"რუსეთის იმპერიის სტომაქს გადავურჩით, მაგრამ ქვეყნის საგრძნობ გადასროლას უკან და სულაც უფსკრულში - ვეღარ" - კვირის პალიტრა

"რუსეთის იმპერიის სტომაქს გადავურჩით, მაგრამ ქვეყნის საგრძნობ გადასროლას უკან და სულაც უფსკრულში - ვეღარ"

"სამშობლო? თუ რა არის ჩემთვის სამშობლო, ეს მას შემდეგ უნდა ითქვას, წუთისოფელს რომ გადავცილდები... და თუ მაშინ არ ითქმის, აბა, რისთვის მოსულხარ ამქვეყნად..."

"მწერლობაზე დიდი პოლიტიკა არც ყოფილა და არც არასოდეს იქნება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს, ამიტომაც მწერალს ურჩევნია იმ ნამდვილ, ამაღლებულ პოლიტიკას მისდიოს და მის მიწიერ სახეობას ახლოს არ გაეკაროს", - ამბობს და იმასაც ხსნის, რა გარემოებამ უბიძგა უშუალოდ გარეულიყო პოლიტიკურ პროცესებში. გვიმხელს, რომ "მამის კვალში ჩამდგარ" საპასუხისმგებლო და არცთუ იოლ გზაზე მოარულს, ხშირად მისი აჩრდილი ევლინება შემწედ და ნუგეშად. "მამისგან მერგუნა მემატიანეობაც და იმ ფიცის აღსრულებაც: "სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და სხვა არაფერი სიმართლის გარდა... თითქოს უოლტ უიტმენის სიტყვებით მამხნევებდეს: არაფერია საშიშარი, თვით გამოვცადე!.." თვითგამოცდილზე, განცდილსა და საკუთარ შემოქმედებაზე თანამედროვეობის გამორჩეული მწერალი, მეცნიერი და მკვლევარი როსტომ ჩხეიძე გვესაუბრება.

"ამბავი ერთი კოვიდიანელისა"

სიფრთხილით ძალიან ვიფრთხილებდი შარშანდელ გაზაფხულზეც, პირველად რომ დაწესდებოდა შეზღუდვები ამ ახალი ეპიდემიის გამო, კორონა რომ ჰქვია. შემოდგომაზეც, როდესაც განახლდებოდა მისი შემოტევა. ყველა მოთხოვნას, რასაც ექიმები გვირჩევდნენ, დავიცავდი, მაგრამ... ეტყობა, რაც უნდა გადაგხდეს, ვერავითარი სიფრთხილე ვერ გიხსნის!.. სულაც არ ვაპირებდი კლინიკაში გადასვლას, მაგრამ რაკიღა მეუღლე იძულებული გახდებოდა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოეძახა, გულსუწადინოდ მეც დავთანხმდებოდი მკურნალობის გაგრძელებას საავადმყოფოში. თურმე მოსწრებაზე ყოფილა საქმე, თურმე წუთები წყვეტდა ჩემს ბედს და შინ დარჩენა საბედისწეროდაც შეიძლებოდა მქცეოდა. ჩემს მდგომარეობაში მყოფნი ზოგნი რეანიმაციაში რომ შეჰყავდათ უკვე, მე კი რაღაც უჩვეულობით კიდევ აღვიქვამდი გარემო რეალობას... ინტენსიურში ჩემ გარდა, უამრავი პაციენტი იმყოფებოდა, ქალიც და კაციც - და ყველა იმ ზღვარზე, ოდნავ იქით რეანიმაცია რომ შეიძლება დაგჭირდეს. ვის კიდეც გაარბენინებდნენ იქით, ვინ რეანიმაციიდან გადმოჰყავდათ, არ აკლდა იქაურობას გმინვა, მოთქმა, აგონია... და ეს ყოველივე ისე დამთრგუნავდა ფსიქოლოგიურად, ვიგრძნობდი, იქ მეორე ღამესაც თუ გამაჩერებდნენ, ვეღარ გადავიტანდი...

მოგვიანებით პატარა წიგნი უნდა დამეწერა ამ თემაზე: "გზანი შენი, უფალო!" ქვესათაურად რომ მიეწერებოდა: ამბავი ერთი კოვიდიანელისა. დღედღეზე უნდა გამოიცეს და ჩემი თავგადასავალი, ერთი საავადმყოფოდან კოვიდსასტუმროში და იქიდან მეორე საავადმყოფოში, თავით ბოლომდე მაქვს აღწერილი. მართლაც თავგადასავალი, ჩვენი გმირი ექიმების წყალობით სიკვდილს რომ დავუსხლტებოდი, "კოვიდის" ასეთ მძიმე ფორმას ბევრი ვერც გადაიტანდა... მაინც რამდენი ადამიანი შეიწირა ამ ვერაგმა სნეულებამ, ასე საზარლად რომ დაატყდა თავს კაცობრიობას და არც ქართველებს მოგვაკლო თავისი მსახვრალი ხელი... რას ვიფიქრებდი, პირველად იმ საავადმყოფოში ამოვყოფდი თავს, პირველი სამშობიარო რომ ჰქვია და... სადაც დავიბადებოდი, მეორედ კი ციხის საავადმყოფოში, საიდანაც საბოლოოდ განკურნებულს გამომიშვებდნენ, თუმც მანამდე - რა გასაკვირია - თავისთავად უნდა წამომტივტივებოდა 1832 წლის შეთქმულთა ყოფა, მათი აჩრდილებიც გამომცხადებოდნენ, და ისე თვალნათლივ, ისე ხელშესახებად შევიგრძნობდი ამ ყოველივეს, თითქოს მეც იმ ფარული ორგანიზაციის წევრი ვყოფილიყავი და ჩემს თავზე განვიცდიდი ყაზარმობის ხანასაც... მირჩევნია მკითხველი ჩემი წიგნის ფურცლებზე გაეცნოს იმ ამბებს, რომელიც მის რედაქტორს, პოეტსა და მეცნიერს ცირა ბარბაქაძეს ხელნაწერის კითხვისას ხან ატირებდა და ხანაც აცინებდა, კომიზმი და დრამატიზმი ისე მონაცვლეობს და გადადის ერთიმეორეში. შინ დაბრუნებულსა და კოშმარული განცდებიდან გამოხსნილს ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ხელმეორედ დავბადებულიყავი...

"გავალთ თუ დავიღუპებით, არავინ იცის სწორადა!.."

- საქართველო დღეს ბედისწერის ზღვარზე დგას, ვიმყოფებით ისეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რეალობაში, რომელსაც ცალკეული ცვლილებანი ვერას უშველის და ძირფესვიანად უნდა გარდაიქმნას, სწორედ ისევე, როგორც საბჭოთა სინამდვილეს ვერ გამოასწორებდა ვერაფერი, თუკი ერთიანად არ გადავიდოდა სულ სხვა განზომილებაში. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას რომ დასცლოდა, მაშინ დასავლეთს არ შევეტოვებინეთ რუსეთისათვის, რომელიც სასტიკად გაგვისწორდებოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, ყოველივე ბუნებრივი გზით წარიმართებოდა და ასეთ სავალალო ყოფაშიც არ აღმოვჩნდებოდით, კორუფცია რომ განაგებს ჩვენს უბედურ ქვეყანას... სწორედაც რომ განაგებს, რადგანაც მასშტაბებით ეს სამთავრობო სნეულება გადააჭარბებდა ყველასა და ყველაფერს, რაც მანამდე ხდებოდა, და ყოველგვარი ცოდვა-დანაშაულის ბუდეც იქ მოკალათებულა. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს კვლავაც საბჭოურ ეპოქაში იმყოფებოდე - ასეთია ყოფითი სინამდვილეც და ასეთია იდეოლოგიაც: ქვეყნის არნახული ძარცვის პირობებისათვის შესაფერისი!..

თავისებურ სიმბოლოდ წარმოდგება ჩვენი დღევანდელობისა დავით აღმაშენებლის ჩამორეცხილი ფრესკაც გელათის მონასტერში და თავგანწირული ბრძოლაც რიონის ხეობის გადასარჩენად, საქართველოს ხსნის გზასაც რომ სახავს და ბაჩანა რაზიკაშვილისა არ იყოს: "გავალთ თუ დავიღუპებით, არავინ იცის სწორადა!.." ესეც ის საბედისწერო ზღვარი, რაც გვიმძაფრებს მოქალაქეობრივ შეგნებას და მწარე, გაუსაძლისი რეალობის გარდასაქმნელად გვაგულიანებს ყველას, ვისთვისაც ეს მიწა-წყალი ღვთაებრივისაგან არც განირჩევა და ეროვნულ-პოლიტიკური მოღვაწეობა ერთადერთ გზად რჩება საქართველოს დასადგენად ნამდვილ სახელმწიფოდ. სამშობლო? თუ რა არის ჩემთვის სამშობლო, ეს მას შემდეგ უნდა ითქვას, წუთისოფელს რომ გადავცილდები... და თუ მაშინ არ ითქმის, აბა, რისთვის მოსულხარ ამქვეყნად...

მწერალი და პოლიტიკა

- მწერლობაზე დიდი პოლიტიკა არც ყოფილა და არც არასოდეს იქნება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს, ამიტომაც მწერალს ურჩევნია იმ ნამდვილ, ამაღლებულ პოლიტიკას მისდიოს და მის მიწიერ სახეობას ახლოს არ გაეკაროს - იზრუნოს ყოფითობის ზნეობრივ გაჯანსაღება-გაუკეთესებაზე... მაგრამ რაკიღა ეს პროცესი იდუმალიცაა და საკმაოდ ნელიც, ყოველთვის ვეღარ დაელოდები თანდათანობით გაუმჯობესებას და იძულებული ხდები უშუალოდ გაერიო პოლიტიკურ საქმიანობაში. მხოლოდ მწერლობა რომ კმაროდეს, ილია ჭავჭავაძე, რომელიც წინამძღოლი გახლდათ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესებისა, არ დაისაჭიროებდა არც საზოგადოებრივ მოღვაწეობაში გადაშვებას მთელი არსებით და არც პოლიტიკური პარტიის შექმნას, რომლის საფუძვლებსაც ჩვეული გულმოდგინებით მოამზადებდა და წიწამურის ტრაგედია რომ არა, პარტიასაც ჩაუდგებოდა სათავეში და მთელ ქვეყანასაც, და თავის მიერვე ამოგებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს უეჭველადაც გადაარჩენდა, ქარს კი არ გაატანდა სოციალ-დემოკრატებივით, 1921 წლის თებერვლის საბედისწერო დღეებში ასე იოლად რომ გადაულოცეს თავიანთ იდეურ ძმებს - ბოლშევიკებს, ერთნაირად რომ ეწოვათ მარქსიზმის ძუძუ და მხოლოდ ძალაუფლებაში ეცილებოდნენ ერთმანეთს, თორემ სხვა მხრივ ერთსულოვანი გახლდნენ და დაუნდობლად უპირისპირდებოდნენ ყოველგვარ ეროვნულს, ილია ჭავჭავაძის სახეში გასიმბოლოვდებოდა თუ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა.

როდესაც ქვეყანა საბედისწერო ზღვარზე იმყოფება, ვეღარ დაელოდები მოვლენების თანდათანობით განვითარებას და ცდილობ უშუალოდ ჩაერიო პროცესებში, რათა მოვლენები დაჩქარდეს, ჩვენი განათლების სისტემა და კულტურა წყალს რომ მიაქვს, დროულად თუ არ ჩაერიე, ბროლის კოშკიდან გადმოხედვა აღარას უშველის, რადგანაც ერთ-ერთი გადმოხედვისას შესაძლოა უდაბურების მეტი ვეღარც ვეღარაფერი იხილო. ეს გარემოება მიბიძგებდა მეც, უშუალოდ გავრეულიყავი პოლიტიკურ პროცესებშიც, თორემ კითხვასა და წერას არაფერი მირჩევნია და ნეტა მალე დადგებოდეს ის დრო და ის ყოფა, როცა სხვა საფიქრალი აღარც შემაწუხებს.

"ჩვენი თვითმყოფადობით წარვუდგეთ კაცობრიობას"

- ნეტა დაკარგოს მწერალმა ერის მესაყვირის დანიშნულება და ილია ჭავჭავაძისა და მის თანამოსაგრეთა კვალობაზე წინასწარმეტყველის მოვალეობის შეთავსებაც არ უწევდეს. ასე მხოლოდ ყოველმხრივ აწყობილ სახელმწიფოში მოხდება, გუსტავ ფლობერსაც რომ ეოცნებებოდა ამგვარი ყოფა: ნეტა არც ვიცოდე, ვინ არიან ჩვენი მინისტრები, ამ ნაგვით არ მქონდეს თავი გამოტენილიო!.. და ეს ხდებოდა XIX საუკუნის საფრანგეთში, თავის გემოვნებას რომ კარნახობდა დასავლეთსაც და მსოფლიოსაც ცხოვრების ყველა სფეროში, ფრანგული კულტურის პროპაგანდის თვალსაზრისით კი დღესდღეობითაც ინარჩუნებს სრულ გავლენას კაცობრიობაზე, მიუხედავად ინგლისური ენის ჰეგემონობისა. საქართველო კი თავისი კულტურისა საერთოდ და კერძოდ მწერლობის გატანით საერთაშორისო ასპარეზზე კვლავაც მძიმე მდგომარეობაში რჩება, თითქოს ჯერაც რუსეთის იმპერიის პროვინციად მივიჩნეოდეთ და არა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამ მხრივ ხომ მაინც შეგვიძლია, რომ არა მოჩვენებითად - მოჩვენებითობა ნამდვილად არ გვაკლია - არამედ რეალურად ჩავერთოთ საერთაშორისო მოვლენებში და ჩვენი კლასიკური მონაპოვრებითაც გამოვიდოთ თავი და ამჟამინდელი მიღწევებითაც, თუნდ მწერლობითაც რომ არ ჩამოვუვარდებით ძლევამოსილ სახელმწიფოებს, ოღონდ, მათგან განსხვავებით მხოლოდღა ჩვენს წვენში ვიხარშებით და თავს ვინუგეშებთ, ნიჭიერება რომ არ დაშრეტილა საქართველოში და კვლავაც შეგვწევს ძალა და უნარი, ჩვენი თვითმყოფადობით წარვუდგეთ კაცობრიობას.

დალხინებული ცხოვრება რომ გვქონოდა, ზვიად გამსახურდიაც იმყოფინებდა მწერლობას და აღარ გაერეოდა პოლიტიკურ პროცესებში, ილიასავით წინასწარმეტყველის მოვალეობასაც რომ იტვირთებდა და იმასავით მოწამებრივად გავლილ გზას კიდეც გოლგოთაზე დაასრულებდა, მაგრამ... თუმც მასაც მოეწეოდა თავისი ვატერლოო, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ხომ მაინც ამოიგებდა და დაგვიტოვებდა იმ ქვეყანას, რომლის გამოხსნაც ამ სავალალო ყოფიდან კვლავ მწერალთა დანიშნულებად ქცეულა, ასე რომ, გვინდა თუ არ გვინდა, ჯერჯერობით მაინც უნდა შევითავსოთ ერის მესაყვირის ფუნქციაც და მოვაახლოვოთ ის უკეთესი დრო, რომლის დადგომაც ასე იოლად არ მოხდება და მანამდე ვაითუ თავისი მსახვრალი ხელიც არ მოგვაკლოს...

"წიგნები სულის დასამშვენებლად გვარგია და არა – თაროებისა"

- ხშირად გაიგონებთ წუხილს, თითქოს მკითხველი დაშორებოდეს წიგნს, მაგრამ ეს წუხილი ფარისევლობა უფრო მგონია, ანდა ზერელე დამოკიდებულების ნაყოფი, რადგანაც ნამდვილი მკითხველი ყველა დროში ცოტა ყოფილა, თუმც ამ ცოტას, როგორც მარილს ქვეყნისას, განუსაზღვრავს ქვეყნის ლიტერატურაც და კულტურაც, მისი მდინარების ბუნებრიობა. მეტი გვინდა გემოვნებიანი მკითხველი გვყავდეს? ესეც ბუნებრივი სურვილია და უზომოდაც გვახარებს ყოველი ახალი მკითხველის შემომატება, მაგრამ ნამდვილი მკითხველი არ მოგვკლებია და, როდესაც დაბეჯითებით ვირწმუნებით, არავისზე ნაკლები ლიტერატურა არა გვაქვს ამჟამადაც და ღირსეულად შეგვიძლია გვერდით დავუდგეთ ძლევამოსილ სახელმწიფოებსაცო, ეს სწორედ ამ ჭეშმარიტი მკითხველის წყალობით, მსოფლიო მწერლობის შუაგულში რომ იხედებიან და ღრმად და მიუდგომლად შეუძლიათ განსაჯონ და შეაფასონ ჩვენი ლიტერატურის ამჟამინდელი მიღწევანიც. წიგნების ტირაჟი კი გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე დღესდღეობითაა, რათა გამომცემლობებს მეტი საშუალება და ასპარეზი მივცეთ, თუმც რაღაც განსაკუთრებულ ტირაჟებს არც უნდა ველოდეთ და არც არის საჭირო - წიგნები სულის დასამშვენებლად გვარგია და არა - თაროებისა.

"თქვენ განსაჯეთ, ძნელია თუ არა მამის კვალში ჩადგომა"

ოთარ ჩხეიძის მოღვაწეობაც მწერალ-წინასწარმეტყველის სიმბოლურ სახებად წარმოდგება და არ მიკვირს, როდესაც უშუალო სულიერ მემკვიდრედ მიიჩნევენ ილია ჭავჭავაძისა და მიხეილ ჯავახიშვილისა. თუ ვინმე გაბედავდა სრულიად ჩამკვდარ 50-იანი წლების დასაწყისის ლიტერატურაში დაპირისპირებოდა საბჭოთა პოლიტიკურ სისტემასა და მარქსისტულ იდეოლოგიას მთელი იმპერიის მასშტაბით, სწორედ ოთარ ჩხეიძე გახლდათ და კიდეც გადადებდა თავს და ღირსეულადაც აღასრულებდა თავის მწერლურ მოვალეობას, ციხე-გადასახლებას რაღაც სასწაულით რომ გადაურჩებოდა, თუმც ციხე-გადასახლების ტოლფარდ მდგომარეობას აქ შეუქმნიდნენ... რაც იყო თუ როგორც იყო, ოდნავადაც არ გადაუხვევდა არჩეული გზიდან. ბორის პასტერნაკის რომანი "ექიმი ჟივაგო" რომ გახმაურდებოდა, ეს მოხდებოდა ოთარ ჩხეიძის რომანების "ჯებირი", "ბურუსი" და "მეჩეჩი" შემდგომ, თანაც პასტერნაკის წიგნი სრულიად უწყინარ მოვლენადაც კი გამოიყურება ოთარ ჩხეიძის მძაფრი კრიტიკულ-სატირული პათოსის ფონზე; და კიდევ იმ "ცთომილნისა", რომლის დასაბეჭდად გამზადებულ გვერდებსაც ამოაგდებდნენ "მნათობის" ფურცლებიდან და უშიშროების კომიტეტის თავკაცი ალექსი ინაური კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომაზე კიდეც განაცხადებდა მრისხანედ: "ექიმი ჟივაგო" ამასთან შედარებით რა არის, "ცთომილნი" უფრო დიდი დანაშაულია საბჭოთა ქვეყნისა და იდეოლოგიის წინაშეო!.. თითქოს ბიბლიაზე დაეფიცოს ოთარ ჩხეიძეს: სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და სხვა არაფერი სიმართლის გარდა!.. ან რაღა თითქოს... და ამიტომაცაა მისი რომანების ციკლიც და მთელი შემოქმედებაც ეპოქის მატიანე, ლიტერატორებზე არანაკლებ ისტორიკოსებსაც რომ აინტერესებთ და გზის გამკვალავადაც მიაჩნიათ იმ ისტორიული მოვლენების შესაფასებლად, XX საუკუნისა და ახალი ასწლეულის საქართველოში რომ ტრიალებდა და ბევრი რამ დაფარული რჩებოდა... და შესაძლოა სამუდამოდაც დაფარულიყო, ჩვენი მწერლობა რომ არა საერთოდ და უშუალოდ კი ოთარ ჩხეიძე.

ჩემთან პირადი საუბრისას აქვს ნათქვამი ლევან სანიკიძეს არაერთი ადამიანის თანდასწრებით, ერთ-ერთი დისერტაციის დაცვაზე რომ გვესტუმრებოდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში: დადგება დრო, როდესაც "არტისტულ გადატრიალებას" ისევე გამოიყენებენ ისტორიკოსები, როგორც შლიმანმა გამოიყენა "ილიადა" ტროას აღმოსაჩენად!..

მისი ტომების აკადემიური გამოცემა, შესაფერისი კომენტარებითა და ექსკურსებით, კიდევ უფრო თვალნათლივს გახდის ოთარ ჩხეიძის გამორჩეულ სიმაღლეს, თავის ადგილს რომ დაიკავებს დასავლური ლიტერატურის მდინარებაშიც, თუნდ "ბორიაყი" იმათ საყვარელ საკითხავადაც რომ გადაიქცევა.

მისი დაბადებიდან ასი წლის იუბილე პომპეზურად არ აღნიშნულა, თორემ საქმიანად, ასე თუ ისე, აღინიშნა: ვგულისხმობ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციას, ევროპის დედაქალაქების უნივერსიტეტებსაც რომ დაამშვენებდა თავისი რანგით... აგრეთვე ლიტერატურული გაზეთისა" და ჟურნალ "მწვანეყვავილას" გამოხმაურებებს ამ თარიღისადმი... სურვილი კიდეც მეტ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებასა თუ რედაქციას ექნებოდა, მაგრამ პანდემიის პირობები შეუშლიდათ ხელს... თუმც მომავალი ხომ მათ ხელთაა!..

ოთარ ჩხეიძის შვილობა და მის კვალზე სიარული ბრძანეთ... მისგან მერგუნა მემატიანეობაც და იმ ფიცის აღსრულებაც: სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და სხვა არაფერი სიმართლის გარდა. და მაშ, თქვენვე განსაჯეთ, ძნელია თუ არა ამ კვალში ჩადგომა...

თუმც ყველაზე მძიმე წუთებში კვლავ მისი აჩრდილი მევლინება შემწედ და ნუგეშად და თითქოს უოლტ უიტმენის სიტყვებით მამხნევებდეს: "არაფერია საშიშარი, თვით გამოვცადეო!.."

"...აბა, მერე გაგვიბედონ, რასაც ახლა გვიბედავენ"

- ათეულობით წელი ერთ წრეზე ტრიალი მოიტანა სამხედრო გადატრიალებამ, 1991-92 წლების გასაყარი კინაღამ 1921 წლის თებერვლის დღეებად რომ გადაგვექცა, 5 იანვარი კი - 25 თებერვლად. მხოლოდ იმან გვიშველა, რომ საერთაშორისო რეალობა აღარ გახლდათ იმგვარი, როგორც 20-იანი წლების დამდეგს, თორემ კიდევ ერთხელ აღმოვჩნდებოდით რუსეთის იმპერიის სტომაქში.

იმ სტომაქს გადავურჩით, მაგრამ ქვეყნის საგრძნობ გადასროლას უკან და სულაც უფსკრულში - ვეღარ, ნელ-ნელა რომ მოვფორთხავდით ზევით-ზევით, თუმც გაყინულ სინამდვილეში რომ მოგვიწია ყოფნამ ამასობაში, ეს საბედისწერო ზღვარი გვაქვს სასწრაფოდ გადასალახი, დღევანდელ ყოფითობაში კი თუ რაიმე გვიშველის, უპირველესად "ოცნების" პარტიის გასტუმრება ხელისუფლებიდან და კოალიციური მთავრობის შექმნა, სწორედ ის, რასაც გვირჩევენ ჩვენი დასავლელი მეგობრები და ჩვენი მხრივაც თვალნათლივ ვხედავთ ამ გარდუვალობას.

საქართველოს სახელმწიფოს პერსპექტივას, მის უკეთეს მომავალს ჯერჯერობით მხოლოდ კოალიციური მთავრობა განსაზღვრავს, საამისოდ კი არავინ უნდა დავიშუროთ თავი და დავიბრუნოთ ის დრო, როდესაც ჩვენი ქვეყანა ძლევამოსილ სახელმწიფოდ წარმოდგებოდა, კავკასიის გვირგვინად, და ყოველთვისაც ასე იქნება - თუ ძლიერი საქართველო გვინდა, ძლიერი კავკასიაც უნდა გვინდოდეს.

აბა, მერე გაგვიბედონ, რასაც ახლა გვიბედავენ, დაკარგულ ტერიტორიებსაც რომ ამოვიგებთ და კავკასიის სხვა ერებსაც ყოველმხრივ შევეშველებით, რათა შეინარჩუნონ და შესაფერისადაც გააღრმავონ ის თვითმყოფადობა, ურომლისოდაც ერი არ ერობს, ლელთ ღუნიას გამოთქმისა არ იყოს.

ჯერჯერობით კი... ჯერჯერობით კი დაკარგულია გზა მოხევესი, გალაკტიონური გულისტკივილითა და სიმწვავით რომ შევეხმიანოთ ილია ჭავჭავაძის აჩრდილს.

"სხვაგვარად როგორ გინდა ააშენო ის უკეთესი საქართველო, რომელიც ასერიგად გვეოცნებება..."

- ყოველთვის ვერიდები გამხელას, თუ რას ვწერ იმჟამად... სხვა რომც არაფერი, ერთდროულად რამდენიმე საქმეს ვარ ხოლმე შებმული და მე თვითონაც არ ვიცი, რომელი დაწინაურდება. თუმც იმის თქმა კი შემიძლია, უახლოეს ხანში ჩემს რა წიგნებს უნდა ელოდეს მკითხველი. "გზანი შენი, უფალო!" უკვე გამცნეთ, და მას ფეხდაფეხ მოჰყვება პაატა ჩხეიძესთან ერთად თარგმნილი "ინგლისის საყმაწვილო ისტორია" ჩარლზ დიკენსისა. ბიოგრაფიული ნატეხების ციკლიდან გამოჩნდება "შექსპირული სიზმარი და კულისების ლაბირინთები", ლიტერატურული წერილებისა და ჩანახატების კრებული "სახელდახელონი", და ბოლოს და ბოლოს, ეღირსება მზის სინათლე ბიოგრაფიულ რომანსაც მიხეილ ჯავახიშვილზე "კალამი გოლგოთაზე", რომელიც 2019 წლის ნოემბრის თვეში უკვე გამზადებული მქონდა გამოსაცემად, მაგრამ მიზეზთა გამო გაჭიანურდებოდა... ახლახან "თან საკითხავის" სერიით" "არტანუჯმა" რომ გამოსცა "1942 წლის შეთქმულება" 77 ამბად, მას აუცილებლად უნდა მოჰყვეს და მოჰყვება კიდეც "სამანი და სამანელები", ისიც 77 ამბად, რათა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა თანდათან მთელი სისრულით ჩაიბეჭდოს ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებაში... განსაკუთრებით კი ახალი თაობები ეზიარონ ჩვენს უახლეს ისტორიას ისეთს, როგორც სინამდვილეში გახლდათ, თორემ სხვაგვარად როგორ გინდა ააშენო ის უკეთესი საქართველო, რომელიც ასერიგად გვეოცნებება.