მამალში ჩასახლებული სვანის სული, წითელი ფარნების კვარტალის სომეხი მეძავი და ბუშტები კუზიანი მიცვალებულისთვის - კვირის პალიტრა

მამალში ჩასახლებული სვანის სული, წითელი ფარნების კვარტალის სომეხი მეძავი და ბუშტები კუზიანი მიცვალებულისთვის

ლერი ფილფანი ქირურგი გახლავთ, შვედეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ავსტრიის, პორტუგალიის სამედიცინო კონფერენციების მონაწილეს, მუშაობის 21-წლიანი გამოცდილება აქვს და ამ დროის განმავლობაში მისი ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების რაოდენობა 2000-ზე მეტია. "როგორც ყველა ექიმს, მეც მაბედნიერებს გამოჯანმრთელებული ადამიანის მადლიერი ღიმილი. მიზანიც ეს არის და აზრიც ჩვენი პროფესიის","- ეს არის ლერი ფილფანის ცხოვრების კრედო და ამისთვის ძალისხმევას არ იშურებს. ხშირად ამბობენ, სიცილი და სიტყვა წამალიაო და ასეც არის. ლერი ექიმის პაციენტებს ნამდვილად უმართლებთ, რადგან პაციენტების გახალისებაც და მათთვის კარგი განწყობის შექმნაც არაჩვეულებრივად ეხერხება.

სვანური პურმარილი რეანიმაციიდან სულის წასაყვანად

- მოკლედ, სადღაც ორიათასიანი წლების დასაწყისია. ჯერ კიდევ ახალი თანამშრომელი ვარ კლინიკაში და, ჯვარი აქაურობას, ერთი ნათესავი მომიკვდა ჩვენი კლინიკის რეანიმაციაში. გადაასვენეს ჯანდარაში და მეორე დღეს მირეკავს შვილი - ხომ იცი ახლა ჩვენი ტრადიციები და ხვალ საღამოს გვინდა მოსვლა სულის წასაყვანადო! ეზოდან? - ბოლო იმედს ჩავებღაუჭე. არა, რეანიმაციიდან, რომელ საწოლზეც იწვაო... ვაჰ, გამივიდა სიმწრის ოფლი, მაგრამ უარიც ვერ ვუთხარი და ამოვღერღე, ვიკითხავ უფროსებთან-მეთქი. ავედი, რეანიმაციის ექიმს ვუთხარი, ასე და ასეა-მეთქი. სვანები არიანო? - გაეცინა. მოვიდნენ, კაცო, ოღონდ საღამოს, ადმინისტრაცია რომ წასული იქნებაო. ჯიგაარ! - გავიფიქრე. იმედია, ისე გამოვძვრები, არც მწვადი დავწვა, არც შამფური და სულსაც მშვიდობით გავატან-მეთქი.

მოვიდა იქაური სამეზობლო, ოთხი თუ ხუთი ბრგე ქუდიანი სვანი, იღლიაში ამოჩრილი მამლით და ორიც გოგო - ჩანგით... ვაი! ვიწურები ოფლში, მაგრამ რა ვქნა?! ავუძეხი ინტენსიურში, სადაც ნაოპერაციები პაციენტები წვანან.

ამოალაგეს ჩანთებიდან პურ-მარილი, ღვინო, არაყი და გავშალეთ პატარა მაგიდაზე. დაანთეს სანთლები და გაუშვეს მამალი. ხომ არსებობს "ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში"? თქვენ იქ მწოლიარე ქალთა და კაცთა სახეები უნდა გენახათ! თვალები დაჭყიტეს, ფერი დაკარგეს, მონიტორებზე სიგნალიზაცია ჩაირთო, მაგრამ ხმის ამოღებას ვერც ერთი ვერ ბედავს! ეს მამალი კიდევ, ყუ-ყუ-ყუთი ხან ერთის ლოგინის ქვეშ შეძვრება, ხან - მეორის.

მოკლედ, დავლიეთ რამდენიმე ჭიქა, გოგოებმაც ჩანგს ჩამოჰკრეს და ვინაიდან ითვლება, რომ მიცვალებულის სული ამ მამალში გადადის, მამალს ელაპარაკებიან, როგორც იმ პიროვნებას... ნელ-ნელა გავხურდით და დაუწყეს ახლა მამალს არყის დაძალება. აწვდიან პატარა ჭიქით, ის არ სვამს (როდის იყო, ქათმები არაყს სვამდნენ!). დალიე ერთი ჭიქა, სი მარე (შე კაცო), ვითომ არ გიყვარდა, ისე ნუ იქცევი ახლაო და არის ერთი გამიშვი-დამიჭირე.

როგორც იქნა, ჩავამთავრეთ რიტუალი და ჩანგის ჰანგებზე ჩამოვედით ეზოში. უცებ ერთ-ერთმა - ლერი, როგორ ხარო? შევხედე. კაი ტანკივით ბიჭია, წვერიანი, სვანური ქუდით. დავაკვირდი და, ვაა, ლევან, შენ ხარ? ვერ გიცანი, ბოდიში-მეთქი (სკოლის მერე არც მენახა). წასული ვიყავი ევროპაში, ახლა ჩამოვედიო. იქ რას აკეთებდი-მეთქი, ისე ვკითხე, რიტორიკულად, თორემ გულში ვფიქრობ, რას გააკეთებდა, ალბათ, რასაც უმეტესობა-მეთქი და პასუხი - მოზაიკას ვაკეთებდი ვატიკანშიო... აი, ამჯერად უკვე ჩემი გაოგნებული სახე უნდა გენახათ! ტოლს არ დავუდებდი რეანიმაციის გაოგნებულ პაციენტებს! წავიდნენ ჩემი ტკბილი სვანები ჩანგის დაკვრით და მე კი დავრჩი ეზოში ტრავოლტას გიფივით, ხელებს რომ ატრიალებს დაბნეული...

კონფერენცია ამსტერდამში

- წელი არ მახსოვს, მაგრამ ის კარგი დრო იყო, ევროპაში რომ დავფრინავდით. ჰოდა, ამსტერდამში იმართებოდა ევროპის ონკოლოგთა კონგრესი. წავედით მთელი დელეგაცია... ერთი დღეც არის და, ერთი ღრმად პატივცემული (გვარს და სახელს არ დავასახელებ) კოლეგა შემიჩნდა, მახსოვს, ვისკი უნდა გქონდეს შენო. კი-მეთქი. მოდი, დავლიოთო. კაი, დავლიოთ. დავსხედით ჩემს ნომერში, გავაგდებინეთ ძირი ამ ლიტრიან "ჯემისონს" და იქვე მეორეც მოგვიდგა ახლობელმა.

ბოლოს მახსოვს, ამსტერდამის თავისუფალი სულის თუ რაღაცის სადღეგრძელო დავლიეთ და წამო, ახლა წითელ ფარნებზე გავისეირნოთ, ჩავისუნთქოთ თავისუფლების დიდებულებაო. აქ წყდება მეხსიერება...

მეორე დილას ვიღვიძებ ნომერში. ერთი ტაისონის ვეფხვი და ქათამი არ მიპოვია, თორემ სხვა მხრივ "ჰენგოვერი" იყო ერთი-ერთში (ფილმის""წვეულება ვეგასში" სიუჟეტი - ავტ.). ვერაფერს ვიხსენებდი. როგორც იქნა, დარეკა ამ დალოცვილმაც, როგორ ხარ, გახსოვს გუშინდელიო? არაფერი მახსოვს-მეთქი. იქ ხო ავბოდიალდით, წითელ ფარნებზეო, ჰოდა, ვიდექით და ვლაპარაკობდით, აუ, რა სასწაული ხალხია, რა სასწაული ქვეყანააო... ამ დროს გამოაღო კარი გოგომ, ვისი ფანჯრების წინაც ვიდექით, წაგავლო მხარზე ხელი და შეგაგდო შიგნითო. უცებ განათდა გონება და გამახსენდა ყველაფერი, რაც ფარდის მიღმა მოხდა... საიდან ხართო, მკითხა იმ გოგომ. საქართველოდან-მეთქი, რაც შეიძლებოდა ამაყად ვუპასუხე და ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი აქცენტით შემომიბრუნა - მართლა? მე სომხეთიდან ვარო. როგორც თქვენ არაფერი გიკადრებიათ მისთვის, ისე - მე. რომ გამოგაცილა, სულ მხარზე გეფერებოდაო, მეუბნებოდნენ ჩემი კოლეგები. დარდი ჰქონდა, ნასვამი როგორ მივიდოდი სახლში, უცხო კი არ იყო, შინაური გამოდგა-მეთქი. მოკლედ, იმის მერე ამსტერდამიდან ვინც ჩამოვიდოდა, კარინამ მოკითხვა შემოგითვალაო, მეუბნებოდნენ.…

ჯვარი აქაურობას და, გასვენება იმერეთში...

- ასე, 20 წლის წინ რაიონში ვართ ჩასული და გარდაიცვალა მეზობლის კაცი, ძალიან კარგი ადამიანი, მართლა ყველას რომ უყვარდა და განსაკუთრებით - ახალგაზრდებს. ის ცხონებული ძალიან კუზიანი იყო, 60 თუ არა, 45 გრადუსით მაინც იყო მოხრილი. რა უნდა გვექნა, სასახლეში ხომ უნდა გაგვესწორებინა როგორმე და მესაფლავემ ღრმა სასახლე გააკეთა, ფეხებში და თავში კი ბუშტები ჩაუდეთ, ბალიშის კონვერტში ჩადებული, რომ ლამაზად ჩანდეს და ეგააო. ჩვენც ეგრე ვქენით და დავივიწყეთ ეს ამბავი (ჩვეულებრივი ბალიში რომ დაგვედო, ვითომ სხვანაირად გავასვენებდით? მაგრამ რადგან გვირჩია, ჩვენც აღარ მივაქციეთ ყურადღება).

დადგა გასვენების დღე. უბნის ბიჭებმა ავწიეთ სასახლე და მივდივართ სასაფლაოსკენ. უცებ თავქვეშ ამოდებული ბუშტი გასკდა და მიეწია იმქვეყნად პატრონს, მაგრამ ეგრე უბრალოდ კი არ მიეწია! ბუხხხხხ! - რომ დაიძახა, ჯერ კინაღამ ჩვენ გავყევით იმ ბუშტს და მერე ამ მიცვალებულმა ფეხები რომ ამოსწია სასახლიდან!.. ასეთი არაფერი მინახავს... პირდაპირი მნიშვნელობით, ხალხი ფეხსაცმელებიდან ამოხტა და ისე გარბოდა. მართლა! ვისაც სასახლე გვეჭირა, გარშემო რომ მიმოვიხედეთ, ფეხსაცმელები ეყარა. მოხუცები ახალგაზრდებს ასწრებდნენ, ისეთი ამბავი იყო! როგორც იქნა, მობრუნდა ეს გულგახეთქილი და ნახევრად იმქვეყნად წასული ხალხი უკან და გავაგრძელეთ პროცესია. თან იმაზე გვეფიქრება, მეორემაც არ იბუთქოს, თორემ ეს ხალხი კი მიდის თავისი ფეხით სასაფლაოსკენ.

მივედით მშვიდობით და მოვბრუნდით უკან საქელეხოდ სეფაში. შემოვედით თუ არა ეზოში, დასცხო წვიმამ და მოხსნა ცამ პირი (ვინც იცის დასავლეთ საქართველოს თავსხმა, კი მიხვდება, რა ბეწვზე მოვასწარით მიცვალებულის გაპატიოსნება). ვდგავართ სეფის შესასვლელში მიცვალებულის შვილი ლევანი და მეზობლები, გავცქერით წვიმას. უცბად ერთ-ერთმა მეზობელმა თქვა, ლევანა, ქე კაი საქმე მოასწარი ახლა შენ ამ წვიმასო. ყველას ხარხარი აგვივარდა. ბუნებრივია, მოსწრებაში მამამისის გარდაცვალება კი არ იგულისხმა, ამ წვიმაში რომ არ გვიწევს გასვენებაო, მაგრამ თავი მაინც ვერ შევიკავეთ.…

პროფესიული კურიოზი

ყველას გვაქვს პროფესიული კურიოზები. რას ვიზამთ, ხდება ხოლმე.

ერთ პალატაში გვერდიგვერდ გვეწვა პაციენტები მე და ერთ ოქროს ბიჭს, ლექსო ლაგვილავას. მოვა თურმე ეს მოწესრიგებული ლექსო ექიმი დილით სამსახურში, შეახვევს თავის პაციენტს, მოეფერება. მოვალ მე ზარმაცი შუადღეს, შევახვევ ჩემს პაციენტს, მოვეფერები. თურმე ერთსა და იმავე პაციენტს ვახვევთ... ის, გვერდზე ვინც იწვა, ეუბნება თურმე ამას, კი მაგრამ, შენ რა დაზღვევა გაქვს ასეთი, ორ-ორჯერ რომ გახვევენ და მე არავინ მეკარებაო?

ნინო ჯავახიშვილი