წიგნების შემგროვებელი - კვირის პალიტრა

წიგნების შემგროვებელი

"ჩემი ბიბლიოთეკა იქნება დიდი "კარცერ-ლუქსი"

ანდრო ბედუკაძე ფილოლოგია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. დაახლოებით 50 წელია, წიგნებს აგროვებს და დღეს უნიკალური ბიბლიოთეკის პატრონია.

- მეშვიდე-მერვე კლასში ვიყავი, როცა წიგნების შეგროვება დავიწყე, მაშინ ნამდვილად არ ვაპირებდი და არც მეგონა, თუ ამდენი წიგნი მომიგროვდებოდა. ძალიან მიყვარდა წიგნები და ხშირად ვყიდულობდი. გამოდის, დაახლოებით 50 წელია, ვაგროვებ და უკვე ათიათასობით წიგნი მაქვს. ავტოგრაფიანი წიგნი მაქვს ბევრი. ხშირად თავად ავტორები მჩუქნიდნენ ხოლმე - ჭაბუა ამირეჯიბი, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, შოთა ნიშნიანიძე...

წიგნების სიყვარულს ოჯახში მივეჩვიე. მამაჩემს უყვარდა კითხვა და ყოველ საღამოს გვაკითხებდა ხოლმე შვილებს.

ერთგვარი რიტუალი გვქონდა სახლში - ძილის წინ ხმამაღლა ვკითხულობდით ქართულ ხალხურ ზღაპრებს, აუცილებლად "ვეფხისტყაოსანს", "სიმღერას ნიბელუნგებზე" და "ყარამანიანს". ეს ის წიგნებია, რომლებიც განსაკუთრებულად მახსოვს, თორემ ისე უამრავი სხვა წიგნიც წაგვიკითხავს. ასე ნელ-ნელა შემიყვარდა წიგნი და წიგნის სამყარო.

- უნიკალური გამოცემები თუ გაქვთ? - კი, XIX საუკუნის, XX საუკუნის 10-იანი წლების ბევრი იშვიათი გამოცემა მაქვს, როგორც წიგნები, ისე - ჟურნალ-გაზეთები. მაქვს "ცისფერი ყანწები", "მეოცნებე ნიამორები" და სხვ. მქონია შემთხვევა, როდესაც ფული არ მქონია და წიგნი ვერ მიყიდია. წიგნის გამყიდველებს თითქმის ყველას ვიცნობ და ნაწილ-ნაწილაც გადამიხდია მათთვის ფული. იყო პერიოდი, როდესაც წიგნებს ქუჩაშიც ყრიდნენ ან ისე იაფად იყიდებოდა, ფაქტობრივად, ნაჩუქარი იყო. უამრავი წიგნი გადავარჩინე და ჩემს ბიბლიოთეკას შევმატე. ტომრებით მომიტანია შინ. სხვათა შორის, ბევრმა წიგნის გამყიდველმა წიგნის ფასი არ იცის...

- წიგნის თხოვება თუ გიყვართ? - არა, ძალიან იშვიათად თუ ვათხოვებ ვინმეს. გარდა იმისა, რომ ხშირად არ აბრუნებენ, ზოგმა მოვლაც არ იცის და ამიტომ ვერიდები. მხოლოდ იმისთვის მითხოვებია, ვინც იცის წიგნის ფასი.

მინდა, ჩემთან ავაშენო ბიბლიოთეკა, თუმცა იქიდანაც არ იქნება წიგნის გატანის საშუალება, სამაგიეროდ, იქნება კომფორტული სამკითხველო და ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება, იქვე წაიკითხოს.

ჩემს წიგნებში არ არის მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა. მაქვს სამეცნიერო ლიტერატურის ძალიან კარგი გამოცემები, მათ შორის - 2020-21 წლებისაც კი. რაც მთავარია, არა მხოლოდ ქართული, რუსული, ინგლისური და სხვ.

- საყვარელი წიგნი თუ გაქვთ? - მიჭირს რომელიმე წიგნის გამოყოფა.

არიან მწერლები, რომლებიც გამორჩეულად მიყვარს, რამდენჯერმე მივუბრუნდები და ვკითხულობ ხოლმე. მაგ., ილია ჭავჭავაძე, გარდა იმისა, რომ ძალიან მიყვარს, მის შემოქმედებაზე ვმუშაობ და ხშირად მიწევს წაკითხვა. ხშირად მიწევს ჩახედვა "ვეფხისტყაოსანში", გალაკტიონის, ბარათაშვილის გადახედვა...

- როგორ შევაყვაროთ პატარებს კითხვა? - როდესაც პატარა ხედავს, რომ მამა, დედა, და, ძმა და ოჯახის სხვა წევრები წიგნს კითხულობენ, ისიც ეჩვევა და უყვარდება კითხვა. ადამიანმა წიგნის კითხვა ოჯახიდან უნდა შეიყვაროს.

დღეს საქართველოში ასეთი ტენდენციაა: "იმან თქვა, ასე ვნახე სოცქსელში". აქ წიგნი უკვე გამოირიცხება. ფრაზა "წიგნში წავიკითხე" თუ ჩვევად არ ექცა ადამიანს, წიგნის კითხვას ვერ შეიყვარებს.

- ვასილ კეჟერაძე - კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ოცნებობდა "კარცერ ლუქსზე". თქვენ გიოცნებიათ ამაზე? - ჩემი ბიბლიოთეკა იქნება დიდი "კარცერ-ლუქსი". ეს მოთხრობა ჩემი სტუდენტობის დროს დაიწერა და ისე გვიყვარდა, თითქმის ზეპირად ვიცოდით ესეც და გურამ დოჩანაშვილის სხვა ნაწარმოებებიც. 70-იან წლებში წიგნი იყო ყველაფერი. მე კომპიუტერს კი არ ვერჩი, მაგრამ უმეტესობა მას არასწორად იყენებს. სწორი გამოყენების შემთხვევაში კომპიუტერი და ინტერნეტსამყარო საოცარი რამეა.

ლადო გოგოლაძე