"ჩვენი განადგურების "ოპერაციას" გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა..."
"ჩვენი განადგურების "ოპერაციას" გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა..."
"გაზეთის ბოლო ნომერზე შავი ჯიპებით ალყაშემორტყმულ ოფისში ვიმუშავეთ..."

"არც ვიცი, საიდან დავიწყო... კვალარეული და სევდიანი ადამიანი ვარ, ჩემი ცხოვრების მთავარი ეტაპი შვილებისგან შორს გავატარე და ეს მოუშუშებელი ტკივილია", - ამბობს ისრაელში მცხოვრები ქართველი ქალი, რომელიც ერთ დროს სამშობლოში ქმარ-შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა. თეა ჯაჭვაძე გაზეთ "ალიონის" რედაქტორი გახლდათ. კოლეგებს ძალიან უყვარდათ, ყოველთვის მზად იყო მათ დასახმარებლად, ფინანსურ საკითხს ეხებოდა საქმე თუ მორალურ მხარდაჭერას... წლების წინ ისრაელში სამუშაოდ წავიდა, მოგვიანებით კი
იქვე მეორედ დაქორწინდა... ინტერვიუზე უარი არ უთქვამს, მხოლოდ გაიოცა, ჩემსავით კვალარეულმა ადამიანმა თქვენი მკითხველი რით უნდა დავაინტერესოო. არადა, მისი ამბავი ნამდვილად საინტერესოა, თუმცა სევდიანიც...

- ჩემთვის დრო მაშინ გაჩერდა, როდესაც შვილების,­ ოჯახის დატოვებამ მომიწია. გარდა იმისა,­ რომ შვილების მონატრება გკლავს, საკუთარ თავს კარგავ, იქ მათთვის
არავინ ხარ, არავის აინტერესებს, რას წარმოადგენდი შენს ქვეყანაში. არ სჯერათ, რომ შეიძლება პროფესიონალს ფინანსური პრობლემის გამო მოგიწიოს სამშობლოს დატოვებამ. როდესაც­ ოჯახში მოსამსახურედ შედიხარ და ამბობ, რომ შენი საქმის პროფესიონალი ხარ, მეტიც, წარმატებულიც კი იყავი, არ სჯერათ და ეჭვით გიყურებენ, რადგან ისრაელში ასეთ ადამიანს მომავალი უზრუნველყოფილი აქვს...

- რატომ გახდი იძულებული, როგორც მითხარი, ჯიბეში 60 დოლარით ისრაელში გამგზავრებულიყავი?
- ყველაფერი "ვარდების რევოლუ­ციის" შემდეგ დაიწყო... მე და ჩემს ყოფილ ქმარს, რომელიც გაზეთ "ალიონის" მთავარი რედაქტორი­ იყო, სააკაშ­ვილის ხელისუფლებისგან განსხვავე­ბული შეხედულებები გვქონდა. როდესაც­ ჩვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპი დაიწყო, უფროსი ქალიშვილი, თამარი, 7 წლის, დაჩი კი 8 თვის მყავდა. ­ჩემს ქვეყანას არაფერს ვსაყვედურობ, პირიქით, ალბათ, ეს ჩემი სიჯიუტე იყო, ვიდექი იქ, სადაც, ჩემი აზრით, სიმართლე იყო... რაში მდგომარეობდა ჩვენი­ პრობლემა? პირადად ვიცნობდით ასლან აბაშიძესა და მის მეუღლეს, ასევე ჯემალ გოგიტიძეს, ის ჩემი შვილის ნათლია იყო. როდესაც აბაშიძეს ქვეყნიდან წასვლამ მოუწია, ჩვენც შემოგვითვალა, გავყოლოდით. მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მაშინ ეს საჭიროდ არ მივიჩნიეთ. მერე მოხდა ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდით - ვანდალურად დაგვირბიეს ოფისი, გაგვინადგურეს ტექნიკა, ამას მოჰყვა მუქარა, მინიშნებები, ფინანსური რეპრესიები... ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ შვილების სოფლად გახიზვნა გადავწყვიტეთ. სააკაშვილმა­ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაადგა­ კბილი დამოუკიდებელ პრესას. ორჯერ დაგვიხურეს და ორჯერ აღვადგინეთ გაზეთი. ბოლო ნომერზე შავი ჯიპებით ალყაშემორტყმულ ოფისში ვიმუშავეთ... საბოლოოდ დავმარცხდით, ყველაფერი დასრულდა ქუჩაში გადაყრილი კომპიუტერებით, დაყადაღებული ანგარიშებითა და დალუქული რედაქციით. ამას მოჰყვა მძიმე ფინანსური კრიზისი. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ჩვენი განადგურების "ოპერაციას" გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა.



- როგორც მითხარი, უცხოეთში ქმარ-შვილთან ერთად აპირებდი წასვლას. როგორ აღმოჩნდი ისრაელში მათ გარეშე?
- მას შემდეგ, რაც გაზეთი დაგ­ვიხურეს,­ ჩვენთვის ყველა კარი დაიკეტა. სამსახური ვეღარსად ვიშოვეთ, ძალიან გაგვიჭირდა, ამიტომ კანადაში წასვლა გადავწყვიტეთ. ამისთვის სახლი გავყიდეთ, მაგრამ ბედმა­ ამაშიც გვიმტყუნა, თაღლითობის მსხვ­ერპლი აღმოვჩნდით. ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუჩაში დავრჩით. თავი ჩემი მშობლების­ სახლს შევაფარეთ. მძიმე­ იყო იმის გაცნობიერება, რომ აღარც სახლი მქონდა, აღარც სამსახური და ადამიანებიც, რომლებიც ოდესღაც ჩემი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდნენ, ტელეფონზეც­ აღარ მელაპარაკებოდნენ. მეგობარიც თითო-ოროლა შემომრჩა. ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ ვიფიქრებდი, რომ ოდესმე შვილების გარეშე ვიცხოვრებდი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ისევ მათი გადარჩენისთვის, უკეთესი მომავლისთვის ქვეყნიდან წასვლა გადავწყვიტე.

ფრანგული კარგად ვიცი და პარიზში მოვინდომე წასვლა, მაგრამ ესეც ვერ მოვახერხე... ერთ დღეს მოულოდნელად მომეცა ისრაელში წასვლის შესაძლებლობა და... მიჭირს ამის გახსენება, ახლაც სისხლი მეყინება ძარღვებში, სამი წლის შვილს გავეპარე... უფლება არ მქონდა, მეთქვა, შვილებს­ ვერ შეველევი, ვერ წავალ-მეთქი... რატომ? იმიტომ, რომ მათი რჩენის საშუალებაც კი აღარ მქონდა. სანამ დედასთან გადავიდოდით საცხოვრებლად და ჩემს უკვე გაყიდულ სახლში დროებით სამადლოდ ვცხოვრობდი, იყო დღეები, როცა პური გვენატრებოდა, ზოგჯერ კი მხოლოდ პური და ტყემალი გვქონდა. მერე დედასთან კი გადავედით, მაგრამ მუდმივად მისი ხელის შემყურე ვერ დავრჩებოდი. გასაყიდიც აღარაფერი მქონდა და მე გადავდგი ის ნაბიჯი, რასაც ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. იცით, ყველაზე რთული რა არის? მიუხედავად იმისა, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა, დღემდე ვერ მიპატიებია თავისთვის, რომ პატარა შვილებს გავეპარე. არც ერთ დედას არ ვუსურვებ ამ ტკივილის განცდას. მას შემდეგ 10 წელი გავიდა, მაგრამ გული ისევ მტკივა.

დღეს ჩემს შვილებს ყველაფერი საუკეთესო აქვთ - სახლი, განათლება, მაგრამ მათი დატოვებით განცდილ დანაშაულის გრძნობას დღემდე ვერ ვიშორებ. მინდა ყველა დედას ვუთხრა: არ დატოვოთ შვილები! არაფრის გამო, არაფრის ფასად! ვეღარასდროს, ვეღარაფრით ანაზღაურდება ის ტანჯვა, რასაც შვილები ჩვენთან, ჩვენ კი მათთან განშორების გამო განვიცდით!

უფალს მადლობა, რომ ისრაელში კარგ ოჯახში აღმოვჩნდი. ქალაქ ნათანიაში­ მოხუც კაცს ვუვლიდი. მაროკოელი ებრა­ელი­ იყო, შვილივით მიმიღო... 10 წელი ვიცხოვრე ემიგრანტის მძიმე ცხოვრებით. მე ვჭირდებოდი ავადმყოფ მოხუცებს და უფლება არ მქონდა მათთვის ჩემი დარდი მეჩვენებინა. დაღლის უფლებაც არ მიმიცია თავისთვის. მენატრება ჩემი თავი ჩემს სამზარეულოში, ჩემი შვილებისთვის ვახშმის მომზადება... შვილები ძალიან კარგად გამიზარდეს ჩემმა ყოფილმა მეუღლემ, დედამ, ძმამ, მეგობრებმა, მეზობლებმა... ყველა პატრონობდა, მათი უზომოდ მადლიერი ვარ. ასევე დიდი ტკივილი განვიცადე, როდესაც გამზრდელი ბებია გარდაიცვალა და მე ვერ დავიტირე...

- საქართველოში რამდენი ხნის შემდეგ დაბრუნდი?
- პირველად სამი წლის შემდეგ მოვახერხე ჩამოსვლა. ჩემი დაჩი დღემდე იხსენებს, როდესაც მოფრინავდი, მეკითხებოდნენ, დედას თუ იცნობო. დაჩის უთქვამს, კი, დედას აუცილებლად იასამნისფერი პომადა ექნება წასმულიო... შვილები ძალიან შეცვლილები დამხვდნენ. კიდევ კარგი, თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტი შვილების შორიდან დანახვის საშუალებას მაინც მაძლევს... თუ ნებას მომცემთ, თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობას ვეტყვი ჩემი შვილების პედაგოგებს იმ დიდი ზრუნვის, ყურადღებისა და სითბოსთვის, რასაც ჩემი თამარისა და დაჩის მიმართ იჩენენ.

- თეა, ჩვენ ერთად ვმუშაობდით, ვმეგობრობდით და მახსოვს, როგორ გიყვარდა მეუღლე. რა გახდა თქვენი ოჯახის დანგრევის მიზეზი?
- სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით. წლებია ერთად აღარ ვცხოვრობთ, თუმცა მისი სახით ძალიან კარგი მეგობარი მყავს. ის საუკეთესო მამაა. ამასთან, კარგი ადამიანი და უნიჭიერესი პოეტი. დღესაც აფასებენ მის შემოქმედებას, მაგრამ ვიცი, დროთა განმავლობაში უფრო დააფასებენ. ჩვენ მეუღლეებიც ვიყავით და თანამებრძოლებიც, ერთად ბევრ სირთულეს გავუძელით, მაგრამ სიშორემ და დრომ ყველაფერს ფერი დაუკარგა. ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ მასთან ძალიან სერიოზული ქალური, დედური პრეტენზიები მქონდა, ის კი უძლური აღმოჩნდა ჩემი პრეტენზიების მისაღებად. გადავწყვიტე დავრჩენილიყავი ამ ქვეყანაში.

შეიძლება ვინმემ თქვას, სხვებმაც იწვნიეს ემიგრაციის სიმძიმე, მაგრამ ოჯახები არ დაუნგრევიათო. არავინ იცის, სხვის ცხოვრებაში რა ხდება, ვინ რა ტკივილს განიცდის. სიყვარული ზრუნვა, პასუხისმგებლობაა... დადგა მომენტი, როდესაც უცხო ქვეყანაში აღმოვჩნდი დაუცველი. ვიზას ვადა გაუვიდა, უსაბუთოდ მუშაობა და მუდმივ სტრესში ყოფნა მიწევდა. თბილისში ბინა კრედიტით ვიყიდე და მთელი 6 წლის განმავლობაში ყოველღამე ვამრავლებდი, ვყოფდი, ვითვლიდი, რამდენი მქონდა დარჩენილი ვალი. საქართველოში შვილები, ქმარი, ნათესავები ჩემს იმედზე იყვნენ, მე კი ამ დროს სრულიად უსუსური, ეული და შეშინებული ვიყავი. არჩევნის წინაშე დავდექი, ან სამშობლოში უნდა დავბრუნებულიყავი, ან ამ უცხო ქვეყანაში დავრჩენილიყავი და ცხოვრება თავიდან დამეწყო. მივხვდი, რომ ჩემს დაბრუნებას აზრი აღარ ჰქონდა... შვილები უკვე იმ ასაკში იყვნენ, რომ ფინანსურად ძლიერი, შემდგარი დედა უფრო სჭირდებოდათ...

- თქვენს ისრაელელ მეუღლეზე რას გვეტყვით?
- დავითი ქართველი ებრაელია. ის მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა თანადგომა. მე მან თავისუფლება, სიმშვიდე და უზარმაზარი სიყვარული მაჩუქა. დღეს მაქვს საშუალება, როდესაც მომინდება, გამოვფრინდე საქართველოში და შვილები ვნახო. დავითი­ ჩემი უფლის საჩუქარია. ჩვენ აქ პატარა ქართული ოჯახი შევქმენით. წარმოშობით ქუთაისელია, 13 წლის იყო, როდესაც ისრაელში ჩამოვიდნენ. საქართველო ძალიან უყვარს, რამდენიმე წლის წინ ქუთაისში ჩავიდა და ის ეზო-სახლი მოინახულა, სადაც იზრდებოდა. ოჯახში ქართული სამზარეულო, ადათ-წესები გვაქვს, ქართულად ვსაუბრობთ... დავითს მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა მხოლოდ ქართულად საუბრობს. ამ ოჯახში იმედიანად ვარ. ჩემს იმედს დავით ხენი ჰქვია. ერთმანეთი საერთო მეგობარმა, სოფო შვანგირაძემ გაგვაცნო, რის გამოც მისი უზომოდ მადლიერი ვარ. ერთ რამეს მივხვდი, წინასწარ არაფერი არ უნდა დაგეგმო, აზრი არა აქვს... აი, ახლაც, ხანდახან მგონია, რომ სიზმარში ვარ.

- თეა, შენ ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ცოტა ხნის წინ ომი იყო. ახლა რა ვითარებაა?
- ახლა სიმშვიდეა, მაგრამ ხვალ შეიძლება ისევ დაიწყოს ომი. ჩვენ ასე ვცხოვრობთ, თან ვმუშაობთ, თან ომში ვართ. ისრაელის თითოეული მოქალაქე, კაცი თუ ქალი, ყოველ წუთს მზად არის სამშობლოს დასაცავად.
ომს, სამხედრო სამსახურს თავს არავინ არიდებს, მათ შორის არც თანამდებობის პირთა შვილები. პირიქით, ისინი აძლევენ ხალხს მაგალითს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ხალხს ხელისუფლების სჯერა, იციან, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. არც ცდებიან!

ხათუნა ბახტურიძე
ნონა
14 ივნისი 2021 06:26
ვაინე,ცხრა წელი გავიდა სააკაშვილის შემდეგ,დაბრუნდუთ.ყვავის ქვეყანა.და თუ ხელისუფლების მოწინაღმდეგე საქმიანოვას ეწეოდით,თავზე ხელი რატომ უნდა გადაესვათ.იცავდი ასლანს,ე.ი.რუსეთის საქმეს იხავდით.და მანდ ისრაელში,პალესტინის საქმეს რომელიმე ებრაელი რომ აკეთებდეს,გააჩერებენ სამსახურში?
თუმცა ყოჩაღ რომ ფეხზე დადექით,თუმცა,ის სააკაშვილი,თქვენ რომ ასე არ მოგწობთ,თაბამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელია.
დაბრუნდით.ახლა დიიდი ხანია ბიძინაა.და ფინანსურადაც არ გიჭირთ.
აა,არა ხომ.
...
13 ივნისი 2021 08:56
როგორ მესმის თქვენი!
მეც გავეპარე ჩემს პირველკლასელ შვილს ამერიკაში. არაფერს არ ჰქონდა ფასი. მეც უზომოდ მადლიერი ვარ ამერიკის, რომ მომცა საშუალება ფინანსური პრობლემა გადამეწყვიტა, მაგრამ იმას ვერ ვპატიობ თავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მე თვითონ აღმოვაჩინე, რომ შვილის გარეშე ვცხოვრობდი - ჩვეულებრივად. თავზარდაცემულმა ბილეთი ვიყიდე, უკან დავბრუნდი და ძალიან, ძალიან გაუცხოებული შვილის "მოშინაურება" დავიწყე.
ცალკე თემაა ემიგრანტული ცხოვრება. რომ ჩამოვედი მინდოდა სცენარი დამეწერა: "სიცოცხლე ტელეფონით", თუმცა თავი ვერ დავადგი.. ან ვის რად უნდა იმის აღწერა, რაც იქ ხდება.. ჩემი საკუთარი ოჯახიც კი მიმეორებდა: სრულიად მსოფლიო ამერიკაში მოხვედრაზე ოცნებობს, შენ მანდ ხარ და რა პრეტენზიებში ხარ, რა ხდება ასეთი მიუღებელიო..
მიხარია, რომ პირადი ცხოვრება აიწყვეთ. ეს ნამდვილად უფლის საჩუქარია.
ბედნიერად, მეგობარო
ალექს
13 ივნისი 2021 06:51
სააკშვილი სისტემური მოარული უბედურებაა , დროა იმ სისტემის შეცვლაზე ვიზრუნოთ, ეგ რომ შვა და მაგნაირს რომ შობა რომ კიდევ შეუძლია !

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები