"ჯადოსნურ ჭიქას ბევრი წყვილი შეურიგებია" - კვირის პალიტრა

"ჯადოსნურ ჭიქას ბევრი წყვილი შეურიგებია"

რას იპრინტავენ ჩანთებზე, მაისურებსა და საცვლებზე ქართველი ახალგაზრდები

ნამდვილად არ ვიცი, საიდან იღებს სათავეს პორტრეტებისა თუ ფრაზების მაისურებზე დატანის ტრადიცია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ის ყველა ქვეყანაში განსხვავებული გემოვნებისა და შინაარსისაა, თუმცა - ერთნაირად პოპულარული. დავინტერესდი, რას იწერენ თუ იხატავენ მაისურებზე ქართველი ახალგაზრდები და რესპონდენტიც შევარჩიე. ჩვენს კვითხვებს სარეკლამო/პრომო საჩუქრების მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ელყანიშვილი უპასუხებს.

- ძირითადად, მაისურებს პრინტავენ, ოღონდ რაც მოდურია, იმას ირჩევენ. მაგალითად, ახლა მოდაშია "ნატურო" - იაპონური ანიმე, რომლის პერსონაჟებს 30 წლის ახალგაზრდაც იბეჭდავს და 5 წლის ბავშვისთვისაც გვიკვეთს მშობელი. მოზარდებს მოსწონთ რომელიმე ბრენდის ემბლემაც, უფროსები კი თითქოს მაისურებზე გაკეთებული წარწერებით ესაუბრებიან ერთმანეთს, მაგალითად, "შენ რაღაცა..."

- მე შენ მიყვარხარ? - ასეთ რაღაცებს მაისურებზე აღარ აწერენ. გარკვეული სეგმენტი, უხერხულად ჟღერს, მაგრამ ტრუსებზე სექსუალურ სლოგანებს იწერს...

წინა სეზონზე კლასიკოსი მხატვრების ნამუშევრებს იბეჭდავდნენ ჩანთებსა და მაისურებზე, ზოგმა ბალიშიც შეგვიკვეთა ასეთი. ერთი და იმავე ნახატით 5 ათასი მაისური მაინც გამიკეთებია...

- ჩე გევარას გამოსახულებიანი მაისურებითაც მინახავს ბევრი ახალგაზრდა... - ასეთი მაისურები აქტუალური იყო 2011-12 წლებში, როდესაც აქციები იმართებოდა, ან პროტესტის გამოხატვა სურდათ. ხმამაღლა ვერ ბედავდნენ თქმას, შეიძლებოდა პრობლემები შეჰქმნოდათ, ამიტომ ჩე გევარას პორტრეტსა და მის რომელიმე სლოგანს იბეჭდავდნენ, რადგან ჩე გევარა თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ახლა ახალგაზრდები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ, მაისურზე პირდაპირ იწერენ სათქმელს. ძალიან მოდურია მაისურებზე "ქართული" წარწერა. ერთხელ ვიღაცამ დაიბეჭდა და აიტაცეს. იყო დრო, როცა გაღიზიანებული ვიყავი და მაისურზე დავიბეჭდე "მესაუბრე ქართულად". სხვათა შორის, ესეც აიტაცეს.

- ქართველების პორტრეტებს იბეჭდავენ? - იყო დრო, ირაკლი ჩარკვიანის პორტრეტს იბეჭდავდნენ. არ ბერდება ვაჟას პორტრეტიანი მაისურები. ასევე იბეჭდავენ ქართულ ანბანს, ან მთლიანად, ოცდაცამეტივე ასოს, ან ცალკე რომლიმეს. ახლახან საქართველოს რუკის ფორმა დავბეჭდე ბევრი სხვადასხვა ფერის მაისურზე - ზოგზე ოქროსფრად, ზოგი ბრჭყვიალად. ერთს მოეწონა და 300 ცალი შემიკვეთა. მაღაზია აქვს და მეუბნება, ძალიან კარგად იყიდებაო. დროდადრო საქართველოს დროშას იხატავენ ხოლმე.

- ფრიდა კალოს პორტრეტიანი მაისურებიც ხშირად დამინახავს თბილისის ქუჩებში.

- კი, ჩვენთანაც შეუკვეთიათ, ძირითადად, გოგონებს. მეტწილად ჩანთებზე იპრინტავენ. მომღერალ ბილი აილიშის პოსტერები დავბეჭდეთ და რანაირიც გვქონდა, ყველანაირს ყიდულობდნენ. მამები რომ გამოივლიდნენ (მიუხედავად იმისა, რომ 5 ლარი ღირდა) და დაინახავდნენ, 100 ლარისას ყიდულობდნენ. ზოგი მხატვარი თავის ნახატებს პრინტავს ჩანთებზე. ბობ მარლი, თუფაქი, სნუპ დოგი იყვნენ ადრე პოპულარული, მაგრამ მათი დრო გავიდა... ერთი პოლიგრაფი მიყვებოდა, 90-იანებში ამ პორტრეტებით დავიწყე ბიზნესიო...

- მაისურებით ესაუბრებიან ერთმანეთსო, ბრძანეთ. ყველაზე უჩვეულო დიალოგს თუ გაიხსენებთ? - ერთი ქალბატონი მოვიდა და ინგლისური შრიფტით დაგვაწერინა: "bawia, bawia... me now". 3-4 დღის შემდეგ მოვიდა ადრესატი. იმან პასუხად დამიკვეთა წარწერა: "უცხოეთში მივდივარ!"

- სიყვარულში როგორ უტყდებიან ერთმანეთს? - ფრაზას - "მე შენ მიყვარხარ", აღარ იწერენ. შეიძლება დაიწერონ: "She is mine", ანუ ის ჩემია და გულში გაყრილი ისარი მიახატონ, მერე კი მეწყვილისთვისაც დაბეჭდონ იგივე.

- შეყვარებულთა შერიგებაში მიგიღიათ მონაწილეობა? - ჩვენ გვაქვს პროდუქტი, ანიმაციურ ჭიქას ვეძახით. თეთრი ჭიქაა, შეფერილი შავი ქამელეონით (პოლიგრაფიულ ენაზე). ცხელ სითხეს რომ ასხამ, ჭიქაზე ჩნდება წარწერა, ან ნახატი. ამ ჯადოსნურ ჭიქას იყენებენ ხოლმე შეყვარებულთან შესარიგებლად. ისეთი ეფექტი აქვს, რომ ბევრი წყვილი შეურიგებია - მოულოდნელობაზე გათვლილი...

- რას პრინტავენ შავი ქამელეონის ქვეშ? - "მაპატიე", "მიყვარხარ", "უშენოდ ვერ გავძლებ" და ა.შ. ხშირად მათი ერთობლივი ცხოვრების ამსახველ, ამაღელვებელ ფოტოებს აკრავენ. სხვათა შორის, ბევრჯერ გამოგვხმაურებიან, თქვენ აშენდით ამ სიკეთისთვის, ჩვენ შევრიგდით ან უკვე დავქორწინდითო.

- ეს ჭიქები ძვირია? - 20 ლარი ღირს და სიყვარულს აბრუნებს თავის კალაპოტში.

ახალდაბადებულის მშობლებისთვისაც უკვეთენ მაისურებს, რომლებზეც მათი პატარას ხელებისა და ფეხების ნაკვალევია გამოსახული. დაბადებამდე, მეუღლეები მოდიან და მაისურზე იწერენ: "Loading..." შპალერსაც გვაბეჭდვინებენ ხოლმე.

- შპალერზე რა დაგიბეჭდავთ? - თანამედროვე ბათუმის ხედი დაგვიბეჭდავს, ოღონდ გულსატკენი ის იყო, რომ ქართველებმა ქართველს დავუბეჭდეთ ქართული ქალაქის ფოტო, რომელიც ვიყიდეთ უცხოელისგან 35 დოლარად. დიდი ზომის, მაღალი ხარისხის ფოტო იყო საჭირო და სხვაგან ვერ ვიშოვეთ... აბანოთუბნიდან თბილისის ხედია ძალიან ლამაზი, იმასაც მაბეჭდვინებენ. თუშეთიც დამიბეჭდავს შპალერზე. ხანდახან შპალერზე ფრაზებსაც გვაბეჭდვინებენ, მაგალითად: "ჩემი ყავა როდის იქნება?", "აწი ფეხით უნდა ვიარო"...

- ასეთი შპალერი ძვირი ღირს? - კვადრატული მეტრი 25 ლარი.

- ბოლოს რა იყო ყველაზე დიდი შეკვეთა? - ბოლო ზარის მაისურები, კლასელების, საყვარელი მსახიობების, სპორტსმენების ფოტოების დაპრინტვით.