"წლების განმავლობაში თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარე და ასე დაცული ადამიანის უფლებები თითქმის არსად მინახავს" - კვირის პალიტრა

"წლების განმავლობაში თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარე და ასე დაცული ადამიანის უფლებები თითქმის არსად მინახავს"

"ქუჩაში სამედიცინო მანქანები დგას და "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" ცრიან მათ, ვისაც ამის სურვილი აქვს"

როგორ ამარცხებს ამერიკა "კოვიდ-19"-ს, როგორია ამერიკელების დამოკიდებულება ვაქცინის მიმართ, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი, ყოფილი მოცეკვავე ლადო წითაშვილი გვიამბობს.

- ღია სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელი აღარ არის, თუმცა ზოგს მაინც უკეთია. რამდენიმე თვის წინ იმ ქალაქში, სადაც მე ვარ, უმძიმესი სიტუაცია იყო, საავადმყოფოებში ინფიცირებულთა მიღებას ვერ აუდიოდნენ, ახლა კი ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. პარკები და სკვერები ისევ გადავსებულია. თუმცა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა. ქუჩაში სამედიცინო მანქანები დგას და "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" შეიძლება აცრა. ზოგჯერ გთავაზობენ, ხომ არ აიცრებითო, უარის შემთხვევაში მიზეზს გეკითხებიან. ბევრი იკეთებს, მაგრამ ანტივაქსერული განწყობა აქაც არის - "კოვიდს" ჩემთვის პრობლემა არ შეუქმნია და რატომ უნდა გავიკეთო, თან კვლევებიც არა მაქვს გაკეთებულიო.

როდესაც "კოვიდი" მძვინვარებდა, მოსახლეობის უმეტესობა ძალიან მედგრად იყო, ჩემი ქვეყანა ყველაფერს გადალახავსო. თუ ვინმე რეგულაციას არ იცავდა, მიუთითებდნენ, ოღონდ დელიკატურად, ეს ჩვენ გვჭირდება, ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რომ შეზღუდვებს დავაღწიოთ თავიო. მაოცებდა მათი პასუხისმგებლობა.

შესაძლოა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა იმანაც განაპირობა, რომ ზოგიერთმა სამედიცინო ორგანიზაციამ ვაქცინები გულის ანთების გამომწვევ მიზეზად დაასახელა, თუმცა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ამას არ ადასტურებს.

ვაქცინირებულთათვის პირბადის ტარების წესი შეიცვალა, მათ აღარ აქვთ შეზღუდვები. ეს კარგი მოტივაცია იქნება მათთვის, ვინც ვაქცინაციისგან თავს იკავებს. თუმცა არ უნდა დაავიწყდეთ ვირუსის სხვებზე გადადების პოტენციური რისკი. ექიმები ოლიმპიური სიმშვიდით გიხსნიან, რომ პირბადის ტარება ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებისთვის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია.

ვისაც ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული, თავისუფლად შეუძლიათ გარეთ ისადილონ ან სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა მათსავით ვაქცინირებულებთან ერთად, ან ვისაც ჯერ ვაქცინა გაკეთებული არა აქვს.

ნიუ-იორკის გარეუბნებში უამრავი ადამიანი ქუჩაში იძინებს და მათ პირბადეებს აწვდიდნენ. ბევრი აგრესიული იყო, არ მჯერა "კოვიდის", ხელისუფლება გვატყუებსო.

არ მიკვირს, რომ ამერიკა ასე მალე გამოვიდა უმძიმესი მდგომარეობიდან. მოსახლეობა ხელისუფლებას ენდობა და სჯერა, რომ მისთვის ყველაფერს აკეთებს, არა მარტო თავისი მოქალაქეებისთვის, არალეგალებისთვისაც უამრავ შეღავათს უშვებს, რათა აქ მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. მეც მათ შორის ვარ, ოღონდ კანონი არ უნდა დაარღვიო.

- ვიცი, რომ მუშაობთ, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული ვიზით ხართ ჩასული. - დიახ, ეს არის იმ სიკეთეებიდან ერთ-ერთი, რასაც ამერიკა ყველას სთავაზობს, ვისაც პატიოსნად მუშაობა უნდა. შემიძლია მართვის მოწმობაც ავიღო, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად გამოვიყენო და ვიმუშაო კიდეც.

ტურისტული ვიზის გარდა, ჯერ სხვა დოკუმენტი არა მაქვს, მაგრამ სამშენებლო კომპანიაში, სადაც ვმუშაობ, 30-საათიანი გადამზადება გავიარე, ამიხსნეს, რა როგორ უნდა გავაკეთო. აქ ზურგით არაფერს დაათრევ, ინფრასტრუქტურა ისეა გამართული, მანქანა აკეთებს ბევრ რამეს. არალეგალი ვარ, მაგრამ უკვე ოფიციალურად ვმუშაობ. არავინ მზღუდავს, ოღონდ ტურისტული ვიზის ვადა არ უნდა დავარღვიო. ის კომპანია, რომელიც არალეგალებს ასაქმებს, სახელმწიფოს უხდის თანხას და არავინ შემოუვარდება, ვინ გყავს დასაქმებულიო. ეს არის ამ სახელმწიფოს უდიდესი სიკეთე, ყველას უფლებას იცავს. ანაზღაურება საათობრივად გვაქვს და წინასწარ განსაზღვრულ საათს ათი წუთიც რომ გადააცილო, სრული საათისას გინაზღაურებენ.

თუმცა, თუ რამდენიმე წუთს დააგვიანებ, მაშინაც ერთი საათის ხელფასს გაკლებენ. თუ მეტროთი გიწევს მგზავრობა ან გზაში საცობი იყო, ტექნიკური ხარვეზების გამო დაგაგვიანდა, ამას ითვალისწინებენ, რადგან ისინი, ვინც არალეგალებს ამუშავებს, თავადაც ჩამოსულები არიან, ესმით აქ ცხოვრების სირთულე და ცდილობენ ხელი გაგიმართონ, ოღონდ არ უნდა მოატყუო, არ უნდა "იხალტურო", არ მოიპარო და დამსაქმებელს საქმე არ გაუფუჭო.

აქ ცხოვრება ძალიან ძვირია: კვება, ბინის ქირა, კომუნალურები, მაგრამ თუ პატიოსნად იმუშავებ, მაინც ღირს... მე და ჩემი მეგობრები ბრონქსში ვცხოვრობთ, რომელიც მაინცდამაინც უსაფრთხო რაიონად არ ითვლება, ამიტომ ბევრად იაფია ყველაფერი.

აქ პოლიცია ყველაფერს აკონტროლებს, რადგან ამ უბანში მსუბუქი ნარკოტიკი იოლი ხელმისაწვდომია. მარიხუანაზე რომ არაფერი ვთქვათ, მარკეტებს პირდაპირ აწერია, რომ მსუბუქი ნარკოტიკი იყიდება. ამ მხრივ უკიდურესი თავისუფლებაა, მაგრამ თუ არ გინდა, არავინ გაძალებს.

ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ ადამიანს, რომელსაც კანონით აქ ცხოვრების უფლება არა აქვს, მუშაობის უფლებას აძლევენ. მეტიც, პანდემიის დროს, როდესაც ბევრი რამ მუშაობის ონლაინრეჟიმზე გადავიდა ან დაიხურა, ხელისუფლებამ არალეგალებს დახმარებაც დაურიგა - ორჯერ ორ-ორი ათასი დოლარი და ვისაც ხალხი ჰყავდა დასაქმებული, უფრო მეტი. ამერიკა იმედის ქვეყანაა ყველასთვის, მნიშვნელობა არა აქვს რომელი ქვეყნის, რელიგიური მრწამსისა და მსოფლმხედველობის ადამიანი ხარ, მთავარია, დაანახო, რომ რასაც აკეთებ, წესიერად, პატიოსნად აკეთებ. ტურისტული ვიზით ვარ ჩამოსული, მაგრამ დაზღვევა მაინც მომცეს, ოფთალმოლოგიური და სტომატოლოგიური მომსახურების გარდა, ყველაფერი უფასოა. მე მოცეკვავე ვარ. წლების განმავლობაში თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარე და ასე დაცული ადამიანის უფლებები თითქმის არსად მინახავს. ჩვენს ქვეყანაში ცეკვით პანდემიის დროს კი არა, ადრეც ვერ ირჩენდი თავს, ამიტომ თურქეთში წავედი, სადაც რამდენიმე წლით დავრჩი. ახლა იქაც ჩავარდა ყველა შოუ და პროექტი. ამიტომ წამოვედი ამერიკაში. აქ უამრავი ჩემნაირია, ზოგს ცეკვისას მუხლი ჰქონდა დაზიანებული, მენისკი აწუხებდა, რაც მუშაობაში ხელს უშლიდა და აქ უფასოდ უმკურნალეს.

- ემიგრანტები ამბობენ, რომ მენტალურ განსხვავებასთან შეგუება უჭირთ. - დიახ, მაგრამ როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაში ჩადიხარ, იქაურ ცხოვრების წესს უნდა მოერგო.

მე მიჭირს იმასთან შეგუება, რომ ღამით, 10-ს რომ 5 წუთი აკლია და ხმაურობ, მეზობელი მაშინვე პოლიციას იძახებს, არადა, შეუძლია თავად მოგიკაკუნოს და ჩუმად ყოფნა გთხოვოს, მაგრამ ამასაც აქვს ახსნა - ის კანონის ენით გელაპარაკება. ეს არის ქვეყანა, სადაც ცოტა ხანს მაინც უნდა იცხოვრო, რომ მიხვდე, რა არის დემოკრატია.