"ოსებს აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ შეიძლებოდა ერთმანეთს დავპირისპირებოდით. ჩვენ შორის მტრობა სულ სხვა ხალხმა დათესა" - კვირის პალიტრა

"ოსებს აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ შეიძლებოდა ერთმანეთს დავპირისპირებოდით. ჩვენ შორის მტრობა სულ სხვა ხალხმა დათესა"

"იმ 3500 ტოპონიმიდან, რომლებიც სამაჩაბლოში შევაგროვე, უდიდესი ნაწილი ქართულია. სამაჩაბლოს ყველა სოფელი შემოვიარე. სადაც მიუვალი იყო, ოსებს დავყავდი მანქანით. როდესაც სამაჩაბლოში სიტუაცია აირია, არაერთხელ მიკითხავს საკუთარი თავისთვის, მაშინ სრულიად მარტოს როგორ არ მეშინოდა-მეთქი. მაგრამ უბრალო ოსების სიკეთე და სტუმართმოყვარეობა ამ შიშს საფუძველს აცლიდა..."

როგორ იქმნება ტოპონიმები, ანუ როგორ არქმევს ხალხი სახელს საკუთარ სამკვიდროებს? - მშობლიურობის განცდით, რომელიც არასოდეს ხუნდება! კაცობრიობის ისტორიაში უამრავი შემთხვევაა, როდესაც მშობლიური მიწიდან უძველესი ერი აღგვილა, მაგრამ მათი ტოპონიმები დარჩენილა და ამ ერის შესახებ ცნობები შემოუნახავს. ჩვენც უძველესი ერი ვართ, ჩვენი შექმნილი ტოპონიმები მთელ მცირე აზიაში, ანუ დედამიწის იმ უდიდეს ნაწილშია გაბნეული, სადაც ჩვენ, სამწუხაროდ, აღარ ვართ. როდესაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დავბრუნდებით, იქ გაცოცხლდება ჩვენი ტოპონიმებიც, ნიშნად იმისა, რომ აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავით. ამიტომაც შეიძლება უწოდო ტოპონიმთა მკვლევრებს გმირები. მათ შორის არის პროფესორი ქეთევან გოდერძიშვილიც - ადამიანი, რომელმაც ქართული ტოპონიმების ჩასაწერად წლების წინ სამაჩაბლოს ყოველი გოჯი შემოიარა.

- ტოპონიმთა შეგროვებას მთელი ცხოვრება მივუძღვენი და არამხოლოდ სამაჩაბლოს ტოპონიმების - ჩვენი ქვეყნის შვიდი საზღვრისპირა რეგიონის ტოპონიმები აღვწერე და შევკრიბე, თუმცა სამაჩაბლო ჩემთვის სხვაა. ერთი იმიტომ, რომ აქ მთელი სიცოცხლე მოღვაწეობდა ჩემი მამამთილი, ენათმეცნიერი ალექსანდრე ღლონტი. მისდამი დამოკიდებულების მაგალითზე ვხედავდი, როგორი სიყვარული იცოდნენ სამაჩაბლოელებმა - ქართველებმაც და ოსებმაც. მეორეც იმიტომ, რომ ეს ხალხი ჩემი მუშაობისას ჩემიანი გახდა.

ოსებს აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ შეიძლებოდა ერთმანეთს დავპირისპირებოდით. ჩვენ შორის მტრობა სულ სხვა ხალხმა დათესა.

ტოპონიმებზე მუშაობაში დასახმარებლად უნივერსიტეტიდან მკვლევარი მანანა სანაკოევა გამაყოლეს. ალბათ, ჩანაფიქრი ის იყო, რომ ეროვნებით ოსი მუშაობაში დამეხმარებოდა, თუმცა, დახმარების ნაცვლად, სწორედ მის გამო მივატოვე სამუშაო პირველივე დღეს, თბილისში, უნივერსიტეტში დავბრუნდი და გამოვაცხადე, მარტო ვიმუშავებ-მეთქი.

- რატომ? - იმიტომ, რომ ეს ქალბატონი პირველივე ოსურ სოფელში ოსი ეროვნების კაცს, რომლისგანაც ტოპონიმებს ვიწერდით, ყოველი სიტყვის წარმოთქმისას დასძახოდა: "ირონა, ირონა!" ეს კაციც გაოცებული მიაშტერდებოდა ხოლმე და მეც. მე იმიტომ, რომ ოსური ენა არ ვიცოდი, ის კი აშკარად ვერ ხვდებოდა, სანაკოევა ამას რატომ ეუბნებოდა. ბოლოს ინტუიციამ მიმახვედრა, რომ სანაკოევა ჩემთვის კარგს არაფერს ამბობდა. ჩვენი თანამოსაუბრეც გაღიზიანდა, კი მაგრამ, ვერ გავიგე, რას მალაპარაკებდითო, მოგვახალა. თბილისში რომ დავბრუნდი, "ირონას" მნიშვნელობა გავიგე. ეს ნიშნავდა: "ოსურად!" ანუ სანაკოევა ჩვენს მოსაუბრეს ეუბნებოდა, ოსური ტოპონიმები უთხარი, ქართული კი არაო. ერთი სიტყვით, ქართული უნივერსიტეტის ოსი ეროვნების მკვლევარი ოსს აიძულებდა, ჩემთვის ძირძველი ქართული ტოპონიმები დაემალა და მის ნაცვლად ოსური ჩაეწერინებინა, არადა, ის ალალად მიყვებოდა, რა დახვდათ მის წინაპრებს, როდესაც ჩვენს მიწაზე მოვიდნენ.

- ეს ადასტურებს, რომ არც თქვენ და არც უნივერსიტეტი თქვენი თანამშრომლის მენტალიტეტს არ იცნობდით. - ყველას ბევრი რამ გამოგვეპარა. სხვათა შორის, არაერთ ოსსაც, განსაკუთრებით - შერეული ოჯახებიდან, რომელთა ცხოვრებაც თავს დატეხილმა უბედურებამ არია. ჩვენ შორის იმდენი შერეული ოჯახი იყო, რომ ტოპონიმებიც შეერია ერთმანეთს.

სამაჩაბლოში არაერთი შერეული ტოპონიმი მაქვს ჩაწერილი, სადაც ნახევარი სიტყვა ქართულია, ნახევარი - ოსური.

- ლტოლვილი სამაჩაბლოელი ქართველებისგან არაერთხელ გამიგონია, როგორც ცხვირი პირს ვერ მოშორდება, ისე ვერც ქართველი და ოსი იარსებებენ ერთმანეთის გარეშეო, არადა, უამრავი ქართულ-ოსური ოჯახი შეეწირა ამ კონფლიქტს. - როდესაც ძლიერი და გონიერი ხარ, ვერავინ გადაგაჯიშებს, პირიქით, საუკეთესოს გიწილადებს და ამით გაგაძლიერებს.

ნებისმიერი ერის ცხოვრება ისეა აწყობილი, ბრძოლა უწევს გადასარჩენად, შედეგად კი რჩება უცხოელთა კვალი იმის დასტურად, რომ კიდევ ერთ ომს გაუძელი. ასე დარჩა ჩვენს ენაში არაბული, თურქული, სპარსული, რუსული ტოპონიმები, რომლებიც ვერაფერს დაგვიშავებს.

ასეა ოსური ტოპონიმებიც. ცხადია, სამაჩაბლოში მათ ვხვდებით, მაგრამ ქართულთან შედარებით ნაკლებს. იმ 3500 ტოპონიმიდან, რომლებიც სამაჩაბლოში შევაგროვე, უდიდესი ნაწილი ქართულია. სამაჩაბლოს ყველა სოფელი შემოვიარე, ხან - ფეხით, ხან - მანქანით. სადაც მიუვალი იყო, ოსებს დავყავდი მანქანით. როდესაც სამაჩაბლოში სიტუაცია აირია, არაერთხელ მიკითხავს საკუთარი თავისთვის, მაშინ სრულიად მარტოს როგორ არ მეშინოდა-მეთქი. მაგრამ უბრალო ოსების სიკეთე და სტუმართმოყვარეობა ამ შიშს საფუძველს აცლიდა. რამდენჯერ მუშაობით დაღლილი ოსებს ლამის ძალით შევუყვანივარ შინ და გამმასპინძლებიან. როდესაც სამაჩაბლო მტერმა მიიტაცა და ყველაფრისთვის სახელის გადარქმევა დაიწყო, წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა! ამ ნაშრომის გამოცემის ისეთმა სურვილმა შემიპყრო, მოსვენება დავკარგე. სამაჩაბლოს ტოპონიმებზე მეცნიერები ადრეც მუშაობდნენ, თუმცა მე ამ ტოპონიმთა ლექსიკონი "ანიდან ჰოემდე" პირველად გავაკეთე. შევყურებდი ფურცლებად დაწყობილს და გამოცემის დაუოკებულ სურვილთან ერთად, დროდადრო შიშიც გამკრავდა. ვინც სამაჩაბლოს თემას კონფლიქტისას შეხებია, ამ შიშს გამიგებს. მეშინოდა, უახლესი ისტორიული დოკუმენტის შექმნის გამო ვინმემ ჩემს ოჯახის წევრებზე არ იძიოს შური-მეთქი, მაგრამ მეუღლემ დამამშვიდა, რომელიც ასევე მეცნიერი იყო - სიმართლე დაუმარცხებელია, წიგნი უნდა დაიბეჭდოს, ოღონდ ქართულთან ერთად, ოსების შემოტანილი ტოპონიმებიც უნდა გამოჩნდეს, სწორედ ეს ამტკიცებს, რომ ჩვენს მიწაზე მათი კვალი არსებობსო. წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც უნივერსიტეტში გაიმართა, რუსულენოვანი ჟურნალისტი მომიახლოვდა და მკითხა, წიგნი სამხრეთ ოსეთის ტოპონიმებზე რატომ გააკეთეთ, იქ რა გესაქმებოდათო!

- რუს ჟურნალისტს უნივერსიტეტში, წიგნის პრეზენტაციაზე რა უნდოდა, თუ იქ ვიღაცამ არ მოიწვია? იქნებ უნივერსიტეტში ისევ არის მეორე მანანა სანაკოევა? - ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ ჩვენ მოვდუნდებით. ამის მაგალითი უამრავია, თუმცა მეცნიერების საქმე არ არის მათი აღმოჩენა. დროა, ამ ქვეყანაში მეცნიერმაც და ყველა სხვა ადამიანმაც თავისი საქმე ერთგულად აკეთოს.