"როდესაც რაღაც მინდა და მიზანი მაქვს დასახული, დრო და მანძილი ხელს ვერ შემიშლის" - კვირის პალიტრა

"როდესაც რაღაც მინდა და მიზანი მაქვს დასახული, დრო და მანძილი ხელს ვერ შემიშლის"

ამ მცირე დროში, პანდემიის გამო, ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის -  შეიცვალნენ ადამიანებიც და ცხოვრების ახალ სტილთან შეგუება დაიწყეს. პანდემიის აქტიურ პერიოდში დაიხურა ათობით კომპანია და ბევრიც სამსახურის გარეშე დარჩა. ჟურნალისტები ის მოქალაქეები არიან, რომლებიც კორონავირუსის დაწყების წამიდან დღემდე ეკრანებზე ჩანან, ონლაინ მედიებსა თუ ბეჭდურ გამოცემებში წერენ და ღირსეულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. პანდემიამ, "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, ანი გიუნტერის ცხოვრებაც შეცვალა, თუმცა გაუმართლა, რომ სახლში არ დამჯდარა და დღემდე, ყოველ დილას, ქართველ მაყურებელს ესალმება და დღეს საინტერესო სიახლეებით იწყებს. ანის პანდემიაზე, თავის მოვლასა და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

- დავიწყოთ ყველაზე აქტუალური საკითხით - როგორ გადაიარეთ პანდემია?

- პირველმა ტალღამ დადებითად გაიარა, ჩემი არცერთი სამსახური არ გაჩერებულა. გამიმართლა, არც "რუსთავი 2"-ს და არც თმის გადანერგვის კლინიკას შეუწყვიტავს მუშაობა. ნაყოფიერად და ჯანმრთელად გამოვიყენე ეს პერიოდი და თან ვაქცინის პირველი ეტაპიც წარმატებით გავიარე. პანდემიის პერიოდში, ვიოლინოს დავუბრუნდი, 9 საათის შემდეგ სახლიდან ვერ გავდიოდით და ჩემი მეგობრების გამოთავისუფლებული დროით ვისარგებლე, რეპეტიციები აღვადგინეთ, ახლა ვაპირებთ კვლავ მივუბრუნდეთ ამ საქმეს.

- როგორც ახსენეთ, უკვე აიცერით...

- ავიცერი და ქუთაისში წავედი ვაქცინის გამო. როდესაც რაღაც მინდა და მიზანი მაქვს დასახული დრო და მანძილი ხელს ვერ შემიშლის. რადგან დავაპირე აცრა, მივადექი ქუთაისს და ჩემი დოზა სინოფარმი მივიღე, მეორე დოზა 7 ივნისს მიწევს. ზოგადად, ვაქცინაციის მიმართ დადებითად ვართ განწყობილები, მეც და ჩემი შვილებიც ყოველთვის ვიტარებდით გეგმიურ აცრებს და გრიპის ვაქცინასაც ვიკეთებდით. ვთვლი, რომ ეს თანამედროვე სამყაროს უცვლელი ნაწილი უნდა იყოს. შეიძლება ვაქცინა ბოლომდე გამოკვლეული არ არის, თუმცა აუცილებელია, ამ სიტუაციის დასასრულებლად ყველანი ავიცრათ.

- გაგვიმხილეთ თავის მოვლის რამდენიმე საიდუმლო...

- უკვე დიდი ხანია, ჩვევები გამოვიმუშავე - ჯანსაღი კვება, სეირნობა, დროის სწორი განაწილება, ძილიც აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სტრესული სამსახური მაქვს და ძილის ნაკლებობას განვიცდი, როგორც კი დროს ვნახულობ, თუნდაც 15 წუთით, ვცდილობ, დავიძინო და დავისვენო, ეს დროც მნიშნველოვანია ენერგიის აღსადგენად. რაც შეეხება თავის მოვლას, უკვე რამდენიმე რამ ჩემს შვილსაც ვასწავლე, ახლა გარდატეხის ასაკშია და კანზე სიმშრალე ჰქონდა. ისიც ხვდება, რომ რაღაც ჩვევები უნდა გამოიმუშავოს. ჩვენს შემთხვევაში, როგორც კბილის გამოხეხვაა ჩვევა, ასეა კანის მოვლა და მოწესრიგება.

- ხშირად კითხულობენ, როგორ არ უჭირთ დილის გადაცემის წამვყვანებს ასე ადრე ადგომაო...

- რომ არ მოგატყუოთ, ძლივს ვდგებით, ზამთარში - რთულად, ზაფხულში - შედარებით ადვილად. არ შეიძლება მიეჩვიო იმას, რაც შენთვის ბუნებრივ ამბავს არ წარმოადგენს. თუ ადრე არ დაწექი, ეს ჩვევა, რომელიც უნდა გამოიმუშავო, კეთილი ჩვევა ვერასდროს იქნება. ამიტომ, უბრალოდ, რეჟიმს ვეწყობით - ადრე ვიძინებთ, რომ ადრე ავდგეთ.კვლავ 1-ზე ან 2-ზე ვერ დავიძინებ, ასე საქმე არ გაკეთდება.

- 3 რამ, რაც დღის განმავლობაში აუცილებლად შედის თქვენს რუტინაში?

- სამი არ მეყოფა... ჩანთაში ყოველთვის მაქვს თვალის შრატი, საცხი, აუცილებლად მაკიაჟის ღრმა გამწმენდი. ჩემი დილის რუტინისთვის აუცილებელია წყლის დალევა. ამ ბოლო დროს ორგანიზმის სურვილებს მივყვები, ტვინით არაფერს ვუკრძალავ. ვისწავლე სხეულით მოქმედება და კისერს ქვემოთ ჩემი თავის მართვა. ადამიანებს გვავიწყდება რომ ჩვენი სხეული ყველაზე კარგად გვკარნახობს, რა გვინდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში. წყალი მომინდება? - წავალ და დავლევ, ტორტი მომინდება? - წავალ და შევჭამ, თუმცა აქაც დიდი სხვაობაა. თუ ნამდვილად მინდა ტორტი, მხოლოდ მაშინ მივირთმევ მას. 12 დაბადების დღეა, ტორტი არ მიჭამია, იმის მიუხედავად, რომ თორმეტივე ჩემი დაბადების დღის ტორტი იყო, უბრალოდ არ მინდოდა. არ შეიძლება ორგანიზმს მუდამ ერთი და იგივე რაღაც უნდოდეს, ჩვენ უნდა ვუსმინოთ მას. კეტოგენური დიეტით  14 კილომდე დავიკელი, თუმცა თუ დღეს ელარჯი ან კუპატი მომინდება, უარს არ ვიტყვი. ბოლო პერიოდია, ჩემი ტვინიდან სიტყვა შეზღუდვა ამოვიღე, რადგან აკრძალვა ტვინისთვის ნეგატიურ კონტექსტს ნიშნავს. ახლა მაქვს პერიოდი, როდესაც ყველაფერს ინტერესის თვალით ვუყურებ და ცხოვრებისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ, მე დღეს სამსახური მანიჭებს ბედნიერებას, ხვალ შეიძლება ამას სხვა რამეც დაემატოს.

- საყიდლებზე სიარული თუ გიყვართ და, ძირითადად, სად ყიდულობთ სამოსს?

- ახლა რომ დავფიქრდი, საყიდლებზე სიარული არ მიყვარს, ეს ის თემაა, რომელიც დიდად სიამოვნებას არ მანიჭებს, უბრალოდ, საჭიროებაა ჩემთვის, სხვა არაფერი.

- ძირითადად, კლასიკური საეთერო იმიჯით ჩანხართ, როგორია ზოგადად თქვენი სტილი? - კომფორტული და ფერადი სამოსი მომწონს. ფერებსაც თავისი ფსიქოლოგია აქვს. დღეს ეთერში ყვითელი მეცვა, ხვალ სხვა მეცმევა და ასე.

- როგორ და სად ისვენებთ და თუ დაგეგმეთ უკვე წლევანდელი ზაფხული? - ვისვენებ ყველგან, მანქანაში, საუბრებს შორის, სადაც საშუალება მექნება რომ დავისვენო. სულ ვფიქრობ, რომ აუცილებელი პირობაა, ადამიანმა სადაც შეგიძლია, იქ დაისვენო. დასვენება აუცილებელია მშობლებისთვის და ბავშვებისთვის. ბავშვები ხშირად ამბობენ, რომ შაბათ-კვირის აქტივობები არ მოსწონთ, მეც ვეწინააღმდეგები ამას. ისინიც იღლებიან და მათაც უნდათ დასვენება. ჯერ არ მაქვს დაგეგმილი რას ვიზამთ წელს, თუმცა ზაფხული სიონის გარეშე ვერ ჩაივლის. სიონის შემდეგ ყველაზე საყვარელი ადგილი ზღვაა, მართლა უსაზღვროდ მიყვარს. წელსაც, უმეტესად, აქცენტი გვექნება დაბა სიონზე და შემდეგ ვნახოთ, სად გადავწყვეტთ წასვლას.

- როგორც უკვე ახსენეთ, ვიოლინოზე უკრავთ, რამე სხვა ინსტრუმენტზე დაკვრა გიცდიათ? - ვუკრავ ვიოლინოსა და ფორტეპიანოზეც. 7 წლის ვიყავი დაკვრა რომ დავიწყე და 22 წლის ასაკში შევწყვიტე. წლების შემდეგ კვლავ დავუბრუნდი. ახალმა წელმა ვიოლინოსთან დამაბრუნა, მე და ჩემი მეგობრები შევიკრიბეთ, ტრიო შევქმენით, პირველად ტანგო დავუკარით, ახლა კიდევ სხვა ნაწარმოებების სწავლას ვგეგმავთ.

- რა არის თქვენი ჰობი, როგორ მოგწონთ დროის გატარება?

- ჰობი ისეთი რამაა, რასაც უბრალოდ, სიამოვნებისთვის ვაკეთებ. ჩემი ჰობია, ყოველდღიურად, ყველა დღისგან ახალი მოგონება დავიტოვო, ვცდილობ, თავგადასავლებით სავსე დღე მქონდეს.

- რის გარეშეა წარმოუდგენელი თქვენი ცხოვრება?

- ჩემი თავის გარეშე, დანარჩენი ყველაფრის გარეშე ვიცხოვრებ. გაგიკვირდებათ და ყოველთვის ყველაფერია შესაძლებელი.

(სპეციალურად საიტისთვის)