"გახარიას პარტია ბიძინას და რუსეთის ახალი თამაშია, ასე ვთქვათ - "ქოცები ორი". არავითარი მესამე ძალა არ იქნება" - კვირის პალიტრა

"გახარიას პარტია ბიძინას და რუსეთის ახალი თამაშია, ასე ვთქვათ - "ქოცები ორი". არავითარი მესამე ძალა არ იქნება"

"შეიძლება მეორე ძალა იყოს ვასაძის პარტია და მესამე ძალა - გახარია"

რამდენიმე დღეა, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს ახალი გაერთიანება - "საქართველოსთვის" შეუერთდა, რომელიც ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დააფუძნა. პარტია პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო. გიორგი გახარიამ საზოგადოებას პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც გააცნო. ჯერჯერობით, ბუნდოვანია პარტიის ბედი და გახარიას სამომავლო გეგმები. გაერთიანების შექმნას ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს. იქნება თუ არა გიორგი გახარია "მესამე ძალა" და როგორ აფასებენ მის მობრუნებას პოლიტიკაში, საზოგადეობისთვის ცნობილ წარმოადგენლებს ვესაუბრეთ:

ზურა მანჯავიძე, მომღერალი: - ზოგადად, გახარიასადმი დიდი სიმპათიებით ვიყავი განწყობილი, ვნახოთ, მომავალში რას და როგორ გააკეთებს, რა ნაბიჯებს გადადგამს. ვერ ვიტყვი, როგორი იქნება ამ პარტიის ბედი, ჯერ ვერ ვხვდები, ვის ხმებს წაიღებს - "ქართული ოცნების", "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებულების თუ "ნაციონალური მოძრაობის", მაგრამ რაღაც შანსები ნამდვილად აქვს და ვნახოთ. თუ უნდა, მეორე ძალა იყოს, არ ვარ წინააღმდეგი. შეიძლება მეორე ძალა იყოს ვასაძის პარტია და მესამე ძალა - გახარია.

- ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ გიორგი გახარია რომელიმე პარტიას შეუერთდეს? - არ მგონია, რომელიმე პარტიას შეუერთდეს, მაგრამ თუ ეროვნულ ძალასთან გაერთიანდებიან, ნამდვილად საინტერესო იქნება. სიმართლე გითხრათ, ვასაძის პარტია მომწონს, მაგრამ თავიდან ყველა ნორმალური ჩანს, მერე გიჟდებიან ხოლმე ეს პოლიტიკოსები. მინდა, რომ ორი ახალი ძალა გამოჩნდეს, ალერგია მაქვს უკვე ამ ერთი და იგივე სახეების ყურებით, სიახლეს ველოდები პოლიტიკურ სივრცეში.

გია ბუღაძე, მხატვარი:

- არაფერს ვფიქრობ, სულ არაფერს, პოლიტიკაში მისი დაბრუნება საინტერესო არც არის. ეს ბიძინას და რუსეთის ახალი თამაშია, ასე ვთქვათ - "ქოცები ორი". დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მათი მეორე პროექტია. ივანიშვილი ახლა ცოტა აშინებს ძველ "ქოცებს", უფრო ძველ "ქოცებს" იზიდავს თავისკენ. მანდ საინტერესო არაფერია, შემადგენლობაც კი უინტერესოა, ეს არის "ქოცობა ორი". არავითარი მესამე ძალა არ იქნება, მათი გაკეთებული მესამე ძალა არ გაიშვა. მესამე ძალა უნდა დაბადოს თვითონ ხალხმა, ხალხი კი ასე არ მოიქცევა. ეს ყველაფერი დიდი ტყუილია, უკვე დავრწმუნდი, რომ ჩვენი პოლიტიკოსების უმეტესობა, დაახლოებით - 80% პრიმიტიულია.

რაც უფრო მეტად გაიშლება და დაქუცმაცდება მისი ხალხი, ბიძინა ივანიშვილი უფრო კარგ შედეგებს მიიღებს. ხომ გაგიგიათ, მღვრიე წყალში თევზს უკეთ იჭერენო. ეს ივანიშვილისა და მისი ხალხის გარანტიაა, უფრო დიდხანს დარჩებიან პოლიტიკაში.

ბიძინა ივანიშვილს ერთი მიზანი აქვს, სანამ ცოცხალია, უნდა, პოლიტიკაში იყოს. ის დინასტიას აშენებს. ეგ ადამიანი პოლიტიკოსი არ არის, ნუ ვუყურებთ სხვა კუთხით. დაახლოებით, იმ ტიპის ცნობიერების კაცია, როგორებიც იყვნენ ფეოდალური ტიპის ქვეყნებში.

გივი სიხარულიძე, მსახიობი: - თვითონ გიორგი გახარია ძალიან ნიჭიერი კაცია, მაგრამ პატიოსნად რომ გითხრათ, მისი პარტიის არ მჯერა. გიორგი გახარიას პატივს ვცემ, როგორც ჭკვიან კაცს და ჭკვიანი კაცი თავისი მამობილის წინააღდეგ არ წავა და, თუ ეგრე მოიქცა, მაშინ მაგას უკვე პატივს აღარ ვცემ. მის პარტიას ვერ ვაღიარებ მესამე ძალად, რადგან ქვეყანაში მეორე ძალაც არ გვყავს და მესამე როგორ უნდა გვყავდეს?! საქართველოში ყველა პარტია ძალად პარტიაა, მესამე ძალა ვერ იქნება. ვფიქრობ, გიორგი გახარია მომავალში არც ერთ პარტიას არ შეუერთდება, გარდა "ქართული ოცნებისა". ვერ დავიჯერებ, რომ ეს გონებამახვილი კაცი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავა, მაგით ვერ მოვტყუვდები. ვინც გაგზარდა, ვინც ლუკმა ჩაგიდო პირში და გზაზე დაგაყენა, იმის წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე, ეს არ არის კაცური საქციელი.

(სპეციალურად საიტისთვის)