ხმაურიანი ხეობა - კვირის პალიტრა

ხმაურიანი ხეობა

ვარლამ გოლეთიანი: "რკინის ჯებირებზე ისევ შევქმნით ხმაურს"

"ნამოხვანჰესის" მშენებლობის ირგვლივ ვნებათაღელვა არ წყდება. საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობას სამი პირობა წაუყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში თანახმა იყვნენ, დიალოგი გაეგრძელებინათ. ეს მოთხოვნებია: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. მთავრობამ ეს მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ამიტომ 23 მაისს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში გადმოინაცვლა, 26 მაისს კი ისინი კვლავ რიონის ხეობაში დაბრუნდნენ. თბილისში მათი სხვა მოთხოვნებიც გაისმა: ხელისუფლებამ უარი თქვას "ნამოხვანჰესის" მშენებლობაზე, კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და გამოძიება დაიწყოს იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც ხელს აწერენ "ნამოხვანჰესთან" დაკავშირებულ შესაძლო დანაშაულებრივ დოკუმენტებს. პროტესტის მიუხედავად, ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

თბილისიდან ხეობაში დაბრუნებულ აქციის მონაწილეებს გუმათთან ბლოკპოსტი დახვდათ და, რამდენიმე დღეა, "ნამოხვანისკენ" წასვლის უფლებას არ აძლევენ, ამიტომ ისინი მოითხოვენ პოლიციელების გაყვანას, თავისუფალი მომისვლის უფლებას და კომპანია "ენკას" საქმიანობის შეჩერებას. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სოფელ გუმათის ბლოკპოსტთან ინციდენტიც მოხდა და ძალოვნებმა რვა პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს.

რიონის ხეობის მცველებს და მათ მხარდამჭერებს რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა სამ ადგილზე აქვთ გადაკეტილი და ცდილობენ, არ გაატარონ კომპანია "ენკას" ტექნიკა და ავტომანქანები. კარავი აქვთ გაშლილი სოფელ გუმათში, "გუმათჰესის" დასახლებასთან და ასევე "ენკას" სასაწყობე მეურნეობასთან. გუმათთან მყოფი აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ, რათა ამ ხმაურით გამოხატონ თავიანთი პროტესტი. ხმაური იყო იქ 29 მაისსაც. იმ დღეს პოლიციის სპეციალური დანიშნულების ძალებმა "ნამოხვანჰესის" მშენებელი კომპანიის, "ენკას" საწყობთან გზა ძალის გამოყენებით გახსნეს და კომპანიის რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი გაატარეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, 29 მაისს, დილის 8 საათისთვის, სასაწყობე მეურნეობის ეზოდან მოულოდნელად გამოვიდა რამდენიმე ათეული სამართალდამცველი და გზის მეორე მხარეს მყოფი 20-მდე აქტივისტი ძალის გამოყენებით შეაკავა, რა დროსაც გაიარეს კომპანიის ავტომანქანებმა.

იუსტიციის სამინისტროს დასკვნა 22 კრიტიკული შენიშვნისგან შედგება

რიონის ხეობის მცველები თვლიან, რომ 2019 წლის 25 აპრილს სახელმწიფოს მიერ კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ხელშეკრულება კაბალურია. ამის დასტურად ამ დღეებში "მთის ამბებმა" იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტები გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტით ჩანს, რომ ხელშეკრულების პროექტზე იუსტიციის სამინისტროს კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ შენიშვნების უმრავლესობას დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია.

იუსტიციის სამინისტრო დასკვნაში საქართველოს მთავრობას მიუთითებს კონკრეტულ ფაქტებზე და მოითხოვს, რომ ხელშეკრულების შინაარსი გადაიხედოს.

"იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც 22 კრიტიკული შენიშვნისგან შედგება, ფაქტობრივად, არ არის გათვალისწინებული ხელმოწერილი ხელშეკრულების ტექსტში. ეს ნიშნავს, რომ დღეს მოქმედი ხელშეკრულება შეიცავს მნიშვნელოვან სამართლებრივ რისკს სახელმწიფოსთვის. დასკვნა სწორედ იმ საკითხების პრობლემურობას ააშკარავებს, რაც ხელშეკრულების გამოქვეყნებისთანავე ჩვენი მწვავე კრიტიკის საგანი გახდა... საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პროტესტის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე კვირის წინ ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა. აშკარაა, რომ ამ მანიპულაციით მთავრობა ცდილობს, შექმნას მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს საკითხის შესწავლით არის დაინტერესებული, არადა მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო იუსტიციის სამინისტროს კრიტიკული პოზიცია, რაც არ გაუზიარებიათ. მეტიც, სამინისტროს მითითებული საფრთხე მთავრობამ არ გაითვალისწინა და სამართლებრივად სარისკო ხელშეკრულება გააფორმა..." - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის" ცენტრში და დასძენენ: "მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში გამოთქმული შენიშვნები ხელშეკრულების საბოლოო რედაქციაში ასახული არ არის, დასკვნის კრიტიკული შინაარსის გამჟღავნების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და დაარწმუნონ, რომ შენიშვნები იყო გათვალისწინებული".

"სამწუხაროა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს ყველაფრის გათვალისწინება ვერ მოხერხდა"

განსხვავებულია "ქართული ოცნების" დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის მოსაზრება. ის თავის დროზე ხელს აწერდა იუსტიციის სამინისტროს სახელით გაცემულ დოკუმენტს, ამჟამად კი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების ნაწილი, რასაკვირველია, გაზიარებული იყო, მაგრამ არის რაღაც ნაწილი, რომელიც არ გაუზიარებიათ. როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როდესაც იუსტიციის სამინისტრო ხელშეკრულების პროექტის ექსპერტიზას ატარებს, მოლაპარაკების პროცესისთვის გაიცემა რეკომენდაციები, თუმცა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისას ყველა შენიშვნისა და რეკომენდაციის გაზიარება-შეთანხმება არ ხერხდება.

"სპეკულაცია იმით, რომ შენიშვნები იყო და ამიტომ "ნამოხვანჰესი" არ უნდა აშენდეს, სწორი არ არის. იმ შენიშვნებს შორის არცერთი არ არის ისეთი, რომელიც ხელშეკრულების დადების თაობაზე ეჭვს გააჩენს... ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელიც ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. სამწუხაროა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს ყველაფრის გათვალისწინება ვერ მოხერხდა", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე და აქციის მონაწილეებს ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს: "ულტიმატუმის შესრულების შემდეგ დიალოგისთვის მზადყოფნა სწორი მიდგომა არ არის. ასე წინ ვერ წავალთ... არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებით მოქალაქეებს სურთ, მეტი ინფორმაცია მიიღონ. ეს კარგია... სავარაუდოდ, ეს შესწავლა, მოკვლევა უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე თავის დროზე იყო... ვფიქრობ, ეს მეტ სიცხადეს შეიტანს მიმდინარე პროცესებში, მაგრამ მეორე და უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა ცალკეული ადამიანების განწყობა. შეიძლება ისინი სიტყვით გამოხატავენ სიცხადის შეტანის სურვილს, მაგრამ სინამდვილეში მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია ჰესის მშენებლობა, როგორი კარგიც უნდა იყოს ხელშეკრულება, თუმცა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გულწრფელად სურს, გაიგოს, რა უფრო ღირებულია ამ შემთხვევაში და ვისაც მართლაც აინტერესებს საკითხის ღრმად შესწავლა, ეს იქნება კარგი წყარო, რომ გადაწყვეტილება მიიღონ ინფორმირების შემდეგ".

"ეს ჰესი ასაშენებელია და აშენდება კიდეც!"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, კომპანია "ენკასთვის" თანხა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო და "იბიარდი" 800 მილიონ დოლარს არ ჩადებს ისეთ პროექტში, რომელიც მომგებიანი არ იქნება, ან შეიძლება სახიფათო იყოს ქვეყნისთვის. "ჰესების მშენებლობა რომ აუცილებელია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. კონკრეტულ ჰესს რაც შეეხება, ევროკავშირის შესაბამისმა კომისიამ პროექტთან დაკავშირებით პოზიტიური დასკვნა გამოგზავნა... გარემოს დაცვის შესახებ არსებობს დასკვნა და ის მოწონებულია არა მხოლოდ ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების, არამედ საერთაშორისო კორპორაციის მიერ სწორედ "იბიარდის" კრიტერიუმებიდან გამომდინარე... თუ ამის საპირწონე რამე აქვს იმ ორგანიზატორთა ნაწილს, რომელიც ხან თბილისის ბლოკირებით იმუქრება და ხან ქვეყნის გადადგმით, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ. სხვა შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია ნებისმიერი რიტორიკა... მოსახლეობის ნაწილი უკვე დაკმაყოფილდა "ენკას" გადახდილი თანხით. ეს ნიშნავს, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს... დარწმუნებული ვარ, მალე ყველაა მიხვდება, რომ ეს ჰესი ასაშენებელია და აშენდება კიდეც!"

"არ მივცემთ კომპანიას საშუალებას, გაანადგუროს ხეობის ლანდშაფტი"

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ "ნამოხვანჰესის" მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად დისკუსიაში მონაწილეობას არ დასთანხმდებიან. ვარლამ გოლეთიანი მოქმედების გეგმის შეცვლას აპირებს: "მოქმედების გეგმას შევცვლით და რკინის ბარიკადთან დღის განმავლობაში არ ვიქნებით, ნაწილი ჩავალთ "ენკას" ბაზასთან, ხოლო ნაწილი კიდევ ერთ შემოვლით გზაზე დადგება..."ჩვენ სამ ადგილზე ვეცდებით გზის გადაკეტვას... არ მივცემთ კომპანიას საშუალებას, გაანადგუროს ხეობის ლანდშაფტი. საღამოს რკინის ჯებირებზე ისევ შევქმნით ხმაურს და ამ ფორმით გავაგრძელეთ პროტესტს".

აქტივისტების ინფორმაციით, კომპანიას ხეობაში, საკუთარ ბაზებზე, ჰყავს მძიმე ტექნიკა, დასაწყობებული აქვს საშენი მასალა, მოიმარაგეს საკვები პროდუქტიც.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ამ დღეებში ისმის, რიონის ხეობის მცველების დაფინანსებაა. გაჩნდა სხვადასხვა მოსაზრებები. გავრცელებულ ხმებს აუდიტის დაქირავებით პასუხობენ აქციის ორგანიზატორები. ვარლამ გოლეთიანის თქმით, აუდიტი ფინანსებთან დაკავშირებით ყველა ხარჯს დააბალანსებს და შედეგებს "ფეისბუკზე" გამოაქვეყნებს. ამით პასუხი გაეცემა იმ შავ პიარკამპანიას, რომელიც მათ წინააღმდეგ აგორდა.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი მარიტა მუსელიანი ამბობს: "მას შემდეგ, რაც ფინანსები სასაუბრო თემა გახდა, მკვეთრად იმატა გადმორიცხვებმა. ჩვენთვის აუდიტი სავალდებულო არ არის. ვაპირებდით ანგარიშებისა და ხარჯის პირდაპირ გამოქვეყნებას. მერე გაირკვა, რომ ეს ძალიან დიდი მასალაა და ყველაზე სწორი და კარგი ფორმა არის აუდიტი, რომლის დასკვნაც არავითარ შეკითხვას არ დატოვებს".