"ისიც არ ვიცოდი, კვარცხლბეკზე სად წავსულიყავი, ხან პირველი ადგილისაკენ წავედი, ხან მეორისაკენ, ბოლო წუთებში გავარკვიე, რომ საუკეთესო ვყოფილვარ" - კვირის პალიტრა

"ისიც არ ვიცოდი, კვარცხლბეკზე სად წავსულიყავი, ხან პირველი ადგილისაკენ წავედი, ხან მეორისაკენ, ბოლო წუთებში გავარკვიე, რომ საუკეთესო ვყოფილვარ"

"ყოველთვის მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის და ეს ახლა შევძელი, მიხარია"

ქართულ სპორტს ამ დღეებში კიდევ ერთი ჩემპიონი შეემატა - თბილისელმა ბორენა ცერცვაძემ ძალისმიერ ორჭიდში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. ჩემპიონატზე, რომელშიც ევროპის 11 ქვეყანა მონაწილეობდა, ბორენა ცერცვაძემ 67,5 წონით კატეგორიაში ასპარეზობისას ჯამში 130 კგ შტანგის ამოწევა დააფიქსირა. მართლაც მშვენიერ ჩემპიონს, თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები ქართული ფოლკლორული საკრავებით დახვდნენ და "ქართულიც" აცეკვეს, რის შემდეგაც მოპოვებულ გამარჯვებაზე ჩვენც ხალისით გვიამბო.

- ბორენა, შენი ეს გამარჯვება კარგა ხანს, ალბათ, გამოცანად დარჩება ძალისმიერი სპორტის მოყვარულებისთვის, - ამხელა გამარჯვება, ერთი შეხედვით ძალიან მარტივად მოიპოვე. - სიმართლე რომ ვთქვა, ამ გამარჯვებას არც მე ველოდი, თუმცა ამით დავადასტურე, რომ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვვარჯიშობდი. შეიძლება ბევრს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის და ეს ახლა შევძელი, მიხარია. რაც შეეხება ვარჯიშს, ზოგადად, დარბაზში სიარულიც კი მხოლოდ ორი წლის წინ დავიწყე და მართლაც არანაირ ჩემპიონატებზე არასოდეს მიფიქრია. საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახური მაქვს - იურისტი ვარ; გარდა ამისა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრიც ვარ - შვიდი და-ძმა ვართ და ერთმანეთისთვის შრომაც გვიწევს. ასე რომ, სპორტულ დარბაზში სიარულიც ცოტა განსამუხტავად გადავწყვიტე. ამ დროს, როგორც ჩანს, მწვრთნელი ყურადღებით მაკვირდებოდა და შემომთავაზა, შენში ძლიერ შინაგან ენერგიას ვხედავ, ძალისმიერ ორჭიდში ვარჯიშს ხომ არ მოსინჯავდიო. მეც ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი და შტანგის წონას ნელ-ნელა მოვუმატე, ბოლოს კი - ჩემპიონატზეც წავედი. ამისთვის სამსახურმა დამაფინასა, რისთვისაც უზომოდ მადლობელი ვარ.

- ვფიქრობ, ამ დაფინასებას იმსახურებდი. რას ფიქრობდი, ჩემპიონატის დღეს, როდესაც ამხელა შტანგას ეჭიდებოდი, ვიზუალურად ასეთი ნაზი გოგო. თითქოს კუნთებიც კი არ გაქვს, რაც ვარჯიშს ადასტურებს. - ჩემპიონატი ორ დღეს მიმდინარეობდა. საქართველოდან 11 კაცი წავედით, მათ შორის, გოგონა მხოლოდ მე ვიყავი. ასე რომ, მხოლოდ იმას ვიფიქრებდი, ნეტავ, აქედან გამარჯვებებით დავბრუნდეთ-მეთქი. გუნდის თითოეული წევრის ბედი მაღელვებდა. საბოლოოდ, ლუცკიდან, საერთო ჯამში, თერთმეტმა კაცმა 3 ოქრო, 2 ვერცხლი და ერთიც - ბრინჯაო ჩამოვიტანეთ. მგონი, ეს საუკეთესო შედეგია. ჩემი ასპარეზობისას ჩვენი ბიჭებიც სულ ჩემს გვერდით იდგნენ. ამ დროს ვიცოდი, რომ რადაც უნდა დამჯდომოდა, მაქსიმალური უნდა გამეკეთებინა, ისე, რომ ტაბლოსაც კი არ ვუყურებდი, რა შედეგს ვაფიქსირებდი. ჩვენმა პრეზიდენტმა ირაკლი ცხოვრებაშვილმა დამარიგა: შეჯიბრებისას ტაბლოს არ უყურო, რომ არ ინერვიულოო. ამიტომ, როდესაც გამარჯვებულებში ჩემი გვარი ამოიკითხეს, ისიც არ ვიცოდი, კვარცხლბეკზე სად წავსულიყავი, ხან პირველი ადგილისაკენ წავედი, ხან მეორისაკენ და ხან მესამისაკენ. მხოლოდ ბოლო წუთებში გავარკვიე, რომ საუკეთესო ვყოფილვარ.

- ამ კითხვას ვერ ავცდებით - რა გრძნობაა, როდესაც უამრავ ქვეყანას შორის სწორედ შენ და შენი ქვეყნის სახელით ხარ გამარჯვებული და შენივე ქვეყნის დროშას ეხები. - ენით აღუწერელი გრძნობაა და - შენი ქვეყნის გამო ამაყობ უპირველესად. სხვა ამბიციები მერე მოდის.

- საიდან ამდენი ძალა, რომელმაც ასეთ ნაზ გოგონას 130-კილოგრამიანი შტანგა აგაწევინა? - როგორც გითხარით, ყოველთვის ვშრომობდი. ერთი პერიოდი სოფელში, ბებია-ბაბუასთან ვცხოვრობდი, ჭიათურაში და მათაც ვეხმარებოდი საოჯახო საქმიანობაში. მანქანის მართვაც ამ დროს, სკოლაში სწავლისას მასწავლა ბაბუაჩემმა. წლების განმავლობაშიც მათვე დავყავდი ცეკვის გაკვეთილებზე, გოგონა ნაზი უნდა იყოსო. სინამდვილეში კი ძალისმიერი სპორტის ჩემპიონი გამოვედი.

- თუმცა მეც და შენი გულშემატკივრებიც დაადასტურებენ, რომ გარეგნული სინაზე ნამდვილად არ გაკლია. ვფიქრობ - არც სულიერი. გარდა ამისა, მართლაც საუცხოოდ ცეკვავ. -კი, ცეკვა მიყვარს. აეროპორტშიც "დაისიდან" ვიცეკვე "ქართული". სხვათა შორის, უმცროსი ძმა დამხვდა ფოლკლორული საკრავებით, მითხრა, თუ გაიმარჯვებ, დოლ-გარმონით დაგხვდებიო და ასეც გააკეთა. არადა, ერთ-ერთი ძმა ვარჯიშის გამო კიდეც გამებუტა, - რა გრჯის რომ ძალისმიერ სპორტში ვარჯიშობ, განა ცოტა სპორტია ისეთი, რომელიც ნაკლებ ფიზიკურ ძალას მოითხოვსო. მაგრამ მე სწორედ ფიზიკური ძალა მჭირდება სულიერ ძალასთან ერთად. ამ ძალით უკეთესად ვგრძნობ თავს.

- სხვათა შორის, ეს მომენტი ქართველი ქალებისთვის უცხო როდია, - როგორც ცნობილია, ერეკლე მეფემ დამპყრობ ოსმალებთან ჭიდაობაში გამარჯვებისათვის ხმლითაც კი დააჯილდოვა ულამაზესი ქართველი ქალი ანა ბაჯი - ანა ფალავანდიშვილი, რომლის ძალასაც იეთიმ გურჯმა პოემაც კი უძღვნა. - პოემას, მგონი, არავინ დამიწერს, მაგრამ თუ ჩემი ქვეყნისთვის რამის გაკეთებას კიდევ შევძლებ, ნამდვილად ვიამაყებ.

(სპეციალურად საიტისთვის)