უტოლო ლოდი - კვირის პალიტრა

უტოლო ლოდი

სიმბოლო დედამიწის ძლიერებისა და სამყაროს იდუმალებისა

ლიამ ბრძანა: "რუსთაველის შემდეგ ასეთი პოეტი არ გვყოლიაო". მაშინ ვაჟა-ფშაველას ფასი ბევრმა არ იცოდა. ზოგი ქედმაღლურად უყურებდა მთიდან ჩამოსულ ერთი შეხედვით უბრალო ვაჟკაცს, სინამდვილეში კი ადამიანის ფსიქოლოგიის რთული წიაღის მესაიდუმლესა და ბუნების ორგანულ ნაწილს - "უტოლო ლოდს".

"ვაჟა არ იყო არც ლამაზი, არც მოხდენილი. იყო ახოვანი. მთელი ფიგურა - არქაული. იგი კი არ დადიოდა - იზლაზნებოდა, როგორც ჰერალდური ნადირი. და  განა მისი  ფსევდონიმი  ცოტას ამბობს? - ვაჟა-ფშაველა! ამ მაგარ სიტყვაში და უფრო ა-ნით დაბოლოებაში სჩანს დედამიწის ძალა", - წერდა ვახტანგ კოტეტიშვილი.

დედამიწის ძალა მისი ყველა სტრიქონიდან ძალად გადმოედინებოდა და სულით ხორცამდე შეძრავდა ხოლმე მკითხველს:

"დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,

აქა ვარ ჩემის თავითა,

გულითა გაუტეხელი,

მოუღალავი მკლავითა.

რაც უნდა ჭირი მომკერძო,

ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;

მცნებას ვერ შემაცვლევინებ

მოზღვავებულის ავითა!"..

მოზღვავებულ ავს რა დალევდა... ისეც ყოფილა, ვაჟას სოფლიდან მოკვეთა ნდომებიათ, სიმწრით მოყვანილ ყანაზე გავლას რომ უშლიდა თანასოფლელებს.

უტეხი იყო. ბევრი სიავე ხასიათის გამოც დაატეხეს თავს. არ გატყდა, თავი არ დაჰკიდა! "რასა რატრატებენო", - ჩაილაპარაკებდა ხოლმე მოენეებსა და ბოროტის მსურველებზე.

ხურჯინით ჩამოტანილ უკვდავ ქმნილებებს ზოგჯერ აზიზად ფურცლავდნენ - სუნი აქვს გომურისაო...

დაღლილ ვაჟას ღამის გასათევს ოთახში არ აძლევდნენ, - აქ ვერ შემოვუშვებთ ამ გლეხის დაკონკილ სამოსში გამოხვეულ გოლიათსო...

ვაჟასთვის ესენიც "რატრატებდნენ"... ის სხვას უსმენდა - იდუმალსა და ფასდაუდებელს.

გრიგოლ რობაქიძე: "თანამედროვე ქართველ პოეტებს შორის ვაჟა-ფშაველა მოვლენაა - ყველაზე მეტად იდუმალი და თვითმყოფადი. ნებისმიერი ლიტერატურული სკოლისა თუ მიმართულების მიღმა დგას იგი. მიუსადაგია მისთვის მსოფლხედვა "თანამედროვეობისა". ძნელად სარწმუნოა, რომ ჩვენი თანამედროვეა ეს მკვდრეთით აღმდგარი ძე მითოლოგიური წარსულისა. უბრალო, თითქმის გაუნათლებელი, თანამედროვე კულტურის მიღმა მდგარი, ის ახდენს შთაბეჭდილებას რაღაც ველურის, ტყიურის, მითურის.

ცხოვრობს იგი თავისი საყვარელი ფშავის მთებში. იზიდავს მას, უპირველეს ყოვლისა, ბუნება და მისი ცხოვრების წესიც. მწყემსური ყოფისაგან დიდად შორს არ წასულა. მაგრამ მისთვის, განმჭვრეტი მწყემსისათვის, ჩუმ და იდუმალ ღამეში გადახსნილია ვარსკვლავთა ზეცა, და იგიც სამყაროს საერთო მდუმარების ჟამს გარდასახავს ცის ამ საიდუმლოთ თავისი ლერწმის სალამურის მომხიბლავ ხმებად.

ამ გამოუცნობი პოეტის შემოქმედებითი  ცნობიერება შესაძლოა განისაზღვროს - როგორც მითოლოგიური; ის - გრძნობა და აზრი პოეტისა - ყურს უგდებს ბუნების ყოველ მოვლენას და ინტენსიურად შეიცნობს რაღაც მახლობელსა და მშობლიურს, თუმცაღა გარკვეული სახით მოწყვეტილსა და დაკარგულს; ესმის მას - გულსა და გონებას პოეტისა - რაკრაკი მთის ნაკადულისა და ამაში თავის სულიერ მღელვარებათა რიტმის გამოძახილს გრძნობს.

ცნობიერება (პოეტისა) თავის სახეს ჰქმნის ბუნებაში და ამით მას ასულიერებს, - და ბუნების ასარკვაში ქმნილი სახე ცნობიერებისა ხდება სიმბოლო მათი - ცნობიერებისა და ბუნების - ერთიანობისა.

ასე იქმნება მითი მათ წინასამყაროულ მდგომარებაზე: რადგან ვ. ივანოვის შესანიშნავი თქმით: "მითი გახსენებაა მისტიური ამბისა, კოსმიური საიდუმლოსი". სწორედ ამ ამოუხსნელ სამყაროს, სიმბოლოსა და მითის სამყაროს ბიოკლინის (შვეიცარელი მხატვარი) საღებავებით გადაგვიხსნის პოეტი ვაჟა-ფშაველა".

თვითონ სიმბოლო იყო დედამიწის ძლიერებისაც და სამყაროს იდუმალებისაც... მისი მემკვიდრეობა ამოუწურავი საფიქრალია კაცობრიობისათვის. მცირერიცხოვანი ერის შვილია და იმ ენაზე წერდა, ბევრი რომ ვერ ფლობს, ამანაც განაპირობა, რომ მსოფლიოში გვიან გაიცნეს და ჯერ კიდევ ვერ დააფასეს ჯეროვნად.

ამჯერად ჟურნალ "გზასთან" ერთად მივიღებთ ვაჟა-ფშაველას ხუთტომეულს, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს, როგორც საკუთარი წარმომავლობით სიამაყისა და ერის შინაგანი ენერგიის დაუშრეტელობის სიმბოლო.