"ჟურნალისტმა რეალობა უნდა ასახოს, მაგრამ ისე, რომ სხვას და საკუთარ თავს საფრთხე არ შეუქმნას"
"ჟურნალისტმა რეალობა უნდა ასახოს, მაგრამ ისე, რომ სხვას და საკუთარ თავს საფრთხე არ შეუქმნას"
"ტერორისტული დაჯგუფების ლიდერები ზოგჯერ სულ არ უწევენ ანგარიშს პრესის ლოგოს. ცნობილია, რომ ისინი კარგად "ვაჭრობენ" უცხოელი ჟურნალისტებით. ჩემი უცხოელი კოლეგები აიყვანეს ტყვედ და მათ გასათავისუფლებლად რამდენიმე მილიონი მოითხოვეს. მათმა ქვეყანამ პრეცედენტი არ დაუშვა და ტერორისტებმა ყველა დახოცეს. ზოგი ჟურნალისტი თავისი საქმისთვის ტყვეობაზეც კი მიდის..."

ყოველწლიურად სხვადასხვა ომში ათეულობით ჟურნალისტი იღუპება. ჟურნალისტების უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში მსოფლიოში 50 ჟურნალისტი მოკლეს. ხშირად მათ მიზანმიმართულად იშორებენ,
ხშირად კი საომარ ზონაში ორმხრივ ცეცხლში ან დაბომბვაში ექსკლუზიური ინფორმაციის მოპოვებას ეწირებიან. დამოუკიდებელი ჟურნალისტი აინურ­ ასგარლ­ შაფრანი­ ბოლო დროის ისრაელი-პალესტინა-ღაზის სექტ­ორში მიმდინარე პროცესებზე ჩართვებს აკეთებდა (უფრო ადრე ინფორმაციას აწვდიდა ტელეკომპანია Aლ ჟაზეერა-ს, ჩურრენტ თV-ს). როგორც ამბობს, ყველა ომში ჟურნალისტი მუშაობის ერთ პრინციპს უნდა იცავდეს -
სიფრთხილეს!..

- ყველაზე მეტი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტი თავის პროფესიას შეეწირა, საომარ ზონებშია. არადა, ობიექტური ინფორმაცია სწორედ ცხელ წერტილებში დამოუკიდებელი მუშაობით მოიპოვება, მაგრამ არსებობს სტანდარტი, რომელიც უნდა დაიცვა საკუთარი და კოლეგების უსაფრთხოებისთვის. ისრაელი-პალესტინა-ღაზის სექტორის ომის მთელი აზარტი ის იყო, მოვლენების შუაგულში ვყოფილიყავი და საკუთარი თვალით მენახა ვითარება. პალესტინის ხელმძღვანელობამ იცის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ უმძიმესი ვითარებაა. ამიტომაც არ სურდა ჩვენი ფრონტის ხაზის იქით გაშვება, ან ზედამხედველს გვაყოლებდნენ. ვცდილობდით როგორმე მათ კონტროლს გავქცეოდით, რათა ობიექტური სურათი დაგვენახა,­ ეს კი სიკვდილის პირისპირ დარჩენის ტოლფასია, მაგრამ ღირს... არის შემთხვევები, როდესაც ვითა­რების გაშუქება მშრალი ცნობებით­ არის საჭირო, რადგან ერთ არასწორად, პირადი ემოციით დამუხტულ ფრაზას თუ სიუჟეტს შესაძლოა აფეთქება მოჰყვეს და უმძიმეს შედეგებში გადაიზარდოს.
ერთხელ "თალიბანისა" და "ალ-ქაიდას" ლიდერებთან შეხვედრისას მათგან ისეთი რამ მოვისმინე, რასაც ვერავისგან მოვისმენდი. მათაც აქვთ თავიანთი სიმართლე.

- როგორი სიმართლე?..
- მძიმე. ისინი ამ გზაზე უამრავმა უსამართლობამ დააყენა, ხშირად არჩევნის გარეშეც დარჩენილან. პოლიტიკა ბევრ რამეს განაპირობებს და უკიდურეს, ტერორიზმის გზას ირჩევენ. მქონია შემთხვევა, დიდხანს მიფიქრია, როგორი რაკურსით გამეშუქებინა ესა თუ ის შეხვედრა, მაგრამ რაც უნდა სიღრმისეული აღწერა გამეკეთებინა, იმდენი კითხვა და ეჭვი არსებობდა, აღარ გამიშუქებია, ეს კი ჟურნალისტისთვის მძიმე არჩევანია. როდესაც ჟურნალისტი კარიერის ბოლოს თავის საქმიანობაზე წიგნს წერს, ეს ლოგიკური დასასრულია - ის გამოუქვეყნებელ, საიდუმლო ინფორმაციას უყრის თავს.
ისრაელი-პალესტინა-ღაზის სექტორის ომი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური იყო. ეს იყო ინტელექტისა და უკიდურესი რადიკალიზმის ომი. ისრაელის მაღალტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად უპირისპირდებოდა პალესტინა. მათ იციან, რომ წააგებენ, მაგრამ უკან არ იხევენ და არც არასდროს დაიხევენ, იმედს არ კარგავენ, რომ ოდესმე ვითარებას თავიანთ სასარგებლოდ შეცვლიან...
როდესაც ისრაელში ჩავედი, "ცახალის" პრესსამსახურის თანამშრომელი კაპიტანი დამიკავშირდა და კატეგორიულად გამაფრთხილა, უჩვენოდ ნაბიჯიც არ გადადგათ და არც ერთი რეკომენდაციის უგულებელყოფა არ გაბედოთო. ხელწერილი დამადებინეს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მომეცემოდა იქ მუშაობის შესაძლებლობა, თუ შეთანხმებას ხელს მოვაწერდი.­ პირველი­ რეკომენდაცია ასეთი იყო: მათ სამხედრო კოლონას რამდენიმე მეტრს იქით არ მოვშორებოდით, თუ სირენის ხმას გავიგონებდით, მაშინვე მანქანიდან ჩამოვიდოდით და მისგან რამდენიმე მეტრში მიწაზე გავწვებოდით, თავზე კი ხელებს დავიფარებდით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგვეხსნა ჩაფხუტი და არ გაგვეხადა ჯავშანჟილეტი.

"ჰამასი" იმის დემონსტრირებას ცდი­ლობდა,­ რომ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით ისრაელის მთელ ტერიტორიას მოიცავდა. ებრაელი სამხედროები გვაფრთხილებდნენ, "ჰამასმა" ტაქტიკა შეცვალა, არსენალი განაახლა და ახლა ისრაელის ტერიტორიის 70%-ს საფრთხე ემუქრებაო. რაც უფრო ვუახლოვდებოდით საზღვარს, აფეთქებების ხმა ახლოვდებოდა და ხშირდებოდა. დისლოკაციის ადგილი საჰაერო თავდაცვის სისტემით იყო დაცული, მაგრამ ყოველ ნახევარ საათში მაინც გვაფრთხილებდნენ, ადგილმდებარეობა არ შეგვეცვალა და ჯარისკაცებს არ მოვშორებოდით. ეს ჩემი და ოპერატორის უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო. გაფრთხილებული ვიყავით, რომ არ გადაგვეღო სამხედროების სახე და არ მიგვეთითებინა დისლოკაციის ადგილი, ამის გამჟღავნების უფლება არც შემდეგ მომზადებულ სტატიაში, ბლოგსა თუ სიუჟეტში მქონდა. ამიხსნეს, რომ ამით მშვიდობიან მოსახლეობას შევუქმნიდი საფრთხეს, რადგან ტერორისტები ამ ინფორმაციას სათავისოდ გამოიყენებდნენ. სამხედროები გვაფრთხილებდნენ, რაკეტა თუ წამოვიდა, მას "რკინის გუმბათით" გავანეიტრალებთ, მაგრამ ხმამ შესაძლოა სმენა დაგიზიანოთ ან კონტუზია მიიღოთო. ასეთი შემთხვევა იყო - წლების წინ ერთ-ერთი შეტევისას მანქანაში მსხდომ ჟურნალისტებს დასცხათ და ზოგმა ჩაფხუტი მოიხსნა, "რკინის გუმბათით" ჭურვის განეიტრალების ხმამ კი მათ ჯანმრთელობა შეურყია.

საჰაერო თავდაცვის სისტემა ძვირად ღირებულია, შეტევის ყოველი მოგერიება 30-40 ათასი დოლარი ღირსო, ამიხსნა ჩვენმა ზედამხედველმა სამხედრომ. არადა, იმ ხანებში 5 000-მდე მასირებული შეტევა მოიგერიეს, რაზეც მიპასუხეს, რომ ისრაელს თავისი მოქალაქეები­ უფრო ძვირიც უღირს. არაერთხელ ვკითხე სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ სამხედროებს, ოპერაციაში რამდენი სისტემა მონაწილეობს-მეთქი, პასუხად ყველამ გამიღიმა და სიფრთხილისკენ მომიწოდა...


მართალია, სამხედრო ჟურნალისტები სპეციალურ მომზადებას გავდივართ, მაგრამ ყველა ქვეყნის რელიეფს, ომის სპეციფიკასა­ და სხვა ნიუანსს ვერ გათვლი. ისრაელი პატარა ქვეყანაა, ღაზის სექტორი­ კი მის საზღვართან ძალიან ახლოს არის, რაც ნიშნავს, რომ საფრთხე ხელის ერთ გაწვდენაზეა.
რამდენჯერმე სხვა ქვეყნების საომარ ზონაში ტყვედ ჩავარდნის საფრთხის წინაშეც აღმოვჩენილვარ. წლების წინ ერაყში ამერიკელმა სამხედრომ მითხრა, თუ ზუსტად ჩემს ნაკვალევზე არ ივლი, შესაძლოა გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს, აქაურობა დანაღმულია, თუ ნაღმზე აფეთქებას გადაურჩი, მძიმე კონტუზია გარანტირებული გაქვს, ეს კი ხელსაყრელი შესაძლებლობაა მოწინააღმდეგემ ტყვედ აგიყვანოს, რასაც სიკვდილი ჯობიაო.

- იმ შემთხვევებზე საუბრობთ, როდესაც მუშაობა პრესის ლოგოს გარეშე გიწევთ?
- არა, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერები ზოგჯერ სულ არ უწევენ ანგარიშს ლოგოს. ისინი კარგად "ვაჭრობენ" უცხოელი ჟურნალისტებით. ჩემი უცხოელი კოლეგები აიყვანეს ტყვედ და მათ გასათავისუფლებლად რამდენიმე მილიონი მოითხოვეს. მათმა ქვეყანამ­ პრეცედენტი არ დაუშვა და ტერორისტებმა ყველა დახოცეს. ზოგი ჟურნალისტი თავისი საქმისთვის ტყვეობაზეც კი მიდის, მაგრამ მე ინფორმაციაზე მომუშავე რეპორტიორზე ვსაუბრობ და არა სკანდალზე ორიენტირებულზე. ვაღიარებ, ხანდახან გვიწევს გადავაბიჯოთ ადამიანურ ზღვარს, ფოტოზე ან ვიდეოზე ავსახოთ საომარ ზონაში არაადამიანურ პირობებში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა, რათა მსოფლიოს სიმართლე გავაგებინოთ. იმ დროს არავითარ ცენზურაზე არ ვფიქრობ, მაგრამ შემდეგ, მუშაობის პროცესში, ბევრი რამ უხეშად მომხვედრია თვალში. მერე მიგრძნია, რომ იმ წუთებში ომისგან დაზარალებული­ ადამიანების ემოცია გავყიდე. ეს ზოგჯერ გამართლებულიც არის, რადგან ამის შემდეგ იღებს ყურად მათ გასაჭირს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და მხარეებთან მოლაპარაკების კვალდაკვალ მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვან ოპერაციას იწყებენ.

მახსენდება ერთი შემთხვევა - სირიაში ბლოკადაში მოქცეულ მშვიდობიან მოსახლეობაზე მოვამზადეთ სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ რამდენიმე ქალაქში კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა. შედეგად საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა. მედალს ხომ ორი მხარე აქვს... ასე იყო ერაყში, ავღანეთში, მაგრამ უფრო მასშტაბურად სირიაში... სხვადასხვა სიტუაციაში სენსაციების მოყვარულ ჟურნალისტებს შინაგანი ცენზურა გვერთვება. ზოგჯერ ჩემგან 5-10 მეტრს იქით მართლაც სენსაციური ამბავი ხდებოდა, მაგრამ ჭურვები ცვიოდა და არ შევარდნილვარ. სხვათა შორის, სწორედ ეს არის რადიკალების მიზანი - რაც მეტ ყურადღებას იქცევს მათი ნამოქმედარი, უფრო აქტიურდებიან.

ჟურნალისტმა, რეპორტიორმა რეალობა უნდა ასახოს, მაგრამ ამის გაკეთება შეიძლება ისე, რომ სხვას და საკუთარ თავს საფრთხე არ შეუქმნას. ჟურნალისტიკის გავლენა საზოგადოების ცნობიერებაზე იმაზე ძლიერია, ვიდრე ზოგჯერ თავად მედიის წარმომადგენლებს წარმოგვიდგენია.
საბედნიეროდ, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ბოლო წლებში ომის თემატიკის გაშუქების სტანდარტები დაიხვეწა. ეს ჟურნალისტებისა და რეპორტიორების უსაფრთხოებისთვის კარგია, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც სამხედრო რეპორტიორები, ოპერატორები და ფოტოგრაფები სკანდალური ჟურნალისტის სტატუსის მოპოვებას ცდილობდნენ და ამით მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, იმ ქვეყნის მოსახლეობასაც უქმნიდნენ საფრთხეს, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.

P.S. 2016 წელს ჟურნალისტების დაღუპვის 58% საომარ ზონებში დაფიქსირდა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 32%-მდე შემცირდა, სამაგიეროდ, 68% არასაომარ ზონებში გამოვლინდა, მათგან 8 მექსიკაში, 4 ინდოეთში, 3-3 ფილიპინებსა და ჰონდურასში. ჟურნალისტების დაღუპვა უმეტესად მათ საქმიანობას უკავშირდება. მაგალითად, 84% გამიზნულად მოკლეს, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 63%-ს შეადგენდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები