მოგზაურობა გაყინულ დროში - კვირის პალიტრა

მოგზაურობა გაყინულ დროში

რეისი ჯოჯოხეთში "სიკვდილის ხიდით"...

ბლოგერი და ინფლუენსერი გურამ შეროზია ბევრს მოგზაურობს და საინტერესო ფოტოებს და ვიდეოებს უზიარებს სხვადასხვა ადგილებიდან თავის გამომწერებს. ის პანდემიის პერიოდშიც არ გაჩერებულა, ჯერ საქართველო მოიარა, შემდეგ ზანზიბარში იყო. ბოლოს უკრაინაში, გაჩერებულ ქალაქ ჩერნობილში იმოგზაურა, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ახლა ამ შთაბეჭდილებებს "კვირის პალიტრის" მკითხველს უზიარებს.

- რა სირთულეებთან არის დაკავშირებული პანდემიის დროს მოგზაურობა?

- რვა თვე მხოლოდ საქართველოში ვმოგზაურობდი, მერე სამჯერ სტამბოლში ვიყავი, ერთხელ - ზანზიბარში, ახლახან - უკრაინაში. საზღვარს ჩვეულებრივად კვეთ, PCR-ტესტი უნდა გქონდეს გაკეთებული და მორჩა. სხვა მხრივ ვერც მიხვდები, რომ პანდემიაა. არც ზანზიბარში და არც უკრაინის ქუჩებში არ უკეთიათ პირბადეები. მოკლედ, ცხოვრობს და ერთობა ხალხი. მეც ვინანე, რომ გვიან დავიწყე ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლა.

- როგორ აღმოჩნდით ჩერნობილში? - ჩერნობილზე ძალიან ბევრი დოკუმენტური მასალა მაქვს წაკითხული და ბავშვობიდან მინდოდა წასვლა. კიევიდან ეწყობა ტურები, რომელიც 120-დან 150 დოლარამდე ჯდება. კიევიდან საათსა და 40 წუთში ჩავედით. წასვლის წინ გაცნობენ წესებს, რომლებიც უნდა დაიცვა.

ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი უფრო უსაფრთხოა, რაკი წყალი რადიაციას რეცხავს. მინიმალური რადიაცია, რომელსაც ტურით იღებ, იდენტურია იმ დასხივებისა, რასაც ერთსაათიანი ფრენა იწვევს. შვიდამდე ადგილზე გავჩერდით და სამჯერ შეგვიმოწმეს რადიაციის დონე, რომელსაც შესვლა-გამოსვლის დროს გიზომავენ. თუ რამე შეინიშნება, მაშინვე სასწრაფოთი" წაგიყვანენ. დეზომეტრი გვეჭირა ხელში, რითიც ვაკონტროლებდით რადიაციის ნორმას გარემოშიც და ჩვენს სხეულებშიც. თუ მინიმალურ დასხივებას მაინც იღებ, დეზომეტრი აჩვენებს და სასწრაფოდ მოგაშორებენ ასეთ ადგილებს.

ჩერნობილის ტერიტორიაზე 100-150 ადამიანი ცხოვრობს, ისინი, ვინც არ დატოვა იქაურობა და დარჩნენ სოფლებში.

- მოგვიყევით, როგორ გამოიყურება იქაურობა. - უცნაური ადგილია. ერთ ადგილას თითქმის საერთოდ არ არის რადიაცია, სამ ნაბიჯში კი შეიძლება იმხელა იყოს, რომ უნდა გაიქცე. იქ მოსულ ბლის ნაყოფს არ აქვს რადიაცია, კურკას კი - ბლომად. მცენარეები ბედნიერად ყვავის, რადგან ადამიანები ვეღარ ანადგურებენ... ზუსტად 35 წლის წინანდელი საბჭოთა კავშირია, ხელუხლებელი.

- ალბათ, ძალიან ემოციურიც იყო იქ მოგზაურობა... - ჩერნობილი იმაზე მძიმე და ემოციური აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. იმ დროის ყველა ემოცია შევიგრძენი, ყველას ნაცვლად მეტკინა, ყველა ნივთში სევდიანი ისტორია ამოვიკითხე... იქ რომ ხარ, უფრო მძაფრად შეიგრძნობ ქალაქს, რომლის სიცოცხლე 35 წლის წინ გაჩერდა. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქალაქის საბავშვო ნაწილმა, გაჩერებულმა ეშმაკის ბორბალმა, სათამაშოებმა... გრძნობ, წამებში როგორ მოუწიათ გამოქცევამ... ხედავ, უცებ როგორც დააწყვეს ნივთები, ბავშვის ფეხსაცმელები, სათამაშოები, რომლებიც ახლაც ისევ ისე აწყვია... ასევე უმძიმესი სანახავი იყო "სიკვდილის ხიდი", რომლის ისტორია ხალხის ნაწილს ეხსომება. საბჭოთა ხელისუფლება აფეთქების შემდეგაც არ ითვალისწინებდა უსაფრთხოების ნორმებს. ყველა, ვინც სარკინიგზო ხიდიდან ადევნებდა თვალს ცეცხლში გახვეულ ატომურ სადგურს, გარდაიცვალა, რის გამოც ამ ხიდს "სიკვდილის ხიდი" უწოდეს. მაშინ არავინ იცოდა და ვერც იფიქრებდნენ, რა ძვირად დაუჯდებოდათ ეს სანახაობა...

აფეთქებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ შეატყობინეს ხალხს, რომ სახლები უნდა დაეცალათ და ამისთვის ზუსტად ორი საათი მისცეს. ხალხმა ხელი დაავლო, რაც მოასწრეს და გაცვივდნენ, მაგრამ ავტობუსებმა, რომლებითაც ისინი უნდა გადაეყვანათ, რამდენიმე საათით დაიგვიანა. ხალხი ქუჩაში ელოდა და უფრო და უფრო მეტ დასხივებას იღებდა, არადა, საუკეთესო გამოსავალი სახლში დარჩენა და ფანჯრების ჩაკეტვა იქნებოდა.

ჩერნობილიდან მატარებელს მომდევნო დღეებშიც გადაჰყავდა ადამიანები, რაც ასევე საბედისწერო აღმოჩნდა მათთვის. შემდგომში ისინი, ვინც მატარებლის ბილეთს წარადგენდნენ, კომპენსაციას იღებდნენ სახელმწიფოსგან, რომლის დაუდევრობის გამოც მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრა.

თუმცა ყველაზე საბრალო დღეში მეხანძრეები აღმოჩნდნენ, რომლებმაც, სტანდარტული ხანძრის მსგავსად, წყლით სცადეს მეოთხე სადგურის ჩაქრობა.

- გარდა ჩერნობილისა, უკრაინაში რა ნახეთ განსხვავებული და საინტერესო? - მითხრეს, რომ არის სადომაზოხისტური ბარი, სადაც ტარდება ეროტიკული თამაშები. წავედი ამ ბარში, შევდივარ და ვხედავ, რომ გოგო დადის მაგიდებთან, ყველას მათრახს ურტყამს, მე კი მიღიმის; გვერდით ოთახში ვიღაც ბიჭი მუხლებზე დგას, მეორე ზურგზე ურტყამს. ეს ბიჭი ხმას არ იღებდა და ვფიქრობდი, რომ რაღაც თამაშია და მათრახიც სათამაშო. ჩემთან მოვიდა ვიღაც გოგო და მითხრა, თუ ამ კოქტეილს დალევ, შოუ გელისო. სიამოვნებით მივიღე შემოთავაზება, 10 წუთში კი მოვიდნენ, დროზე გაიხადეო! ვიფიქრე, სადაც წვრილია, იქ გაწყდეს-მეთქი, მაგრამ აი, მერე მოხდა, რაც მოხდა - მე მგონი, ჩემი ღრიალი თბილისშიც ისმოდა, შემიყვანეს გალიაში, ათი წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან, ისე მიბრაგუნეს მათრახები, ძალიან მწარე, ცხელი სანთლები მაწვეთეს... ნამდვილი წამება გავიარე...

გურამ შეროზიას აფრიკული სიყვარულის ამბავი

"ერთი გოგო მომეწონა, მაგრამ დამეკარგა და კოკო მის ძებნაში მეხმარებოდა..."

- ზანზიბარი აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფო ტანზანიის კუთვნილი კუნძულია. მე და კოკომ ერთმანეთი შემთხვევით პლაჟზე გავიცანით. მანამდე ერთი გოგო მომეწონა, რომელიც დამეკარგა, ვეღარ ვიპოვე და კოკო მის ძებნაში მეხმარეობდა.

ბევრი სიარულის, საუბრის, ყავის შემდეგ უცებ გამინათდა გონება და წამოვიძახე: "- იცი, ვიპოვე ჩემი გოგო!

კოკოს სახეზე შეეტყო, რომ არ ესიამოვნა ეს ამბავი, მაგრამ მაინც მკითხა: - აბა, სად არის? აქ-მეთქი... სად, აქო? შენზე ვამბობ, კიდევ ვინმეს ვეძებდით, აღარ მახსოვს-მეთქი და გაეღიმა... ასე გადაიზარდა მეგობრობა სიყვარულში...

ახლა პასიური რეჟიმით ვაგრძელებთ ურთიერთობას, მაგრამ უკვე დასასრულისკენ მივდივართ, რადგან ძალიან რთულია ამდენი კილომეტრის მოშორებით გააგრძელო ურთიერთობა.

თავიდან უფრო ეგზოტიკური სასიყვარულო თავგადასავალი მაინტერესებდა, მოკლედ თავიდან ეგზოტიკა იყო - თუმცა მერე ეს ფლირტი ძალიან სერიოზულ ურთიერთობაში გადაგვეზარდა.

ჩემთვის ადამიანის ეროვნებასა და კანის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. ბანგლადეშიდან იქნება, აფრიკიდან თუ სამეგრელოდან - ყველა ერთია. თუ კარგი ადამიანია, ბევრ რამეში ვემთხვევით, წარმომავლობას არა აქვს მნიშვნელობა...

კოკო ძალიან საყვარელი, ღრმა, მრავალფეროვანი და საინტერესო გოგო იყო. მომხიბლა იმან, რომ ცხოვრებას ძალიან ოპტიმისტურად უყურებს. სულ რომ თავზე ცა ჩამოექცეს, ამაშიც რაღაც დადებითს აღმოაჩენს. ნახევარ საათს დააგვიანებ და გეტყვის, გმადლობ, მოვიცალე, მეილებს ჩავჯდომოდიო... ფოტოზე საშინლად გამოვიყურებოდით და, იტყოდა, არა უშავს, სამაგიეროდ განათება აქვს კარგიო. უგემურ ფრეშს მოგვიტანდნენ, მაგრამ იტყოდა, ძალიან კარგად გაუცივებიათ, რა მაგარიაო...

ზანზიბარი მრავალფეროვანი ქვეყანაა. არის ზღვა, ღარიბი ადამიანები, რომლებიც თავისი დუხჭირი ყოფის მიუხედავად, უბედნიერესად გრძნობენ თავს, პატარა მაგნიტოფონები აქვთ ჩართული და ყველა ცეკვავს.

ხათუნა კორთხონჯია