"მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ამბავი. უცებ თავზე ჩამომექცა ქვეყანა" - კვირის პალიტრა

"მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ამბავი. უცებ თავზე ჩამომექცა ქვეყანა"

"რა მჭირს დედა, გთხოვ, აქ არ დამტოვო, სახლში წამიყვანე, აქ აღარ მინდა", - ასე ეუბნება იაშვილის კლინიკაში მყოფი 3 წლის მარიამ გაზდელიანი თვალცრემლიან დედას, დედას, რომელიც ახლა უფლის და საზოგადოების მხარდაჭერის იმედად არის დარჩენილი.

3 წლის ულამაზეს მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება. მას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა და ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში წევს. გოგონას სასწრაფოდ ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. გოგონას მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, ძვლის ტვინის გადანერგვაც კი დასჭირდეს. ახლა ოჯახს სასწრაფოდ ბავშვის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანა სურს. დრო არ ითმენს, ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რომ დროზე მოხერხდეს ბავშვის გადარჩენა. სამწუხაროდ, სოციალურად დაუცველია მარიამის ოჯახი და არ აქვთ ფინანსური საშუალება, რადგან ეს საკმაოდ დიდ თანხასთან არის დაკავშირებული და ამიტომ საზოგადოების მხარდაჭერა და ყოველი ლარის გაღება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არა ერთი პატარა გადარჩენილა ხალხის გულისხმიერების შედეგად და დარწმუნებულები ვართ, კიდევ ერთ სიცოცხლეს, პატარა მარიამს, ერთად გადავარჩენთ და ის ჯანმრთელი დაგვიბრუნდება.

თაკო თოთიაური, ბავშვის დედა: - არ ვიცი, რა ვთქვა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, რაც ჩემს თავს ხდება, წარმოუდგენელია. მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ამბავი. უცებ თავზე ჩამომექცა ქვეყანა. სრულიად ჯანმრთელი იყო მარიამი, არასოდეს ჰქონია ჯანმრთელობის პრობლემა. 9 აპრილს 3 წლის გახდა და გასართობ ცენტრში აღვნიშნეთ მისი დაბადების დღე. რამდენიმე დღეში ბავშვებს სიცხე მისცა. სამი შვილის დედა ვარ, პატარა ერთი წლის არის. მარიამი შუათანაა, 3 დღე მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ ბავშვებს, პატარას გაურთულდა მდგომარეობა, თორემ მარიამი თითქოს მალე კარგად გახდა, მხოლოდ ხველა დაუტოვა. ამიტომ პედიატრთან წავიყვანე, ანალიზები ავუღეთ და მითხრა, ჰემოგლობინი დაბალი აქვსო. მედიკამენტები დაუნიშნა, მათ შორის - ანტიბიოტიკიც. ერთ დილით, ბავშვმა რომ გაიღვიძა, ფეხზე პატარა ჩაქცევის მაგვარი სილურჯე ვნახე, შემეშინდა და ისევ წავიყვანე ექიმთან. მან რომ დაათვალიერა ბავშვი, მითხრა, იაშვილის კლინიკაში მიიყვანეთო. იქ კი, სამწუხაროდ, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დამისვეს. ამ დრომდე კლინიკაშია მარიამი და ქიმიოთერაპიას გავდივართ. მედიკამენტები შემოგვაქვს გერმანული და იმით უკეთდება ქიმიოთერაპია, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი არ ჩანს.

წამლებისთვის საკმაოდ დიდი თანხები იყო საჭირო, 30 000 ლარი უკვე დავხარჯეთ, ჩვენ არაფერი გვქონდა, რადგან სოციალურად დაუცველები ვართ და ხალხის დახმარებით წამლები შევიძინეთ. მკურნალობის მიუხედავად, მაინც საგანგაშოდ მაღალია მაჩვენებელი, შედეგი არ გვაქვს. სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ მარიამი გერმანიაში. ფინანსები არ გვაქვს, ზუსტად ვერ გვეუბნებიან, რა დაგვჭირდება. თუ არ დაემორჩილა მკურნალობას, ძვლის ტვინის გადანერგვა დაგვჭირდება და ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ექიმები ამბობენ, რომ მაღალ რისკს მივეკუთვნებით, ძალიან ცუდი შედეგი გვაქვს. სავსეა საავადმყოფო ამ დიაგნოზით, მაგრამ ჩვენნაირად უშედეგოდ არავინ არის. ამიტომ გერმანიაში სამკურნალოდ წასვლა დროულად უნდა მოხდეს. მაქსიმუმ, ყველაზე დიდი, 10 დღეში და ესეც დაკარგული დროა, ხალხის იმედად ვართ დარჩენილები. ვერ წარმოიდგენთ, ერთ წამში როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, ცა თავზე ჩამოგვექცა. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ იქნებ ხალხმა გულთან მიიტანოს ჩვენი გასაჭირი და შვილის გადარჩენაში დაგვეხმაროს. ვიცი, უამრავი პატარა გადარჩენილა ამ გზით და იმედი მაქვს, ღმერთი არ გამწირავს და კეთილი ადამიანები ჩემი შვილის სიცოცხლეს მაჩუქებენ. თითოეული გაღებული ლარისთვის წინასწარ ყველას მადლობას ვუხდი. ღმერთი წინ დაახვედრებს ამ სიკეთეს მათ.

სახლში, ასევე, მყავს დედა, მეოთხე სტადიის სიმსივნით. ჯანდაცვამ მისი ქიმიოთერაპიაც ახლა ნაწილობრივ დაგვიფინანსა და მკურნალობის გაგრძელებას უსახსრობის გამო ვეღარ ვაგრძელებთ. შუა გზაში გვიწევს მისი მკურნალობის მიტოვებაც. ისე ძალიან ცუდად ვარ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ვერ ვაანალიზებ, კიდევ რა ხდება ჩვენს თავს. ერთი თეთრი არ გვქონდა გადადებული, სოციალურად დაუცველებს, ისე გვიჭირდა თავის გატანა და ახლა ამხელა პრობლემების წინაშე ვართ. როგორ მრცხვენია, ხალხისთვის თხოვნა რომ მიწევს. ინტერნეტში რომ დაიდო ჩემი გოგონას ფოტო, ისე ცუდად გავხდი, კინაღამ მოვკვდი. სხვა გზა არ მაქვს, ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ შვილი გადამირჩეს. მხოლოდ ხალხის იმედი მაქვს დღეს. ბავშვი ისეთი გულჩათხრობილია, ხმას ვერ იღებს. ეს ამბავი რომ გავიგე, ჩვეულებრივი გიჟი ვიყავი, ამ ემოციებს რომ უყურა ბავშვმა, ძალიან იმოქმედა. ჩვეულებრივ ბავშვი ეზოში მყავდა სასეირნოდ, უცებ სპაზმი მისცა და გავაქანე კლინიკაში. იქ ასეთი დიაგნოზი რომ მითხრეს, თავი ვეღარ შევიკავე, ვერ ვაზროვნებდი, მას შემდეგ ბავშვი სხვანაირია, კონტაქტში არავისთან შედის, მხოლოდ მამამისს არ შორდება, მამა-შვილი არიან იაშვილის კლინიკაში. მე რომ მივდივარ, მხოლოდ ამ ფრაზას მეუბნება, რა მჭირს დედა, გთხოვ, აქ არ დამტოვო, სახლში წამიყვანე, აქ აღარ მინდაო. მე პასუხი არ მაქვს. ემოციურად მძიმეა ჩემთვის და ძალიან მინდა, გადამირჩეს შვილი. ასეთი რამ რომ ხდებოდა, გამიგია, ბევრი ოჯახის გასაჭირი წამიკითხავს და ახლა ჩემთვის არის ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება. ასეთი ჯანმრთელი და მხიარული, რომლის ტიკტიკი მესმოდა და ყოველი დღე მიხაროდა, სიდუხჭირის მიუხედავად, რომ ასეთი შვილები მყავდა და წარმოიდგინეთ, უცებ თავზე რომ გექცევა ყველაფერი. ეს ჩემს თავზე გამოვცადე.

ვეღარ ვუსმენ მის სიტყვებს, დედიკო მიშველეთ, აქედან წამიყვანეთო. თოჯინა მივიტანე, ისეთი თოჯინაა, ცუდად არის და წამლები რომ უნდა დაალევინო, არ იკარებს ამ თოჯინას, აქედან წაიღეთ, არ მინდა წამლებიო. დღეს მხოლოდ მამას არის მიკედლებული. კლინიკაში წევს და მხოლოდ ხალხის იმედი გვაქვს, რომ როგორმე გადავარჩენთ ჩვენს საყვარელ მარიამს. სახლში ვერ ვჩერდები, სულ მისი სიტყვები ჩამესმის, ყველა ფეხის ნაბიჯზე, დედა რა მჭირსო, და პასუხი არ მაქვს. გიჟი დედა ვარ, პატარა რამე რომ დავინახო, სასწრაფოდ მიმყავს ექიმთან და არ ვიცი, ეს როგორ დაგვემართა. ახლა, კლინიკაში რომ მივდივარ და ბავშვს ამ მდგომარეობაში ვხედავ, ისტერიკა მეწყება და ამიტომ არც მიშვებენ კლინიკაში.

- ბავშვებს კოვიდი ხომ არ ჰქონდათ?

- კორონაზე 5-ჯერ გავიკეთეთ ტესტი, მაგრამ არ დაგვიდასტურდა. მხოლოდ 3 დღე ჰქონდათ სიცხე და სპაზმი. მითხრეს, დროულად გაქვს აღმოჩენილიო. ღმერთი, ალბათ, არ გამწირავს და ჩემი შვილი გადამირჩება.

მარიამის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომერზე:

თიბისი :GE57TB7389045064300031

საქართველო :GE84BG0000000498837706

მიმღები: თამთა ლობჯანიძე

თაკო თოთიაური, ბავშვის დედა: 599 01 45 17

(სპეციალურად საიტისთვის)