"მოუფრთხილდით საქართველოს, ასეთი ლამაზი სამშობლო მხოლოდ ჩვენ გვაქვს!" - კვირის პალიტრა

"მოუფრთხილდით საქართველოს, ასეთი ლამაზი სამშობლო მხოლოდ ჩვენ გვაქვს!"

ფერადი უდაბნო, ფერადი მთები თუ ფერადი სიზმარი? დედამიწაზე იშვითად არის ადგილი, რომელსაც ამ ყველაფერს ერთად დაარქმევ და არ იფიქრებ, რომ გადააჭარბე, მაგრამ ასეთი ადგილი სწორედ ჩვენს ქვეყანაშია.

დავითგარეჯის უდაბნოს ფერადი მთები სიზმარს ჰგავს და ამის შესახებ ბევრმა არაფერი იცის, თუმცა, ვინც იცის, ალბათ, ისიც არაფრად აგდებს ასეთ სიმდიდრეს. მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელსაც უამრავი რამ უნახავს და იცის, რომ ამ მთების მსგავსი ბევრი არაფერია. ეს არის ჟურნალისტი, დიპლომატი და ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია. მას შეუძლია გარეჯის მთებში მზის ამოსვლის სანახავად გამთენიისას დაადგეს გზას, ამ სანახაობით გაოგნებულმა კი არაერთხელ გაიმეოროს: "მოუფრთხილდით საქართველოს, ასეთი ლამაზი სამშობლო მხოლოდ ჩვენ გვაქვს!" და ეს არ იქნება გადაჭარბებული ნათქვამი, რადგან ყოფილ დიპლომატს, რომელსაც მთელი მსოფლიო აქვს შემოვლილი, გარეჯის ფერადი მთების მსგავსი ბევრი არაფერი უნახავს.

სოციალურ ქსელში ბადრი ვადაჭკორიას ფერადი მთების ფოტოების მნახველთა რაოდენობა დაახლოებით 2 მილიონია. ფოტოგრაფმა ამ ფოტოებს ასეთი შესავალი წაუმძღვარა: "გარეჯის ნათლისმცემელში ყოფნისას, მორჩილმა სიმონ გულედანმა შემომთავაზა, მეგზურობას გაგიწევთ და ფერად მთებს გაჩვენებთო. კინაღამ უარი ვუთხარი, ვიფიქრე, რა უნდა მაჩვენოს ისეთი, რაც არ მინახავს და გამაკვირვოს-მეთქი. კიდევ კარგი, დავთანხმდი ამ კეთილ ადამიანს და გავემგზავრეთ ერთად. სულ 5-7კმ იქნება ნათლისმცემლის ტაძრიდან... თქვენი არ ვიცი, მაგრამ, გეფიცებით, მსგავსი სილამაზე სხვა ქვეყნებშიც თუ მენახოს..."

ჩვენ ბადრი ვადაჭკორიას დავუკავშირდით და ამ მშვენიერებაზე მოყოლა ვთხოვეთ.

- გადაჭარბებულს ნამდვილად არაფერს ვამბობ. ბევრი რამ მინახავს მსოფლიოში, მაგრამ ჩვენი სამშობლოს მსგავსი სილამაზისა - იშვიათად. მადლობელი ვარ მორჩილი სიმონ გულედანის, რომელმაც წამიყვანა ამ საოცრების სანახავად. მან ხომ იცოდა, რატომაც და სად მივყავდი და რამხელა ბედნიერება მომანიჭა! მართალია, ამ მთებამდე გზა ცუდია, რამდენიმე ასეული მეტრი ფეხითაც უნდა იარო, მაგრამ სამაგიეროდ, ენით აუწერელი ტკბობაა, როცა ამ გზაზე მიდიხარ და ამ სილამაზეს უცქერი. ღვთაებრივი განცდაა იმ სიმაღლეზე ასვლა, საიდანაც თითქმის კილომეტრზე გაშლილ მთებს გადახედავ. გეოლოგი არ ვარ, არ ვიცი, ამ მთებს ასეთ ფერადოვნებას რა ანიჭებს, მაგრამ ამ განცდის აღწერა წარმოუდგენელია. განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა მთების ფერადოვნებას მწვანე ბალახის ხასხასი ერწყმის.

- შემოდგომაზეც ლამაზი იქნება აქაურობა, როდესაც ბალახი ოქროსფერდება. - რა თქმა უნდა, მაგრამ მე ეს მშვენიერება გაზაფხულზე ვნახე და გავოგნდი. ძალიან მიყვარს კაბადოკია, ამ სიყვარულის გამო შვიდჯერ ვნახე, მაგრამ გარეჯის მთების სილამაზეს ვერ შეედრება.

- ამ დროს კაბადოკიას მილიონობით მნახველი ჰყავს. - მართალია. ამიტომ ძალიან გავიხარე, როდესაც გარეჯის მთები სოციალურ ქსელში ორმა მილიონმა ადამიანმა ნახა. თავადაც გაკვირვებული ვეკითხები საკუთარ თავს, როგორ შეიძლებოდა ეს არ მცოდნოდა. იმის მერე ვეღარ ვისვენებ. იმდენი ვიფორიაქე, რამდენიმე დღეში დილის ოთხ საათზე მეგობართან ერთად ისევ წავედი გარეჯაში მზის ამოსვლის სანახავად. ისიც ჩემსავით გაოგნებული დაბრუნდა უკან. აქ სიტყვები ზედმეტია...

- მე ვიცი, რაც უნდა ვთქვათ. როგორც ნიკო ლორთქიფანიძემ დაგვიბარა, უნდა მოვუაროთ საქართველოს! - ნამდვილად. ჩვენ ისეთი ქვეყნით დაგვასაჩუქრა უფალმა, სულ ეს უნდა გვიტრიალებდეს თავში.