"მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა­ გამოცხადდა, ვაჭანჭყარებთ, ვასუსტებთ და ტურბულენციაში ვამყოფებთ ქართულ სახელმწიფოს" - კვირის პალიტრა

"მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა­ გამოცხადდა, ვაჭანჭყარებთ, ვასუსტებთ და ტურბულენციაში ვამყოფებთ ქართულ სახელმწიფოს"

"100 წლის წინ საქართველოში დემოკრატიული მმართველობა იყო შექმნილი. ჯერ კიდევ მაშინ პარლამენტში ხუთი ქალი იყო, მათგან ერთი აჭარაში იყრიდა კენჭს"

პირველი რესპუბლიკის დაფუძნებიდან ასი წელი გავიდა - როგორ გაიარა ეს გზა ქართველმა საზოგადოებამ დღევანდლამდე, რა შეცდომები იყო, ამის შესახებ პოეტი დათო მაღრაძე გვესაუბრება. მისი პოემა "ბარაქიანი მიწა" ცნობილმა ფრანგულმა გამომცემლობა EDITIONS DU CYGNE-მ გამოსცა "მსოფლიო პოეზიის სერიით". პოემა ფრანგულად თარგმნა ვერონიკა ბერგენმა. გარეკანი გააფორმა მხატვარმა ლევან ჭოღოშვილმა.

- გასული კვირა ძალზე ემოციური იყო ქართველი საზოგადოებისთვის და არ შემიძლია მასზე ორიოდე სიტყვა არ ვთქვა. 26 მაისის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ცერემონიალი სწორად იყო ორგანიზებული, გააზრებული და დადგმული, ესთეტიკა, შინაარსი და ემოცია სრულ თანხვედრაში იყო, რითაც განებივრებული ნამდვილად არა ვართ. ვიცი, რომ ბასა ფოცხიშვილი იყო ორგანიზატორი და მადლიერი ვარ მისი ერთდროულად უზადო სისადავითა და ამაღლებულობით გაწეული შრომის...

იმ დღის ემოციას ამძაფრებდა საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის გადმოსვენება.

რაც შეეხება 26 მაისს, 1918-21 წლების დამოუკიდებლობა მოიპოვა XIX საუკუნის საქართველოს კეთილშობილმა საზოგადოებამ, თუმცა ჩაიბარეს სოციალ-დემოკრატებმა. იმ თაობამ ქვეყანას ახალი შინაარსი შესძინა, თავი მოუყარა ჩვენს სულიერ თავგადასავალს და განსაზღვრა ქართული კულტურული კოდი. ვფიქრობ, იმ თაობაზე დგას დღევანდელი სახელმწიფო, სოციალ-დემოკრატებმა კი ის გამარჯვება გაიფორმეს. XIX საუკუნის მიჩქმალვას დაეთმო XX საუკუნე, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი. ის საუკუნე ილიას მკვლელობით დაიწყო. შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ სოციალ-დემოკრატები, რომლებმაც დაგმეს და უარყვეს ქართული არისტოკრატიის ღვაწლი და ქრისტიანობის მრწამსი, რადგან ათეისტური მუშურ-გლეხური სახელმწიფო ანტიპათიით იყო განწყობილი მათ მიმართ და ჯეროვნად ვერ აფასებდა მათ დამსახურებას საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე.

ილია ჭავჭავაძის შემოქმედება სკოლებში არ ისწავლებოდა. მხოლოდ ილია კი არა, XIX საუკუნის მოღვაწეები დაივიწყეს. სოლომონ დოდაშვილზე ილია ამბობდა, ჩვენ დროშა მისგან გვერგოო, მაგრამ ვიღას ახსოვდა დოდაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, აკაკი, ვაჟა, იაკობ გოგებაშვილი... ერთი სიტყვით, ძალზე მკაცრი და გამმეტებელი რეჟიმი მოვიდა. ამის შემდეგ არისტოკრატული საზოგადოებისთვის წნეხი უფრო სასტიკი გახდა: 1924 წლის რეპრესიები, რა დროსაც ქართული არისტოკრატია გაწყვიტეს, 1937 წელს კი უკვე ხელოვანებს მიადგნენ. როდესაც რეპრესიები შესუსტდა, იდეოლოგია იგივე დარჩა, რომელიც ქართული არისტოკრატიის ღვაწლს არ აღიარებდა, მაშინდელი ხელისუფლებაც წინამორბედების გზას მისდევდა. გამონათებები იყო, მაგალითად, ლიტერატურაში. ოთარ ჩხეიძის რომანი "ბორიაყი", რომელიც იმ თაობის ღვაწლზე ამახვილებს ყურადღებას.

ასე რომ, დიდი შრომაა საჭირო, რომ ჭეშმარიტება მთელი სისავსით გახდეს თვალსაჩინო. საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიწყო მრავალსერიიანი ტელეფილმი "ერი და პრესა", რომლის იდეის ავტორია შესანიშნავი ქართველი მწერალი კოტე ჯანდიერი, სცენარის ავტორი და წამყვანი კი, ნინო ბურდულთან ერთად, თამაზ ჯოლოგუა, რეჟისორია სანდრო ჭიაურელი. ძალზე მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, ჩვენმა აწმყომ და გენერაციამ იქნებ როგორმე გაიაზროს, რას ნიშნავდნენ ქვეყნისთვის XIX საუკუნის ეპოქის შვილები და როგორ მიზანდასახულად ჩქმალავდნენ მათ ღვაწლს. ეს გზა სწორედ სოციალ-დემოკრატებმა აირჩიეს.

- მათ საქმიანობაზე არის კითხვები - ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, იდეალისტები იყვნენ და ეროვნული საქმე ისე გააკეთეს, როგორც შეძლეს. - დიახ, მაგრამ სოციალ-დემოკრატებმა მხოლოდ ჩაიბარეს ის გამარჯვება, რაც XIX საუკუნის ქართულმა კეთილშობილმა საზოგადოებამ მოიტანა.

პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, ჩვენი სამხედრო არისტოკრატიის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ თავგანწირვით იბრძოდნენ. ესენი იყვნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინიტაძე და სხვა... ისინი სწორედ იმ ტრადიციას აგრძელებდნენ, რომელსაც XIX საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. პოლიტიკურზე ამას ვერ ვიტყვი. მათ შორის ძალიან დიდი უთანხმოება იყო, არც განზრახვაში ჰქონდათ ერთიანობა და არც იდეაში...

ვინც გენერალ კვინიტაძის ორტომეულს წაიკითხავს, მიხვდება, რომ ასეა... ეს არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს იმ გამარჯვებას, დამოუკიდებლობის იდეას, ამ თარიღის მნიშვნელობასა და თავად ფაქტს, რომ 100 წლის წინ საქართველოში დემოკრატიული მმართველობა იყო შექმნილი. ჯერ კიდევ მაშინ პარლამენტში ხუთი ქალი იყო, მათგან ერთი აჭარაში იყრიდა კენჭს. ასეთი დემოკრატიის ხარისხი გვქონდა ასი წლის წინანდელ საქართველოში.

დამოუკიდებლობისა და გამარჯვების იდეა მარადიულია. საუკუნის განმავლობაში ქართველი საზოგადოების ლტოლვა თავისუფლებისკენ არ შეჩერებულა, რადგან ეს უკვე დიდი ხანია ქართველი ერის კულტურის ნაწილად იქცა და ეს მხოლოდ ხელოვნებით არ გამოიხატება. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ როგორც კი სახელმწიფოებრიობის მოპოვების მისხალი შანსი ჩნდებოდა, მაშინვე მის მშენებლობას ვიწყებდით. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ XXI საუკუნეს დამოუკიდებელი ვხვდებით. თუმცა ჩვენს აწმყოს და მომავალს სიმართლე სჭირდება. სიმართლე უნდა ვიცოდეთ. 26 მაისი არის მერაბ კოსტავას დაბადების დღეც, რაც სიმბოლურიც არის, რადგან ეს იყო ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე შესწირა დამოუკიდებლობის იდეას და ეს წამების ფასად დაუჯდა, რომელსაც ასევე ღირსეულად შეხვდა. ეს იყო მისი უკომპრომისო ბრძოლა რეჟიმთან.

- რამდენად ღირსეულად მიჰყვება ქართველი საზოგადოება დამოუკიდებლობის გზას? - მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ვაჭანჭყარებთ, ვასუსტებთ და ტურბულენციაში ვამყოფებთ ქართულ სახელმწიფოს. მუდმივად სახიფათო გარემოს ვუქმნით მის დამოუკიდებლობას. ხშირად საკუთარ პრინციპულობას უფრო წინ ვაყენებთ, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს. ეს ძალზე სახიფათო გზაა.

რატომღაც ხშირად ინფორმაცია განათლებაში ვერ გადადის, ქარტეხილი კი გამოცდილებაში. ეს არის ჩვენი პროვინციალიზმი და უკულტურობა, მაგრამ იმედია, ამ დამოკიდებულებას შევცვლით და გავიაზრებთ, რომ მხოლოდ აწმყოსთვის კი არა, ქვეყნის მომავლისთვისაც წინდაუხედაობა და ამბიციური პრინციპულობა საზიანოა.

თუნდაც ნამოხვანჰესის გამო რაც ახლა ხდება, დეტალური ინფორმაცია არა მაქვს და ვერც ენერგეტიკაში ვერკვევი, მაგრამ ლოგიკაზე დაყრდნობით შემიძლია ვიმსჯელო და შესაძლოა ამ მსჯელობამ სადმე ნაპირზე გაგვიყვანოს - რადგან ამდენ ადამიანს გაუჩნდა პროტესტი და ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სადღაც შეცდომა დაუშვა. მას ეს პროექტი საზოგადოებისთვის არც შეუთავაზებია, ანუ ჩამოაშორა პროცესს და ამხელა მასშტაბის პროექტი მის ზურგს უკან გააფორმა. მახსენდება საყდრისის პრობლემა, რომელზეც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ვსაუბრობდი. არ დახარჯეს ენერგია, რომ საზოგადოება გადაწყვეტილების თანამონაწილე ყოფილიყო. საზოგადოებას პროექტის სიკეთე არავინ გააცნო, ახლაღა დაიწყეს მისი გასაჯაროება.

ეჭვი გამიჩნდა, რომ არსებულ კითხვებს პრემიერის ხელმძღვანელობით პასუხი გაეცემა, ის ხარვეზები კი, რომელთაც პასუხი არ ეძებნება, ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდება. მე არც იმაზე მსჯელობას დავიწყებ, ჰესი აშენდეს თუ არა, რადგან სპეციალისტი არა ვარ. ხუდონჰესი რომ შენდებოდა, მაშინაც აპროტესტებდნენ ლოზუნგით, არ გვინდა დენი, სამშობლო და სანთელი გვირჩევნიაო, მაგრამ როცა ელექტროენერგია გამოირთო, ზუსტად ის მოსახლეობა გამოვიდა გარეთ და გადაკეტილ ჭავჭავაძის პროსპექტზე საბურავები დაწვეს.

ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. პროტესტი და მუდმივი ტურბულენცია ქვეყნისთვის სახიფათოა, თუნდაც იმიტომ, რომ გულწრფელი პროტესტი ვინმე არაკეთილსინდისიერმა არ გამოიყენოს, ისინი კი შინ და გარეთ მრავლად არიან. სახიფათოა, რომ "პატრიოტიზმი" უპროფესიო ხალხის პროფესიად იქცა. ისიც კარგად ვნახეთ, აქტივისტები როგორი ერთნაირი "წარმატებით" ერკვეოდნენ ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, ლიტერატურასა და სხვა თემებში. ეს ცხადია, სახიფათოა. როგორც ვიცი, "ენკას" წარმომადგენლებს შეხვდება პრემიერი და იმედია, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

- არაერთხელ ვახსენეთ საგარეო რისკები, რუსეთი არსად წასულა. საქართველო როგორ პასუხობს ამ საფრთხეებს? - იმედია, გაცნობიერებული გვაქვს, რომ ამ ვითარებაში გამოსავალი გვრჩება - ნატო და ევროკავშირი და საქართველომ რამდენიმე თვე კი არა, არც ერთი დღე არ უნდა დაკარგოს უაზრო კამათში.

კიდევ ერთხელ ვიტყვი - ჩვენ, ეს თაობა, მხოლოდ ჩვენს თავზე, აწმყოზე კი არა, ქვეყნის მომავალზე ვართ პასუხისმგებელი. ეს ისტორიამ არაერთხელ დაგვანახა და ისიც ვიცით, რა მოგვიტანა ცალკერძა ამბიციებმა, ვიწროპარტიულმა ხედვებმა. რუსეთი მეზობელი არის და იქნება. ამიტომ მის არსებობას კი არ უნდა ვებრძოლოთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გავუმკლავდეთ მისგან მომავალ საფრთხეებს. მისი სამუდამო მეზობლობის გაუთვალისწინებლობა უმეცრებაა. არაერთხელ მითქვამს, რომ ამერიკა და დასავლეთი რომ არა, ერეკლე მეორის დილემის წინაშე აღმოვჩნდებოდით, ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთო, რომ მათთან უფრო მჭიდრო კავშირი გვქონდეს, ოღონდ მხოლოდ დოკუმენტების დონეზე კი არა, სამოქალაქო შეგნებით, ევროპის საგანმანათლებლო სისტემით, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობით. ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოგვიყვანა იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც ჩვენი ამპარტავნების გამო მოვექეცით. საქმეს "ქართულმა ოცნებამაც" გაართვა თავი, თუმცა შესაძლოა თვითხიბლითაც იყვნენ აღტაცებული. ამას დაემატა ოპოზიციის უნიადაგო ამბიცია, რომელმაც პოლიტიკურ ჩიხში შეგვიყვანა, რაც ქართველი საზოგადოების გამარჯვებით დასრულდა. ასე რომ, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა უფრო უნდა გაღრმავდეს, რათა ქვეყნის დამოუკიდებლობა განვამტკიცოთ და გადავარჩინოთ.

ქართული სულიერება და კულტურა ეგზოტიკური სულაც არ არის, როგორც ევროპული კულტურა, მარადიულ ღირებულებებზეა დაფუძნებული, თავისი ისტორიისა და დღევანდელობის განმავლობაში.