"ხატვა არ მეხერხება და უკვირთ, როგორ გავაკეთე "მებადური" ასანთის ღერებით, რომლის ასაწყობად 46 000 ცალი ასანთის ღერი დამჭირდა" - კვირის პალიტრა

"ხატვა არ მეხერხება და უკვირთ, როგორ გავაკეთე "მებადური" ასანთის ღერებით, რომლის ასაწყობად 46 000 ცალი ასანთის ღერი დამჭირდა"

"დავიწყე შოთა რუსთაველის პორტრეტის აწყობაც, ფიროსმანის "მებადურზე" დიდი გამოვა"

საკუთარი ნამუშევრისთვის გადაღებული ფოტოს განთავსება სოციალურ ქსელში საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ 28 წლის გენადი ჭიტაძის ნიჭს, უნარს, შესაძლებლობებს და, რაც მთავარია - ნებისყოფას უამრავი ქომაგი და გულშემატკივარი გამოუჩნდა.

ახალგაზრდამ "ფეისბუკის" ერთ-ერთ ჯგუფში ფიროსმანისეული "მებადური" ასანთის ღერებით აწყობილი წარმოადგინა და ნამუშევარმა პუბლიკა იმდენად აღაფრთოვანა, რომ უამრავი მკითხველის ინტერესს ყველაფერთან ერთად ისიც იწვევდა, რა ნერვები ეყო მის შესაქმნელადო.

"წარმოუდგენელი ნამუშევარია, ბრავო!"; "განცვიფრებული ვარ, ნაქარგი მეგონა, წარმატებები"; "ყოჩაღ თქვენს ნიჭს და მონდომებას. ამის შექმნას რა მოთმინება უნდა!"; "ყოჩაღ! ძალიან ნიჭიერი და, ამასთანავე, ძალიან მშვიდი ადამიანი ყოფილხართ"; "ეს ღერები არ არის დაწებებული?";  "შეიძლება ნამუშევრის კედელზე დაკიდება?"... მოკლედ, ძნელია იმის გადმოცემა, რა გამოხმაურებაც მოჰყვა გენადის ნაკეთობას და რამდენი ხანი, ოლიმპიური სიმშვიდით ველოდე, როდის შეძლებდა მოეყოლა ჩვენთვის უფრო დეტალურად საკუთარი ნაკეთობების შესახებ. ეს დღეც დადგა!

- როდის დაიწყე ასანთის ღერებით ნამუშევრების შექმნა? მარტო ქმნი, თუ გეხმარება ვინმე? - არა, აბსოლუტურად მარტო ვაკეთებ ყველაფერს. არავინ მეხმარება. პირველად, 5 წლის წინ ვნახე ვიდეო YouTube-ზე, თუ როგორ იწყობოდა ასანთით პატარა სახლი. რამდენჯერმე მომიწია დაშლა-აწყობა და ბოლოს ზუსტად ისეთი ავაწყვე, როგორიც ვიდეოში იყო. კონსტრუქციის აგება მხოლოდ ასანთის ღერებით ხდება და არანაირი წებო და სხვა სამაგრი არ არის საჭირო. მთავარი სირთულე ის არის, რომ ისე უნდა ააწყო, მყარი იყოს და არ დაიშალოს. ასეთი ნამუშევრების ასაწყობად ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხატვა არ მეხერხება და უკვირთ, როგორ გავაკეთე "მებადური" ასანთის ღერებით.

- სულ რამდენი ნამუშევარი გაქვს აწყობილი? სამომავლოდ რას გეგმავ? ხომ არ აპირებ გამოფენის მოწყობას? - ჯერჯერობით 2 ისეთი ნამუშევარი მაქვს, რასაც დიდი დრო მოვანდომე და - მესამე დავიწყე. გამოფენას რამდენიმე ნამუშევარი დასჭირდება, რასაც წლები უნდა... ისე, კი მქონდა ეგ შემოთავაზებაც. დავიწყე შოთა რუსთაველის პორტრეტის აწყობაც, ფიროსმანის "მებადურზე" დიდი გამოვა. ვფიქრობ, დაახლოებით 100 000 ცალი ასანთის ღერი დამჭირდება.

- სასურველი ფერის ასანთის ღერებს როგორ შოულობ, თუ ღებავ? რამდენი ცალი ასანთის ღერი გამოიყენე "მებადურის" ასაწყობად და რამდენი ხანი მოანდომე? - ვღებავ ასანთის თავებს იმ ფერის საღებავით, რომელიც მჭირდება. 2018 წელს დავიწყე "მებადურის" აწყობა და სამი თვის წინ დავასრულე.  სულ დამჭირდა 46 000 ცალი ასანთის ღერი. საათი, რომელიც ავაწყვე, მუშაობს კიდეც, მის შექმნის დროს გამოვიყენე 12 000 ცალი ასანთის ღერი. ნაკეთებობის გადაადგილება და კედელზე დაკიდებაც არის შესაძლებელი.

- აღნიშნე, რომ ეს საქმიანობა განსაკუთრებულ ნებისყოფას მოითხოვს. მაქსიმუმ რა დრო შეგიძლია დაჰყო ასანთის ღერებთან, როცა ახალს ქმნი? - ძალიან დიდ ხანსაც ვერა. ალბათ, 4-5 საათი, ისიც ხშირად არა.

- ხო არ აპირებ, შენი ჰობი შემოსავლის წყაროდ აქციო და  გაყიდო ნაკეთობები? - როცა დავიწყე ამ ნამუშევრის გაკეთება, არ მიფიქრია, რომ მერე გავყიდდი ან ასეთი სერიოზული გამოხმაურება ექნებოდა, უბრალოდ, საკუთარი სიამოვნებისთვის ვაკეთებდი. უამრავი პოზიტიური გამოხმაურების შემდეგ სტიმული მომეცა, მეტი დრო დამეთმო ამ საქმისთვის. სასიამოვნოა, როცა ისეთ რაღაცას ქმნი, რაც ძალიან ბევრი ადამიანის მოწონებას იმსახურებს. ვნახოთ, მომავალში რა იქნება და როგორ აეწყობა. არ ვიცი, ალბათ, შემოთავაზებასაც გააჩნია, მაგრამ რთულია, რამდენიმე წელი ქმნიდე რაღაცას და მერე, უბრალოდ, გაყიდო.

(სპეციალურად საიტისთვის)