - ის ხომ მაყურებელს უყვარდა განუმეორებელი სცენური ხიბლის გამო, თუმცა, დაავადებისაგან მისუსტებული მსახიობის­ ასეთმა ენერგიამ იმ დღეს რუსთაველის დარბაზი ლამის ტაშით ჩამოანგრია, მსახიობებმა კი ღრმად ამოისუნთქეს და კიდევ ერთხელ ირწმუნეს, რომ თუ გიყვარს, ყველაფერს გადალახავ. მთავარი ძალა ადამიანის სულშია და არა - სხეულში!

"გერმანიაში იმ დღეს, ყველაზე ცუდად­ რომ ვიყავი და პროფესორს თვალებდახუჭული მაინც იმას ვეკითხებოდი, სცენაზე როდის დავდგები-მეთქი, პალატაში­ დალანდულმა უცნაურად ქართულმა კონფიგურაციამ მაიძულა თვალების გახელა. კახი კავსაძე დავინახე. გერმანიაში სულ სხვა საქმეზე ჩამოსული, ჩემს პროფესორს თითით ეძახდა, მოდი აქო. რომ მივიდა, კახიმ უთხრა: მითხარი, ეს ბოვში როდის დადგება სცენაზე. მნიშვნელოვანი სპექ­ტაკლია გაჩერებული და მას ველოდებითო.­ პროფესორი დაბნეული უყურებდა - პაციენტი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ეს კაცი კი რას მეკითხებაო. ეს რომ დავინახე, გულში ჩამეღიმა, რადგან იმ წამს გავიფიქრე, მე მგონი, ამ პროფესორს ქართველები ყველანი გიჟები ვგონივართ-მეთქი".
ამ დიდებული მსახიობისთვის ოჯახი და სამშობლო იყო უპირველესი. ამბობდა, გერმანიაში შვილის ცრემლები რომ დავინახე, მაშინ დავიფიცე, რომ გადარჩენისთვის და ჩემს მიწაზე დაბრუნებისთვის ვიბრძოლებდიო.


"სანამ ჩემს მშობლიურ სოფელ სხვიტორში ჩავიდოდი, მომვლელი დამდევდა მზრუნველად, მაგრამ სხვიტორში წასვლა მოვითხოვე და ყველას მკაცრად ვუთხარი, სოფელში მარტო დამტოვეთ, ვიცი, რომ იქ კარგად გავხდები-მეთქი და ასეც იყო. ჭიშკარში შევაბიჯე თუ არა, დამოუკიდებლად სიარული დავიწყე... ერთხელ ჩემმა შვილიშვილმა მთხოვა, რომ ლოცვა მესწავლებინა. მივეცი "ლოცვანი დამწყებთათვის",­ სადაც წერია ილია მეორის სიტყვები: ჯერ სამშობლოზე ილოცეთ­, შემდეგ - საკუთარ თავზე და ბოლოს - თქვენს მშობლებსა და ახლობლებზეო.

...ახლა სამშობლოს შეგრძნება გამძაფრებული მაქვს. შინაგანად გადავსხვაფ­ერდით, ადვილად ვწირავთ ერთმანეთს, არადა, პატარა ერი ვართ და ასე იოლად­ არ უნდა ვთმობდეთ თანამემამულეებს.­ ადგილების გამო დავჭამეთ ერთმანეთი. აღარ მინდა ამდენი ჯიბრის ყურება, ამასობაში სამშობლოს ვკარგავთ. აი, ამ მდგომარეობის ძალიან მეშინია... მჯერა, რომ ადამიანის ბედს უფალი განაგებს.­ მჯერა იმის, რომ ეს ბედი დაწერილია, მაგრამ რატომ ხდება ცუდი, ამ კითხვის პასუხი არ ვიცი. ღმერთისთვისაც მიკითხავს, რატომ ხდება ასე-მეთქი? განა ეს გამოცდაა? რამდენი გამოცდა შეიძლება არსებობდეს, რამდენი უნდა ჩააბარო? აი, ეს არ ვიცი, მაგრამ ვიცი, ადამიანი იმისთვის იბადება, რომ კეთილი კვალი დატ­ოვოს: ან ხე დარგოს, ან წიგნი დაწეროს, ან შთამომავლობა დატოვოს. ჩვენ კი რას ვშვრებით?! მხოლოდ ღვარძლს ვაყრით ერთმანეთს. სოციალურმა ქსელმა­ ამოატივტივა, თურმე რამდენი გვქონია ეს ღვარძლი. ამიტომაც არ მაქვს ეს ქსელი­ და არც მექნება არასოდეს! ღმერთს მარტო­ იმას ვთხოვ, რომ ცოტა დაამშვიდოს და დააწყნაროს ჩემი ქვეყანა, სხვა ყველაფრისთვის კი მადლობას გადავუხდი, ჩემი განსაცდელისთვის - მით უმეტეს!" - წერდა მარინა ჯანაშია. ასეთი სიტყვების შემდეგ, ალბათ, ზედმეტია შეკითხვა, რატომ უყვარდათ იგი ასე ძალიან.

P.S. რედაქცია უსამძიმრებს მარინა ჯანაშიას ოჯახსა და მთელ საქართველოს საყვარელი მსახიობის გარდაცვალებას.
ნინო
08 ივნისი 2021 09:33
უსაყვარლესი და უნიჭიერესი!
დასანანია მისი წასვლა,ნათელი მის ლამაზ სულს
ნინო
08 ივნისი 2021 09:29
უსაყვარლესი და უნიჭიერესი
ბერიტა
07 ივნისი 2021 12:13
უნიჭიერესი მსახიობი, დიდებული ქალბატონი, ნათელი მის სულს!

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები