"რამდენჯერმე დედა მიუგზავნა ძმას "მოციქულად" - უთხარი, დრამატული როლი მომცეს, ჩემს ტალანტს ღუპავსო. დედამისიც უშუამავლებდა საშასთან, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"რამდენჯერმე დედა მიუგზავნა ძმას "მოციქულად" - უთხარი, დრამატული როლი მომცეს, ჩემს ტალანტს ღუპავსო. დედამისიც უშუამავლებდა საშასთან, მაგრამ..."

"საშამ ერთხელ გაბედა და იპოლიტე "ჟანგში" ათამაშა, სპექტაკლის დამთავრებისთანავე უთხრა, იპო, შენგან საუკეთესო კომიკოსი დადგება, აი, დრამა კი არ გამოგივა, არ ითამაშო, ტყუილად გაიფუჭებ სახელსო... იპოლიტემ რამდენჯერმე დედა მიუგზავნა ძმას "მოციქულად", უთხარი, დრამატული როლი მომცეს, ჩემს ტალანტს ღუპავსო. დედამისიც უშუამავლებდა საშასთან, მაგრამ უარით ბრუნდებოდა... იპოლიტე ძალიან ახალგაზრდა წავიდა ხონიდან. ხანდახან შეუთვლიდა ხოლმე საშა, თეატრში ჩამოდი, ენატრები ხალხსო, მაგრამ იპოლიტეს არ ეცალა და ახლა უკვე საშა დაიხმარდა ხოლმე დედას, უთხარი, ჩამოვიდეს, რას იფასებს თავს ეგ უკუღმართი, თუ არა, თავად წავალ თბილისში და ვუჩვენებ სეირს, ყველა მე დამიწყებს ყურებას, ეგ ვიღას გაახსენდება, ეგ მართლა ყვინჩიაო!"

რატომ გამოირჩევიან ხონელები დანარჩენი საქართველოსგან "რწყილის გატყავების", "გამოწკეპვისა" და იუმორის ნიჭით, ამას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ხონი ისტორიულად დასავლეთ საქართველოში "საერთაშორისო ურთიერთობების" ცენტრი იყო, სავაჭროც და საბრძოლოც. სახელგანთქმულმა პომპეუსმაც სწორედ ხონში ააშენა ასაწევი ხიდი, რომელსაც ხონელები "ბამბუას" ეძახიან და რომლის ბურჯები მდინარე ცხენისწყალში ახლაც ჩანს. სწორედ ამ ყოვლის მომცველი მისვლა-მოსვლის დამსახურებით ჩამოყალიბდა ხონელების ურთიერთობის ნიჭი და იუმორით გაჟღენთილი მოხერხებულობა.

შესაძლოა ბევრმა არ იცის, მაგრამ იპოლიტე ხვიჩიას მსგავსად, მეორე სიცილის მეფე, ნოდარ დუმბაძე, ხონელიც არის - დედულეთში აქვს ბავშვობა გატარებული. ფართო საზოგადოებისთვის უცნობია სიცილის მესამე მეფე - იპოლიტე ხვიჩიას უფროსი ძმა საშა (ალექსანდრე), ოღონდ უმცროსი ძმისაგან განსხვავებით, ის ყვინჩიად დარჩა და ხონიდან, ახალგაზრდობის წლების გარდა, ფეხი არსად გაუდგამს. საშა ყვინჩია ისეთივე ნიჭიერი რეჟისორი, დრამატურგი და დრამატული როლების შემსრულებელი გახლდათ, როგორი იუმორის პატრონიც იყო.M მის დანახვაზე ყველა იღიმებოდა, თუმცა, იპოლიტესგან განსხვავებით, საშამ ხონელებს ერთი კითხვა დაუტოვა: როგორ მოხდა, რომ იპოლიტეს მთელი საქართველო იცნობდა, ასეთივე ნიჭიერი საშა კი ცნობილი არ იყო?! Aხონში ამაზე პასუხი არა აქვთ, თუმცა ხომ არიან ადამიანები, რომელთაც ჩრდილში ყოფნა ურჩევნიათ? მაგრამ რაკი ხონელებს დავპირდი, რომ საშაზე აუცილებლად დავწერდი, აი, ვწერ კიდეც, მით უფრო, რომ ხონის თეატრში ისევ მუშაობს მსახიობი გულიადა უგულავა - რეჟისორ საშა ყვინჩიას ყველაზე პატარა მოწაფე, რომელსაც კომიკოსი ხონის თეატრისთვის დიდხანს ამზადებდა.

- იპოლიტე ხვიჩია ხონელების სიამაყეა, მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აქაურებს რამდენჯერ გვითქვამს გულდაწყვეტით, ხალხი იპოლიტეს რომ იცნობს, საშას შესახებ რატომ არაფერი იცისო? თეატრალურ წრეებში შეიძლება იცოდნენ იპოლიტეს უფროსი ძმის სახელი, მაგრამ არა ისე, როგორც საჭიროა. ის არაფრით იყო იპოლიტეზე ნაკლები. პირიქით, ზოგიერთი ისეთი უნარიც ჰქონდა, რითიც უმცროს ძმას სჯობნიდა კიდეც. თავად იპოლიტეც ხუმრობდა, რა ვქნა, ხონის თეატრში საშას ჩრდილს რომ ვერ მოვშორდი, იმიტომ წავედი, დაღუპავდა ეგ ჩემს ტალანტს და თავქუდმოგლეჯილი გავეცალეო. საშა ხონში დარჩა, თავის სოფელში, კონტუათში, ყვინჩიების ფუძეზე. ახლაც იქ ცხოვრობს საშას ქალიშვილი და მისი შთამომავლობა. ამ სახლში…დავდიოდი მეც მსახიობობის შესასწავლად. ბატონმა საშამ უამრავ ახალგაზრდას უპატრონა და გზაზე დააყენა. ასე მიპოვა მეც და ხონის თეატრისთვის მამზადებდა. სულ პატარა გოგო ვიყავი, კონტუათში ყვინჩიების სახლის კარი რომ შევაღე. მახსოვს იქაურობის დანახვისას გავიფიქრე, იპოლიტეს და საშას მშობლები ხომ ძალიან ღარიბები იყვნენ და როგორ მოახერხეს, რომ შვილები ასეთი კარგები და ბედნიერები გაზარდეს-მეთქი. დაუჯერებელია, მაგრამ ამ ოჯახიდან ხონის თეატრის სპექტაკლებში ექვსი და-ძმა ყვინჩია თამაშობდა. ზოგიერთ აფიშაზე დღესაც არის შემორჩენილი იპოლიტესა და მისი და-ძმების სახელები. ყველა ამ სპექტაკლისთვის პიესებს სწორედ საშა წერდა და თამაშობდა კიდეც, ოღონდ მხოლოდ კომიკურს კი არა, დრამატულ როლებსაც. უნდა გენახათ, როგორ თმაშობდა! მის თამაშზე ერთ წუთში რომ ცრემლებს აღვარღვარებდა ხალხი, მეორე წუთში ისე გარდაიქმნებოდა, მაყურებელი სიცილით კვდებოდა. იგი უფროსი იყო და-ძმას შორის და მშვენივრად იცნობდა მათ ხასიათს. ყველაზე ცელქ იპოლიტეს ყველაზე ნაკლებად ენდობოდა, თუმცა ერთხელაც რომ გაბედა და "ჟანგში" ათამაშა, სპექტაკლის დათავრებისთანავე უთხრა, იპო, შენგან საუკეთესო კომიკოსი დადგება, აი, დრამა კი არ გამოგივა, არ ითამაშო, ტყუილად გაიფუჭებ სახელსო.

- არადა, ადამიანს რაც არა აქვს, სწორედ ის უნდა - ცნობილია, რომ იპოლიტეს მაინცდამაინც დრამის თამაში უნდოდა. - დიახ, რამდენჯერმე დედა მიუგზავნა ძმას "მოციქულად", უთხარი, დრამატული როლი მომცეს, ჩემს ტალანტს ღუპავსო. დედამისიც უშუამავლებდა საშასთან, მაგრამ უარით ბრუნდებოდა. რამდენჯერ ჩემთვისაც უთქვამს საშას სიცილით, ეს იპოლიტე რას გადამეკიდება ხოლმე, არ დადგება მისაგან ტრაგიკოსი და რა ვქნაო!

- და თავად თამაშობდა ტრაგედიებს... - დიახ, საშას ყველაფერი შეეძლო. სცენაზე არაფერი უჭირდა და ამიტომაც გვიკვირს ხონელებს, პოპულარობა რომ არ მოინდომა. მგონი, ვერც ადამიანს ნახავდით საშასთანას. არ მავიწყდება, როგორ უვლიდა მოხუც დედას და როგორ დაჰყავდა ბავშვივით ხელში აყვანილი. ცოლ-შვილსაც არ აკარებდა მოსავლელად, რაიმე არ ატკინოთო! თანაც მინდიასავით იყო. ოდესმე გინახავთ კაცი, რომელსაც ბეღურები თავსა და მკლავებზე ასხდებიან? ალბათ, არა, მე კი მინახავს - ყოველ დილას, როდესაც მასთან კონტუათში მივდიოდი, საშა ყვინჩია ბეღურებს აპურებდა, ბეღურები კი მკლავებსა და თავზე ჩამოასხდებოდნენ და არხეინად იცქიფებოდნენ! მე რომ დამინახავდა, აიქნევდა ხელს, გააფრენდა ამ ბეღურებს და ცოლს დაუძახებდა, მარია, მოდი, ამ ჩვენს გოგოს საჭმელი აჭამე, ამხელა გზაზე მოვიდა და მშიერი იქნებაო.

ცოლიც მშვენიერი მსახიობი ჰყავდა - მარიამ ჩაჩანიძე. მშიერს არაფრით გამომიშვებდა. ძალიან მრცხვენოდა მათ სუფრასთან ჯდომა, მაგრამ უარი არ გამოდიოდა და რა მექნა?!

ერთხელ შევესწარი შინ ძველ კიბეს ურემონტებდნენ ხელოსნები და ეს უყვიროდა. გავშრი - მანამდე საშა ყინჩიას ხმამაღალი სიტყვაც არ გამეგონა და ნეტავ, რა მოუვიდა-მეთქი. თურმე ხელოსნებს ზღარბის სორო ამოექოლათ და კიბე დააშლევინა, ახლავე გამოუშვით ეგ ზღარბი, თორემ მანდ მოკვდებაო. ამ გულჩვილ კაცს ისეთი იუმორი ჰქონდა, იპოლიტესი არ იყოს, მის დანახვაზე ხალხი სიცილს ვერ იკავებდა. საშა რომ მიდიოდა, ზუსტად იპოლიტესავით ზურგზე ხელებშემოწყობილი, ხალხის სიცილი მიაცილებდა. პირველად ეს მეუხერხულებოდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ საშა ყვინჩია გზადაგზა ბედნიერებას არიგებდა! ჰგავდა იპოლიტეს, მასავით გრძელი ცხვირიH ჰქონდა და მოკლე ნაბიჯებით სიარული იცოდა.

საშა დიდ სპექტაკლებთან ერთად, პატარ-პატარა სკეტჩებსაც წერდა და დგამდა. ჩვენ ეს პატარ-პატარა სცენური სიუჟეტები ხალხში გაგვქონდა და ვდგამდით. ხანდახან მაყურებელს ისეთი სიცილი აუტყდებოდა, წარმოდგენასაც კი ვწყვეტდით. მახსოვს, ერთი სკეტჩი გვქონდა, "ცოლი ხუთი წუთით" ერქვა. ხალხს რომ ვერ ვაწყნარებდით, 10 წუთით შევწყვიტეთ წარმოდგენა.

ხონელებს საშა უზომოდ უყვარდათ. თავადაც ხომ ხედავდა ამას და ამის გამო ვერ დათმო ხონი. იპოლიტე ძალიან ახალგაზრდა წავიდა ხონიდან. ხანდახან შეუთვლიდა ხოლმე საშა, თეატრში ჩამოდი, ენატრები ხალხსო, მაგრამ იპოლიტეს არ ეცალა და ახლა უკვე საშა დაიხმარდა ხოლმე დედას, უთხარი, ჩამოვიდეს, რას იფასებს თავს ეგ უკუღმართი, თუ არა, თავად წავალ თბილისში და ვუჩვენებ სეირს, ყველა მე დამიწყებს ყურებას, ეგ ვიღას გაახსენდება, ეგ მართლა ყვინჩიაო!

- ცნობილია, რომ იპოლიტეს გვარი დოდო ანთაძემ შეაცვლევინა, ხვიჩია უკეთ ჟღერსო. ისე ყვინჩიას რა უჭირდა? რას ნიშნავს ყვინჩია? - ხონურ დიალექტზე - ყვინჩილას, მედიდურს. თუმცა ყვინჩიებში მე მედიდიური არავინ მინახავს. იპოლიტესა და საშას და ლუბა, რომელიც ასევე მსახიობი იყო, ისეთი თავმდაბლობით გამოირჩეოდა, აქეთ ჩაგაგდებდა უხერხულ მდგომარეობაში.

თბილისში, ერთ-ერთი ფილმის სინჯების გადაღებაზე, იპოლიტესთან ერთად, საშაც გამოიძახეს. საშა ასეთ ადგილებში არ დადიოდა, ეს იპოლიტემაც იცოდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ საშას ძალიან სთხოვდნენ ამ ფილმში თამაშს, არადა, ბუხუტი ზაქარიაძე უკვე იყო როლზე დამტკიცებული და იპოლიტეს მასთან ერთად უნდოდა თამაში. ამიტომ არც აცია, არც აცხელა და დაადგა თავზე საშას სოფელში, - ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი, ოღონდ მაგ სინჯებზე არ წახვიდეო. საშას გაეცინა და პირობა მისცა, არ წავალ, ოღონდ ამიერიდან ყველაფერი უნდა დამიჯეროო. ისედაც არ აპირებდა წასვლას, მაგრამ იპოლიტე ხომ უნდა "შეეშინებინა"?!..

- მგონი, მართლაც ეშინოდა დიდ იპოლიტეს საშას "ჩრდილის". - დიახ და არც მალავდა, თუმცა მათი ძმობისთვის ამას ხელი არ შეუშლია. სხვა კაცი იყო საშა, სხვა გაქანების. სხვა სიღრმის. მისთვის პოპულარობას ჩალის ფასი ჰქონდა. ხონი, ხონელები და ხონის თეატრი ყველაფერს ერჩივნა. ზოგი მცირედითაც არის ბედნიერი. ჩვენი საშა ყვინჩიაც ასეთი იყო. ღმერთმა ქნას, როგორიც საშა და იპოლიტე გვყავდა, ერთ-ორი ასეთი კიდევ მოგვევლინოს ხონელებს. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ასე დანატრებული ღიმილი და ადამიანური სითბოც დაგვიბრუნდება.