"რამდენიმე შემთხვევაში გაირკვა, რომ ეს რეინფიცირება კი არა, გახანგრძლივებული "კოვიდი" იყო" - დაამძიმებს თუ არა ეპიდვითარებას ინდური შტამის დაფიქსირება - კვირის პალიტრა

"რამდენიმე შემთხვევაში გაირკვა, რომ ეს რეინფიცირება კი არა, გახანგრძლივებული "კოვიდი" იყო" - დაამძიმებს თუ არა ეპიდვითარებას ინდური შტამის დაფიქსირება

"იდენტიფიცირებულია ხუთი ადამიანი. მათგან სამი უცხოეთის მოქალაქე იყო და უკვე წავიდნენ. ორი აქაურია, მათი ყველა კონტაქტი ვიცით და იმედი გვაქვს, არ გავრცელებულა"

ქვეყანაში უკვე დადასტურდა ინდური შტამის რამდენიმე შემთხვევა. ინდურ შტამზე, ვაქცინაციის პროცესსა და კორონავირუსთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "კვირის პალიტრის" კითხვებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უპასუხებს.

- რას გვეტყვით ინდურ შტამზე, რომელსაც "ორმაგ მუტანტსაც" უწოდებენ?

- შტამების ქვეყნებთან დაკავშირება ცოტა უხერხულია, ამიტომ ჯობია, ნომრებით ვილაპარაკოთ. თითოეულ შტამს თავისი ნომერი აქვს. B1.617.2 - ინდური შტამის ნომერია, რომელიც ორ მუტაციას აერთიანებს, ეს მუტაციები სხვადასხვა ტიპის კორონავირუსში ადრეც გვხვდებოდა, თუმცა პირველად სწორედ ინდოეთში გაერთიანდნენ. ერთადერთი, რაც ყველა ამ შტამს ახასიათებს, განსაკუთრებით - ბრიტანულსა და ინდურს, არის ის, რომ უფრო ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს და უფრო სწრაფად ვრცელდება.

- ინდური შტამის ჩვენს ქვეყანაში დადასტურება რას ნიშნავს, უფრო უნდა დავიცვათ თავი და ვიფიქროთ საწოლფონდზე? - ეს ნიშნავს, რომ ეს შტამი შეიძლება უფრო სწრაფად გავრცელდეს, მაგრამ თუ რეგულაციებს არ დავარღვევთ, ისინი ინდური შტამისაგანაც ისევე კარგად დაგვიცავს, როგორც სხვა შტამებისგან.

პირბადე, დისტანცია და დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება კარგად ერევა კლასიკურ შტამებსაც და მათ ახალ ვარიანტებსაც.

- "კოვიდის" საწინააღმდეგო ვაქცინები ამ ახალი ვარიანტებისთვისაც შედეგიანია? - ჯანმომ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ დღეს მოქმედი ვაქცინები ეფექტიანია ყველა ახალი ვარიანტის შემთხვევაშიც.

- ჩინურიც? - დიახ. ინდოეთში გამოიყენება "ასტრაზენეკა" და მასთან ერთად - ინდური წარმოების ინაქტივირებული ვაქცინა, რომელიც იმავე ტექნოლოგიით არის დამზადებული, რომლითაც "სინოვაკი" და "სინოფარმი". ეს ვაქცინები იცავს მძიმე მიმდინარეობისა და სიკვდილისგან.

- ინდოეთის კადრებით თუ ვიმსჯელებთ, იქ საშინელება ხდება. რისი ბრალია ეს? - ინდოეთშიც დაახლოებით იგივე მოხდა, რაც ჩვენთან შემოდგომაზე - ყველას ეგონა, რაკი პირველი ტალღა, პრაქტიკულად, თავიდან ავიცილეთ, მაგრები ვართ და "კოვიდი" ვერაფერს დაგვაკლებსო. ინდოეთშიც ირწმუნეს, რომ "კოვიდი" ვერ მოერეოდათ. ამან გამოიწვია ასეთი ძლიერი მესამე ტალღა. შესაბამისად, სამედიცინო სისტემასაც ძალიან გაუჭირდა.

- კიდევ უნდა ველოდოთ ახალ შტამებს? - ახალი შტამები მუდმივად იქნება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. საბედნიეროდ, კორონავირუსი იმდენ მუტაციას არ განიცდის, როგორსაც, მაგალითად, გრიპის ვირუსი, თუმცა ყველა ვირუსი მეტ-ნაკლებად ცვალებადია. მოდი, ასე ვთქვათ, "კორონა" ცდილობს, უკეთესად მოერგოს ადამიანთა პოპულაციას და, შესაბამისად, რაც მეტ ადამიანს მოივლის, მით მეტია შანსი, მისი ახალი ვარიანტები გაჩნდეს.

- კორონავირუსი ერგება ადამიანთა პოპულაციას, ადამიანებმა კი მას ახალი ვაქცინები უნდა მოარგონ? თუ უკვე შექმნილი ვაქცინები გაუმკლავდება? - ვნახოთ... ჯერჯერობით ეს ვაქცინები მუშაობს.

ახალი თაობის ვექტორულ და ერ-ენ-ემ-ვაქცინებში იმიტომ არის ეს ტექნოლოგია გამოყენებული, რომ ადვილია, მათში ის ნაწილი შეცვალო, რაზეც იმუნიტეტი უნდა გამოვიმუშაოთ. ჯერჯერობით ეს საჭირო არ არის, ისე არ შეცვლილა...

- მაგრამ მესამე აცრა თუ ბუსტერი შეიძლება დაემატოს კოვიდაცრებს?.. - ბუსტერი, ანუ დამატებითი აცრა, ბევრ ვაქცინას სჭირდება. ეს საჭიროა იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ბევრი დაავადების დროს გამოიყენება. მაგალითად, დიფტერია-ტეტანუსის წინააღმდეგ ბავშვობაში რომ იცრება ადამიანი, რეკომენდაცია ეძლევა, ბოლო აცრიდან 10 წლის შემდეგ ბუსტერი გაიკეთოს.

- კორონას შემთხვევაში რამდენ ხანშია საჭირო ბუსტერი? ვთქვათ, "ასტრაზენეკათი" ავიცერით ორჯერ, მესამე ბუსტერი იქნება? - ამ საკითხზე ჯერ მხოლოდ მოსაზრებები არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ორჯერადი აცრის შემდეგ რამდენ ხანს გასტანს მყარი იმუნიტეტი... უკვე გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ლაპარაკია მაგალითად, "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" ურთიერთჩანაცვლებაზე.

- ბუსტერად ჩანაცვლებაზე თუ პირველ და მეორე აცრას შორის ჩანაცვლებაზე? - პირველსა და მეორეს შორის. ჯერჯერობით ყველა ამბობს, რითიც პირველად აიცრები, იმით უნდა აიცრა მეორედო, მაგრამ იყო კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ჩანაცვლება შესაძლებელია.

- ინდური შტამი რამდენ ადამიანს დაუდგინდა?

- იდენტიფიცირებულია ხუთი ადამიანი. მათგან სამი უცხოეთის მოქალაქე იყო და უკვე წავიდნენ. აქ ჩამოსვლისას ისინი არ იყვნენ ავად, ინკუბაციის პერიოდი ჰქონდათ (სულ სამი დღით იყვნენ ჩამოსული) და წასვლისას გამოუვლინდათ. ორი აქაურია, მაგრამ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ. მათი ყველა კონტაქტი ვიცით, ასე რომ, იმედი გვაქვს, არ გავრცელებულა.

- როგორ მიმდინარეობს დაავადება რეინფიცირებისას და რამდენი შემთხვევაა გამოვლენილი ჩვენს ქვეყანაში? - გვაქვს დადასტურებული რეინფიცირების შემთხვევები, თუმცა ამის დადასტურება რთულია. ჯერ პირველი ნიმუში უნდა მოიძიო, შემდეგ - მეორე და გენეტიკურად ერთმანეთს შეადარო.

ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეზე რომ გადავა, ოდნავ იცვლება. სულ 50-მდე შემთხვევას ვაკვირდებოდით. უფრო სწორად, მეტს, მაგრამ რამდენიმე შემთხვევაში გაირკვა, რომ ეს რეინფიცირება კი არა, გახანგრძლივებული "კოვიდი" იყო. რეინფიცირებისას დადასტურებული გვაქვს, რომ პირველად და მეორედ სხვადასხვა შტამია.

- შეგვიძლია დადასტურებით ვთქვათ, რომ თუ კორონავირუსი ერთხელ დაგვემართა, მეორედ უკვე ადვილად გადავიტანთ? - ვერა, ვერ ვიტყვით. ხან ისეა, ხან ასე.

- ამბობენ, დაავადებაგადატანილი ადამიანის ორჯერ ვაქცინაცია აუცილებელი არ არის. - ამაზეც კვლევები მიმდინარეობს. ჯერ არ გვაქვს რეკომენდაცია, რომ ერთი აცრა შეიძლება საკმარისი იყოს.

- ე.წ. კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით რას გვეტყვით? ამბობენ, რომ ჩინური ვაქცინით აცრილები კოვიდპასპორტს ვერ მიიღებენ და ვერც უცხოეთში წავლენ... - ამ საკითხთან დაკავშირებითაც ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ევროკავშირმა შეიძლება პირველი ივლისიდან შემოიღოს კოვიდპასპორტები. ამასთან, კოვიდპასპორტში არა მხოლოდ აცრის სტატუსი, PCR-ტესტის შედეგიც იქნება, რადგან ქვეყნების უმრავლესობა დღეს ორივე მონაცემს ითხოვს. საქმე ის არის, შეიძლება ორჯერ აიცრა, მაგრამ თუ ვირუსი მაინც შეგხვდა, შენ არაფერი დაგემართოს, თუმცა ვირუსის მატარებელი იყო. საერთაშორისო წესები ჯერ არსად დამტკიცებულა.

რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროკავშირის წევრ უნგრეთში რამდენიმე მილიონი ადამიანი სწორედ ჩინური ვაქცინით არის აცრილი. ეს ყველაფერი ჯერ ბჭობის საგანია და გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის. ისე, ჯანმოს აღიარება ერთგვარი გარანტია იქნება...

- ჟურნალ "ლანცეტში" ვკითხულობთ, რომ "COVID-19"-ის გავრცელების წყარო შეიძლება ჰაერი იყოს. რას ნიშნავს ეს? - გადაცემის ძირითადი გზა არის წვეთოვანი, მაგრამ შესაძლოა, ჰაერიც იყოს გადამტანი. განსხვავება ის არის, რომ წვეთი ჰაერში შეწონილი დიდხანს არ ჩერდება, მაგრამ თუ ჰაერით გადამდებია, ვირუსი ჰაერში დიდხანს რჩება. ძირითადი გადაცემის გზა მაინც წვეთოვანია, მაგრამ შესაძლოა ვირუსის შემცველი პატარა წვეთები ჰაერში დარჩეს და "კოვიდი" ჰაერითაც გავრცელდეს. როგორიც უნდა იყოს გავრცელების გზა, პირბადე ყოველთვის გვიცავს. რა თქმა უნდა, წვეთოვანისგან მეტად, ვიდრე ჰაეროვანისგან, რადგან თუ პირბადე კარგად არ გაქვს მორგებული, ვირუსი უფრო ადვილად მოხვდება ჩვენს ორგანიზმში, არადა, ჩვენთან, ძირითადად, არასწორად უკეთიათ პირბადე...

- ზაფხულში განსაკუთრებით წუხან პირბადის გამო... - მესმის, რომ ზაფხულში მეტად წუხან, მაგრამ მათ არ უნახავთ, ავადმყოფები როგორ წუხან!.. არც ის უნახავთ, სკაფანდრებში გამომწყვდეული ექიმები როგორ წუხან!..

- ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა? - დიახ, აშკარად მოიმატა, აცრილთა რაოდენობა დღეში 4 ათასს გასცდა. იმედია, წლის ბოლომდე რაც დაგეგმილი გვაქვს, შევასრულებთ. მთავარია ვაქცინებით მომარაგება იყოს სტაბილური.

- იქნება? - დიდი იმედი გვაქვს. ძალიან ბევრმა ქვეყანამ, რომლებიც თვითონ აწარმოებენ ვაქცინებს, საკუთარი მოსახლეობა უკვე თითქმის დააკმაყოფილა, აქედან გამომდინარე, მეტი შესაძლებლობა გაჩნდება მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა ვაქცინის შეძენის. უკვე გვაქვს პირობა, რომ ჩინური ვაქცინის დიდი პარტია ივნისის ბოლოს შემოვა, მიმდინარეობს მოლაპარაკება "ფაიზერის" დიდი პარტიის შემოტანაზე, ამასობაში კოვაქსიც მოგვაწვდის ვაქცინებს და ზაფხულში ვაქცინაციის მასშტაბი გაიზრდება.

- წლის ბოლოს ვიქნებით 60% აცრილი? - კი, ეს რეალურია.