"იმის თქმა, რომ კაშხალი დაინგრევა, გვირაბი გასკდება და წყალი ქუთაისის წალეკავს, არ შეიძლება"
"იმის თქმა, რომ კაშხალი დაინგრევა, გვირაბი გასკდება და წყალი ქუთაისის წალეკავს, არ შეიძლება"
ინჟინერ-ენერგეტიკოსი, ექსპერტი ანზორ­ ჭითანავა თურმე საბჭოთა კავშირის დროს თავად იყო ჩართული ამ პროექტის შექმნაში და თვლის, რომ "ნამოხვანჰესის" მშენებლობა ქვეყნისა და ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორც სპეციალისტი, "ნამოხვანჰესის" მშენებლობას მხარს ვუჭერ. მდინარე რიონზე ენერგეტიკულად აუთვისებელი მონაკვეთი სადაც არსებობს, იქ ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარების შესაძლებლობა დიდია - კონკრეტულად ლაჯანურსა და გუმათს შორის მონაკვეთს ვგულისხმობ - და ვთვლი, რომ მისი ათვისება აუცილებელია ტექნიკურად, ეკოლოგიურად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად მისაღები პარამეტრების შესაბამისად. პროექტი უნდა იყოს
ქვეყნისთვის სასარგებლო და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული. თუ ეს პირობები დაცულია, მაშინ მას ხალხიც და სპეციალისტებიც მხარს დაუჭერენ. საბჭოთა პერიოდში ამ პროექტის გენერალური დამპროექტებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიყავი­ და ამიტომ ყველაფერი ჩემს ხელშია გავლილი. ყველა დეტალი ვიცი, რადგან ჩვენი დაპროექტებული, დამუშავებული, შესწავლილი და მოფიქრებულია. მერწმუნეთ, მაშინ იქ
საეჭვო და საორჭოფო არაფერი დაგვიტოვებია. ამ პროექტმა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ყველა სახის ექსპერტიზა გაიარა. ადგილობრივი მოსახლეობა მაშინაც აქტიურად იყო ჩართული. უმაღლეს სახელისუფლებო სტრუქტურებშიც პროექტი შესწავლილი, შეთანხმებული და მოწონებული­ იყო, როგორც საუკეთესო გადაწყვეტილება. 2008 წლამდე მის დამ­უშავებაში პირადად ვმონაწილეობდი - 2006 წელს სწორედ ჩვენ წარვადგინეთ უკვე გადამუშავებული ვარიანტი, რადგან ძველი პროექტი საბჭოთა პერიოდის იყო და, რა თქმა უნდა, მაშინ მიდგომები სულ სხვანაირი გახლდათ. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა,­ ეკოლოგიური თვალსაზრისით მოთხოვნები გაიზარდა. გამკაცრდა მოთხოვნები მთელ მსოფლიოშიც. ეს პროექტი კიდევ ერთხელ გადავამუშავეთ და წარვუდგინეთ ხელისუფლებას განსახორციელებლად. Mმანამდე, საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1983 წლიდან 1992 წლამდე, ყველანაირი შემოწმება გავლილი აქვს.

- მას შემდეგ წლები გავიდა და ეკოვითარებას ხელახალი შესწავლა არ სჭირდება?
- საბჭოთა პერიოდში ენერგეტიკული პოტენციალის სრულად გამოყენების მოთხოვნილება არსებობდა. მაშინ უპირატესობა ენიჭებოდა მაღალი კაშხლებისა და დიდი წყალსაცავების ათვისებას. გათვალისწინებული იყო ერთსაფეხურიანი­ ვარიანტი, რომელიც დიდი მოცულობის­ წყალსაცავით იყო დაპროექტებული. მაღალი­ კაშხალი 200 მეტრამდე უნდა ყოფილიყო და ეს ხელს შეუწყობდა ამ მდინარის უფრო ეფექტიანად გამოყენებას. მაშინ გაერთიანებული ვიყავით ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში და ეს ობიექტი ამ პარამეტრებით უფრო მისაღები იყო, მაგრამ როგორც კი დამოუკიდებელი გავხდით, დიდი წყალსაცავების მიმართ ეკოლოგიური მოთხოვნებიც გამკაცრდა და საერთაშორისო დონეზე გამოითქვა პრეტენზია, რომ ეს დაკავშირებული იყო გარკვეულ ზიანთან, კლიმატის ცვლილებებთან, საინჟინრო, გეოლოგიური პირობების ცვლილებებთან და ა.შ. ჩვენ გადავსინჯეთ საბჭოთა პერიოდის გადაწყვეტილება და გადავედით სამსაფეხურიან ვარიანტზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ მონაკვეთის სრულად გამოყენებას ითვალისწინებდა, ოღონდ უფრო დაბალი კაშხლები და დაბალი ტევადობის წყალსაცავები უნდა აგებულიყო, თუმცა სამივეს საერთო მოცულობა ერთსაფეხურიანი ვარიანტისას უტოლდებოდა.

- რა უპირატესობა აქვს სამსაფეხურიანს?
- უპირატესობა ის არის, რომ ერთსაფეხურიანის დროს ტვიშის ვენახები, მართალია, არ იძირებოდა, მაგრამ მაინც ახლოს მოადგებოდა წყალი და კლიმატური ცვლილებების გამო შეიძლებოდა ტვიშის ყურძენს ის უნიკალური თვისებები დაეკარგა, რაც დღეს აქვს, ღვინოც სხვა ხარისხის ყოფილიყო. მაშინ ეს საფრთხე მოვხსენით და ახალი პროექტით ამ მიდამოებს ავაცილეთ როგორც წყალი, ისე - დატბორვა. იქ გადაწყდა დაბალი კაშხლის აშენება, რომელიც გვაძლევდა საშუალებას, ტვიშის ვენახების ირგვლივ, დაახლოებით 300 ჰექტარზე, ახალი ვენახებიც კი გაგვეშენებინა და მიგვეღო იმავე ხარისხის ყურძენი და ღვინო. ამ პროეტში გავითვალისწინეთ ისიც, რომ უნდა მომხდარიყო ღვინის­ ქარხნის რეკონსტრუქცია, რომელიც ადრე იყო იქ. ეს ქარხანა გათვლილი იყო იმ მოცულობაზე, რა მოსავალიც იქნებოდა. პროექტით უნდა დაფინანსებულიყო უსახელოურის ვენახების გაფართოებაც, რადგან ისინი იყო ლაჯანურის წყალთან ახლოს და ცაგერის რაიონის მიდამოებში ეს ჯიშიც უნდა შენარჩუნებულიყო. პროექტში ამისთვის საჭირო სახსრებიც გავითვალისწინეთ. კიდევ ერთი უპირატესობა სამსაფეხურიანი ვარიანტის არის ის, რომ სამივე საფეხურზე წყალი, ფაქტობრივად, არ იღვრებოდა, რჩებოდა მხოლოდ მდინარის მონაკვეთის სანიტარიული ხარჯი, რომელიც განსაზღვრული იყო 22 კუბით და აკმაყოფილებდა ყველა სანიტარიულ მოთხოვნას, რომლებიც სჭირდებოდა რეგიონს, ცხოველებს, მცენარეებს. ჩვენ ამ პროექტში ასევე გავითვალისწინეთ გუმათის დასახლების რეკონსტრუქცია და მისი თანამედროვე ქალაქად ქცევის ღონისძიებები. დაპროექტებულიც კი იყო, როგორი უნდა ყოფილიყო იქაურობა. გათვალისწინებული იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობაც. ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო დაპროექტებული როგორც ცაგერში, ასევე წყალტუბოსა და ქუთაისის მიდამოებში. გზის პროექტზეც კი იყო ლაპარაკი - ამას ითხოვდა ქუთაისი და იმდროინდელი ხელისუფლება. დამფინანსებლის თანხმობაც მივიღეთ. წყალტუბოს, ქუთაისისა და ცაგერის ხელმძღვანელობა მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა და უამრავი საკითხი იყო გაწერილი.

- ანუ ახლა ამ ყველაფერზე ლაპარაკია ამ პროექტში?
- არ ვიცი, იმ დამუშავებული პროექტიდან დღეს რა დარჩა, რადგან ჩემთვის არავის უთხოვია, ჩამეხედა და მის გადამუშავებაში მონაწილეობა მიმეღო. როგორც თავმოყვარე ადამიანმა, თავი შევიკავე, ჩემი ინიციატივით გამერკვია დეტალები, მაგრამ რადგან ხალხი ასე ეწინააღმდეგება, ალბათ, იქ ყველაფერი წესრიგში არ არის და არც მათი აზრია გათვალისწინებული, ან შეიძლება მოსახლეობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული. თუმცა იმის თქმა, რომ კაშხალი დაინგრევა, გვირაბი გასკდება და წყალი ქუთაისს წალეკავს, არ შეიძლება, რადგან ასე არ არის. ეს ხალხი უნდა წაიყვანონ ენგურჰესზე და აჩვენონ, როგორ არის აშენებული, რა მოთხოვნები იყო იქ და როგორ გადაწყვიტეს ყველა საკითხი. ვფიქრობ, აქ მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა და ეს ვითარებაც ამიტომ შეიქმნა. ჰესის აშენება-არაშენების საკითხს უნდა წყვეტდნენ სპეციალისტები, რომლებიც მერე უნდა ხვდებოდნენ მოსახლეობას და უსაბუთებდნენ, რატომ კეთდება, რაც კეთდება და რა გარანტიებია იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით უსაფრთხოდ ვიცხოვროთ და ვიშრომოთ. აუცილებელია, მეტი ყურადღება მიექცეს სპეციალისტების მოსაზრებებს და არა მათ შეხედულებებს, ვინც პროექტის შინაარსიც კი არ იციან. სამართლებრივი საკითხები ქუჩაში კი არ უნდა ირჩეოდეს, არამედ კაბინეტებში, ხელისუფლების იმ შტოების მონაწილეობით, რომელთაც სათანადო კომპეტენცია აქვთ. თუ მოსახლეობას სპეციალისტები აუხსნიან ამ პროექტის სარგებლიანობას, დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგობა შეწყდება, რადგან ყველა ირწმუნებს ამ სიკეთეს. ხელისუფლება განზე კი არ უნდა გადგეს, უნდა მივიდეს ხალხთან, დაუსაბუთოს ამ პროექტის საჭიროება და საზოგადოებაც ხელისუფლების მხარეს დადგება. ყველა მოინდომებს, უკეთესი გზები მოაძებნინოს ხელისუფლებას და ეს ჰესი აშენდეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები